მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მერვედფინალისკენ

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მერვედფინალისკენ

    ბოლო წუთს ჯარიმაა “ატალანტას” კართან და მიდის ცაცია კაცი დასარტყმელად, ქომაგიც ისე მოუხიბლავს ამ სეზონში რომ მის სახელს სკანდირებენ, ეს კიდევ მოგეხსენებათ რომ რჩეულთა ხვედრია. ბრაზილიელს სჭირდებოდა ისეთი ჯარიმა, როგორც რივალდომ ანახა “კამპ ნოუს” “ფენერბახჩესთან”, უკიდურეს ცხრიანში, შორი მანძილიდან, ტყვიასავით გაუშვა, რაფინიამ კიდევ გადაწყვიტა ისე დაერტყა, როგორც მესიმ დაარტყა მუნდიალის ფინალში, ალბათ იმიტომ, რომ დრამატურგიულად ის უფრო ჰგავდა, იქაც ბოლო წუთი იყო, თუმცა, აქ ეგეთი ტრაგიკული არაფერი მომხდარა,უბრალოდ, “ბარსა” ვერ გავიდა პირველ ადგილზე და კარგი 10 მილიონი ევრო გაუშვა ხელიდან. 

ამ ჯარიმამდე კიდევ ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა მოედანზე შემოსულ ფერან ტორესს, მოულოდნელად კარგად დაარტყა, დაბალი, კუთხეში, გაზონზე გაასრიალა ბურთი და ბადეშიც უნდა შევარდნილიყო, მაგრამ გაიშალა “ატალანტას” მეკარე და გამოაძრო ეს ბურთი. გაიხარა კიდეც გასპერინიმ, ბალდეს დაეძებდა თვალებით, ახლა ხომ იცი ჩემი გვარი შე გნიდა ბავშვო შენაო?! 

კარგი მატჩი გამოდგა, ფრედ 2:2 დასრულდა. 

უგოლო ტაიმი 

არ მახსოვს ბოლოს როდის ითამაშეს ერთად ერიკ გარსიამ და არაუხომ, მაგრამ ეს დუეტი არასდროს მომწონდა, თითქოს უნდა ჰქონდეთ კარგი ბალანსი, მაგრამ არაფერი აქვთ საერთო, არ ესმით ერთმანეთის, სხვათა შორის, არაუხოსთვის მართლა ყველაზე რთულია მეწყვილის მოძებნა, კუბარსი თითქოს კარგია, მაგრამ იმასაც კი მარჯვენა ცენტრალურ მცველად ურჩევნია თამაში, მარცხნივ კიდე არაუხო არ ვარგა, ასე რომ, დისონანსი აქვთ. არაუხო-გარსია ისეთი ცუდი ნამდვილად არ იყო როგორც ლანგლე-უმტიტის იშვიათი დუეტი, ცალკეულ მატჩებში რომ გვხვდებოდა და გული გვისკდებოდა, მაგრამ იმედია რომ რაც შეიძლება იშვიათად ვიხილავთ ერთად მოედანზე. თან, კრისტენსენი დაბრუნდა. 

ახლა ამ უხერხულ დაცვის ხაზს დაუმატეთ ის ამბავი, რომ კარში შესნი იდგა. ვის გაახსენდა? რამ მოაყვანინათ? კარგია რომ ითამაშა, სწორი გადაწყვეტილებაა, ვერაფერი ახლა ვერ უშველის ტონუსში დასაბრუნებლად სათამაშო პრაქტიკის გარდა. ჯერჯერობით ზუსტი დრო ყოველთვის გაურბის, ვერასდროს ხვდება როდის უნდა გამოვიდეს კარიდან, უფრო სწორად, შესაძლოა, ძველი ინსტიქტების წყალობით ხვდება, მაგრამ ავიწყდება, რომ უკვე ასაკშია და სისწრაფე აკლია. 

დიდად მოლაპარაკე მეკარე კიდევ არ ჩანს. და რომც იყოს, რა ენაზე გააგებინებს არაუხოს? 

მოსაწყენი ტაიმი იყო, “ატალანტამ” გოლი შეაგდო, მაგრამ თამაშგარეს გამო გაუქმდა. 

უხვგოლიანი ტაიმი 

მეორე ტაიმის დასაწყისში, ესე იგი, იმ დროს, როცა ვიღაც ჯერ კიდევ მოსაწევად არის გასული, ლამინე იამალმა კარგი გოლი შეაგდო, რაფინიას უზადო პასი იყო, ზიზუს უყვარდა ასეთი პასები, როცა ბოსკე მარცხენა ფლანგზე ათამაშებდა, იამაყოს რაფინიამ ამ შედარებით. აუჭრა ცენტრალურ ზონას, დაეწია იამალი, მეკარე უსაქმოდ დატოვა, არც ისე გაღიმებულ მდგომარეობაში, მერე მცველსაც მიასწრო კარის ხაზთან და ანგარიში გახსნა. სულ წინ და წინ მიდის, სულ უფრო მაგარი ხდება. გავიდა მცირე ხანი და დუბლის შესრულება შეეძლო, კარგი მოძრაობით ჩამოიტოვა მცველი, გარეთა ნაწილით აუჭრა მეკარისგან შორეულ კუთხეში, უხ, ულამაზესი გოლი იქნებოდა, მაგრამ კარნესეკიმ ივარგა, არ გაატანინა, წაგვართვა ეს სილამაზე. 

“ატალანტამ” 67-ე წუთზე გაათანაბრა, ედერსონმა გაიტანა საჯარიმოს მისადგომებიდან. შესნიმ ვერაფერი შეძლო. რატომღაც რომ შეძლებოდა.. 

მისი რაკურსითაც ლამაზი გოლი იყო. 

სულ რაღაც ხუთ წუთში კაპიტანმა “ბარსა” წინ გაიყვანა, კუთხური შორეულ ძელთან ჩააწოდეს, სადაც უმეთვალყურეოდ იდგა არაუხო, ვალდებული იყო გაეტანა და გაიტანა კიდეც. ნელ-ნელა შევა ფორმაში ურუგვაელი მხეცი. 

შვიდ წუთში პასალიჩმა ანგარიში გაათანაბრა, დაცვის ხაზი ისევ ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე. ალბათ ლოგიკური ანგარიშია, ეგეთი მატჩი იყო, ფრედ რომ უნდა დასრულდეს. არადა, 10 მილიონი ევრო.. მისტირის ალბათ ახლაც ჟოან ლაპორტა. 

წინ რა გველის 

არის შანსი “ბარსა” პსჟ-ს გადაეყაროს მერვედფინალში. ამისათვის ფრანგებმა უნდა მოიგონ თავისი თამაში, NBA-ის მსგავსი ფლეი ინი. ნაადრევი კია მათთან შეხვედრა, მაგრამ ასე დალაგდა. ან შეიძლება ავცდეთ კიდეც. ლუის ენრიკესთან და კვარასთან თამაში მერეც შეიძლება, შემდეგ ეტაპზე. 

აი, პსჟ, მოგების შემთხვევაში ვერაფრით აცდება ან “ბარსას” და ან “ლივერპულს”. მოდი, ჯერ ლივერპულში გავუშვათ პარიზელები, ეგრე აჯობებს. უფრო მშვიდად ვუქომაგებთ ქართველს. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (22)

  • Niko
    05 თებ 2025, 02:36

    სიტის ნიკო გონსალესი უნდა მიეყვანა პირველ რიგში
    და მერე სხვა დანარჩენი, რაის ხუსანოვი და აქლემიტყანია მარმუში, 1 იანვარსვე უნდა გაოფიციალურებულიყო აპორნიკი
    და 1 თვე არ დაიკარგებოდა.

  • London
    03 თებ 2025, 11:31

    ალავესს რო 45 წუთი კარში ვერ ურტყამ, ლიგაზე შანსი არ გაქვს. ჩაგიკეტავს ყველა გუნდი და ვერ გაუტან გოლს.

    გასაგებია რო მაგარი ბოზურად თამაშობენ და ლამისაა ნახევარი გუნდი გატრავმონ, მარა სთილ. დდშვც