მომავალი მეფეები და ერთი ძველი ამბავი

მომავალი მეფეები და ერთი ძველი ამბავი

სულ მალე ახალი პრეზიდენტი გვეყოლება და ახალი ხედვით წარმართავს კლუბის საქმეებს, მანამდე კი გავრცელდა ხმები, რომ აგუეროს შესაძენად სამივე კანდიდატი თანახმაა. გარდა იმისა, რომ კარგ ფორვარდს ჩავიგდებთ ხელში, (რომელიც უკვე ვეტერანია და ყველა სეზონში ტრავმიანობს), მესის დასარწმუნებლად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება, იმისათვის, რომ როგორმე გუნდში დატოვონ. 
წინა სტატიაში განვიხილეთ, როგორ დაეცა “ბარსას” დაცვა ასეთ მდგომარეობამდე, რომელი ფეხბურთელებით შეიძლებოდა დაცვის ხაზის გაძლიერება და რა მივიღეთ საბოლოო ჯამში. ამჯერად თავდამსხმელებს შევეხები. ნახევარდაცვის ხაზი ბოლოსთვის მოვიტოვოთ. 
თავდასხმაში გასაგებ მიზეზთა გამო ბევრი ვარიანტი არ ყოფილა, სანამ MSN იყო გუნდში, სხვა დიდი ვარსკვლავის ძიებას აზრი არ ჰქონდა, აი მერე დაიწყო შეცდომების ჯაჭვი და იქამდე გაგრძელდა, სანამ მილიარდიან ვალში არ აღმოვჩნდით ჩაფლულნი. 
კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი იმ შეცდომებს, რომლებმაც კლუბის ბოლოდროინდელი წარუმატებლობა განაპირობეს. 

ისევ მბაპე..

ბევრჯერ დაგვიწერია და ცოტა დამღლელიც კია იმის გახსენება, როგორ გავუშვით ხელიდან მომავალი მეფე. ყველაფერი ამისკენ მიდის, მბაპე ადრე თუ გვიან დაიდგამს თავზე გვირგვინს და “ოქროს ბურთსაც” მოიგდებს ხელში. არც France Football-ს დაენანება მისთვის ჯილდოს გადაცემა. 
რაღაცით ბრაზილიელ რონალდოს მახსენებს, მთელი კარიერის განმავლობაში, რამდენჯერაც გაიბრწყინებდა, იმდენჯერ თავში შემოვირტყამდით ხელს იმის გამო, რომ წასვლის უფლება მივეცით. 
ახლაც ასე იქნება, რამდენჯერაც მბაპე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს, რამდენჯერაც ჩვენს წინააღმდეგ თავს გამოიჩენს, იმდენჯერ გაგვახსენდება ბართომეუ და მისი გუნდი. მბაპესთვის დამატებითი გამაღიზიანებელია ის, რომ “ბარსამ” დაიწუნა, დემბელე ამჯობინა, კილიანის შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანეს. როგორ გაგვცა პასუხი, ვნახეთ, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდება, თანაც, დიდი ბოღმა ვინმე ჩანს. 
როცა პირველად დავწერეთ ამ ჩავარდნილი ტრანსფერის შესახებ, ბევრმა არც დაიჯერა და საამისო არგუმენტები ნამდვილად ჰქონდათ. ვიცით, რომ მბაპე “რეალისა” და კრიშტიანუს ქომაგი იყო, ამიტომ მისი “ბარსაში” გადმოსვლა ცოტა საეჭვოდ გამოიყურებოდა. სანამ კლუბის ყოფილმა ხელმძღვანელებმა არ დაადასტურეს ეს ამბავი, მანამდე არავის სჯეროდა. 
საქმე ისაა, რომ გულშემატკივარი ყველაფერს ემოციურად აფასებს, მბაპე კი პროფესიონალია და ცივი გონებით იღებს გადაწყვეტილებებს, მისი მთავარი ამოცანა მუნდიალზე თამაში იყო, ამიტომ გარანტირებული ადგილი სჭირდებოდა ძირითად შემადგენლობაში, ”ბარსაში” ეს შეეძლო, რადგან ნეიმარი უკვე გაყიდული იყო, “რეალში” გაუჭირდებოდა, ამავე მიზეზით უთხრა უარი “სიტის” და საბოლოოდ იქ აღმოჩნდა, სადაც გარანტირებული ადგილიც მისცეს, დიდი ფულიც და შესაძლებლობებიც. 
როგორც კი პროფესიონალი გახდა, რონალდუც და მესიც მისთვის კონკურენტებად იქცნენ. მბაპე ბავშვი აღარ არის, რომ ავტოგრაფებისთვის სდიოს ვინმეს, ის უკვე დიდი ხანია იღწვის იმისათვის, რომ რონალდუ-მესის ჰეგემონია დაასრულოს. რამდენად გამოსდის, ეგ სხვა საქმეა. 
მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატებმა ახსენეს, მაგრამ ეს უფრო წინასაარჩევნო ფანდი იყო. მისი შეძენის მთავარი კანდიდატი მადრიდის “რეალია”, ამიტომ, კიდევ ბევრჯერ გადავიკვეთებით. 

ერლინგ ჰოლანდი

რად გვინდა ჰოლანდი, როცა გვყავს ბრეითუეიტი?! საფეხბურთო ისტორიაში ბევრი კომიკური ტრანსფერი განხორციელებულა, არის შემთხვევები, როცა კომიკურობის გამოვლინებას დრო სჭირდება, მაგალითად, როცა “ბორდო” და “მილანი” უეფას თასის ნახევარფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, გამარჯვება ორი მატჩის ჯამში ფრანგებმა მოიპოვეს. უმაგრესი ფეხბურთელები ჰყავდათ და სამართლიანად გავიდნენ ფინალში. ისეთი ფეხბურთელი დარბოდა მოედანზე, რომელმაც რობერტო ბაჯოც კი დაჩრდილა. ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გვარიანად შემელოტებული გამთამაშებელი საოცრებებს სჩადიოდა. გალიანიმ თავისი დამქაშები ბორდოში გაგზავნა, მათი საუკეთესო ფეხბურთელი ჩვენი გუნდის წევრი უნდა გახდესო, მილანელები სარფიანი წინადადებით ჩავიდნენ და ზიდანის ნაცვლად კრისტოფ ძიუგარი ჩამოიყვანეს. 
ზიზუ “ბლექბერნმაც” დაიწუნა, მათი პრეზიდენტი ღიად ამბობდა – “რა ჯანდაბად მინდა ზიდანი, როცა ტიმ შერვუდი გვყავსო” – აბა რა.. აბა რა.. 
ჰოლანდის ჩავარდნილ ტრანსფერს ლოდინიც არ სჭირდება, უკვე კომიკურია, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მისი და ბრეითუეიტის სატრანსფერო ფასი დაახლოებით თანაბარი იყო. მაქსიმუმ 10 მილიონით ზედმეტი გადაგვეხადა, ეგეც იმიტომ, რომ ჰოლანდს ყველაზე მსუნაგი აგენტი ჰყავს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. 
ჩვენ საუბარი გვაქვს ფეხბურთელზე, რომელიც კილიან მბაპეს მთავარ კონკურენტად იწოდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავად ერლინგიც ასე უყურებს საქმეს – “ვნახე მბაპეს გოლები “ბარსელონასთან” და ამან დამატებითი მოტივაცია შემმატაო” – ეს თქვა “სევილიასთან” მატჩის მერე, სადაც საგოლე პასით და დუბლით გამოირჩა. 
ჰოლანდი თავიდან ბოლომდე თანამედროვე ფეხბურთის პროდუქტია, მისი მსგავსი ცენტრები უბრალოდ არ არსებობენ. ვის უნახავს აქამდე ამხელა აღნაგობისა და გაბარიტების ფეხბურთელი ასეთი სისწრაფით გადაადგილდებოდეს და ასეთი მოქნილი იყოს?! იბრა ძალიან მოქნილი და ელასტიურია, მაგრამ არა სწრაფი, ლევანდოვსკი ტექნიკური და კარგი ალღოთი დაჯილდოებული ფეხბურთელია, ყველანაირი მონაცემი აქვს, რაც კი შეიძლება ფორვარდმა ისურვოს, მაგრამ საჯარიმოს კაცია, სულ საჯარიმოში ან მის სიახლოვეს ტრიალებს, აი ჰოლანდმა დიდი უნივერსალიზმი შემოიტანა და პირველი ნაბიჯიც გადადგა თანამედროვე ფეხბურთის ცვლილებისთვის. 
დღევანდელი გადმოსახედიდან ისე ჩანს, რომ ამ ახმახ ნორვეგიელს შეუძლია მარკო ვან ბასტენის გზას მიჰყვეს. რა გამოვა, ვნახავთ, იმედია, რაღაც მაგარი გამოვა. 
მბაპესთან მტრობა კი პსჟ – “დორტმუნდის” დაპირისპირების დროს დაიწყო. გერმანიაში ჰოლანდმა ორი გოლი შეაგდო და ჩვეულად აღნიშნა, წამოჯდა მოედანზე ლოტოსის პოზაში. ეს ფრანგებს არ ესიამოვნათ და განმეორებითი შეხვედრის შემდეგ, გამარჯვება მთელმა გუნდმა იდენტურად აღნიშნა. 
დასცინეს “ნორვეგიელ ბუდას”, ჰოდა, სიდჰარტასგან განსხვავებით, არ ჩანს ერლინგი მიმტევებელი ბიჭი. 
კილიანი თუ მადრიდისკენ მიდის, ამ გაბრაზებული ნორვეგიელის გზა წესით ჩვენსკენ უნდა წამოვიდეს. კონკურენცია და ზრდა თუ სურთ, ამაზე კარგ ვარიანტს ვერსად იპოვიან, ესპანურ გრანდებს ახალი პროექტი სჭირდებათ და მომავალი ეპოქის მთავარი ვარსკვლავების ჯახი გადასარევი სანახავი იქნება. 

ერთი ძველი ამბავი

ერთიც გავიხსენოთ, ადრინდელი და გულისმომკვლელი ამბავი, კვლავ ბართომეუს და მის ოჯახს რომ გაგვახსენებს, ისეთი. 
“ბარსა” ბერლინის ტრიუმფის შემდეგ გაძლიერებას საჭიროებდა, ახალი სისხლი ყოველთვის საჭიროა, სწორი სატრანსფერო პოლიტიკით შესაძლებელი იქნებოდა, რომ ლუის ენრიკესაც ისეთი ძლიერი ეპოქა შეექმნა, როგორიც პეპმა შექმნა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. 
ჩავი წავიდა, ვერატი ვერ ვიყიდეთ, თუმცა ეს სხვა ამბავია, ნახევარდაცვის ამბავია, რომელსაც ადრე თუ გვიან მივუბრუნდებით, ახლა კი თავდასხმაზე გვაქვს საუბარი. ლუის ენრიკე მეოთხე თავდამსხმელს ითხოვდა, რადგან ჩვენი სამი თავდამსხმელიდან სამივე სამხრეთ ამერიკელი იყო, სანაკრებო პაუზის შემდეგ ან ტრავმირებულები ბრუნდებოდნენ, ან ძალიან გადაღლილები. ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია, როცა მესი პირადი თვითმფრინავით არ გადაადგილდებოდა, მხოლოდ მას მერე დაიწყო ამით სარგებლობა, როცა არგენტინის ფედერაციის დაქირავებული თვითმფრინავი გაუმართაობის გამო ჩამოვარდა, სულ რაღაც ერთი კვირით ადრე კი მთელი არგენტინის ნაკრები იჯდა ამავე თვითმფრინავში. 
მესი მიხვდა, რომ ფედერაციის ნდობა არ შეიძლებოდა და თავს უშველა, თუმცა მაშინ, იმ კონკრეტულ სეზონში, ჯერ კიდევ ტანჯულობდა. 
როგორც წესი, სანაკრები პაუზას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალები ემთხვევა, ამიტომ სურდა ენრიკეს მეოთხე თავდამსხმელი, წინასწარ იფიქრა ყველაფერზე და მალევე შემოვიდა პირველი წინადადება, მბაპესი არ იყოს, აქაც აგენტი სთავაზობდა “ბარსას” თავის კლიენტს, საუბარი იყო რობინ ვან პერსიზე, რომელიც ხელფასის საგრძნობლად დაკლებაზე იყო თანახმა, თავს მეოთხე ფორვარდად თვლიდა და კონტრაქტის მიხედვით 5 მილიონ ევროდ შეეძლო გადმოსვლა. აღარ იყო საუკეთესო პერიოდში, მაგრამ მაინც უმაღლეს დონეზე თამაშობდა, იქიდან მოყოლებული კიდევ ოთხი წელი ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. 
აგენტი მზად იყო ორწლიანი კონტრაქტის გასაფორმელბლად, ეს იქნებოდა ლარსონი-ეტო’ოს მოდელი, 26 წლის ეტო’ო და 33 წლის ლარსონი. შვედი იდეალური შემცვლელი იყო, გამოცდილება და კლასი შემოჰქონდა მოედანზე, როცა საჭირო იყო ერთადაც უწევდათ თამაში, თუმცა, ეს ლაპორტას და კრუიფის მოდელი იყო, აი ბართომეუ ამაში კი არა, საერთოდ ვერაფერში გაერკვა, ამიტომ სუარესი-ვან პერსის დუეტი ხელიდან გავუშვით, არადა, მასზე კარგ შემცვლელს ვერც ვინატრებდით. 
მოახლოვდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი, სამხრეთ ამერიკელები წავიდნენ ნაკრებში, ჩამოვიდნენ მიკროტრავმებით, გადაღლილები, შევხვდით კლუბს, რომელიც ყველაზე ხისტ, უხეშ და ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობდა და ნაადრევად დავტოვეთ ლიგა, არადა, თითქოს მსოფლიოს საუკეთესო კლუბი ვიყავით. 
ლუის ენრიკემ შეტევის გასაძლიერებლად პაკო ალკასერი მიიღო! 30 მილიონ ევროდ! იმაზე ბევრად მეტი დაგვიჯდა, ვიდრე ჰოლანდიელი დაგვიჯდებოდა და ზუსტად იმდენი ხანი დაჰყო გუნდში, რა დროსაც ვან პერსი დაჰყოფდა, სულ რაღაც ორი წელი. 
სუარესს ან რომელიმე თავდამსხმელს როგორ ცვლიდა, ამის შეხსენება არ არის საჭირო. 
სანამ ამ სტატიას ვწერ, ბართომეუ ზის და გაჩენის დღეს იწყევლის. ასეა ჟოზეპ, არ უნდა შეძვრე იქ, სადაც შენი ადგილი არ არის, მაგრამ მღრღნელის ბუნება ასეთია, სულ იქ მიძვრება, სადაც არაფერი ესაქმება. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (26)

  • Araujo
    06 მარ 2021, 17:52

    ბოლოს კაი იყო დ

  • nika 54
    06 მარ 2021, 17:48

    კარგი სტატიაა, მაგრამ უბედურება ის არის, რომ შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ და ბართო ხო საერთოდ აურ დაურია ყველაფერი, ნეიმარის გაშვების მერე ის საცოდავი მიხვდა, რომ მაგრა მიჰქარა და უკან დაიწყო თხოვნა დაბრუნებაზე, სამი წელი ატყუებდა ლეოს ბართო აი დღეს აი ხვალ მოვიყვან და ასე შემდეგ. რამდენი ვინმე არმოიყვანა და ნეიმარზე მუდამ იტყუებოდა, იმიტომ რომ პირად წყენას ვერ ივიწყებდა. მესიმაც აღნიშნა ბართომ ბევრჯერ მომატყუაო. აი აქედან დაიწყო გუნდის უფსკრულში გადაჩეხვის პროცესი.

  • El pistolero 9
    06 მარ 2021, 14:32

    ეეჰ ვან პერსი მართლა გაასწორებდა.ფეენორდში მაგარი გიჟი იყო

  • barcelonafanlasha
    06 მარ 2021, 00:03

    ეგ დედის ტრა**შიც შემძვრალა ოთხთვალა არაკაცი…ახლა კიდე იმედია მინიმუმ ორი წელი იჯდება ვირის აბანოში ეგ არი მასეთების ადგილი….

  • Messiah
    05 მარ 2021, 23:44

    მართლა ფეოლა ხარ 🙂
    ძალიან მაგარია

  • me da barca
    05 მარ 2021, 22:23

    ბოლო წინადადება კაი იყო. იმედია იქ შეძვრება ის მღრნელი, სადაც მისი ადგილია და სადაც მისთანები ბევრია.