ცოცხალი კედელი - ფეოლას სადებიუტო წიგნი

ცოცხალი კედელი - ფეოლას სადებიუტო წიგნი

        ჰოდა ასე, 

ამ ისტორიულ (ყველაზე ძველ სპორტულ) საიტზე მწერლად წოდებულმა "ფეოლამ" (იგივე არმაზ ახვლედიანმა) წერა წერა და წიგნი შემოეწერა. დაარქვა მას ცოცხალი კედელი, რადგან გენიალურ საფეხბურთო ტერმინად მიაჩნია. თანაც მხოლოდ ქართულად ჟღერს ასე გენიალურად, სხვაგან ასე პოეტურად აღწერილს ვერ ნახავთ. ქართულ სპორტში მთავარი "ხმის" ნათქვამი სიტყვაც გაახსენდა - "მკვდრებმა აღმართეს ცოცხალი კედელი". ოღონდ, ჩვენს დროში, ამ სიტყვაში ნაგულისხმებია არა საქართველოს ნაკრები, (რომელიც ყველაზე ცოცხალი იყო ევროპის ჩემპიონატზე და წიგნიც სწორედ ევროზე იწერებოდა) არამედ, ამა ქვეყნის ძლიერნი, რომლებიც ჯერ მტრის ხატს ქმნიან, შემდეგ კი კედელს აღმართავენ ხოლმე იმ გამოგონილი მტრისაგან დასაცავად, რეალურად კი ეგ კედელი სულ სხვა მნიშვნელობას ატარებს, კი არ გიცავს მტრისაგან, არამედ საზღვარს გავლებს რომ ე მანდ სადმე არ გაიქცე, კარგი ცხოვრება არა ნახო და შენს არჩეულ მთავრობას ზედმეტები არ მოსთხოვო. 

ხო, მხოლოდ ფეხბურთზე არ არის ეს წიგნი, ხანდახან, საერთოდ არ არის ფეხბურთზე და როცა ფეხბურთზეა, მაშინაც არ არის მხოლოდ ფეხბურთზე. 

მესამე მნიშვნელი ამ სათაურისა არის ჩვენი ბავშვობის კედელი, რომელსაც ცარცით მეკარეს მივახატავდით და ვურტყამდით ბურთს გოლის შესაგდებად, აბა კარში ჩადგომა არავის უნდოდა და ეზოში თუ მსუქანი ბავშვი არ გყავდა, ესე იგი, მეკარის გარეშე მოგიწევდა ყოფნა. ასე ცოცხლდებოდა ჩვენი ბავშვობის კედლები. 

ეს არის ევროპის ჩემპიონატის დღიური. უკვე წელიწადნახევარი გავიდა, ვიღაცისთვის ეგ უკვე ძალიან შორეული ამბავია, ახლა აქ რა მოსაყოლია რატომ და როგორ, მაგრამ გერმანიიდან რომ დავბრუნდი წერა აღარ გამიგრძელებია. გამომცემლობიდან რომ დამიკავშირდნენ უარი ვუთხარი, აღარ ვარ მაგის ხასიათზე-მეთქი. გავიდა თვეები და უბრალოდ მომინდა ევროდან რაიმე მაინც დამრჩენოდა, რადგან მთელი მასალა (ფოტო/ვიდეო) რაც ჩამოვიტანე და რითიც კინოს გაკეთებას ვაპირებდი ერთიანად წყალში ჩაიყარა, როგორ და რატომ აბა აქ რა მოსაყოლია, მაგრამ ეგრე იყო და ერთადერთი რაც დამრჩა იყო პატარ-პატარა ჩანაწერები და მოგონებები, (აქედან ვერ ამოშლი) ჰოდა ასე, მივუბრუნდი წერას და დავარქვი თავისი სახელიც. 

კიდევ კარგი. 

ბარსაზე წერია თუ არა რაიმე? პირველი თავები საქართველოსა და ქართველებს ეთმობა. წიგნის ნახევარი. ესე იგი, კარგი 150 გვერდი. მერე წავიდა საქართველო საქართველოში და გაჰყვა მთელი ქართველობა და დავრჩი მე შუაგულ გერმანიაში და ავეკიდე იმ ნაკრებებს, რომლებიც აგრძელებდნენ ბრძოლას ჩემპიონობისთვის და რა თქმა უნდა, ავეკიდე ესპანეთსაც. დავესწარი მათ მატჩებსაც, დავესწარი ფინალსაც, ვერ დავესწარი მეოთხედფინალს, მაგრამ ისეთი სანახაობა დადგა ერთმა ესპანელმა ქომაგმა, რომ მატჩიც გადამავიწყა. ეგეც გადავიღე, ეგეც დავკარგე და რომ არ დამეწერა არ შეიძლებოდა. 

ეს დღიური კიდევ სავსეა ფლეშბექებით. ძველი ამბების გახსენებებით და ამ ძველმანებში ვიხსენებ ბარსას და "ბარსელონელებსაც". კარგად ნაცნობ და უკვე წაკითხულ სიტყვებსაც იპოვით. ეს მაინც ქომაგის დაწერილი წიგნია, მსურდა ემოცია მიმეტანა მკითხველამდე, კვლევით კი ბევრი არაფერი მიკვლევია, არც სტატისტიკური ანალიზი შეგხვდებათ ამ ფურცლებზე, მე ეგ არ მაინტერესებს და ნამდვილად არ დავწერდი ისეთ წიგნს, რომელსაც თავადაც არ ვკითხულობ ხოლმე. 

რა ამბავს იპოვით კიდევ გამოსარჩევს: 

იპოვით ამბავს ავტობუსის ქართველ მძღოლზე, რომელიც გერმანიაში მუშაობს, ზუსტად იმ ქალაქში სადაც საქართველოს ნაკრები დაბანაკდა. თბილისელი ბერძენია, მაგრამ მაინც ჯიგრიანი ქართველი. მოულოდნელად გაამხელდა ხოლმე თავის ქართველობას. 

ამოიკითხავთ ამბავს ჰამბურგში, კორპუსის აივანზე გამოფენილ დიდ ბანერზე, რომელზეც ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავა იყო გამოსახული. გუნდს არ გაჰყოლია, მაგრამ ქომაგებმა მაინც წაიღეს. 

ამოიკითხავთ ამბავს - ფრანკფურტელ, ჰამბურგელ და ამსტერდამელ სექს მუშაკებზე. 

ამოიკითხავთ ამბავს დე ლა ფუენტეს გენერლობაზე. 

ამოიკითხავთ ლამაზ თუ უშნო ფიქრებს. დღიური ხომ ფიქრის წიგნია. რასაც ფიქრობ იმას წერ და აღმოჩნდა, რომ დაინტერესდა ხალხი ამ ფიქრებით. გამოსცა წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ. ამჟამად იყიდება სულაკაურის მაღაზიებში, მალე ბიბლუსშიც გაიყიდება, მერე კიდევ სხვაგანაც და მერე კიდევ ყველგან. 

წიგნი დაგხვდებათ ყვითელი ყდით. (ჩვენს ფოტოზე რომ ბარსას ფერებშია ეგეთი არ არის). 

აბა მკითხველო. თუ დაინტერესდები წაიკითხე და მომავალი სტატიებისა და ბლოგების კომენტარებში ამოვიკითხავ კიდეც თქვენს ქებასა თუ კრიტიკას. შენიშვნებსა და რჩევებს. 

პატივისცემით, 

ფეოლა 

https://sulakauri.ge/wignebi/tsotskhali-kedeli/    


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 Wednesday, 22:18
    1
    იყო აქ საიტზე ერთი ტიპი, თურმე გაშანშალებული ქოცი ყოფილა (ნიკი არ მახსოვს) და როცა გაიგო, რომ რამოდენიმე საათით ბარსამანიაც გაიფიცა, როგორც სხვები, გაგვიბრაზდა, ამ საიტზე არაფერი მესაქმებაო და წავედიო. ერთმა მიუწერა ნახვამდისო, მეც ადიოსმეთქი და დაგვტოვა. რისი თქმა მინდა ამით?! იმის რომ სწორი სამოქალაქო პოზიცია გიჭირავს, სწორი პოზიცია უჭირავს ადმინსაც და ამისთვის მადლობა. მადლობა კიდევ, რომ ბარსას ფანი ხარ და არა (ფუი ეშმაკს) რეალის. წარმატებებს გისურვებ ყველა წამოწყებულ საქმეში.
    Culé [?]
    #13 Wednesday, 20:28
    1
    წარმატებები
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 Wednesday, 14:46
    1
    ჰამბურგელი სექსმუშაკები გამახსენდა, სპეციალური ეკიპიროვკით. ვერაფრით მივხვდით რა დანიშნულებით იდგნენ ყინვაში მოკლე კაბებით. სანამ გაჩერებულ მანქანაში არ ჩახტა, ერთერთი მცირე ვაჭრობის შემდეგ.

    ციტატა: nika 54
    ჰამბურგელი სექსმუშაკები გამახსენდა, სპეციალური ეკიპიროვკით. ვერაფრით მივხვდით რა დანიშნულებით იდგნენ ყინვაში მოკლე კაბებით. სანამ გაჩერებულ მანქანაში არ ჩახტა, ერთერთი მცირე ვაჭრობის შემდეგ.

    მთავარი სულ დამავიწყდა, რა თქმა უნდა წიგნს აუცილებლად შევიძენ და წაკითხვის შემდეგ საპატიო ადგილს დაიკავებს ბარსა(როგორ იქმნებოდა უდიდესი გუნდი მსოფლიოში) და სიმონიშვილის მესის გვერდით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 Wednesday, 14:22
    2
    შევიძენ ამ წიგნს აუცილებლად, ბარსამანიას საუკეთესო მწერალს ცუდი წიგნი ნამდვილად არ გამოუვიდოდა. წარმატებები ფეოლა!
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    წევრი [?]
    #10 Wednesday, 13:33
    3
    წარმატებები !
    წევრი [?]
    #9 Wednesday, 12:41
    5
    წარმატებები ფეოლა 🙏
    ათასმაგად გცემთ პატივს უკვე არა მხოლოდ იმისთვის, რომ ბარსამანიას აცოცხლებთ, არამედ იმისთვისაც რომ მთელ სტაფს სწორი სამოქალაქო პოზიცია გიჭირავთ. წარმატებები თქვენ და ჩვენს ქვეყანას 🙏
    ფანი [?]
    #8 Wednesday, 10:35
    4
    წარმატება მეგობარო, აუცილებლად წავიკითხავ და შთაბეჭდილებასაც გადმოგცემთ. აქამდე შენი სახელი და გვარი არ ვიცოდი, პატივისცემა ბარსას რიგითი ქართველი ქომაგისაგან, ამჯერად როგორც არმაზ ახვლედიანს, მადლობა რასაც აკეთებ საიტზე და უკვე საიტს გარეთ.
    გულშემატკივარი [?]
    #7 Wednesday, 09:37
    4
    Ronal10Dinho, ფეოლა რო, მაგარია მაგაზე აღარ დავწერ, უბრალოდ რა უნდა გვეშვრლოს ესე არასწორი ხელისუფლება როდის უნდა მოვიძროთ ქვეყნიდან??? რამე ხერხს არ მივმართოთ?? თითო-ოროლა
    კაცის იქ დგომით არაფერი იცვლება..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 Wednesday, 04:49
    2
    წარმატებები ფეოლა ❤️
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #5 Wednesday, 00:55
    2
    წარმატებები🔴🔵
    წევრი [?]
    #4 Wednesday, 00:21
    7
    ციტატა: Rick Sanchez
    ფეოლა ერთადერთი "ცოცხალი" ავტორი ხარ ბარსამანიაზე. მხოლოდ შენი სტატიები მიტოვებს განცდას, რომ ადამიანის მიერ შექმნილ, მის გონებაში აღმოცენებულ, მოფიქრებულ ტექსტებს ვკითხულობ და არა ნათარგმნ ან სტატისტიკაზე დაყრდნობილ რიცხვების კორიანტელს. ყველა მწერალს უდიდესი პატივისცემა, ცოტანი დარჩით და მაგარ საქმეს აკეთებთ, ამისთვის დიდი მადლობა, ფეოლა კი მაინც სულია ამ საიტის❤️ წიგნსაც აუცილებლად შევიძენ და წავიკითხავ, როცა მოვახერხებ.

    მადლობა უფალს ფეოლა ბარსელონას გულშემატკივარია და თავისი ნიჭითა და უძალიანმაგრესი თამაშის ანალიზითაა დაჯილდოებული. ასეთი ადამიანკ რომ ყავს ამ გვერდს თუ არა მკვდარზე ვწნოკი იქნებოდა ბარსამანია :)

    ამ საიტის მთავარის სულის ჩამდგმელი კი ტროტუარზე დგომის გამო 5 დღით დააკავეს ამ ბო@იშვილებმა
    ახალბედა [?]
    #3 Wednesday, 00:01
    3
    კი ვფიქრობდი ასეთ ხელოვან და კრეატიულ ადამიანს ერთი წიგნი მაინც როგორ არ უნდა ჰქონდესთქო გამოცემული და კი ამიხდა! წარმატებები ბატონო ფეოლა თუ არმაზ, თქვენ როგორც მოგესურვებათ.
    დიდი სიამოვნებით წავიკითხავ როდესაც ხელმისაწვდომი იქნება ჩემს რეგიონში.
    Culé [?]
    #2 Tuesday, 23:58
    3
    წარმატებები👌
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 Tuesday, 23:47
    8
    ფეოლა ერთადერთი "ცოცხალი" ავტორი ხარ ბარსამანიაზე. მხოლოდ შენი სტატიები მიტოვებს განცდას, რომ ადამიანის მიერ შექმნილ, მის გონებაში აღმოცენებულ, მოფიქრებულ ტექსტებს ვკითხულობ და არა ნათარგმნ ან სტატისტიკაზე დაყრდნობილ რიცხვების კორიანტელს. ყველა მწერალს უდიდესი პატივისცემა, ცოტანი დარჩით და მაგარ საქმეს აკეთებთ, ამისთვის დიდი მადლობა, ფეოლა კი მაინც სულია ამ საიტის❤️ წიგნსაც აუცილებლად შევიძენ და წავიკითხავ, როცა მოვახერხებ.