Home, Sweet Home
იმ ერთ კარს უკანა ნაწილს თუ არ ჩავთვლით, ქომაგი ყველგან ჩანდა, მოუმზადებელი და დაუსრულებელი „კამპ ნოუც“ კი კარგად გამოიყურება. აქვს თავისი მაგია ამ სტადიონს, თავისი აურა, უდიდეს ისტორიას ინახავს და არსად ამდენ გენიოსს არ უთამაშია, რამდენსაც „ბარსელონაში“. გახდა თუ არა მეათე წუთი გულშემატკივარმა ტრადიციული შეძახილიც გაგვაგონა - მესის ითხოვდნენ. მოკითხვას უთვლიდნენ, - ვნახეთ კადრები როგორ მოხვედი სტადიონზე და იმედი გვაქვს რომ კიდევ მოხვალო. ლაპორტა შეაშინეს არჩევნების წინ. როგორც გინდა ისე დააბრუნე ეს კაცი თორემ შეიწირავს შენს სკამს და მერე კარგად გვეყოლეო.
ტრიბუნაზე იყვნენ კოჭლობით მოსიარულე გავი, პედრი, დე იონგი, (დისკვალიფიცირებული) ტერ შტეგენისთვის თვალი არ მომიკრავს. რაშფორს ტემპერატურა ჰქონდა, რაფინია კიდევ დაბრუნდა და ბოლო წუთებზე შეუშვეს კიდეც მოედანზე.
40’000-ზე მეტი ქომაგი დაესწრო შეხვედრას. მოტიტვლებული ტრიბუნის აღდგენა სეზონის ბოლომდე იგეგმება. ამ შემთხვევაში რაოდენობა უკვე 60’000-ს გადაცდება. ხოლო დარჩენილი ნაწილის რეკონსტრუქცია კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
ლევანდოვსკი ისტორიაში
თუ ამ გუნდიდან ვინმე იმსახურებდა ისტორიაში შესვლას ეს ლევანდოვსკია. დამაფიქრა კიდევ ერთხელ ამ კაცმა, რამხელა პატივი დაგვდო?! ყველაფერი გააკეთა, რომ გაუბედურებულ „ბარსელონაში“ გადმოსულიყო და უდიდესი როლი შეასრულა კლუბის აღმასვლაში, ტიტულების მოგებაში, ამ ცუდი პერიოდის გადატანაში. მის გარდა ამას ალბათ ვერც ვერავინ შეძლებდა. ის ამბავიც კი გავრცელდა სადებიუტო სეზონში ლაპორტამ გოლების ლიმიტი დაუწესა, ბევრი არ შეაგდო თორემ ბონუსების გადახდა მოგვიწევს და მაგდენი ფული არ გვაქვსო. ხომ გაგიჟდებოდა ლევანდოვსკი?! ამ დროს კიდევ ჩვენ ალბათ ვლანძღავდით კიდეც - რა ბურთი გააფუჭა ამ დაჩაჩანაკებულმა?!
არა, ჯანზეა, დიდებული გოლი შეაგდო მარცხენა ფეხით. მეკარემ ვერ ივარგა, ეგეც სათქმელია, მაგრამ პოლონელმა ყველაფერი უმაღლეს დონეზე შეასრულა. მცველიც ლამზად მოიცილა და მარცხენათიც კარგად დაარტყა ახლო კუთხეში. გახდა პირველი ფეხბურთელი ვინც ახალ „კამპ ნოუზე“ გოლი შეაგდო.
დანაკლისის მიუხედავად „ბარსას“ უპირატესობა დიდი იყო. განწყობა გადასარევი. სახლში დაბრუნებამ ყველა სხვაგვარად შეაგულიანა. ნიკო უილიამსსაც სულ სხვანაირად უსტვინეს და ლამინე იამალიც სულ სხვაგვარად გაამხნევეს. მშობლიური ხმები ისმის „კამპ ნოუდან“. სხვათა შორის, ტურისტებიც ნაკლებად ჩანდნენ, უმეტესად ნამდვილ ქომაგებს მოეყარათ თავი, მათაცა მოენატრათ სახლი, როგორც ჩანს.
დე იონგის არ ყოფნაში ფლიკმა ერიკ გარსია ათამაშა საყრდენზე. არა კასადო, არა ბერნალი, არამედ, გარსია. კარგადაც გაართვა თავი, თინეიჯერებს კიდევ მეტის გაკეთება მართებთ, დიდი ხანია შექების საბაბი აღარ მოუციათ. არც ერთსა და არც მეორეს. კარში კიდევ ჟოან გარსია დაბრუნდა და მის მიმართ ქებას არ დავიშურებთ, სულ სხვა დამაჯერებლობა მოუტანა მთელ დაცვის ხაზს. გამოსვლებზეც გადასარევად ითამაშა.
პირველ ტაიმში „ბარსამ“ კიდევ ბევრი კარგი მომენტი შექმნა, მაგრამ გოლი აღარ გასულა. კარგი ტაიმი ჰქონდა რაშფორდის ნაცვლად მოთამაშე ფერან ტორესს, საუკეთესო იყო ფერმინ ლოპესი და რა თქმა უნდა, გვართობდა ფინტებით ლამინე იამალიც. არ უნდა დაგვავიწყდეს ბალდე, არავის ამდენი არ ურბენია და გარდა იმ შემთხვევებისა როცა შეტევაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და მის ჩარბენებს ამჩნევდნენ, კიდევ უამრავჯერ ჩაირბინა ფლანგზე, მაგრამ მისი მისამართით პასი ყოველთვის არ კეთდებოდა.
ტაიმის მიწურულს ლამინემ თავისი სავიზიტო ეფეთი კიდევ ერთი გენიალური პასი გააკეთა და ერთი-ერთზე დატოვა ფერან ტორესი, რომელზეც ვერ ვიტყვით, რომ იდეალურად დაარტყა, მაგრამ როგორც შეძლო ისე დაარტყა და რაც მთავარია გაიტანა - 2:0. კარგი ტაიმი იყო.
ფერმინი ისევ საუკეთესოა
მიმდინარე სეზონში ფერმინ ლოპესი ერთი საფეხურით მაღლა ავიდა, სეზონის წინ დიდ თანხასაც იხდიდნენ ინგლისელები, მაგრამ ფლიკის მოთხოვნით დატოვეს ეს კაცი და სულ სხვა დონეზე დაიწყო თამაში. ჯერ ოლმოს მოუგო კონკურენცია, ახლა პედრის არ ყოფნაში ორივემ ითამაშა და ისევ გამოჩნდა რომ ფერმინი მასზე მაღლა დგას. მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეაგდო მესამე გოლი „ბილბაოს“ კარში. კარგი კომბინაცია გათამაშდა, ერიკ გარსიამ საგოლე პასი მიითვალა, ფერმინი მეკარესთან პირისპირ დატოვა და ამასაც ბევრი არ უფიქრია, მარტივად გადაწყვიტა ეს ეპიზოდი.
„კამპ ნოუ“ ხარობს, ფლიკი ბედნიერია, ვალვერდეს თვალები აქვს მოჭუტული კლინტ ისტვუდივით, სადღაც შორს კიდევ ალბათ ლიონელ მესიც ადევნებდა თვალყურს „ბარსელონას“ გამოცოცხლებას.
აი მერე კიდევ ერთი ძალიან უცნაური ამბავი ვნახეთ, ბასკების რვა ნომერმა ფეხი ბასკეთიდან მოიქნია და პირდაპირ ფერმინს უთავაზა ფეხებში. უკნიდან. ასე უმიზეზოდ. ვერ მოეშვნენ ბასკები წიხლების ქნევას. რა იყო კაცო ესა? გააწითლეს, რა თქმა უნდა, ჰოდა, პირველი წითელიც ვიხილეთ განახლებულ „კამპ ნოუზე“. ფერმინი კიდევ გადარჩა, წამოდგა ფეხზე და თამაში განაგრძო.
ბოლო წუთებისკენ ლამინე ცდილობდა გატანას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, არ ჰქონია ცუდი მატჩი, მაგრამ ისევ ერთი რამ მხვდება თვალში, სისწრაფის ხარჯზე ფაქტობრივად აღარც ცდილობს მცველების დაჩაგვრას, ეს კიდევ მაფიქრებს, რომ ფიზიკურად სანახევროდაც კი არ არის მზად, მაგრამ ტექნიკის ხარჯზე ისევ ყველაფერი რიგზე, სამი მცველი მოიცილა და კიდევ ერთი გენიალური პასი მიითვალა, ისევ ფერან ტორესს გაატანინა, გააყოლა პასი ისე როგორც მესიმ ნეიმარს მიუნხენის „ბაიერნთან“. კარგი სანახავი იყო. ფერანმა ამჯერად უკეთესი დარტყმით შეაგდო - 4:0.
გახსნაც ასეთი უნდა.
წინ რა გველის
წინ გველის ჩემპიონთა ლიგა. გასვლა ლონდონში, „ჩელსისთან“. კიდევ ერთი გამოცდა. ასეთ გუნდებთან ყველაზე კარგად ჩანს რამდენად მზად არის ფლიკის გუნდი, რამდენად სწორად ვითარდება და მზად არის თუ არა საპლეიოფო მატჩებისთვის.
ლა ლიგაში კიდევ „მადრიდი“ არ არის შორს. იქვეა რა, ერთი ხელის გაწვდენაზე.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 36 ]