სპოტიფაი კამპ ნოუზე დაბრუნება - პირველი თამაში ციფრებში
დიდი ხნის ნანატრი დაბრუნება შედგა. როგორც იქნა, "ბარსელონამ" "სპოტიფაი კამპ ნოუზე" ითამაშა. 22 ნოემბერი - ყველასთვის დასამახსოვრებელი დღე, "ბილბაოსთან" 4-0 გამარჯვება, შესანიშნავი ატმოსფერო....
"ბარსას" ოფიციალური ვებგვერდი განახლებულ "სპოტიფაი კამპ ნოუზე" გამართული პირველი მატჩის სტატისტიკას წარმოგვიდგენს.
45 157 გულშემატკივარი
"სპოტიფაი კამპ ნოუზე" პირველი თამაშის ნახვის ბედნიერება 45 157 ადამიანს ჰქონდა. კლუბს სტადიონზე 45 401 გულშემატკივრის შეშვების უფლება ჰქონდა, ეს კი ნიშნავს, რომ თითქმის ყველა ადგილი შევსებული იყო.
909 დღის შემდეგ
"ბარსა" მშობლიურ მოედანს 909 დღის შემდეგ დაუბრუნდა. "ბლაუგრანამ" "კამპ ნოუზე" ბოლოს ორწელიწად-ნახევრის წინ, 2023 წლის 28 მაისს, "მალიორკას" უმასპინძლა.
4 გოლი
ჰანსი ფლიკის გუნდმა სახლში დაბრუნება "ბილბაოსთან" 4 უპასუხო გოლით აღნიშნა. თავი ფერან ტორესმა (2), ლევანდოვსკიმ და ფერმინმა გამოიჩინეს.
მშრალი კარი
"ბლაუგრანამ" განახლებულ სტადიონზე პირველივე მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. 58 დღის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა ჟოან გარსია, რომელმაც რამდენიმე კარგი სეივი შეასრულა და მეტოქეს გოლის გატანის საშუალება არ მისცა.
13-დან 13
ერიკ გარსია "ბარსელონას" ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მონაწილეობა 13-ივე შეხვედრაში მიიღო. ერიკმა 13-დან 11 შემთხვევაში ძირითადში ითამაშა და მოედანზე 1010 წუთი გაატარა. ასევე აღსანიშნავია, რომ გარსიამ საყრდენ ნახევარმცველად თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და ამით მის უნივერსალურობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.
9 კატალონიელი
"ბილბაოსთან" შეხვედრაში მონაწილეობა "ბარსელონას" 9 კატალონიელმა ფეხბურთელმა მიიღო. ესენი არიან: ჟოან გარსია, ერიკ გარსია, კუბარსი, მარტინი, ბალდე, ოლმო, იამალი, კასადო და ბერნალი. ორიოლ იოვეს ინფორმაციით, ბოლოს "ბარსას" საშინაო მატჩში ამდენმა კატალონიელმა 1937 წლის 31 ოქტომბერს ითამაშა, როდესაც "ბლაუგრანამ" "ესპანიოლი" 9-1 გაანადგურა.
უფრო მეტიც - სასტარტოში 7-მა კატალონიელმა ითამაშა: ჟოან გარსიამ, ერიკ გარსიამ, კუბარსიმ, მარტინმა, ბალდემ, ოლმომ და იამალმა. ბოლო საშინაო შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ამაზე მეტმა კატალონიელმა 55 წლის წინ ითამაშა, როდესაც 1970 წლის 6 დეკემბერს "ბარსელონამ" "ხიხონი" 2-0 დაამარცხა.
ფერმინის მე-100 თამაში
2025 წლის 22 ნოემბერი განსაკუთრებით დაამახსოვრდება ფერმინ ლოპესს, რომელმაც "სპოტიფაი კამპ ნოუზე" - პირველი, "ბარსას" მაისურით კი საიუბილეო მე-100 მატჩი ჩაატარა.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

კომენტარები [ 5 ]