მოდი ვნახოთ ნიუკასლი - რა გვახსოვს წარსულიდან

"ნიუკასლსა" და "ბარსას" ურთიერთშეხვედრების მდიდარი ისტორია ნამდვილად არ აქვთ, ლიგაზე თუ შეხვდებიან ხოლმე და ეგეც იშვიათად, აბა, "ნიუკასლს" ლიგაზე ხშირად როგორ შეხვდები?! მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ თუ ამ ტურნირზე გაუღწევიათ "ბარსასთან" ყოველთვის გადაკვეთილან.
ეს ამბავი კიდევ 1997 წლიდან იწყება, როცა "ბარსელონა" ლუი ვან გაალმა ჩაიბარა, რობსონმა და რონალდომ გუნდი დატოვეს, მოვიდნენ სონი ანდერსონი და რივალდო. რაღაც ახალი უნდა დაწყებულიყო და ვერ დაიწყო ისე, როგორც ქომაგებს სურდათ.
ასპრილიას ჰეთთრიქი
თუ სადმე ვარგოდა დალგლიშის "ნიუკასლი" თავდასხმის ხაზი იყო, "სენტ ჯეიმზ პარკზე" ასპრილიასა და ტომასონის დუეტით დაგვიხვდნენ, შირერი საერთოდ არ ყოფილა, თემურ ქეცბაია კი სათადარიგოზე გახლდათ. თემური ამ დროს უკვე გმირი იყო, "ნიუკასლი" მან გაიყვანა ზაგრებში გატანილი გოლით. ისტორიაში პირველად მოახვედრა ლიგის ფინალურ ეტაპზე, მაგრამ მაინც სკამზე დატოვეს და სადღაც ბოლოსკენ გამოვიდა მოედანზე.
"ბარსა" თავისი შემადგენლობით ბევრად აღემატებოდა "კაჭკაჭებს", მაგრამ ეს ვარსკვლავები ჯერ შეთამაშებულნი არ ყოფილან, ეგ მერე მოვიდა, გვიან, სეზონის მეორე ნახევრისკენ, მაგ დროს კიდევ უკვე გვიანი იყო, სანამ აზრზე მოვიდნენ ჩარჩნენ კიდეც ლიგის ჯგუფში და ვან გაალიც გვარიანად ლანძღეს.
ამ შეხვედრაში "ნიუკასლმა" პირველი სამი გოლი შეაგდო, ანადგურებდნენ ლუის გუნდს, მაგრამ სირცხვილს გადაურჩნენ, ჯერ ლუის ენრიკემ შეამცირა სხვაობა, მერე კი ლუიშ ფიგუმ, ბოლო წუთებისკენ. დანაკლისიც იყო, "ბარსას" საყრდენ ზონაში პეპ გვარდიოლა აკლდა. მის ნაცვლად დე ლა პენიამ ითამაშა, რომელიც უფრო გამთამაშებელი იყო, ვიდრე საყრდენი, ლუიმ წაუექსპერიმენტა და მიიღო ის რაც მიიღო.
განმეორებითი მატჩი "კამპ ნოუზე" უკვე ფორმალობა იყო, "ბარსა" გარანტირებულად ჩარჩა ჯგუფში, ამიტომ, ხალხიც ალაგ-ალაგ დაესწრო ამ შეხვედრას. ფიგუ სკამზე დარჩა, გვარდიოლა დაბრუნდა, სათადარიგოთა შორის გამოჩნდა ახალგაზრდა ტალანტი - ჩავი ერნანდესი. ძირითადში იყვნენ ბრაზილიელები და ერთ-ერთმა გამარჯვების გოლიც შეაგდო - ჯოვანიმ იკისრა ეს ამბავი.
ამჯერად 90 წუთი ითამაშა თემურ ქეცბაიამ.
ისევ ვან გაალი
ლუი წავიდა "ბარსადან", მერე დააბრუნეს 2002/03 წლების დასაწყისში და ისევ "ნიუკასლს" შეხვდა, ამჯერად "კაჭკაჭებს" სერ ბობი წვრთნიდა. ქეცბა აღარ იყო გუნდში, რადგან სერ ბობი არ ათამაშებდა, პირდებოდა და მერე მოტყუებულს ტოვებდა, ამიტომ, თემურმა ახლადნაყიდი ტელეფონი გაუქანა სახეში. მეგრულადაც მიაძახა რაღაცები, სერ ბობიმ ვერაფერი გაიგო, მაგრამ მიხვდა, რომ რაღაც გულისმომკვლელი მიაძახეს.
შირერი არც ამ მატჩში არ იყო, ისევ ტრავმა ჰქონდა. თუ სწორად მახსოვს, ტვინის შერყევა.
"ბარსამ" 3:1 მოიგო და ეს იყო ის უიშვიათესი შემთხვევა, როცა ლუიმ რიკელმე ბოლომდე ათამაშა, თანაც, მოედნის ცენტრში. ვერ ვიტყვი, რომ გაიბრწყინა, მაგრამ კარგი მატჩი ჰქონდა, ისევე როგორც მთელ გუნდს. ანგარიში დანიმ გახსნა, ძირითადში რა უნდოდა ვერც მაშინ გავიდე და არც ახლა მესმის, მაგრამ დააყენეს და გაამართლა. "ნიუკასლმა" შოლა ამეობის გოლით გაათანაბრა. "ბარსა" პატრიკ კლუივერტისა და ტიაგო მოტას გოლებით დაწინაურდა და მოიგო კიდეც შეხვედრა.
ლუის გასამართლებლად სწორედ ეს ჰქონდა, ჩემპიონთა ლიგაზე ვიგებ და ვიგებ მატჩებსო, მაგრამ ლა ლიგაში სადღაც ფსკერზე დაეშვა და შუა სეზონში მიუთითეს კარისკენ. ამიტომ, გუნდი მეოთხედფინალში ანტიჩმა გაიყვანა და არ იყო ცუდი შეხვედრა "იუვესთან", მაგრამ "ბარსა" მსაჯისგან დაიჩაგრა, პლუს 100%-იანი მომენტები გაანიავეს და გაუშვეს ნედვედის "იუვე" ფინალისკენ.
თუმცა, მანამდე მეორე მატჩი იყო "ნიუკასლთან".
როგორც იქნა ითამაშა კაპიტანმა, შირერი დაბრუნდა, მაგრამ ვერაფერს გახდა, "ბარსამ" 2:0 მოიგო. ისევ ბოლომდე ითამაშა რიკელმემ, ისევ მოედნის ცენტრში, ისევ საგოლე პასი მიითვალა. გოლები ისევ კლუივერმა და მოტამ შეაგდეს, მაგრამ სულ სხვა რამით დამამახსოვრდა ეს მატჩი. ლუიმ 1997 წელს ჩავი ერნანდესს გაუხსნა გზა ძირითადისკენ, ამჟამად კი შეცვლაზე გამოვიდა ანდრეს ინიესტა. შეეხო ბურთს და მიხვდნენ, რომ "ბარსას" დიდი მომავალი აქვს. თუნდაც, ლუის გარეშე.
ახლა რა ხდება
რა ხდება და "ნიუკასლი" გამდიდრდა, არაბების ხელშია, საკმარისადაც დახარჯეს და ეტაპობრივად იზრდებიან, ასე რომ, არ იქნება მარტივი მატჩი, მით უმეტეს, "სენტ ჯეიმზ პარკზე", გავერთობით, კარგი შეხვედრა გველის წინ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 5 ]