ორი მატჩის ისტორია - კლასიკო კოპა დელ რეიზე
ჰოდა ასე, "მადრიდს" შევხვდებით ნახევარფინალში. სეზონში ხუთი კლასიკო მშვენიერია. ლა ლიგაში პირველი მატჩი წავაგეთ, შეგახსენებთ, რომ სეზონში გაშვებული ექვსი გოლიდან სამი სწორედ "რეალთან" გავუშვით. მერე იყო მეორე და უფრო მნიშვნელოვანი მატჩი, ესპანეთის სუპერ თასის ფინალში, "ბარსამ" სრულყოფილი რევანში აიღო.
წინ კიდევ სამი კლასიკო გველის, ერთი ლა ლიგაში და ორი კოპა დელ რეიზე.
მინდა გავიხსენო ორი შეხვედრა ესპანეთის თასზე, რომელიც ცოტა არ იყოს მივიწყებულია. არადა, არ არის დასავიწყებელი ამბავი.
ფინალი
1982/83 წლების ფინალია, "ლა რომარედაზე", "ბარსას" მენოტი წვრთნის, დიეგო მარადონა და ბერნდ შუსტერი ჰყავს აშვებული. "მადრიდის" თავკაცი ალფრედო დი სტეფანოა, ესეც კიდევ ერთი მოტივაცია, ჯერ კიდევ ახალგაზრდა დიეგოს სურს საუკეთესო არგენტინელს დაანახოს, რომ მასზე უკეთესია.
მივაგენი ამ თამაშს კარგ ხარისხში და უნდა ნახოთ რას უშვება დიეგო მცველებს, ისე ატყუებს როგორც უნდა, ცენტრში მიაქვს დრიბლინგით, ცდილობენ მის წაქცევას და სადღაც მესამე მცველი ახერხებს კიდეც, დიეგოს სრული თავისუფლება აქვს და ყველგან არის, მცველებს აწამებს ორივე ფლანგზე, ატყუებს ძალიან მაგარი ფინტებით, მისი გამჩერებელი არავინ არის. ჯარიმებს კი ჩემდა გასაკვირად შუსტერი არ არტყმევინებს.
პირველი გოლი დიეგოს პასით გავიდა, გრძელი პასი მიიღო, უპრობლემოდ დატრიალდა და გააგორა ბურთი კარის წინ, ვიქტორ მუნიოსს ისღა დარჩენოდა ანგარიში გაეხსნა.
50-ე წუთზე გაგვითანაბრეს, თურმე მაშინაც გვყოლია ლანგლე, ფინალში ასეთი შეცდომა არ მახსენდება. ასეთი შეცდომის მერე კარიერას ასრულებენ ხოლმე. "მადრიდს" ბევრი არაფერი შეუქმნია, თავად "ბარსამ" დათმო უპირატესობა.
მოგვიანებით მარადონა "ბარსელონას" წინ გაიყვანს, თავით გაიტანს, მაგრამ მსაჯი გააუქმებს. რატომ? არ ვიცი. თქვენით ნახეთ და განსაჯეთ რა შეიძლებოდა იქ მომხდარიყო.
ბოლო წუთებზე კი მარკოს ალონსომ მოგვაგებინა!
დიახ დიახ, მარკოსის მამამ, დიდმა ალონსომ.
ასე მოიგეს მარადონამ და შუსტერმა კოპა დელ რეი.
ფენომენი
ნაადრევად გადაეყარნენ ერთმანეთს, ჯერ კიდევ მერვედფინალი იყო, 1996/97 წლის სეზონი. აქეთ რონალდო, ფიგუ, გვარდიოლა, ლუის ენრიკე, იქით რაული, შუკერი, ზეედორფი, კარლოსი..
მოკლედ ყველაფერი რიგზეა, კლასიკო ვარსკვლავურია.
ვიდეო მოიპოვება და ვიღაცებს, შესაძლოა, ახსოვთ კიდეც ეს თამაში. უნდა ითქვას, რომ როგორც მარადონასი, ისე ფენომენის გამჩერებელი არავინ იყო.
ანგარიში რონალდომ გახსნა, მერე შუკერმა და იერომ "მადრიდი" წინ გაიყვანეს. თუ მცველების გატანილი გოლები უნდა გამოვყოთ, ხუთი ფეხბურთელი განსაკუთრებით გამოსაყოფია კლასიკოს ისტორიაში, კარლოსის შორეული ჯარიმა, პუიოლის თავით გატანილი, გნებავთ ერთი და გნებავთ მეორე, რამოსის ასევე თავით გატანილი, უვე ზეელერის სტილში, დანი ალვესის გასროლა ცხრიანში და ერთიც ამ მატჩში გავიდა, ფერნანდო იერომ გაისროლა თავისუფალი დარტყმა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
ანგარიში ნადალმა გაათანაბრა, წინ კი ჯოვანის გოლით გავედით. ჯოვანიზე ცალკე ჩანახატს აუცილებლად მოვამზადებთ, იმიტომ, რომ იმსახურებს ამას, ნამდვილად ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, ვერც რივალდოს დონეს ქაჩავდა, ვერც რონალდოს, მაგრამ რაფინიას და მისთანებს ჯიბეში ჩაისვამდა.
"ბარსამ" 3:2 მოიგო, ასეთი უპირატესობით ჩავიდა "ბერნაბეუზე" სადაც მთელი მადრიდი რონალდოს დასდევდა, იქ 1:1 დასრულდა შეხვედრა და "ბარსა" მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ფნალამდე იარა და იქ ძალიან დრამატულ ბრძოლაში "ბეტისი" დაამარცხა. მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგა, რონალდოს მონაწილეობა არ მიუღია, გმირი კი ფიგუ გახდა.
ასევე, 3:2 მოგებულ მერვედფინალში მინდა გამოვყო "მადრიდელთა" დიდი კაპიტნის დუელი პატარა რონალდოსთან, არასდროს მინახავს ასეთი ფინტი. რონალდოს მოძრაობებს მომავალში რონალდინიო გაიმეორებს წარმატებით, მაგრამ არა ამ ფინტს, მსგავსი რამ აღარასდროს მინახავს, ფენომენი იეროს მუხლით ატყუებს, მასზე გაკეთებულ პასს მუხლს უხვედრებს, ბურთს ფეხებში უძვრენს და ისეთი სისწრაფით გარბის, რომ იეროს პირდაღებულს ტოვებს ცენტრში. სამწუხაროდ ამ ვიდეოში მომენტს არ ამეორებენ, მაგრამ იუთუბზე მარტივად იპოვით.
ძალიან განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან შეუძლებელია ეს ფინტი დაგეგმო, ან ვარჯიშებზე დაამუშავო, შეუძლებელია! ეს ხდება წამებში, უბრალოდ ცუდი პასი მისდის, ყველაზე უხერხულ ადგილზე, ყველაზე რთულად დასამუშავებელი, ის კი ამ ცუდი პასისგან ხელოვნების ნიმუშს ქმნის.
ამიტომაც იყო "ფენომენი".
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]