საუკეთესოები მუნდიალზე - N:5 რომარიო

საუკეთესოები მუნდიალზე - N:5 რომარიო

ხუთეულს მივადექით, ხუთი დღე დარჩა, მეხუთე ადგილი რომარიოს ეკუთვნის, ჩემს სიაში ასეა, უფრო წინაც შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე განვსაჯე. საუბარი გვაქვს მსოფლიო ჩემპიონსა და მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელზე.

30-იანი წლები ლეონიდასისა და ჯუზეპე მეაცას საკუთრებაა, მე ასე მიმაჩნია, არიან ლუის მონტის დიდი ქომაგები, მაგრამ ჩემს წარმოდგენაში ის ორი კაცი უფრო მაღლა დგას.

40-იანები მოსაწყენი დრო იყო, ასე მგონია, რადგან სტენლი მეტიუზს ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა დანარჩენებთან. პირველი ოქროს ბურთის მფლობელი რაინდი იყო, მოედანზეც და მის მიღმაც, თუმცა, ეგ ბურთი უფრო კარიერის გამო მისცეს, ვიდრე ცალკეული სეზონის, ეგრეც უნდა ყოფილიყო ალბათ, პირველი ოქროს ბურთი, რაინდისთვის უნდა მიეცათ.

50-იანები დი სტეფანოსა და პუშკაშის საკუთრებაა. ერთ-ერთი ჩვენი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დი სტეფანო წაგვართვეს და ორივე მადრიდში აღმოჩნდა, ამიტომ, დიდი ჯახის ნაცვლად რეალის სრული დომინაცია მივიღეთ.

60-იანებში პელეს უპირატესობა ძალიან დიდია, მეორე კაცი ეუსებიო იყო, რომელიც ასევე ეწერებოდა პელეს ფანების სიაში.

70-იანები იოჰან კრუიფისა და ფრანც ბეკენბაუერის, აქ უკვე ხშირი გადაკვეთა გვაქვს, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე, მესი-რონალდუმდე ასეთი დაპირისპირება არც არავის უნახავს.

80-იანები ჩემთვის სამთავიანი დრაკონია, ოღონდ ერთი თავი უფრო მაღლა დგას, უფრო მძლავრი ცეცხლი აქვს, შეგვეძლო მხოლოდ ის დაგვესახელებინა და სამი თავი აღარ იქნებოდა საჭირო, მაგრამ პლატინისა და ვან ბასტენის დავიწყება არ შეიძლება, 80-იანების დასაწყისი პლატინის ხანაა, 80-იანების ბოლო ვან ბასტენის, მთელი დეკადა კი დიეგო მარადონას.

90-იანები, აჰა, მოვედით იქ, რისთვისაც დამჭირდა ეს შესავალი, ეს არის ერთადერთი დეკადა, რომელიც გახლეჩილია, არ ჰყავს ამ ეპოქას ფეხბურთელი, რომელიც ერთპიროვნულად მეფობდა მთელი ამ დროის განმავლობაში, 80-იანებს დიეგოს სახე აქვს, დასაწყისიდან ბოლომდე ბრწყინავდა, 90-იანების პირველი ნახევარი კი ორი კაცის საკუთრებაა, ერთი ჩვენი გმირია - რომარიო, მეორე ფინალის ანტიგმირი, - რობერტო ბაჯო. ფინალის შემდეგ იყო რეგრესი, როგორც ერთის, ისე მეორის შემთვევაში, ერთის რეგრესი დაიწყო ასრულებული ოცნების გამო, რომარიომ საფეხბურთო მოტივაცია ვეღარ იპოვა, მაშინ არ იყო ჩემპიონთა ლიგა ისეთი პრესტიჟული, რომ მის მოსაგებად ყველაფერი გაეღო, მუნდიალი მოიგო და მორჩა, წავიდა ბრაზილიაში საგულაოდ.

მეორეს რეგრესი დაიწყო გაცუდებული პენალტისა და ფსიქოლოგიური პრობლემების გამო, რეგრესმა დაამცრო და დააპატარავა თავისივე თავთან შედარებით, თორემ, ბაჯო ისევ ბრწყინავდა კიდევ კარგა ხანს. მას მერე ნაკრების ლიდერი აღარ ყოფილა, დელ პიეროს ჩრდილმა დაფარა, როგორც კლუბში, ისე ნაკრებში.

ამიტომ, ასეთი უცნაური სურათი გვაქვს, 90-იანები გახლეჩილია. მისი მეორე ნახევარი რონალდოს საკუთრებაა, ტრავმამდელი რონალდოს, „ფენომენის“.

როგორც ყველა ბრაზილიელისთვის, რომარიოსთვისაც ნაკრების მაისური ნიშნავდა ყველაფერს, სანუკვარი ოცნება კი მუნდიალის მოგება იყო. წააგო ჩემპიონთა თასის ფინალი „მილანთან“, მერე რა, წინ მუნდიალია. განადგურდა 4:0, არა უშავს, იტალიელებზე ფინალში იძიებს შურს.

რომარიოზე ტექნიკური ფეხბურთელი ძალიან რთულად თუ მოიძებნება სამყაროში, უმოკლეს მონაკვეთში მასზე მაგარი არავინ ყოფილა, მესის და მარადონას გარდა, რა თქმა უნდა, რონალდო, რონალდინიო და პელე დისტანციაზე სჯობდნენ, პელეს საოცარი სიმძლავრე ჰქონდა, რონალდოს მთელი მოედანი შეეძლო დრიბლინგით დაეფარა და რონალდინიო როგორ ითვისებდა სივრცეს კარგად ვიცით, რომარიო კი საჯარიმოს ღმერთი იყო, თითქოს ეს ტანმორჩილი კაცი საჯარიმოში უნდა დაეჩაგრათ, მაგრამ ჯადოქრობდა და ვერ დაჩაგრეს.

ღმერთო ჩემო, რა დღეში აგდებს ბარეზისა და მალდინის, ჯერ კიდევ პსვ-ში თამაშის დროს, კორპუსით ბურთს ფარავს, ცხვირწინ უკენწლის და ისე გააქვს გოლი, მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველების წინააღმდეგ.

ბრაზილია ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც ყველა მუნდიალი ითამაშა, ყოველთვის იყო ფავორიტი, ყოველთის ჰყავდა მაგარი გუნდი, ხან ძალიან მაგარი, ხან ნაკლებად, მაგრამ სხვებთან შედარებით ყოველთვის კონკურენტუნარიანი იყო. რომარიოს პირველი მუნდიალი 90 წლის, იტალიის მსოფლიო ჩემპიონატი იყო, ნაკრებში 87 წელს მიიწვიეს, 86 წლის მუნდიალის შემდეგ, როცა ბრაზილიას ახალი გუნდის მშენებლობა უნდა დაეწყო, ამ გუნდის მთავარი გმირი კი რომარიო უნდა ყოფილიყო.

მუნდილის წინა სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა, პსვ-ში დაფრინავდა, მსოფლიოზე მთავარ ვარსკვლავადაც მოიაზრებდნენ, მაგრამ სეზონის მიწურულს ტრავმა მიიღო, მორიგ საოცარ მატჩს ატარებდა, მორიგ შოუს დგამდა, ერთი-ერთზე გასულს მცველი კოჭში ურტყამს, რომარიო კოჭლობით გადადის მოედნის მიღმა, ბუცს იხდის, ხელს ქუსლზე იდებს, დახმარებას ითხოვს და გამომეტყველებაზე ეტყობა რასაც ფიქრობს, წინ მუნდიალია, მისი ოცნება, შესაძლოა დასრულდა კიდეც.

სამი თვით ადრე იყო ეს ამბავი, გამოჯანმრთელება მოასწრო და იტალიაში გუნდს გაჰყვა, ოთხი მატჩიდან სამი სკამზე გაატარა, მხოლოდ არაფრის მომცემი მატჩი ითამაშა შოტლანდიის წინააღმდეგ, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი, ჰქონდა შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა, მიულერმა კი გამოიყენა, მისი გოლით მოიგეს. ამიტომ, მერვედფინალში მარადონას დრიბლინგს და კანიჯას გოლს სკამიდან უყურა. ბრაზილია ფავორიტი იყო, ბევრად უკეთესი გუნდი ჰყავდა, ვიდრე არგენტინას, ბევრად მაგარი შემადგენლობა, უკეთეს ფეხბურთს თამაშობდა, უფრო მეტი მომენტიც შექმნეს, მაგრამ იქით იყო მარადონა და დამთავრდა ამბავი.

ლაზარონის ერთი ცვლილება ჰქონდა დარჩენილი და რომარიო მაინც არ შეიყვანა მოედანზე. მსოფლიო ჩემპიონატზე ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე გიჟი მსაჯი, რომელიც თამაშს აფუჭებს და გიჟი მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელს აფუჭებს, ლაზარონიც ასეთი იყო.

ოთხი წლის მერე რომარიო უკვე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, კრუიფის დრიმთიმის ბრილიანტი, ხრისტოს ძმაკაცი და იტალიელებზე დაბოღმილი.

ჩავიდა შეერთებულ შტატებში და მხოლოდ ერთი მატჩი იყო ისეთი, სადაც არც გოლი გაუკეთებია და არც საგოლე გადაცემა, - ეს იყო ფინალური შეხვედრა იტალიასთან, მოგეხსენებათ 0:0 დასრულდა, შემდეგ კი დრამა დაიდგა.

სადებიუტო შეხვედრაში გოლი შეაგდო და ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ პენალტიც აიკიდა, რუსეთი 2:0 დაამარცხეს.

მეორე მატჩში ასევე თავის საფირმო დარტყმით შაგდო და მისი მეცადინეობის შემდეგ ბებეტომაც გაიტანა, - კამერუნი 3:0 დაამარხეს.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში შვედეთთან ითამაშეს 1:1 და რომარიომ გაიტანა ის გოლი, რომელიც რონალდომ გაიმეორა 2002 წლის ნახევარფინალში, უცბად მივხვდი, რომ რომარიოს მსგავსად უნდა დამერტყაო და ბრწყინვალედ შეასრულა, მართლაც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ეს გოლები ერთმანეთს,

მერვედფინალში დაამარცხეს მასპინძლები, - 1:0, რომარიომ საგოლე პასი შეასრულა.

მეოთხედფინალში დაამარცხეს ნიდერლანდები, რომარიომ აქაც გაიტანა.

ნახევარფინალში ისევ შვედები, რა თქმა უნდა, რომარიომ შეაგდო, გარდა ამისა, ტურნირის საუკეთესო გოლიც გაჰქონდა, მაგრამ მცველმა იკადრა და კარის ხაზიდან გამოაძრო, დაახლოებით ისე იტანდა, როგორც დიეგო ბელგიასთან, ოღონდ რომარიომ მეკარეც მოატყუა.

ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს ფინალის წინ ასახელებდნენ ხოლმე. ხომ გახსოვთ ბაჯო რა მაგარი იყო 94-ში? ჰოდა, რომარიომ აჯობა.

ფინალში იყო დრამა, მომენტი რომარიომაც გაუშვა ხელიდან და ბაჯომაც, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი რომარიომ თავისი გაიტანა, ბაჯომ ვერა. ბრაზილია მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. დაიწყო ამ ტანმორჩილმა კაცმა აღნიშვნა და აღარც გაჩერებულა, მთელი კარიერა ამ გამარჯვებას აღნიშნავდა, შუალედებში კი გლოვობდა და ცრემლად იღვრებოდა.

რა იყო ეს შუალედები?

1998 და 2002.

1998-ში სამედიცინო შემოწმებაზე დადასტურდა, რომ ბარძაყის კუნთის პრობლემა ჰქონდა, მოშუშება კი ვერ მოასწრო, ზაგალომ განაცხადში არ შეიყვანა, რომარიომ პრესკონფერენცია მოიწვია და იტირა, მაგრად იტირა. ზაგალოსთვის დღემდე არ უპატიებია, კაფეც აქვს გახსნილი, სადაც ბრაზილიელი ლეგენდების ფოტოებია გამოფენილი, ზაგალოს ფოტო კი ტუალეტის შესასვლელში კიდია.

ბრაზილიამ ფინალი წააგო და მაშინ გაახსენდათ რომარიო, საავადმყოფოში გადაყვანილი რონალდოს მერე რომარიო იქნებოდა ის კაცი, ვინც ტიტულს მოგვიტანდაო. ზაგალო ფეხბურთელებს ეუბნებოდა 1962 წელს პელეს გარეშე მოვიგეთ მუნდიალი, გამოგვაკლდა, მაგრამ არაფერი დაგვკლებიაო, მაინც არაფერი გამოვიდა, ბრაზილიამ წააგო.

2002-ში უკანასკნელი შანსი და უკანასკნელი ცრემლი იყო. რომარიო უკვე 36 წლისა გახლდათ, ვასკოში თამაშობდა, გაჰქონდა და გაჰქონდა გოლები, მზად იყო მუნდიალზე სკამზე მჯდარიყო, მაგრამ 2001 წელს სკოლარი შემოელანძღა, იმ კაცს კი კარგი მეხსისრება აქვს, სკოლარიმ გადაწყვიტა, რომ არათუ მეორე, მესამე, ან მეოთხე, არამედ მეხუთე ფაზის ფორვარდები წაეყვანა სათადარიგოთა სკამისთვის.

მოდი განვმარტოთ,

პირველი ფაზა - რივალდო, რონალდო, რონალდინიო

მეორე ფაზა, - ელბერი, ჟარდელი, ამორუზო

მესამე ფაზა, - ბრაზილიაში მოთამაშე ვარსკვლავები, პირველ რიგში - რომარიო

მეოთხე ფაზა, - მარსელინიო, დარიო სილვა, აილტონი (ლა ლიგისა და ბუნდესლიგის ვარსკვლავები)

მეხუთე ფაზა, - ლუიზაო, ედილსონი (დენილსონში არ შეგეშალოთ),  - ოპა, მოვედით, ეს ხალხი აღმოჩნდა სიაში, არა ვარსკვლავები, არამედ მეათასე ხარისხოვანი თავდამსხმელები. სკოლარიმ ეს გააკეთა იმისათვის, რომ ნაკრებში დაძაბულობა არ ყოფილიყო, გააკეთა იმისთვის, რომ ტრავმებისგან დატანჯულ რივალდოს, ჯოჯოხეთიდან ახალ დაბრუნებულ რონალდოს და პარიზში საგულაოდ წასულ რონალდინიოს თავი მშვიდად ეგრძნოთ. სკოლარი მათ ბოლომდე ენდო და მოიგო კიდეც, გამარჯვებულებს კიდე არ ასამართლებენ.

ასე მორჩა რომარიოს ამბავი.

ჩვენი ნომერი მეხუთე.

1994 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი. 

აქ კი შეგიძლიათ ნახოთ ბრაზილიისა და რომარიოს განვლილი გზა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე: 

მე-10 ადგილი - ხრისტო სტოიჩკოვი

მე-9 ადგილი - გარი ლინეკერი

მე-8 ადგილი - დავიდ ვილია

მე-7 ადგილი - იოჰან კრუიფი

მე-6 ადგილი - ლიონელ მესი


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 18 ნოემბერი 2022 18:02
    0
    რაც არ მომწონდა ამსში ეგ იყო ხასიათი.
    გულშემატკივარი [?]
    #4 16 ნოემბერი 2022 14:34
    1
    ფეხბურთელი რომელმაც ფეხბურთი შემაყვარა!
    1994 წელს რაღაც საოცრება იყო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 ნოემბერი 2022 16:46
    1
    ციტატა: cruyff9
    ციტატა: ikamach
    მადლობა ფეოლა, ველოდებოდი, ჩემთვის რომარიო არის ფეხბურთელი რომელმაც ბარსელონას გულშემატკივარი გამხადა და იმის მერე მე და ბარსა მოვდივართ ერთად, თავისი აღამასვლებით და დაღმასვლებით. ჩემთვის ფეხბურთში ორი კაცია გამორჩეული, სოკრატესი რომელმაც ბრაზილია შემაყვარა და რომარიო რომელმაც ბარსა შემაყვარა, გული მწყდება რომ დღევანდელ ბრაზილიის ნაკრებში ბარსადან არავინაა ისეთი ვარსკვლავი, როგორებიც იყვნენ რომარიო, რონალდო, რივალდო, რონალდინიო (რაფინიას ძააან ბევრი უკლია მაქამდე), ვნახოთ, იმედი მაქვს იქნებ ისევ გამოჩნდეს ვინმე და ჩაეწეროს ბარსას ბრაზილიელ ლეგენდებში

    რომარიოზე მაგარი საჯარიმოში არავინ ყოფილა და ეს ცოტამ თუ იცის,,საოცრება კაცი,ნამდვილი ლეგენდა...დღევანდელ ბრაზილიაში კიდე ნეიმარია რომელიც მაინც ჩვენია😄🥰დანი ალვეში კიდე,,,ერთადერთი ვარ მემგონი ვისაც არგენტინა ბრაზილია ბარსადან გამომდინარე ორივე უყვარს მაგრამ წელს ოღონდ არგენტინამ მოიგოს და მერე თუ გინდა სულ ბრაზილიას მოუგია

    100% ასრულებულიყოს, ცოდოა მესი. ამისთანა ფეხბურთელს ვიღაცეები რო ათწლეულების შემდეგ იმით შეაფასებენ იყო თუ არა მსოფლიო ჩემპიონი უდიდესი უსამართლობაა.
    Culé [?]
    #2 15 ნოემბერი 2022 13:12
    3
    ციტატა: ikamach
    მადლობა ფეოლა, ველოდებოდი, ჩემთვის რომარიო არის ფეხბურთელი რომელმაც ბარსელონას გულშემატკივარი გამხადა და იმის მერე მე და ბარსა მოვდივართ ერთად, თავისი აღამასვლებით და დაღმასვლებით. ჩემთვის ფეხბურთში ორი კაცია გამორჩეული, სოკრატესი რომელმაც ბრაზილია შემაყვარა და რომარიო რომელმაც ბარსა შემაყვარა, გული მწყდება რომ დღევანდელ ბრაზილიის ნაკრებში ბარსადან არავინაა ისეთი ვარსკვლავი, როგორებიც იყვნენ რომარიო, რონალდო, რივალდო, რონალდინიო (რაფინიას ძააან ბევრი უკლია მაქამდე), ვნახოთ, იმედი მაქვს იქნებ ისევ გამოჩნდეს ვინმე და ჩაეწეროს ბარსას ბრაზილიელ ლეგენდებში

    რომარიოზე მაგარი საჯარიმოში არავინ ყოფილა და ეს ცოტამ თუ იცის,,საოცრება კაცი,ნამდვილი ლეგენდა...დღევანდელ ბრაზილიაში კიდე ნეიმარია რომელიც მაინც ჩვენია😄🥰დანი ალვეში კიდე,,,ერთადერთი ვარ მემგონი ვისაც არგენტინა ბრაზილია ბარსადან გამომდინარე ორივე უყვარს მაგრამ წელს ოღონდ არგენტინამ მოიგოს და მერე თუ გინდა სულ ბრაზილიას მოუგია
    ფანი [?]
    #1 15 ნოემბერი 2022 12:27
    5
    მადლობა ფეოლა, ველოდებოდი, ჩემთვის რომარიო არის ფეხბურთელი რომელმაც ბარსელონას გულშემატკივარი გამხადა და იმის მერე მე და ბარსა მოვდივართ ერთად, თავისი აღამასვლებით და დაღმასვლებით. ჩემთვის ფეხბურთში ორი კაცია გამორჩეული, სოკრატესი რომელმაც ბრაზილია შემაყვარა და რომარიო რომელმაც ბარსა შემაყვარა, გული მწყდება რომ დღევანდელ ბრაზილიის ნაკრებში ბარსადან არავინაა ისეთი ვარსკვლავი, როგორებიც იყვნენ რომარიო, რონალდო, რივალდო, რონალდინიო (რაფინიას ძააან ბევრი უკლია მაქამდე), ვნახოთ, იმედი მაქვს იქნებ ისევ გამოჩნდეს ვინმე და ჩაეწეროს ბარსას ბრაზილიელ ლეგენდებში