საუკეთესოები მუნდიალზე - დავიდ ვილია

რვა დღე დარჩა ანომალიური, ექსპერიმენტული მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე. მოლოდინი დიდია, შეიძლება იმიტომ, რომ პირველად ისტორიაში მუნდიალზე დაქანცული და გამოფიტული ფეხბურთელების ნაცვლად, ფორმის პიკში მყოფებს ვიხილავთ.
მერვე ადგილის დასახელება ძალიან რთულია, ამ პოზიციის მერე ისეთი ხალხი რჩება, ვინ სად წავიყვანო, აღარ ვიცი, ეს რვიანი კიდე რაღაც გარდამავალია. კანდიდატთა შორის ისეთი ხალხი აღმოჩნდა, ისეთი ხალხი გავწიე გვერდზე, ახლაც თვალი გამირბის, ხომ არ მოვაბრუნო-მეთქი.
არ მოვაბრუნებ. უბრალოდ გადავწყვიტე, რომ სანამ პირველ ნომრამდე ჩავალთ, გვერდზე გაწეულებს და სიაში ვერ მოხვედრილებს ცალკე ბლოგს დავუთმობთ.
ახლა კი დავიდ ვილიას ჯერია. საერთოდ არ ველოდი, რომ ისეთ მაგარ მუნდიალს ჩაატარებდა, როგორიც ჩაატარა. ვილიას კარიერა განუწყვეტელი პროგრესის გზა იყო, რომელიც ლოგიკური წერტილით დასრულდა, - ყველაფერი მოიგო.
ვინ არის ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი? ელ გუახე!
მარცხენა ფეხით თამაში მაშინ ისწავლა, როცა ბავშვობაში მარჯვენა მოიტეხა. სანამ კიდევ ერთხელ მოიტეხდა, მანამდე ყველა მიზანს მიაღწია, ყველა ოცნება აისრულა, ყველა კარი გააღო და ბურთიც შეაგდო.
ვილიას და მუნდიალის ისტორია მეტად უცნაურად იწყება, 2006 წელს. უცნაურად იმიტომ, რომ არაგონესი ვერ ჩამოყალიბდა, ვილია ერჩივნა თუ რაული, გადაწყვიტა ჯგუფური ეტაპი ამის გასარკვევად გამოეყენებინა. ვილიას არცერთი მატჩი 56 წუთზე მეტი არ უთამაშია.
ერთი ადგილი ფერნანდო ტორესს ეკუთვნოდა, მეორესთვის კი დიდი ომი იყო გაჩაღებული. ტორესი და ვილია როგორ უგებდნენ ერთმანეთს, გემახსოვრებათ, დაახლოებით ისე, როგორც რაული და მორიენტესი. უკვე ჩანდა, რომ ახალი თაობის დრო იყო, რაულის ეპოქა დასრულდა, მაგრამ არაგონესი თავისას არ იშლიდა.
ვილიამ სადებიუტო მატჩში უკრაინას დუბლი შეუსრულა. მიუხედავად ამისა, 55-ე წუთზე რაულით შეცვალეს. რა ლოგიკაა ამაში, რა გათვლაა..
მომდევნო მატჩში იგივე დრო დაუთმეს, ოღონდ უგოლოდ დატოვა მოედანი, მესამე მატჩში კი პირველი ტაიმის დასრულებისთანავე გაიყვანეს. აქ გაჩნდა მთავარი კითხვა, - რა გადაწყვიტა მწვრთნელმა? ვინ დაიწყებს მერვედფინალს?
არაგონესმა შოკში ჩაგვაგდო. ჯერ ადგა და სამივეს ერთად დააწყებინა, - ვილიას, ტორესსა და რაულს. როცა ელ გუახემ ანგარიში გახსნა, ალბათ ისიც იფიქრა, ამართლებს ჩემი გეგმაო, მაგრამ ფრანგებმა მალევე გაათანაბრეს. ამის მერე მეორე შოკის ჯერი მოვიდა, 55-ე წუთზე ორივე ერთად გაიყვანა, ვილიაც და რაულიც, მერე ჩავიც მიაყოლა და მარკოს სენა გამოიყვანა. ეს ყველაფერი 1:1 - ზე ხდებოდა.
რა თქმა უნდა, დამარცხდა.
თუმცა, იმასაც ვხვდებოდით, რომ ეს საოცარი თაობა ძალას იკრებდა, დასალაგებელი იყო და ევროზე დალაგდნენ, რაულის ადგილი აღარ იყო, ვილიამ ბოლომდე დაიმკვიდრა თავი, ევროც მოიგო და მუნდიალის ჯერი მოვიდა, ეს ის დროა, როცა ტორესის დაღმასვლა დაწყებულია, მწვრთნელი უკვე დელ ბოსკეა და არა არაგონესი, ჟოან ლაპორტამ პრეზიდენტის პოსტი დატოვა და მსოფლიო ჩემპიონატამდე უკანასკნელი საჩუქარი დაგვიტოვა, - ელ გუახე გაიფორმა.
ესპანეთმა გახსნითი მატჩი 0:1 წააგო. გახსოვთ გამოხმაურება? როგორი შემადგენლობაც არ უნდა ჰყავდეთ, მაინც ესპანეთია, არასდროს მოუგიათ მსოფლიო და ვერც მოიგებენო. არადა, ასეთი ხარისხის მატჩი არავის უთამაშია, ესპანეთი H ჯგუფში იყო და სანამ მათი ჯერი მოვიდა, ყველას თამაში ვნახეთ. პრობლემა მოძრაობა იყო, ესპანელებმა ძალიან ცოტა ირბინეს, არც ურბენიათ, იარეს, შვეიცარია მთელი გუნდით ჩადგა დაცვაში და მთელი თამაში მიდიოდა ბურთის გორაობა.
მიუხედავად იმისა, რომ დამარცხდნენ, თავიდანვე ჩანდა, რომ რაღაც განსაკუთრებულთან გვქონდა საქმე, უბრალოდ, ლიდერი იყო საჭირო, გამტანი კაცი, დააყარეს კრიტიკა ვილიასაც, დელ ბოსკესაც, ვაიდა ჯგუფში არ ჩავრჩეთო, ესპანელები კი მშვიდად იყვნენ, ამ გუნდმა იცოდა თავის შესაძლებლობების ზღვარი.
მეორე მატჩი აუცილებლად უნდა მოეგოთ და დავიდ ვილიამ იკისრა ეს ვალდებულება, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ჯერ შორეული დარტყმით ხარიხას დააჭედა, მერე ჩემი აზრით კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა, სწორედ ამ გოლის შემდეგ გადაწყვიტა გვარდიოლამ, რომ ვილია მისი გარემარბი იქნებოდა. მერე კიდევ ერთი შორეული დარტყმით შეაგდო და ბოლოს ჰეთ-თრიქიც შეეძლო, მაგრამ პენალტი ააცილა. მაინც გაიფუჭა ხასიათი. ესპანეთმა 2:0 მოიგო.
დასკვნით ტურში ჩილეს ხვდებოდნენ, რომელსაც ექვსი ქულა ჰქონდა, პარალელურად შვეიცარია თუ ჰონდურასს დაამარცხებდა მასაც ექვსი ქულა ექნებოდა, ესპანეთი ისევ ვალდებული იყო, რომ მოეგო, აქაც დავიდმა ითამაშა გადამწყვეტი როლი, რამდენი მეტრიდან გაიტანა? არ ვიცი.. 35? 40? გამოვარდა მეკარე დასწრებაზე სათამაშოდ, ბურთი აუტში ვერ გადააგდო და დავიდ ვილიამ იმ მარცხენა ფეხით გაუტანა, რომელზე ვარჯიშსაც მამა აძალებდა ბავშვობაში, მარჯვენა მოტეხილი გაქვს და მარცხენითაც აუცილებლად უნდა შეგეძლოს გატანაო.
ცრემლი მოგადგება, ისეთი ამბავია.
მეორე გოლი წმინდა "ბარსელონური" გამოვიდა, ვილიამ გაუგორა ინიესტას დასარტყმელად, მანახე ერთი, რა შეგიძლიაო და იმანაც გამოზომილი დარტყმით, ბილიარდის სიზუსტით შეაგორა შორეულ კუთხეში. გოლს + პასი. ვილია შეუჩერებელია.
მერვედფინალში მეზობლებთან გადაიკვეთნენ, პორტუგალიის ნაკრებს ძალიან მაგარი დაცვა ჰყავდა, შეტევაში ის კაცი იდგა, ყველაფრისგან გოლს რომ აკეთებს. ურთულესი მატჩი იყო და აქაც დავიდ ვილია გამოირჩეოდა, თუ ვინმე კარში ურტყამდა ესპანეთიდან, ვილია იყო, თუ გოლი გავიდოდა, მას უნდა გაეტანა, ეს უკვე წმინდათაწმინდა "ბარსელონური" გამოვიდა, ინიესტას პასი ჩავიზე, ჩავის არანორმალური პასი ვილიაზე და გოლი. ხარობდა ბოსკე, ხარობდა გვარდიოლა, ხარობდა უკვე წასული ჟოან ლაპორტაც.
რონალდუს მერე, ნელსონ ვალდესი ვერ შეგაშინებს. ესპანეთის მეტოქე მეოთხედფინალში პარაგვაის ნაკრები იყო. ასეთი ნერვების თამაში ალბათ არასდროს მინახავს, მსაჯი ის კაცია, რომელსაც ნებისმიერ დონეზე შეუძლია თამაში გააფუჭოს. მე დღემდე ვერ გამიგია, ამ მატჩში რაები აკეთეს.
ვალდესი ვერ შეგაშინებს-მეთქი, კი დავწერე, მაგრამ მთელი ესპანეთი შეაშინა. გოლი გაიტანა, ერთობ სამართლიანად. არ ჩაითვალა, ერთობ უსამართლოდ.
ალბათ აქ იფიქრა არბიტრმა ის, რასაც არცერთი მსაჯი არ უნდა ფიქრობდეს, მაგრამ რატომღაც ყველას ეფიქრება ხოლმე. ეს არის ამბავი, როცა ერთი დაშვებული შეცდომის გამოსწორებას, მეორე შეცდომით ცდილობენ, ამას შეგვიძლია ვალენტინ ივანოვის სახელობის ფიქრი ვუწოდოთ.
პარაგვაიმ სამართლიანი პენალტი მიიღო, ეს შანსი ქარს გაატანეს. კასილიასი ფინალამდეც მხსნელი იყო. მერე ხო იყო და იყო.
მოგვიანებით დავიდ ვილია წააქციეს, წესით წითელი ბარათი უნდა მოჰყოლოდა ამ ამბავს, მაგრამ მხოლოდ პენალტი მოჰყვა. ჩაბი ალონსომ გაიტანა და გაამეორებინეს, ვიღაცამ ბუცის ჭვინტი მილიმეტრნახევრით ადრე შეჰყო საჯარიმოშიო, მსაჯმა თუ რაღაც უკვე განსაჯა, მერე მიზეზს რა გამოლევს, რასაც უნდა, იმას მოიშველიებს.
ჩაბიმ მეორე ვერ გაიტანა, მეკარემ მოიგერია და წესით კიდევ ერთი პენალტი უნდა დანიშნულიყო და მეკარეც გაეძევებინათ, რადგან დამატებაზე ფაბრეგასმა ითამაშა, მეკარე მოატყუა და წააქციეს, მსაჯმა იფიქრა იფიქრა და კუთხური დანიშნა.
თქვენი არ ვიცი, მე ვუყურებდი ამ მატჩს და მეგონა, რომ გოლი არასდროს აღარ გავიდოდა. ან თუ გავიდოდა ეს გიჟი კაცი გააუქმებდა.
აქ დაიხატა ისეთი "ბარსელონური", რომ მეტი არ შეიძლებოდა, საერთოდ, ინიესტამ აიღო მატჩის სადავეები ხელში, მთელი მეორე ტაიმი ჯადოქრობდა, სადღაც მეოთხმოცე წუთზეც წამოიღო ბურთი, სამკუთხედი გათამაშდა ფაბრეგასი-ჩავისთან, დრიბლინგით ორი კაცი მიაწვინა და ერთი-ერთზე გაიყვანა პედრო, იმან კიდე როგორც იცოდა, აიღო და ძელს გაარტყა, ბურთი ვილიას მიუვიდა, რომლის ფეხიდანაც ყველაფერი გოლად იქცეოდა და დაარტყა ამ ღამურა კაცმაც, ჯერ ერთ ძელს მოხვდა, მერე მეორეს და როგორც იქნა, გავიდა! შევარდა ეს ნაწვალები და ნათრევი ბურთი!
გოოოოოოოლ!!!!!
რა მოცემულობა გვქონდა ნახევარფინალში? ესპანეთის ნაკრებს ექვსი გოლი ჰქონდა გატანილი, ექვსიდან ხუთი დავიდ ვილიას ანგარიშზე იყო, ის მეექვსე კიდე ინიესტამ შეაგდო, ასევე ვილიას პასით.
დიდებული ჩემპიონატი ჰქონდა.
ნახევარფინალშიც იყო შანსები და სულ ცოტა აკლდებოდა, ხან ნოიერი იდგა მაგრად, ხან ერთი ნაბიჯით დააგვიანა, იქ უკვე სხვა თამაში გაჩაღდა, ინიესტა ისევ ჯადოქარი იყო, მაგრამ მაგაზე მერე, ეგ სხვა ნუმერაციის კაცია.
ფინალშიც შეიძლებოდა, ისევ "ბარსელონურად", ახსოვს კი ვინმეს? ინიესტამ ფაბრეგასი გაიყვანა პირისპირ, ვილია მიჰყვებოდა შეტევას, ერთი პასი გვერდზე და გოლი იყო ცარიელ კარში, მაგრამ არ გაკეთდა ეგ პასი და მომენტიც გაფუჭდა.
მერე გოლის ამბავი ათასჯერ არის ნანახი და ნამღერი. ვილია უკვე აღარ იყო მოედანზე, მაგრამ მისი წვლილი მუნდიალის მოგებაში განუზომელია. ელ გუახე საუკეთესო ბომბარდირი გახდა, გაიყო ჯილდო სნეიდერთან, ფორლანთან და მიულერთან.
ეს იყო ესპანეთისა და ვილიას მთავარი მუნდიალი. ყველას აქვს ცხოვრებაში ეს მთავარი და ვილიასთვის 2010 იყო ასეთი.
წერტილი 2014-ში დაისვა. ესპანეთი ჯგუფში ჩარჩა. ბოსკემ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, შეტევაში ტორესისა და ვილიას ჩავლილი მატარებლის გამო, დიეგო კოშტა დააყენა, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო არც ჩავისთან, არც ინიესტასთან და არც არავისთან. ესპანეთმა პირველი ორი მატჩი დათმო და გავარდა. მერე კი ვილია დააბრუნეს ძირითადში, რომელმაც ბოლო გოლი შეაგდო მუნდიალზე, მის ანგარიშზე საერთო ჯამში ცხრა გატანილი გოლია.
ესეც ასე, ჩემი მერვე ნომერი ელ გუახეა. ჩემპიონი კაცი.
ხვალიდან კიდე ისეთი ხალხის ჯერი მოდის, მტერს და ავს.
ესეც ლინკი, 2010 წელს, ესპანეთის განვლილი გზის გასახსენებლად.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]