საუკეთესოები მუნდიალზე - ხრისტო სტოიჩკოვი

10 დღე დარჩა და ვიწყებთ!
გადავწყვიტე, მუნდიალის 10 საუკეთესო ფეხბურთელი გავიხსენო, ვისაც "ბარსას"ისტორიაშიც ჩაუწერია სახელი. დავიწყებთ მეათე საფეხურიდან და მივყვებით ასე ნელ-ნელა. არჩევა რთული გამოდგა, ათეული ამხელა ისტორიისთვის ძალიან ცოტაა, მაგრამ, რაც უფრო დიდი არჩევანი გაქვს, მით უფრო იზრდება ხარისხი.
რაღაც საკამათოც იქნება, რაღაცაზე საერთოდ არ ღირს დავა.
მოკლედ, მეათე ადგილზე ხრისტო სტოიჩკოვი აღმოჩნდა. 1994 წლის ოქროს ბურთის მფლობელი. აქვე აღვნიშნავ, მაშინ, ჯერ კიდევ მხოლოდ ევროპელებს აძლევდნენ ამ ჯილდოს, ეს შეზღუდვა რომ არა, რომარიოს გადაეცემოდა და გული დიდად არ დაგვწყდებოდა, რადგან ორივე ჩვენიანი იყო. ბრაზილიელს ფიფას ჯილდო ერგო, ბულგარელს ოქროს ბურთი, ასეთი მაგარი დუეტი გვყავდა, წესით და რიგით, ეპოქა უნდა შეექმნათ, მაგრამ რომარიომ აურია, ბრაზილიურად, ხანმოკლე გამოდგა "ბარსაში" მისი კარიერა.
1994 წლის მუნდიალზე კი ხუთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, მოდი დავამატებ, - ყველაზე გამორჩეული, - ომარ ბატისტუტა და დიეგო მარადონა, 93 წლის ოქროს ბურთის ლაურეატი რობერტო ბაჯო, ბრაზილიელი ჯადოქარი რომარიო და ხრისტო სტოიჩკოვი.
ზემოთ ჩამოთვლილების ნაკრებები მიიჩნეოდნენ ფავორიტებად, გარდა სტოიჩკოვისა, დიდი პატივისცემის მიუხედავად, ბულგარეთს ფავორიტად არავინ თვლიდა.
ისე მოხდა, რომ იმ ორ დიდ კაცთან გადაიკვეთა, ბულგარეთის ნაკრები ჯგუფში მოხვდა არგენტინის ნაკრებთან. ძალიან გაუმართლა, რომ ბოლო ტურში უწევდა მათთან ჯახი, მანამდე კი საბერძნეთისა და ნიგერიის ნაკრებები იყვნენ რიგში.
სანამ არგენტინამ საბერძნეთთან იფრინა, ნიგერიის ნაკრებმა ბულგარეთი 3:0 გაანადგურა. რატომ ასეთი სხვაობით? ამ მატჩში იყო ერთი განსაკუთრებული მომენტი, ნიგერიას ანგარიში მიჰყავდა, როცა მათი კარიდან 30 მეტრის მოშორებით ჯარიმა დაინიშნა. შორია, მაგრამ ხრისტო იყო მოედანზე. მერე რა მოხდა? მერე ის მოხდა, რომ ხრისტომ ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა, თუ არა საუკეთესო, აყვირდა, აღრიალდა, გაიქცა აღსანიშნავად და ამ დროს მსაჯი გასკდა სტვენით, გოლი არ ითვლებაო, არადა, მთელი ბულგარეთი ზეიმობდა, ტრიბუნაზეც, ამერიკაშიც და ბულგარეთშიც.
მე ძმაო თავისუფალი დავნიშნეო, - ასე უთქვამს კოსტა რიკელ არბიტრს მატჩის შემდგომ, - კარში პირდაპირ დარტყმა არ შეიძლებოდაო. მატჩის დროს კი კაციშვილმა ვერ გაიგო, რა მოხდა. რა თქმა უნდა, ამ მოვლენამ ძალიან ცუდად იმოქმედა ბულგარელებზე და კიდევ ორი ბურთი მიიღეს საკუთარ კარში. განადგურდნენ, - 0:3. სტოიჩკოვის არა, მაგრამ ეს მატჩი კიდევ ერთი "ბარსელონელის", ემანუელ ამუნიკეს ბენეფისად იქცა.
როგორია? ბოლო მატჩი დიეგოს არგენტინასთან გაქვს სათამაშო და პირველს 0:3 აგებ, ფაქტობრივად განწირული ხარ, მაგრამ ხრისტო ძალიან მტკიცე ხასიათის კაცია, ასე მარტივად არც ის დანებდა, არც მისი ნაკრები.
მთელი ჩემპიონატის მანძილზე, (თუ მესამე ადგილისთვის მატჩს არ ჩავთვლით, რომელსაც სერიოზულად არავინ უყურებს) ნიგერიასთან გახსნითი მატჩი იყო ერთადერთი, სადაც ხრისტომ გოლი ვერ გაიტანა. არადა, გაიტანა.
პირველი ტურის მერე აიწყვიტა. მსგავსი ჩემპიონატი ინდივიდუალურ დონეზე რომელ აღმოსავლეთ ევროპელს ჰქონია, არც ვიცი, ალბათ არავის. ან, მე რა ნამუსით გავიყვანე მხოლოდ მეათე ადგილზე, ესეც საკითხავია, უბრალოდ ახლა სტოიჩკოვზე მეწერებოდა და დავწერე. ჯანდაბას. გვაპატიოს მეათე ადგილი.
მოვიდა მეორე ტურის მატჩი და არგენტინელებისგან დარბეული საბერძნეთი ბულგარეთმაც დაარბია. სტოიჩკოვმა ორი გოლი შეაგდო, ორი პენალტი, ბოლო გოლიც მისი დამსახურება იყო, ისევ შორიდან გაისროლა ჯარიმა, მეკარემ გაჭირვებით მოიგერია და დამატებაზე ბოლო წერტილი დასვეს, - 4:0.
ავე ხრისტო!
უნდა ითქვას, რომ VAR-ის პირობებში სტოიჩკოვს გააწითლებდნენ, თუმცა, VAR-ის პირობებში იქნებ საერთოდ არ მოქცეულიყო ისე, როგორც მოიქცა. მთელი მატჩი ფეხებში უვარდებოდნენ, ერთ-ერთი ვარდნის დროს ახტა და ძირს გაწოლილ ფეხბურთელს ბუცის ქაცვებით დაახტა, ნეკნებიც მიულეწა, მაგრამ გადარჩა. არ გააძევეს. ეგ რა გასაკვირია, რომ ფეხბურთელს დააბიჯა, მსაჯებსაც აბიჯებდა კაცი.
არგენტინა - 6
ბულგარეთი - 3
ნიგერია - 3
საბერძნეთი 0
ბულგარეთის შანსები მაინც მცირე იყო, ბოლო ტურში ლიდერს ხვდებიდნენ, მათი პირდაპირი კონკურენტი კი უკვე გავარდნილ საბერძნეთს.
სწორედ ამ დროს მოხდა ის ამბავი, რომელმაც შეძრა მთელი მსოფლიო, აწყვეტილ არგენტინის ნაკრებს დიეგო მარადონა წაართვეს. დასაჯეს. ეს აველანჟის შურისძიება იყო, რომელსაც მომდევნო დღეებში მივუბრუნდებით.
არგენტინა აუცილებლად ითამაშებდა პლეი-ოფში, მაგრამ მთელი ქვეყანა უკვე გლოვობდა. ხრისტომ კარგად იგრძნო ეს ამბავი და გააკრეს მეტოქე ბეჭებზე, სტოიჩკოვი მცველებს ზურგსუკან გაიხსნა და ანგარიში გახსნა. ბოლო წუთებზე მეორეც მიაყოლეს და ბულგარეთი პლეი-ოფში გავიდა. D ჯგუფიდან სამი გუნდი გავიდა, რეგლამენტის მიხედვით საუკეთესო მესამეადგილოსნებიც გადიოდნენ ჯგუფიდან.
უკვე დიდი წარმატება იყო. ბულგარელებს სახლში ტაშით დახვდებოდნენ, მაგრამ რატომ არ უნდა ეფიქრათ უფრო მეტზე? მერვედფინალში მათი მეტოქე მექსიკის ნაკრები იქნებოდა. "ჩვენ სტოიჩკოვი გვყავს, მათ ვინ ჰყავთ, კამპოსი?"
უკვე მეშვიდე წუთზე ხრისტო ფლანგიდან გაიქცა, ძალიან კარგი პასი მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ სისწრაფე მისი მთავარი კოზირი არასდროს ყოფილა, მექსიკელ მცეველბსაც ისე აჯობა, როგორც არგენტინელებს, ბურთი კარგად შეიგდო და კამპოსის კარი გახვრიტა!
აქ უკვე ალბათ დარწმუნდა, რომ ეს მისი ჩემპიონატი იყო. ცხოვრებაში ერთხელ ხდება ასეთი ამბები, და როცა ხდება, ხელიდან არ უნდა გაუშვა.
მექსიკელებმა მე-18 წუთზე გაათანაბრეს, დამატებითი დროც დაინიშნა, მერე პენალტების სერია იყო და ხრისტომდე საქმე არ მივიდა, მეხუთე პენალტამდე მორჩა ამბავი. ბულგარეთი მეოთხედფინალში გავიდა.
იქ ბულგარეთს გერმანიის ნაკრები დახვდა. ბრაზილიასთან და იტალიასთან ერთად რეკორდსმენი, 3-3 მუნდიალით. უარესი ვინ უნდა შეხვედროდა, თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ნაკლებს არც უნდა ელოდო. ეს უკვე პიკია, ამის იქით უკვე თასი ჩანს თავის მთელი ბრწყინვალებით. ჰოდა, რა წარმოუდგენლად ჟღერს მსოფლიოს თასი და ბულგარეთი. აბსოლუტურად წარმოუდგენელია, მაგრამ სტოიჩკოვმა მთელ ბულგარეთს დააჯერა, რომ ეს შესაძლებელი იყო.
დაფრინავდა კლინსმანი, ჯანზე იყო მათეუსიც. ისეთი ვერ იყო, როგორც 90-ში, მაგრამ ჯანზე იყო ვფიცავ! ანგარიშიც გახსნა პენალტით. გერმანიის ნაკრებს მარტო სათადარიგოზე ჰყავდა ისეთი ფეხბურთელები, ბულგარეთს რომ არსებობის განმავლობაში არ ღირსებია, კანი, ეფენბერგი, ზამერი, ბასლერი, კარლ-ჰაინც რიდლი! მიეცათ ეს ხალხი ბულგარეთისთვის და მუნდიალს მოიგებდნენ.
უგებს გერმანია ბულგარეთს და რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ თავდაყირა დადგეს ყველაფერი? ხრისტო უნდა მოხდეს, სტოიჩკოვი.
ჯარიმა აკადრა მთელ გერმანიას!
სულ მალე ლეჩკოვმა მეორეც შეაგდო და კარგად იყავი! ბულგარეთი ნახევარფინალშია, ნახევარფინალიდან კი ფინალია ერთი ხელის გაწვდენაზე, ამ ეტაპზე უკვე აღარავინ ფიქრობს, ვინ ვის სჯობია, ვის უფრო ბევრი მაყუთი აქვს, ვის უფრო მაგარი ქვეყანა აქვს, ვის უფრო მაგარი ქალები ჰყავს, ამ ეტაპზე უკვე ხვდები, რომ ყველაფერი შესაძლებელია.
ავე ხრისტო!
მაგრამ, ერთი რამ იყო გასათვალისწინებელი. როგორც სტოიჩკოვმა იფიქრა, რომ ეს მისი მუნდიალი იყო, ისე ფიქრობდა მისი მომავალი მეტოქე, - მაგიური ცხენისკუდა, რობერტო ბაჯო. იქით ხაზზე ხრისტოს ძმაკაცი მიაპობდა ყველაფერს, რომარიოს ფინალამდე კაციშვილი ვერ გააჩერებდა, აქეთ კი ბაჯო იდგა ზღურბლთან.
ბაჯოს მხარდაჭერაც დიდი ჰქონდა, სტოიჩკოვს პაოლო მალდინი უნდა დაეჩაგრა გოლის გასატანად, ბაჯოს კირიაკოვი, სტოიჩკოვს მალდინი, ბაჯოს კირიაკოვი.. ეს უკვე განაჩენია. მე-20 და 25-ე წუთებზე ცხენისკუდამ ორი შეაგდო და დაამთავრა კიდეც თამაში. მაგრამ სტოიჩკოვმა, არ ვიცი, სადღაც ჯოჯოხეთიდან მოაბრუნა გუნდი, 44-ე წუთზე შეაგდო და ბულგარეთი თამაშში დააბრუნა, იტალიას გასახდელში გაატანა. ეგ იყო და ეგ, მეტი აღარც ძალა ეყო და აღარც წარმოსახვა. ეს უკვე მეტისმეტი იქნებოდა.
ამ გზის გავლა ერთ ცხოვრებას უდრის.
ფინალში ცხენისკუდას რაც დაემართა, ყველას კარგად მოეხსენება. რომც არ დამართნოდა, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი მაინც რომარიო იყო. მაშინ, ფინალამდე ასახელებდნენ საუკეთესოს და ჯილდო რომარიოს ერგო, მერე მთავარი ჯილდოც მას ერგო, ბრაზილიამ მეოთხედ მოიპოვა ტიტული, გადაასწრო გერმანიასა და იტალიას.
საუკეთესო ბომბარდირი სტოიჩკოვი გახდა, ვიღაც რუსთან გაიყო ბუცი, იმის არც სახელი მახსოვს, არც გვარი და გუგლიც იფურთხება.
ჩვენი გმირის ამბავი აქ მორჩა? არა.
98-შიც ითამაშა. უკვე მობერებულმა. დასამახსოვრებელი არაფერი უქნია, არც მას, არც მის ნაკრებს. 94 კი ზღაპარი იყო, როგორც სტოიჩკოვისთვის, ისე მთელი ბულგარეთისთვის.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]