საუკეთესოები მუნდიალზე - ლიონელ მესი
სულ რაღაც ექვსი დღე დარჩა, ლიონელ მესი ჩვენი ბოლო ვერცხლის კაცი იქნება ათეულში, ამის მერე სულ ჩემპიონები მოდიან. ვერ არის მუნდიალი მესისთვის ყველაზე იღბლიანი ჩემპიონატი, თითქოს ნელ-ნელა უახლოვდება, ნელ-ნელა მოისხა არგენტინის დროშა ვეფხვის ტყავივით და ახლა ყველაფრისთვის მზად არის, საოცარია, რომ სწორედ მაშინ აღმოჩნდნენ არგენტინა და პორტუგალია ყველაზე მზად მუნდიალის მოსაგებად, როცა კრიშტიანუ და მესი უკანასკნელ მსოფლიო ჩემპიონატს ატარებენ.
უნდა იყოს თუ არა მესი კრუიფზე წინ, ნუთუ, მისი მსგავსი ჩემპიონატი ჩაუტარებია? ალბათ არა, არ ვიცი, სამაგიეროდ ოთხი მუნდიალი ითამაშა და მეხუთესთვის ემზადება, ამიტომ, მასზე წინ დავაყენე. ჰოდა, დავიწყოთ პირველიდან.
არგენტინაში ცრუ ღმერთების ეპოქა იდგა, დიეგოს მემკვიდრეს ეძებდნენ, ხან ვის მოასხამდნენ ათიანს, ხან ვის, სავიოლა გაწირეს, რიკელმე, აიმარი, მოდიოდნენ და მიდიოდნენ არგენტინელი ცრუ ღმერთები, მერე კი ლეო მესი გამოჩნდა, აბსოლუტურად განსხვავებული მოვლენა, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, საუკეთესო გახდა, არგენტინელებს თავი გააცნო, ყველამ იცოდა, რომ "ბარსას" აკადემიაში დაფრინავდა, მოსამზადებელ ეტაპზე კაპელოს "იუვენტუსს" თავ-ბედი აწყევლინა, კედელივით პატრიკ ვიეირას სისხლი გაუშრო და დიეგო მარადონამაც მიიწვია თავისთან გადაცემაში. ასე შეხვდა ლეო დიეგოს.
იქ ვნახეთ ძალიან მორიდებული ბიჭი, დიეგოს აბსოლუტური ანტიპოდი, მარადონამ მაგრად შეაგულიანა და დაიწყო ლეომ ძალიან მაგარი სეზონი, ჰყავდა ეტო’ო და რონალდინიო, უკან დეკუ, ჩავი, ინიესტა და მთელი არმია, მსოფლიო ჩემპიონატის წელი იყო, და რაღაც აირია, ჯერ ჩავიმ მიიღო მძიმე ტრავმა და სეზონის ბოლომდე დაასრულა, მერე კი მესიმ გაიწყვიტა კუნთი. ცრემლიანმა დატოვა მოედანი. განმეორებითი მატჩი იყო "ჩელსისთან", პირველ მატჩში კი იმ დროისთვის, კარიერის ყველაზე მაგარი თამაში ჩაატარა, იქ უკვე გადაწყდა, რომ ეს ბიჭი მუნდიალზე წავიდოდა, ხუმრობა ხომ არ არის, პიკში მყოფი რონალდინიოც კი დაჩრდილა, რობენს ფსიქოლოგთან ვიზიტი დასჭირდა, დელ ორნოს ფსიქიატრთან.
საბედნიეროდ, ფინალამდე ჩავიც გამოჯანმრთელდა და მესიც, ჩავი მოხვდა განაცხადში, მესი ვერა. ამის გამო ისე განაწყენდა, რომ ფინალის აღსანიშნავ ღონისძიებას არ დასწრებია. თამაში სურდა, ჯერ კიდევ აკადემიაში გატეხილი ყვრიმალით ითამაშა ფინალი, კარლეს პუიოლის ნიღაბი ეკეთა, ცოტა დიდი ჰქონდა და მაგრად უშლიდა, მაგრამ მაინც შევარდა, მატჩის ბედი გადაწყვიტა და გამოვიდა. ასეთი კაცია, ცოტა შეშლილია, მცირე ხნის წინ არ იყო, პეპმა რომ თქვა, მესის შეცვლა არ შეიძლება, არც ტაშის მოსასმენად, არც თავის დასაზღვევად, ის უბრალოდ არ უნდა შეცვალო, თორემ პრობლემები იწყებაო.
ახალგამოჯანმრთელებული მოხვდა მუნდიალის განაცხადში, მოლოდინი მაინც დიდი იყო, ყველა ხვდებოდა, რა ბრილიანტთან გვქონდა საქმე და მეც ყველაზე მეტად მას ველოდი, არა ფორმის პიკში მყოფ რონალდინიოს, არა ზიზუს ბოლო ჩემპიონატს, არამედ პატარა ლეო მესის.
პირველი მატჩი კოტ დიუვართან დაასვენეს, ჯერ მზად არ იყო, დარჩა სკამზე, მეორე მატჩში სერბეთთან შემოვიდა და გოლს + პასი ვნახეთ, არგენტინამ სერბეთი დაარბია და თავისი წვლილი ლეომაც შეიტანა, ჯერ კრესპოს გაატანინა, მერე მარჯვენათი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 6:0. ბოლოს იყო ნიდერლანდებთან მატჩი, ცენტრალური შეხვედრა, სადაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, არგენტინა და ნიდერლანდები პლეი-ოფში ითამაშებდნენ. აქ ვნახე პირველად ყველაზე შეუთავსებელი რამ ფეხბურთში, მესი და არგენტინა, აბსოლუტურად სხვადასხვა განზომილება, მესი არ თამაშობდა არგენტინის მსგავსად, არგენტინა არ უსმენდა მესის, ჯერ კიდევ პატარა იყო, რა თქმა უნდა, არ მოუსმენდა.
მოედნის გარკვეულ მონაკვეთზე რიკელმეს შეიამხანაგებდა ხოლმე, შენთან მაინც გავაგორებ მოკლე პასებსო, საერთო ჯამში მაინც არაფერი გამოვიდა. მესი თამაშობდა თავის ფეხბურთს, მაგრამ არგენტინა არ თამაშობდა მესის ფეხბურთს. მომდევნო იყო მექსიკა, მერვედფინალში, შემოვიდა 85-ე წუთზე, შემოვიდა ბრწყინვალედ! მთელი დამატებითი დროის მანძილზე საუკეთესო იყო, მთლიანად შეცვალა მატჩის მიმდინარეობა, დატოვა ბურთის გარეშე მექსიკაც და რიკელმეც. გოლიც გაიტანა, მსაჯმა უსამართლოდ გააუქმა, აიმარზე თამაშგარე აწიეს, არადა, შიგნით იყო, მესის გოლი მოპარეს. ვინ იცის, რომ ჩაეთვალათ, იქნებ მიეღო შანსი გერმანიასთან. პეკერმანმა მეოთხედფინალში მატჩის ბოლომდე სკამზე დატოვა, ლეოს დაბადების დღე იყო, ასე მიულოცეს, არგენტინა დამარცხდა. არავის დაავიწყდება მატჩის მიწურულს მესის შემოსვლას როგორ ამჯობინეს ხულიო კრუზის გამოყვანა. საუკუნის არჩევანია.
პირველი მუნდიალი ჩავარდა.
მეორე, ანუ, 2010 წლის მუნდიალი, მესის შესრულებით, ჩემთვის საუკეთესოა. შეიძლება ვინმემ იფიქროს, გაუფრენიაო, მაგრამ ასე მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ერთი გოლიც არ შეუგდია. ერთადერთი მუნდიალია, სადაც გოლი ვერ შეაგდო. 2010 წლის მესი მონსტრია, აბსოლუტურად შეუჩერებელი არსება, რომლის მონაწილეობითაც გადის ყველა გოლი, პრობლემა აქ მარადონა იყო, უფრო დიდი პრობლემა კი არგენტინის საფეხბურთო ასოციაცია. მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ დიეგო არათუ ცუდი მწვრთნელი, არამედ საერთოდ, მწვრთნელი არ ყოფილა, დიეგო უბრალოდ ავტორიტეტი იყო, საფეხბურთო ღმერთი, რომელსაც მხოლოდ ემოციური მუხტის მოტანა შეეძლო, ტაქტიკასთან ბოდიში. მიუხედავად ამ ცოდნისა, მაინც მარადონა დანიშნეს მწვრთნელად, ესე იგი, პიკში მყოფი მესის, ძალიან კარგად დაკომპლექტებული არგენტინა, უბრალოდ გაწირეს.
რა იყო დიეგოს მოტივი? თავისივე თავს ხედავდა ლიონელ მესიში, სურდა იგივე ცოდნა გაეზიარებინა ლეოსთვის, რაც ბილარდომ გაუზიარა 86-ში, მაგრამ დიეგო არ ყოფილა ბილარდო, და არც ლეო იყო მარადონა, მესი აბსოლუტურად სხვა მოვლენაა. ტურნირის მიმდინარეობისას დავრწმუნდი და იმის მერე ეჭვიც არ შემპარვია, რომ დიეგომ მესი ემოციურად გაანადგურა, მისგან იმას ითხოვდა, რისი ჩვენებაც მესის არ შეეძლო, მესი მატჩის წინ არ იმუქრება ხოლმე, მესი მატჩის წინ დუმს, ეს არის მისი ყველაზე დიდი მუქარა. დუმილი. სიჩუმე. ამ დროს იცი, რომ ცუდად გაქვს საქმე. გერმანიასთან მეოთხედფინალის წინ კი დაიმუქრა, ჯერ არ გამიტანია, მაგრამ ნოიერს ორჯერ გავუტანო, ეს ხომ მესი არ არის?! ეს დიეგოს სიტყვებია, ეს მისი სტრატეგიაა და არა მესის. მარცხის მერე დიეგო შედის მოედანზე და თავის ფეხბურთელებს ამხნევებს, მესის მასთან მიკარებაც არ სურს. ლეოს საუკეთესო ვერსია ქარს გაატანეს.
მეორე მუნდიალიც ჩავარდა.
მესამე მუნდიალი საყოველთაო აზრით საუკეთესოა მესის შესრულებით, ჩემთვის ნაკლებად. როგორც იქნა, გატანა დაიწყო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველივე შეხვედრაში გაიტანა, ბოსნიასთან საუკეთესო იყო, ირანთან ბოლო წუთებზე ძალიან ლამაზი გოლით მოაგებინა გუნდს, აქაც საუკეთესო იყო, ნიგერიასთან ბოლომდე ისიამოვნა, ორი გოლი შეაგდო, ისევ საუკეთესო იყო, ჯგუფური ეტაპი ერთი ამოსუნთქვით გაიარა და იმავეს ველოდით პლეი-ოფშიც, უნდა ითქვას, რომ არგენტინას ბადეში ძალიან გაუმართლა, ასეთი იოლი გზა არასდროს ჰქონიათ, ვერ ვიტყვი, რომ მერვედფინალში შვეიცარიასთან თავის დონეზე ითამაშა, მაგრამ დამატებით დროში, რომ საოცარი დრიბლინგი გააკეთა და დი მარიას გაატანინა, ესეც დიდი საქმეა, ძალიან ჰგავდა ეს გოლი რონალდინიო-რივალდოს გოლს ინგლისთან.
არ იყო ბელგიასთან კარგი, ბოლო წუთებზე საერთოდ მარტო დარჩა კურტუასთან, ასეთ მომენტებს ათიდან თერთმეტ შემთხვევაში იყენებს ხოლმე, თითქოს ძალა გამოეცალა, ვერ დაარტყა, კურტუამ აჯობა, არადა, რომ გაეტანა, რატომღაც მგონია, რომ მომდევნო მატჩებშიც გაიტანდა, ეს კი ჩემპიონობას ნიშნავდა. ვერ გაიტანა.
დაძაბული მატჩი იყო ნახევარფინალში ნიდერლანდებთან, პარალელურად გერმანიამ ბრაზილია გაარღვია და დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა შეიძინა. არგენტინამ პენალტებში მოიგო, ვან გაალმა მეკარის შეცვლა ვეღარ შეძლო, არადა, გადანახული ჰყავდა ცალკე პენალტების მეკარე.
მესიმ ფინალი წააგო, კრუიფივით, გერმანიასთან, მარადონასავით, გერმანიასთან.
იგუაინი, პალასიო.. ეგ იქით იყოს, მესის ჰქონდა მომენტი და ვერ გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში. ასეთებს არ აფუჭებს ხოლმე..
ლეო 2014 წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, სწორედ ამიტომ, ჩვენს სიაშიც მოხვდა.
ჯერჯერობით ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე უღიმღამო იყო, მესი ყველაფრით უკმაყოფილო, მწვრთნელით, შემადგენლობით, სათამაშო ფორმით, პირველი მატჩი ჩააგდო, პენალტი ვერ გაიტანა, მეორე მატჩი ხორვატიასთან მის კარიერაში ყველაზე უარესია, ნერვებდაგლეჯილი, სიმშვიდე დაკარგული მესი ვნახეთ, ცუდი სანახავი იყო. მესამე და ჯგუფიდან გასასვლელი მატჩი მოიგო, ძალიან ლამაზი გოლიც შეაგდო, ნიგერიასთან პირველი ტაიმი საუკეთესო ჰქონდა ჩემპიონატზე, მეორეში დაიკარგა.
მერვედფინალში კი მბაპეს საფრანგეთთან, მომავალ ჩემპიონებთან დამარცხდა, საფრანგეთი ბევრად მაღალი დონის გუნდი იყო და სამართლიანად მოიგო. მესიმ ორ გოლში მიიღო მონაწილეობა.
ჩავარდა? კი, ბოლო მუნდიალი რომ ჩავარდა, ეგეთი უნდა.
ახლა მეხუთეს ჯერია, უკანასკნელის. არგენტინას მესის ეპოქაში ასეთი სუსტი შემადგენლობა ჯერ არ ჰყოლია, არგენტინა მესის ეპოქაში ასეთი ერთიანი და მომზადებული ჯერ არასდროს ყოფილა, მესის არ სჭირდება ირგვლივ ვარსკვლავები, მას გუნდი სჭირდებოდა, ათი კაცი, რომელმაც ზუსტად იცის, რას აკეთებს, ლეომ მიიღო ეს გუნდი, კარიერის ბოლოს, უკანასკნელ მუნდიალზე.
ეს არგენტინა ჩემპიონობისთვის მზად არის, ყველაფერი თავის ადგილზეა, საპლეიოფო გუნდია, იციან, როგორ მოიგონ გადამწყვეტი მატჩი, იციან, როგორ მოიგონ ტიტულები. თავად ლეოც ყველაფერს გადასარევად ხვდება.
მესი ერთადერთი მოქმედი ფეხბურთელია ჩვენს სიაში, წინ კი ჩემი აზრით საუკეთესო მუნდიალი ელის.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]