საუკეთესოები მუნდიალზე - გარი ლინეკერი

საუკეთესოები მუნდიალზე - გარი ლინეკერი

მეცხრე ადგილზე ვართ და ჩვენი ცხრიანი გავიხსენოთ, რომელსაც "ბარსაში" რვა ნომრიანი მაისური ეცვა. უღიმღამო "ბარსა" იყო, სილამაზე კრუიფიდან იწყება, მარადონათი გრძელდება და სანამ იოჰანი არ დაბრუნდება, "ბარსას" ისტორიაში შავ-თეთრი ფურცლები იწერებოდა, ამიტომ, დიდად დაფასებული არც ბერნდ შუსტერია, არც ალან სიმონსენი და არც გარი ლინეკერი. ამ უკანასკნელს მივუჩინე მეცხრე ადგილი.

მსგავსად სტოიჩკოვისა გარიც ნახევარფინალისტია, ეს იყო მისი მაქსიმუმი, თუმცა, განსხვავებით ბულგარელისგან, ლინეკერის აქტივში შეგვიძლია ორი მსოფლიო ჩემპიონატი შევიტანოთ, ორივე მაგრად ითამაშა და ოქროს ბუციც მოიგდო ხელებში. გარი 1986 წლის მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ექვსი გატანილი გოლით, უკან მოიტოვა დიეგო მარადონა, ემილიო ბუტრაგენიო და კარეკა. სწორედ აქ მოხიბლა გარიმ "ბარსას" ბოსები და მუნდიალის მერე ჩვენიანი გახდა.

86 წლით დავიწყოთ თხრობა, რითაც არ უნდა დავიწყოთ, ბოლო ნებისმიერ შემთხვევაში დრამატული იქნება. გარი სხვანაირად მუნდიალს არ ტოვებდა, თუ ტოვებდა, ძალიან დრამატულად, ცრემლით და გაოგნებული სახით.

ინგლისი ჯგუფში პორტუგალიასთან, პოლონეთთან და მაროკოსთან მოხვდა. დასაწყისი საშინელი იყო, ლინეკერი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, ისევე, როგორც მთელი ნაკრები და განსაკუთრებით შემტევები. პირველი მატჩი პორტუგალიასთან დათმეს 0:1, მეორე მატჩში მაროკოსთან დაზავდნენ 0:0. ასე მივიდნენ ბოლო ტურამდე, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქულით და ნული გატანილი გოლით. სწორედ აქ ჩანს ფეხბურთელის ლიდერის თვისებები, ინგლისელებს ბევრი კარგი ფორვარდი ჰყოლიათ, მაგრამ ლინეკერზე მეტად არავინ უყვართ, თუ 66 წლის ტრიუმფატორებს არ ჩავთვლით, არც ოუენი და არც რუნი, გარის მხოლოდ ალან შირერს თუ შევადარებთ ფანების სიყვარულით, და რით დაიმსახურა ასეთი სიყვარული? გადამწყვეტ შეხვედრებში უნაკლო თამაშით. აქ ფასდება ფეხბურთელი ყველაზე მეტად, მსოფლიო ჩემპიონატზე კი ყველა მატჩი გადამწყვეტია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთი ქულით მიდიხარ ბოლო ტურამდე.

გარიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა და პოლონეთი 3:0 დაამარცხეს. ინგლისი 4 ქულით ჯგუფიდან გავიდა, მეორე ადგილით. არადა, ვერც ეგ მატჩი დაიწყეს ომახიანად, ბონიეკს რომ მომენტი გამოეყენებინა, იქვე დაასამარებდა ინგლისის ოცნებებს, ლინეკერმა უბრალოდ ჯადო მოხსნა ნაკრებს, ვინც ინგლისს გულშემატკივრობს, იცის, რომ ამ ნაკრების მთავარი პრობლემა ყოველთვის ფსიქოლოგია იყო, არავინ ისეთ სტრესში არ თამაშობს, როგორც ინგლისი, მხოლოდ მათ აწევთ ზურგზე ფეხბურთის სამშობლოს ტვირთი, არავის ისეთი მწარე ენა არ აქვს, როგორც ინგლისელ ქომაგს, ბოლომდე უქომაგებენ, მაგრამ ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრებათ გადამწყვეტ მატჩში დაშვებული შენი შეცდომა.

გარიმ გაიტანა და ჯადო მოიხსნა.

მერე კიდე გაიტანა.

მერე კიდე.

ინგლისი ჯგუფიდან გავიდა.

გოლები იყო ისეთი, როგორიც მთელი კარიერის მანძილზე გაჰქონდა. გარი იყო ინგლისელი გერდ მიულერი, საჯარიმოს ფორვარდი, მიულერის დონეს ვერ ქაჩავდა, ალბათ უფრო თავისი დროის ფილიპო ინძაგი იქნებოდა.

მერვედფინალში პარაგვაის ნაკრებს შეხვდა და მათაც გადაახიეს ბურთი თავზე. ხო, ასე მოხდა. ცუდად დაიწყეს და მაგრად გააგრძელეს. მსოფლიო ჩემპიონატზე ორჯერ ზედიზედ 3:0 დიდი ამბავია. გარიმ ამჯერად დუბლი შეასრულა, ბოლო ორ მატჩში ხუთი გოლი ჰქონდა გატანილი, ფაქტობრივად მხოლოდ მას გაჰქონდა გოლი ინგლისისთვის.

არ ვიცი, ეს როგორ ხდება, დგახარ შენთვის საჯარიმოში, სამი კაცი გიყვანს, იციან, რომ შენს გარდა კაციშვილი გამტანი არ არის, მერე ბურთი აქეთ-იქით დახტება და გოლი გაგაქვს, არც მე ვიცი და არც არავინ, ალღოს ეძახიან ამ ამბავს, ლინეკერს კიდე უხვად ჰქონდა ეს ალღო, მსოფლიო ჩემპიონატებზე განსაკუთრებით.

ვერაფერი მოუხერხეს და მცველმა იდაყვიც გლიჯა სახეში. ეგდო გარი, კარგა ხანს ეგდო, ამ დროს ერთი უკვე შეგდებული ჰქონდა და რომ წამოდგა, კიდევ ერთი მერე შეაგდო. გინდა სახეში ურტყი და გინდა თავ-პირი დაულეწე.

გავიდნენ ინგლისელები მეოთხედფინალში და იქ ის კაცი დახვდათ, ლოტოს კოჭივით, მრგვალი იყო და ყველგან კუნთი ჰქონდა. ახტა ეს მრგვალი და რაღაც ისეთი იკადრა, რასაც ლინეკერი არ იკადრებდა, არადა, ფეხბურთია, მოტყუებაზეა ეს თამაში, ვინც უფრო მაგრად იტყუება, ის უფრო მაგარი ტიპია, სამხრეთ ამერიკელებს კი მოტყუებაში ვერავინ აჯობებს. ჰოდა, ის მრგვალი კაციც ძალიან მაგრად იტყუებოდა, ისე მაგრად, რომ მთელი ინგლისი მოატყუა.

გარიმ ისღა შეძლო, მატჩის მიწურულს პრესტიჟის გოლი შეეგდო. თითქოს გასაბრძოლებელი იყო, ერთიც და დამატებით დროში გადაიყვანდნენ, მაგრამ, რეალურად არ იყო ეგრე, ეგ ერთი გოლი ძალიან შორს იყო, პრესტიჟის ამბავი იყო და გათავდა.

ელოდე ახლა კიდევ ოთხი წლით..

ელოდა გარი და უფრო ახლოსაც მივიდა. ფინალამდე ძალიან ახლოს. დაწყება ვერ იყო კარგი, ინგლისს ხომ დაწყება უჭირს, ირლანდიასთან გააგორეს 1:1, და ვინ გაიტანდა ლინეკერის გარდა, წინა მსოფლიოც ლინეკერის გოლით დახურეს და ახალიც მისი გოლით გახსნეს.

შემადგენლობა უკეთესი იყო, მე ასე მგონია, 90-ში პლატი და გასკოინი იყვნენ ნაკრებში. სამეულს მაგრად უნდა შეეტია და შეუტიეს კიდეც.

მერე კი იარა ინგლისმა, მაგრამ ლინეკერს დიდი როლი არ ჰქონია, ძალიან მაგარ ნიდერლანდებთან 0:0 საქმე იყო, ერთი ბურთით მოგებული ეგვიპტესთან და მერვედფინალში 119 წუთზე მოგებული მატჩი, პლატის გოლით, ასე წვალებ-წვალებით მივიდნენ მეოთხედფინალში, სადაც ისევ გარი იყო მთავარი მოქმედი პირი, მეტოქე კი კამერუნის ნაკრები, ალესილი ქაცვებით, როჟე მილათი და ვეფხვზე მონადირე მცველებით.

როჟე მილამ საგოლე პასი გაიფორმა, ერთიც პენალტი აიკიდა და სულ სხვა კაცმა შეასრულა. ლინეკერმაც აიკიდა პენალტი და თავადვე გარდასახა გოლად, მანამდე პლატის გოლით გავიდნენ წინ, მოკლედ, 2:2 მორჩა და დამატებით დროში ისევ ლინეკერი გაიქცა, მცველსაც ჩაუქროლა, მეკარესაც და იმ ოხერმა გამოსდო ხელი და დააგდო. კიდევ ერთი პენალტი, კიდევ ერთი გოლი.  გაუძღვა ნაკრებს ნახევარფინალისკენ, სადაც ყველაზე ტრადიციული მეტოქე, ბეკენბაუერის გაწვრთნილი გერმანიის ნაკრები ელოდა.  

მაგარი მატჩი გამოვიდა, ძალიან მაგარი, როგორც ამ ისტორიულ მეტოქეებს ეკადრებოდათ. ანგარიში გერმანიამ გახსნა მე-60 წუთზე და დამაჯერებლადაც მიჰყავდათ თამაში ბოლოსკენ, მაგრამ ხომ ვთქვი, ლინეკერი ძალიან უყვართ-მეთქი, სასო რომ გაქვს წარკვეთილი, ამ დროს გამოხტებოდა ხოლმე, უკვე ლოცვაზე რომ ხარ გადასული და ვიღაცას გოლი გააქვს, ამ დროს გგონია, რომ ეს ვიღაც ღმერთმა გამოგიგზავნა, ისროლა ციდან და გაგარტყა თავში, მერე ადიდებ ამ გამოგზავნილს და უმღერი ხმის ჩახლეჩამდე.

ეგ მოხდა.

გამოხტა ლინეკერი და მეოთხმოცე წუთზე გაათანაბრა. წაიღო თამაში ისევ დამატებით დროში, სადაც ინგლისს დიდი გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ამდენი დამატებითის თამაშს ძალიან დიდი ენერგია მიაქვს.

პენალტებამდე მივიდა.

ინგლისი და ფსიქოლოგია ვახსენე. ვერ ძმაკაცობენ. გერმანელები კიდე პირიქით.

პირველი ლინეკერმა დაარტყა და გაიტანა. პირველის დარტყმა ყველაზე რთულია. ბოლოსთან ერთად, პირველი ჯოჯოხეთური დასარტყმელია. ლინეკერმა გაიტანა, მაგრამ ბოლო გასკოინს არ დაურტყამს. რატომ? რა ვიცი აბა.. არ დაურტყამს.

აქ მორჩა გარის ამბავი. ვერ მივიდა ფინალამდე. სამაგიეროდ, ათ გოლს მოუყარა თავი. მსოფლიო ჩემპიონატებზე 10 გოლი რამდენს ნიშნავს, თავადაც მოგეხსენებათ.

ჩვენი ცხრიანი, მეცხრე ადგილზე. ცხრა დღეც მოვიცადოთ და მერე მაგარი ამბები დაიწყება.

მე-10 ადგილი - ხრისტო სტოიჩკოვი.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 12 ნოემბერი 2022 02:03
    0
    ძალიან ვაფასებდი გარის;
    გამორჩეულად ჯენტლლმენი ფეხბურთელი; ფეხბურთის ნამდვილი რაინდი გახლდათ;
    ინგლისის ნაკრებს კი იღბალი მაინცდამაინც არ სწყალობდა
    Culé [?]
    #6 12 ნოემბერი 2022 01:00
    0
    ძალიან მაგარი იყო, ყვითელიც კი არა აქვს მიღებული მთელი კარიერის მანძილზე!!!
    Culé [?]
    #5 11 ნოემბერი 2022 22:46
    0
    დიეგოზე ბოლოს დაიწერება უეჭველი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 11 ნოემბერი 2022 21:55
    0
    ამის თამაში მე არ მაქვს ნანახი,სამაგიეროდ ის მაქვს ნანახი,რომ ჩაიკუკა თამაშის დროს და ტრაკით ხოხავდა რო დაემალა :დდდ რა კაცია :დდ მერე ღადაობდა მაგაზე
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #3 11 ნოემბერი 2022 21:04
    0
    ციტატა: nika 54
    მშვენიერი იყო მოედანზე, პირველად რო ვნახე გვარიც კი არ ვიცოდი და საერთოდ არაფერიც არ ვიცოდით, მაშინ ეროვნულ ჩემპიონატებს ვინ გაყურებინებდა. ყველა დიდ ფეხბურთელს "ლელო" ან "სოვეტსკი სპორტი" გვაცნობდა. მხოლოდ მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატებზე შეგვეძლო მათი ნახვა. იშვიათად ევროპის ჩემპიონთა თასის თამაშს თუ გვანახებდნენ, პლიუს იმ გუნდებს ვისაც საბჭოთა გუნდები ხვდებოდნენ ამ გათამაშებებში.

    ეგა თქვი რა, მართლა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე ვიცნობდით ეგეთ ფეხბურთელებს, არა და მაგ დროს ევროპელების შიდა ჩემპიონატები რო ეჩვენებინათ რა საინტერესო იქნებოდა, ინგლისიდან ლინეკერი და გასკოინი მევასებოდა. ვაა ფეოლა რა კარგ რამეებს იხსენებ, ველოდები მე-8 ადგილს და იმ კაცს ვინც ბარსელონა შემაყვარა, ვიცი რო არ გამოტოვებ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 ნოემბერი 2022 16:58
    2
    მშვენიერი იყო მოედანზე, პირველად რო ვნახე გვარიც კი არ ვიცოდი და საერთოდ არაფერიც არ ვიცოდით, მაშინ ეროვნულ ჩემპიონატებს ვინ გაყურებინებდა. ყველა დიდ ფეხბურთელს "ლელო" ან "სოვეტსკი სპორტი" გვაცნობდა. მხოლოდ მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატებზე შეგვეძლო მათი ნახვა. იშვიათად ევროპის ჩემპიონთა თასის თამაშს თუ გვანახებდნენ, პლიუს იმ გუნდებს ვისაც საბჭოთა გუნდები ხვდებოდნენ ამ გათამაშებებში.
    Culé [?]
    #1 11 ნოემბერი 2022 16:45
    2
    უდიდესია გარი ლინეკერი😍😍😍ჩვენი ერთადერთი ინგლისელი და ისიც ნაღდი