“ბარსელონას” 19 წლის შემტევმა ლამინ იამალმა კიდევ ერთი ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვა. ლა ლიგამ მისი გოლი, რომელიც ფეხბურთელმა 17 ოქტომბერს “ბეტისის” წინააღმდეგ გაიტანა, თვის საუკეთესოდ აღიარა.
იამალმა სევილიაში, “ლა კარტუხაზე” გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა და საფუძველი ჩაუყარა “ბარსელონას” დამაჯერებელ გამარჯვებას ანგარიშით 5-2.
ჟიულ კუნდესთან კომბინაციის შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ქუსლით შესრულებული ეფექტური მოძრაობით ფაკუნდო ბერნალი ჩამოიშორა, საჯარიმოს მისადგომებთან სივრცე გაითავისუფლა და მარცხენა ფეხით ბურთი შორეულ ზედა კუთხეში გაგზავნა. “ბეტისის” მეკარეს, ალვარო ვალიესს, მისი დარტყმის მოგერიების შანსი არ ჰქონია.
ეპიზოდი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ იამალის რამდენიმე თანაგუნდელმა გაოცება ვერ დამალა.
“ბარსელონას” ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, ლა ლიგის ოქტომბრის საუკეთესო გოლის ჯილდოსთვის ბრძოლაში იამალმა კიდევ ორ ფინალისტს აჯობა: “რეალ მადრიდის” თავდამსხმელ კილიან მბაპესა და “ალავესის” ფეხბურთელ უგო ნოვოას.
ეს კიდევ ერთი აღიარებაა “ბარსელონას” 10-ნომრიანი ფეხბურთელისთვის, რომელიც მანამდე ზედიზედ მესამედ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ.




forum კომენტარები (0)