ლიონელ მესიმ ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა. “ინტერ მაიამის” 39 წლის არგენტინელი ვარსკვლავი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც MLS-ის ოქროს ბუცი ზედიზედ ორ სეზონში მოიპოვა.
2026 წლის რეგულარულ სეზონში მესიმ 31 მატჩში 26 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში პირველი ადგილი დაიკავა. მეორე პოზიციაზე “დალასის” თავდამსხმელი პეტარ მუსა 22 გოლით გავიდა, ხოლო მესამე ადგილი “ნეშვილის” ფეხბურთელმა სემ სარიჯმა 21 გოლით დაიკავა.
მესიმ ოქროს ბუცი გასულ სეზონშიც მოიპოვა, როდესაც 28 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა. ამრიგად, არგენტინელმა ბოლო ორ სეზონში ჩატარებულ 59 მატჩში 55 გოლი დააგროვა.
MLS-ის ოფიციალური ინფორმაციით, მესი ლიგის ისტორიაში მეექვსე ფეხბურთელია, რომელმაც საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო ორჯერ მოიგო, თუმცა ზედიზედ ორ სეზონში ამის გაკეთება აქამდე ვერავინ მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ 2026 წელს მესიმ 26 გოლთან ერთად 17 საგოლე გადაცემაც შეასრულა. შესაბამისად, არგენტინელმა გუნდის 43 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა, რაც ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელია.
გარდა ამისა, მიმდინარე სეზონში მესის 26 გოლიდან მხოლოდ ერთი გავიდა თერთმეტმეტრიანი დარტყმით. პენალტების გარეშე გატანილი 25 გოლით მან MLS-ის ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. რეკორდი კვლავ თავად მესის ეკუთვნის, რომელმაც 2025 წელს პენალტების გარეშე 28 გოლი გაიტანა.




🐐