ტოპ 5 პერფორმანსი "ბერნაბეუზე"
ხვალ კლასიკოა!
არ აქვს მნიშვნელობა, გუნდები პიკში არიან თუ არა, სატურნირო ცხრილის სათავეში თუ ოდნავ ქვემოთ, კლასიკოს დამატებითი ინტრიგა არ სჭირდება. "ბარსა" ვერ არის საუკეთესო ფორმაში, რაღაც ვერ აეწყო სანაკრებო პაუზის მერე, მაგრამ "ბერნაბეუ" უკვე ათწლეულებია, აღარ გვაშინებს. ეს თითქოს მესის ეფექტი იყო, მაგრამ მოვიდა ჩავი და "ბერნაბეუ" ისევ სავარჯიშო მოედანს დაამსგავსა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინა სეზონის კლასიკომდე "მადრიდს" ზედიზედ ვერ ვუგებდით, გინდა მესისთან ერთად, გინდა მის გარეშე.
"ბარსას" დიდი ეპოქა ზუსტად როდის დასრულდა, არ ვიცი, ლეო ჯერ კიდევ აქ იყო, როცა გუნდი არაფერს არ ჰგავდა, "მადრიდის" ეპოქა კი რონალდუსთან ერთად ნამდვილად არ დასრულებულა, რადგან, ეს გუნდი მოგებას აგრძელებს, თან ჩემპიონთა ლიგაზეა საუბარი, მათი ცხრიანი კი სამართლიანად ჩაიბარებს "ოქროს ბურთს". ჰოდა, ვისი ეპოქა გამოდის? ზიდანის? კრიშტიანუს? მე მგონი პერესის.
აქამდე გავიხსენეთ 5 საუკეთესო პერფორმანსი "კამპ ნოუზე", ქრონოლოგიურად ასე განლაგდა:
5. ფიგუ 1999/2000
4. პუიოლი 2009/2010
3. სუარესი 2018/19
2. რომარიო 1993/94
1. მესი 2006/2007
ასევე კლასიკოს ამბები მოვყევით ბორხესის მიხედვით:
1. ქალაქი ალყაში - 2008/09 წლების კლასიკო, "კამპ ნოუზე"
2. სახლში დაბრუნება - 2000/01 წლების კლასიკო, "კამპ ნოუზე"
3. განძის ძიება - 2008/09 წლების კლასიკო, "ბერნაბეუზე"
4. ღმერთის სიკვდილი - 2005/06 წლების კლასიკო, "ბერნაბეუზე"
ახლა კი დროა, 5 საუკეთესო პერფორმანსი გავიხსენოთ "ბერნაბეუზე", თითქოს არ არის მარტივი, მაგრამ რეალურად ძალიან მარტივია. გვყავს სამი ფეხბურთელი, რომელთაც "ბერნაბეუმ" ტაში დაუკრა, და გვყავს ორი, რომელსაც შუაზე გაგლეჯდნენ, ახლოს მისვლის უფლება რომ ჰქონოდათ.
ასე რომ, დავიწყოთ.
5. იოჰან კრუიფი - "მადრიდი" vs "ბარსა" 0:5 1973/74
დიდი იოჰანის მოვიდა!
რა ამბები დაიწყო ამის მერე, ყველას მოეხსენება, კრუიფს ყველაზე დიდი გავლენა აქვს არა მარტო "ბარსელონაზე", არამედ ზოგადად ფეხბურთზე, თანაც ეს გავლენა აბსოლუტურად დადებითია.
"რეალის" დომინაციის ხანა იდგა, "ბარსას" 14 წელი არ ჰქონდა ჩემპიონატი მოგებული, პარალელურად "აიაქსი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბი იყო, კრუიფი დაფრინავდა თავის ნიდერლანდელ ჰიპებთან ერთად, იგებდა ჩემპიონთა თასებს, იგებდა ოქროს ბურთებს და არაფერი ადარდებდა დედამიწის ზურგზე, მაგრამ მოიწყინა, ამ კაცს თამაშის საშინელი აზარტი ჰქონდა, უბრალოდ შეპყრობილი იყო, ახალი გამოწვევა სურდა და "ბარსელონაში" გადმობარგდა, რომელიც იმ დროს "აიაქსზე" ბევრად დაბალ საფეხურზე იყო.
რატომ გააკეთა ეს კრუიფმა?
ახალი გამოწვევა
ახალი პროექტი
დიდი მემკვიდრეობის დატოვების შესაძლებლობა
მთავარი მწვრთნელი რინუს მიხელსი
ქალაქი ბარსელონა
დიდი ფული
მე მგონი, საკმარისია. ასეთი ვარსკვლავი "ბარსას" არასდროს შეუძენია, საუკეთესო ასაკში მყოფი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. დანარჩენი ვარსკვლავების შემთხვევაში, ისინი ჯერ არ ყოფილან საუკეთესოები, - არც მარადონა, არც რონალდო, არც რომარიო, არც რონალდინიო, არც რივალდო, არც ფიგუ, მხოლოდ დიდი პოტენციალი იყო, რომელიც მომდევნო წლებში სრულად რეალიზდა, მესი კი "ბარსას" აღზრდილია. ამიტომ, კრუიფი რეალურად "ბარსას" ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერია.
ჩაავლო ხელი მაჩანჩალა კლუბს და პირველივე სეზონში ჩემპიონი გახადა, 14 წლის შემდეგ! ხალხი საუბრობს რონალდინიოს გავლენაზე, როგორ ამოათრია გუნდი ჭაობიდან, როგორ დააბრუნა ლა ლიგის თასი 5 წლის შემდეგ, ახლა წარმოიდგინეთ, მაშინ რა ხდებოდა, როცა 14 წლიანი პაუზა დასრულდა, ხოლო, მთავარ მეტოქეს "ბერნაბეუზე" 5:0 მოუგეს!
იოჰანი დირიჟორობდა ამ ამბავს, ჩამოარიგა საგოლე პასები, და ერთი ფანტასტიური გოლიც შეაგდო, წაუცეკვა მეტოქის საჯარიმოში, ჰგავდა რაღაცით სუხიშვილების მოძრაობას, ორი კაცი უმოკლეს მონაკვეთში გააქრო და ბუცის წვეტით შეაგდო.
მერე ტაშიც იყო, როგორც ძველები ყვებიან.
4. დიეგო მარადონა - "მადრიდი" vs "ბარსა" 2:2 1982/83
კრუიფის მერე ყველაზე დიდი ტრანსფერი. ვერ ვიტყვი, რომ დიეგოს "რეალთან" განსაკუთრებული" მეტოქეობა აკავშირებდა, მაშინ "ბილბაოსთან" უფრო მძვინვარე დაპირისპირებები იყო, ბასკები იგებდნენ ყველაფერს, ეს დუელი ახალ საფეხურზე ავიდა, როცა გოიკოეჩეამ დიეგო მარადონას ფეხი მოტეხა, ძალიან მძიმე მოტეხილობა იყო, მსოფლიო სპორტის ისტორიაში მხოლოდ ორად ორი სპორტსმენია, ვინც მოტეხილობის შემდეგ დაბრუნდა და უკეთესი გახდა, - დიეგო მარადონა და მაიკლ ჯორდანი. თუმცა, დიეგოს ფეხი გაცილებით მძიმედ იყო, და ისიც სათქმელია, რომ ფეხბურთში ფეხის მოტეხვა გაცილებით დიდ გავლენას ახდენს სპორტსმენზე, ვიდრე კალათბურთში.
მერე იყო დიდი ჩხუბი ბასკებთან, მარადონა გაფრინდა და მოიქნია ეს თავისი ცნობილი წიხლი, ჩააზილა და ჩაწიხლა მეტოქე, მოკლედ, დიდი ამბები იყო და "მადრიდთან" ასეთები ნაღდად არ ყოფილა. თუმცა, კლასიკო კლასიკოა, მით უმეტეს, როცა ფინალში ხვდებიან გუნდები ერთმანეთს, ისიც სათქმელია, რომ ორრაუნდიანი ფინალი იყო. საერთო ჯამში, "ბარსას" დარჩა გამარჯვება.
ტაში მხოლოდ გოლის გამო დაუკრეს? მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფლად შეეძლო გატანა, მაგრამ ჯერ მცველს მოტეხა კისერი და მერე შეაგდო? არა, ტაშით დააჯილდოვეს იმის გამო, რასაც მთელი თამაში აკეთებდა, ეს გოლი კი ბოლო წერტილი იყო. რა თქმა უნდა, ყველა არ უკარვდა ტაშს, ვიღაცები ლანძღავდნენ და სხვადასხვა საგნებსაც ესროდნენ, მაგრამ თუნდაც მადრიდელთა მცირე ნაწილის აპლოდისმენტები ძალიან ბევრს ამბობს.
ძალიან ცოტას თუ ღირსებია ასეთი პატივი. სულ სხვაა, როცა მოედნიდან გადიხარ და ტაშს გიკრავენ, როგორი პატივიც მიაგეს "ბერნაბეუზე" ინიესტას, დელ პიეროს, პირლოს და კიდევ რამდენიმეს, და სულ სხვაა, როცა მათ კარში გატანილი გოლის მერე გაჯილდოვებენ ტაშით. ამ დროს ცოცხლდება ფეხბურთში ის მივიწყებული ანტიკური სული.
3. რივალდო - "მადრიდი" vs "ბარსა" 2:2 2000/01
აი, აქ ტაში არ ყოფილა, რივალდოს ვერ იტანდნენ მადრიდელები, ვერ იტანდნენ იმიტომ, რომ ვერ იჭერდნენ, ვერ იტანდნენ იეროსთან და რედონდოსთან დაპირისპირების გამო, და კიდევ იყო ალბათ რაღაც მიზეზები, მოკლედ, ეს იყო ფეხბურთელი, რომელსაც არასდროს ტაშს არ დაუკრავდნენ რაც არ უნდა გაეკეთებინა.
2000/01 წლების რივალდო კი სასწაულებს სჩადიოდა, როგორც აქამდეც აღგვინიშნავს. თითქოს მარტო დარჩა, ფიგუს გარეშე, ერთპიროვნულ ლიდერად იქცა და მარტო მიათრევდა გუნდს, განსაკუთრებით მაგრად თამაშობდა ცენტრალურ შეხვედრებში, შესაბამისად, კლასიკოებში ყოველთვის მაგარი იყო. "მადრიდი" ფავორიტად ითვლებოდა, პირველ ადგილზე იყვნენ და არც არაფერი ადარდებდათ, "ბარსა" კი მეოთხეზე მიჩანჩალებდა, ასე ჩავედით "ბერნაბეუზე" და ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მატჩიც მივიღეთ, წესით 3:2 უნდა მოგვეგო, მაგრამ რივალდოს მესამე გოლი არ ჩათვალეს. არადა, როგორი საქმეა ჰეთ თრიქი "ბერნაბეუზე", როცა ფავორიტად არ ითვლები?!
მორჩებოდა კიდეც ასე მატჩი, გვარდიოლა შემოვარდა მოედანზე და მსაჯს რაღაცას უხსნიდა, მაგრამ გვიანი იყო და არც VAR მოქმედებდა მაშინ, თუმცა, ახლა უკვე ვიცით, რომ თუ მსაჯი იდიოტია, გინდა VAR-ის სტატუსი ჰქონდეს და გინდა კოლინას ეძახდნენ ზედმეტსახელად, ამას არაფერი ეშველება.
ამ მომენტამდე კი ორი გოლი შეაგდო, მეორე გოლის დროს, დარტყმის წინ ის მოძრაობა გააკეთა, რომელსაც მხოლოდ რივალდო აკეთებდა, ალბათ გაღუნული გრძელი ფეხების გამო ხდებოდა ეს ამბავი, მოქნევის დროს რომ არ მოემტვრია, კარგად უნდა მიდგომოდა ბურთს და მერე იყო გასროლა!
კასილიასი უძლურია. "ბარსა" ზეიმობს, "ბერნაბეუ" საგიჟეთს ჰგავს.
2. მესი - 2010/11, 2013/14, 2016/17
ეს კაცი უბრალოდ ძალიან დიდია ყველა ჩამონათალისთვის, წესით ყველა ჩამონათვალში ყველა ადგილი მესის უნდა ჰქონდეს, ასეთი საფეხბურთო მემკვიდრეობა არავის არასდროს დაუტოვებია. რაც გინდა, გაიხსენე, რა პერსპექტივიდანაც გინდა, მესი ყველგან იქნება. აქაც რთულია არჩევანის გაკეთება, მესი "ბერნაბეუზე" სასეირნოდ დადიოდა, ამ სამი მატჩის გარდა კიდევ შეიძლება გახსენება, მაგრამ ეს სამი ალბათ გამორჩეულია.
პირველი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ყველაზე დაძაბული კლასიკოების ქრონიკებიდან, დაძაბულობამ პიკს მიაღწია, სეზონის პირველ კლასიკოში "ბარსამ" ჟოზეს "მადრიდი" გაანადგურა, მერე საყაიმო 1:1 იყო გასვლაზე, მერე ფინალი დათმო ესპანეთის თასზე და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების დროც მოვიდა, ისე გამოვიდა, რომ ოთხი კლასიკო ჩატარდა უმოკლეს ვადებში, რაც მეტისმეტი იყო.
პრესკონფერენციაზე ჟოზემ პეპს შეუტია, პეპმა ისეთი პასუხი გასცა კაციშვილი ხმას ვერ იღებდა, ამას არავინ ელოდა, მატჩი კი დაიწყო!
მესიმ ჯერ აფელაის პასის შემდეგ გაიტანა, მარსელოს ფეხის დაცდენის ხარჯზე, მერე კი მთელი "მადრიდი" აფორთხიალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებში გატანილ ამ გოლს მხოლოდ კაკას გოლი "ოლდ ტრაფორდზე", და ისევ მესის გატანილი თუ შეედრება "ლივერპულთან", ან "ბაიერნთან", სხვებს შანსი არ ექნებათ.
გასახსენებელია მატჩი, სადაც ჰეთ თრიქი შეასრულა "ბერნაბეუზე", რაც ძალიან დიდი მოვლენაა, და, რა თქმა უნდა, საუკეთესო მატჩი, თვალდალურჯებული და ტუჩგახეთქილი ლეოს ბენეფისი! ურტყეს, ურტყეს და ფეხებიც ვერ მოჭამეს, როგორც ხდებოდა მთელი მისი კარიერის განმავლობაში.
ბოლო წუთებზე ის დარტყმა შეასრულა, რომელსაც ათიდან თერთმეტ შემთხვევაში გოლად აქცევს. მერე კი გაშალა თავის ათიანი "ბერნაბეუს" წინ და დაგვიტოვა კლასიკოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ფოტო.
1. რონალდინიო - "მადრიდი" vs "ბარსელონა" 0:3 2005/06
ისევ ტაშით დავასრულოთ, ოღონდ ყველაზე მოულოდნელი ტაშით.
ადრეც დაგვიწერია, რა მოხდა ამ დაუვიწყარ მატჩში. ყველაფერი წინა სეზონში დაიწყო, "ბარსამ" გამოიღვიძა, ულამაზესი ფეხბურთით ჩემპიონი გახდა, რონალდინიოს და ეტო'ოს შეუჩერებელი დუეტი ჰქონდათ, საზეიმო ცერემონიაზე კი "მადრიდი" ტრადიციული სიმღერით გალანძღეს, ეტო'ომ მთელი წარსულის ჯავრი ამოიყარა და რონალდინიოც მშვენივრად ერთობოდა, აბა, მაგას გართობას ვინ ასწავლის?!
დედაქალაქში უკვე აქედანვე ემზადებოდნენ "ბარსას" დასახვედრად, გუნდი ჩაფრინდა და აეროპორტშივე მძიმე დახვედრა მოუწყვეს, გზაზე ავტობუსი დალეწეს, რონალდინიოსა და სამუელს მაიმუნები ეძახეს და საშინელი სიტყვებით ლანძღეს. მოედანზე გასახურებლად გასულებს სტვენით შეხვდნენ, აგრძნობინეს, რომ ჯოჯოხეთს მოუწყობდნენ.
მატჩი დაიწყო და რონალდინიომ უმარტივესი ბურთი ვერ გაიჩერა, როგორღაც ფეხს ქვემოთ გაუძვრა და ამაზე აყიჟინდა "ბერნაბეუ", ალბათ იფიქრეს, რომ ზეწოლამ გაჭრა, ატეხეს დამცინავი შეურაცხყოფა და სტვენა, ეს კაცი კიდე იცინოდა, ბურთი ვერ შეიმაგრა, დასცინოდნენ, ის კიდე იცინოდა, ალბათ იმიტომ, რომ იცოდა რა ამბავსაც დააწევდა მადრიდელებს.
სადღაც ერთი საათი გავიდა ამ მომენტიდან და ის ხალხი, რომელიც მის სალანძღავად რამდენიმე თვე ემზადებოდა, ფეხზე იდგა და ტაშს უკარავდა.
ამის გაკეთება მხოლოდ ჯადოქრებს შეუძლიათ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]