"კლასიკო" ბორხესის მიხედვით
დიდი დავაა ატეხილი ლიტერატურულ სამყაროში, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი სიუჟეტი არსებობს. სხვადასხვა პერიოდში იყო სხვადასხვა ვერსიების რახა-რუხი, მაგალითად თვრამეტი, ოცდათექვსმეტი და ა.შ, ბოლოს კი ძია ბორხესმა თქვა, რომ სიუჟეტი არის მხოლოდ და მხოლოდ ოთხი! სულ რაღაც ოთხი.
ეს კი მნიშვნელოვანი ამბავია, როგორც ლიტერატურაში, ისე კინოში, ხელოვნების სხვადასხვა სფეროებში და მათ შორის ფეხბურთშიც, რადგან ბევრის აზრით, გარკვეულ შემთხვევებში, ფეხბურთიც აღწევს ხელოვნების დონეს და ხანდახან სათამაშო სცენარიც ისე იწერება, როგორც ლიტერატურული შედევრი.
1. ქალაქი ალყაში
ეს ბორხესის ოთხი სიუჟეტიდან ერთ-ერთია, ქალაქი, რომელიც ალყაშია და იცის, რომ დაეცემა, მაგრამ მაინც იბრძვის. საფუძველი დაედო "ილიადაში", როცა ბერძნები მიადგებიან ტროელებს და ყველამ იცის, რომ ქალაქი დაეცემა, ეს ცოდნა იმდენად დიდი და საყოველთაოა, რომ ჰომეროსს ქალაქის აღების სცენა არც კი აღუწერია.
მსგავსი სიუჟეტი გვარდიოლას სადებიუტო "კლასიკოში" (მწვრთნელის რანგში) გვინახავს, "ბარსამ" ისეთი სათამაშო ფორმა აკრიფა, რომლის მსგავსიც იქამდე ნანახი არავის ჰქონია, გზად ყველას ანადგურებდა, თამაშობდა წარმოუდგენლად ლამაზ ფეხბურთს და თანავარსკვლავედით იყო დაკომპლექტებული. სწორედ ამ დროს მოვიდა "კლასიკოს" დღე და მეტოქე შიშით ძრწოდა, რადგან მთავარმა მწვრთნელმა თამაშის წინ განაცხადა - "ბარსას" დამარცხება შეუძლებელია." არც ასეთი რამ გამეგონა მანამდე, არასდროს მსმენოდა "რეალის" მთავარ მწვრთნელს, თამაშამდე გამოეცხადებინოს კაპიტულაცია. ამ სიტყვების გამო, შუსტერი გაათავისუფლეს, სამართლიანადაც, "რეალის" მწვრთნელს ასეთი სიტყვა არ ეპატიება. თამაში კი ბორხესის სიუჟეტის მიხედვით წარიმართა, "რეალი" ჩაჯდა დაცვაში, "ბარსამ" ალყაში მოაქცია და ყველამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან "ბარსა" მადრიდს აიღებდა, ეს იცოდნენ მადრიდელებმაც, მაგრამ მიუხედავად ამისა იბრძოლეს და თამაშიც ამიტომ გამოდგა მეტად დასამახსოვრებელი.
რა თქმა უნდა, გამოსაყოფია კასილასი, რომელმაც ჯერ თერთმეტმეტრიანი მოიგერია, შემდეგ კი ურთულესი ბურთი აუღო სამუელ ეტო’ოს, მაგრამ ბოლოსკენ "ბარსამ" თავისი გაიტანა, წერტილი კი აქილევსმა დასვა.
სწორედ ამ თამაშში დაიბადა ის უკვდავი ეპითეტი: "შე მართლა დრენტე!"
2. სახლში დაბრუნება
ბორხესის მეორე სიუჟეტი - სახლში დაბრუნება. საფუძველი აქაც ჰომერესულია, შემდგომ კი ბიბლიური. ბერძნებმა და ებრაელებმა ყველაფერი თქვეს, მათ შემდეგ ახალი თითქმის არაფერი ყოფილა და წინ ძრომიალს დიდად აზრიც არ აქვს. სიუჟეტი ჰომეროსულია და იმ კაცს ეძღვნება, რომელიც იოჰან კრუიფისთვის შეგვიდარებია, ანუ ოდისევსს. თუმცა, ამჯერად ოდისევსი გვერდზე გავწიოთ და მხოლოდ სიუჟეტი მოვიხმოთ, რადგან ის ფეხბურთელი, რომელიც სახლში დაბრუნდა, საერთოდ არ ჰგავდა ოდისევსს, არც სიბრძნით და არც სიმამაცით. საუბარი ლუიშ ფიგუზეა.
წასვლის წინ თქვა, აქ არასდროს აღარ დავბრუნდებიო და მცდელობებიც ჰქონდა, რომ "კამპ ნოუზე" არ ეთამაშა, შეგნებულად იღებდა ბარათებს, რომ კატალონიაში არ ჩასულიყო, მაგრამ ამის გამო დიდი საყვედური მიიღო და დაავალდებულეს, რომ ეთამაშა. ფიგუ დაბრუნდა და დახვედრაც ისეთი მოუწყვეს, როგორც "კამპ ნოუს" ეკადრებოდა, თავის ღორის თავიანად. იმ უნამუსომ ისიც კი იფიქრა, რომ კუთხურის ჩაწოდების საშუალებას მისცემდნენ, ფანებმა ყველაფერი ესროლეს, რაც ხელში ჰქონდათ და არ ჰქონდათ, მაგრამ ფიგუმ მაინც ჩააწოდა, პირდაპირ კარში ჩაახვია და გოლამდეც ცოტა დააკლდა, ამ დროს მეც და მთელ "კამპ ნოუსაც" სუნთქვა შეგვეკრა, ზუსტად ვიცი, რომ ასეა, რადგან სულ რაღაც ერთი წამით გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოვარდა, მერე კი ისევ სტვენა ატყდა, თითქოს ფიგუს დაჩხაოდნენ - კარში დარტყმა როგორ გაგვიბედეო?!
იქვე იყო ის ცნობილი ტრანსპარანტიც - "ძალიან გვძულხარ, იმიტომ, რომ ძალიან გვიყვარდი."
თუმცა, ბორხესმა სახლში დაბრუნებაში სულ სხვა რამ იგულისხმა. სახლში დაბრუნება რომ ჭეშმარიტი იყოს, თავად წასულს უნდა სურდეს, რომ დაბრუნდეს, ასეთიც ბევრი გვინახავს, მაგრამ უძღებ შვილად მაინც ნეიმარს მიიჩნევენ, რომელიც ჯერჯერობით ვერ ბრუნდება.
3. განძის ძიება
ყველა დაეძებს იმას, რაც მათთვის ღირებულია, შესაბამისად განძი ვიღაცისთვის ოქროა, ვიღაცისთვის ძალაუფლება და ვიღაცისთვის დრაკონის კვერცხები. აი გვარდიოლასთვის ლა ლიგის ტიტული იყო, რომლის გზაზეც მადრიდში მოუწია ჩასვლა, იმ თამაშის მოგება და ჩემპიონობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი ერთი იქნებოდა.
მას შემდეგ, რაც შუსტერი გაათავისფლეს, ხუანდე რამოსმა შეძლო გუნდის გონზე მოყვანა და "ბარსას" ფინიშის ხაზამდე სდია, მაგრამ ის, რაც გვარდიოლამ "რეალს" დამართა, ეს რამოსს არასდროს დაავიწყდება.
არადა ორჯერ იმედიც გაუჩნდათ, ერთხელ როცა ანგარიში გახსნეს, რამოსის აქტიურობისა და იგუაინის გოლის შემდეგ, მეორედ კი მაშინ, როცა სერხიო რამოსმა ანგარიში შეამცირა და 2:3 გახდა, ამ დროს იფიქრეს იქნებ გათანაბრებაც შევძლოთო, მაგრამ მას მერე მხოლოდ "ბარსა" იტანდა.
კიდევ ერთი იმედის საფუძველი, შესაძლოა, გამხდარიყო ჩვენი საფეხბურთო ჟამთააღმწერელის, ვახო გეგელიას კიდევ ერთი უკვდავი სიტყვა - "რობენმა, აბიდალი გააფარჩაკა!" თუმცა, საბოლოოდ სულ სხვა ვინმე გაფარჩაკდა.
განძის ძიება წარმატებით დასრულდა, მთავარი კი ძიების პროცესია. მთავარი ის გზაა, რომელიც გვარდიოლამ "ბარსაში" გაიარა.
4. ღმერთის სიკვდილი
ლეგენდა ასეთი იყო, "კლასიკოს" შემდეგ, რონალდინიოსთან, რომელმაც საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო და მადრიდელებს ტაში დააკვრევინა, ზინედინ ზიდანი მივიდა, თმაზე ჩამოქაჩა და უთხრა: "ახლა შენ ხარ საუკეთესო".
ასე დაიწერა ერთ-ერთ ქართულ გამოცემაში და მას მერე მჯეროდა, რომ ნამდვილად ასე იყო. იქნებ იყო კიდეც, არ ვიცი, მაგრამ მსგავსი ვერაფერი აღმოვაჩინე. ისე, დამაჯერებლად კი ჟღერდა, იმ დღის მერე ვისაც არ უნდა შეექო და რაც არ უნდა მოეყოლა, ყველაფერი დამაჯერებელი იქნებოდა. გვახსოვს, ინიესტამ როგორ გაიხსენა ის "კლასიკო", როგორ გადაწყვიტა რონალდინიომ თამაშის წინ გუნდის მოტივირება, ზღაპარივით არის, მაგრამ ნამდვილია. მაშინ ხდებოდა ასეთი ჯადოქრობები, რადგან თავად ის კაცი იყო ჯადოქარი.
ეს სიუჟეტი კი ღმერთის სიკვდილზეა, ანუ იმაზე, რომ ერთი ღმერთი კვდება და მეორე იბადება. იმ თამაშში ნამდვილად ასე იყო. აი მერე კი უცნაური ამბები დატრიალდა, როცა ზიზუმ კარიერა დაასრულა, გვეგონა, რომ რონალდინიო ზედიზედ მოიგებდა "ოქროს ბურთებს", რადგან მისი დონის ფეხბურთელი იმ დროს არავინ ყოფილა, თუმცა პირიქით მოხდა, წავიდა ზიდანი და რონალდინიოს ჯადოც ნელ-ნელა გაქრა.
ასეთი ამბავია.
[media=https://www.youtube.com/watch?v=4GuaEXdqrp8]
ასე იკერება თამაშები ბორხესის მიხედვით. არის ხოლმე შემთხვევები, განსაკუთრებული სცენარით რომ წარიმართება. მომდევნო "კლასიკო" როგორი იქნება, არ ვიცი, რადგან ორივე გუნდი შენების პროცესშია, ამ მხრივ კი "რეალის" მომავალი უკეთ გამოიყურება, ჯერ ერთი იმიტომ, რომ რონალდუს გაშვება უკვე მოინელეს, რთულად, მაგრამ მაინც, ძალიან დიდი თანხა გადადეს მბაპესთვის და ჰოლანდისთვის, არც კი ვიცი რამ შეიძლება ამ ტრანსფერებს ხელი შეუშალოს. აი "ბარსას" მესის წასვლის ტრაგედია წინ აქვს, არ აქვს მნიშვნელობა როდის მოხდება, ან როგორ, ადრე თუ გვიან ხომ მოხდება?! აღარც თანხაა ბიუჯეტში და ერთადერთი ახალი პრეზიდენტის იმედად ვართ, რომ ინვესტიციებს მოიზიდავს.
მანამდე კი გველის "კლასიკო", რომელიც ვერ იქნება იმ დონის, როგორიც პიკში მყოფი გრანდების დროს იყო, მაგრამ "კლასიკოს" ყოველთვის აქვს თავის ხიბლი, თუნდაც ცარიელი ტრიბუნების წინ.
მესი იქნება, ალბათ რამოსიც იქნება და დიდი ჯახისთვის ესეც საკმარისია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]