"ბარსას" ფეხბურთელების ტოპ 5 პერფორმანსი "კლასიკოში" (კამპ ნოუ)

"ბარსას" ფეხბურთელების ტოპ 5 პერფორმანსი "კლასიკოში" (კამპ ნოუ)

 ნელ-ნელა, „კლასიკოს“ ვუახლოვდებით, მატჩი „კამპ ნოუზე“ ჩატარდება და კარგი იქნება თუ საუკეთესო პერფომერებს გავიხსენებთ. სულ სხვა გვარები მახსენდება „ბერნაბეუს“ „კლასიკოებზე“ და სულ სხვა „კამპ ნოუზე“ გამართულ შეხვედრებზე. ამჯერად სახლის თამაშებს გავიხსენებთ, „ბერნაბეუს“ ამბები მერე იყოს.

შევეცდები ერთი და იგივე ფეხბურთელი სიაში არ შევიყვანო, თორემ ხუთეულს მარტო მესის წარმოდგენებიც შეავსებდა.

5. სანამ გვიღალატებდა

ეს ზუსტად ის სეზონია, რომლის გამოც პორტუგალიელმა კარიერაში ერთადერთი „ოქროს ბურთი“ მოიპოვა. მართალია, როცა გადასცეს უკვე თეთრად იყო შემოსილი, მაგრამ ჯილდო სწორედ „ბარსაში“ ჩატარებული სეზონის გამო მიიღო.

„ბარსას“ ფეხბურთელებმა, ზედიზედ მოიპოვეს „ოქროს ბურთი“, ისე, რომ ჩემპიონთა ლიგა არ მოუგიათ. ჯერ რივალდომ, რომლის დროსაც „ბარსა“ მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა, ხოლო შემდეგ ფიგუმ, რომლის დროსაც ნახევარფინალიდან „ვალენსიამ“ გამოგვაგდო, ფინალში ყველა „კლასიკოს“ ელოდა და იმ სეზონით თუ ვიმსჯელებთ მთავარი ფავორიტი „ბარსა“ იყო, მაგრამ სენსაციურად დამარცხდა, მარცხი კი ფიგუს არ ყოფნას დაბრალდა. ვალენსიაში საერთოდ არ უთამაშია, ბარსელონაში კი 2:1 არ გვეყო, იმიტომ, რომ 4:1 გვქონდა წაგებული. ფიგუს არც ლიგა მოუგია, არც ლა ლიგა, არც პორტუგალიის ნაკრებს ჰქონია დიდად წარმატებული წელი, მაგრამ მაინც მიიღო „ოქროს ბურთი“ და პრეტენზია არც არავის გამოუთქვამს, რადგან ერთხმად აღიარეს, რომ დაიმსახურა.

ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა კი „რეალთან“ ჩაატარა. როცა ჩემპიონთა ლიგას ვერ იგებ და მაინც გაძლევენ „ოქროს ბურთს“, ნიშნავს, რომ განსაკუთრებულ შეხვედრაში გამოიჩინე თავი, ჰოდა „კლასიკო“ იყო ეს განსაკუთრებული შეხვედრა, სადაც რედონდო და კარანკა აფორთხიალა, თავად კი ძაღლივით ირბინა! დაცვაშიც და შეტევაშიც საუკეთესო იყო. 56-ე წუთზე კლუივერტი გააძევეს და მთელი მეორე ტაიმი ხან რივალდო იჭერდა ბურთს, ხან ფიგუ, ფაქტობრივად ორი კაცის საქმეს აკეთებდნენ.

89-ე წუთზე აპლოდისმენტების მოსასმენად შეცვალეს. დღეავნდელი გადმოსახედიდან, ცოტა კომიკური სანახავია.

4. საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატი

ვერ იყო კარგი დრო „კლასიკოსთვის“, ტრავმა ჰქონდა ორ შემტევს, მესის და იბრაჰიმოვიჩს. მატჩის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იბრა მაინც დაიწყებდა თამაშს, ხოლო მესი მეორე ტაიმში ჩაერთვებოდა, ჟურნალისტები შეცდნენ და ყველაფერი პირიქით მოხდა, მესიმ დაიწყო და იბრა მერე გამოვიდა, გამარჯვების გოლიც შეაგდო, ალვესის პასის შემდეგ და თამაში მოვიგეთ, მაგრამ იმ შეხვედრაში საუკეთესო სულ სხვა ფეხბურთელი იყო.

კარლეს პუიოლმა ფრანკო ბარეზის დონეზე ითამაშა! „კლასიკოში“ მცველის ასეთი თამაში არ მახსენდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ სერხიო რამოსს, როგორც წესი მოედნიდან აძევებენ, ალბათ მხოლოდ რობერტო კარლოსი რჩება, პუიოლის კონკრეტულად ამ პერფორმანსს, რომ კონკურენციას გაუწევდა.

თამაშის წინ, წარმოუდგენლად ჩანდა, რომ „ბარსას“ გოლი არ გაეშვა, რადგან „რეალი“ პელეგრინის ხელმძღვანელობით ძალიან ბევრს იტანდა, კაკა და კრიშტიანუ ტანდემში ბრწყინავდნენ და ბრაზილიელმა ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა მადრიდულ კარიერაში, მიუხედავად ამისა, „ბარსამ“ კარი მშრალად შეინახა.

ჰომეროსი განსაკუთრებული სიტყვით ამკობდა თავის გმირებს, მაგალითად: „მიზანსაუცდენელი“, „ფეხმარდი“, „თვალსხივოსანი“ და ა.შ, ხოლო კარლეს პუიოლს ზუსტად შეეფერება დიომედესის ეპითეტი - „საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატი!“ დიდ კაპიტანს, რომ უხდება, ზუსტად ისეთი შესატყვისია. გარდა ამისა, ხასიათითაც ძალიან ჰგავს, დიომედესი ის კაცია, რომელიც ბრძოლას, რომ იწყებს, ზომა და წონა აღარ იცის, ჟლეტს და ხოცავს ყველაფერს რაც მის წინ მოძრაობს, ერთ-ერთი ბრძოლისას, ეშხში შესული საერთოდ დაკარგავს თავს, ღმერთს გაეკიდება და დაჭრის! ასეთი კაცი იყო დიდი დიომედესი და ასეთი იყო კარლეს პუიოლიც.

მისი ერთი შემოძახებაც საკმარისი იქნებოდა, რომში, ან ლივერპულში, სირცხვილისგან, რომ თავი დაგვეხსნა.

3. კლუბის ისტორიაში საუკეთესო ცხრიანი

ეს ამბავი სულ მცირე ხნის წინ იყო, „ბარსამ“ „რეალს“ გადაუარა. თანაც მესის გარეშე. ისეთი თამაში იყო, რომ უცბად ყველა შემაყვარა, მათ შორის ბატონი ერნესტო ვალვერდეც. აბა, ამ თამაშის მერე საყვედური ვის დასცდებოდა?!

რამდენიმე ფეხბურთელმა გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ განსაკუთრებით, „ბარსას“ ისტორიაში საუკეთესო ცრხიანი უნდა გამოვარჩიოთ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სამი გოლი შეაგდო. მესის არ ყოფნაში ლიდერობა თავის თავზე აიღო, სწორედ ამიტომ მივიჩნევთ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ცხრიანად, გარდა იმისა, რომ ყველანაირი სილამაზის გოლი აქვს შეგდებული, თან ძალიან ბევრი გაჰქონდა, მარტოც შეეძლო თამაშების მოგება, მესის გარეშეც იგებდა, თანაც დიდ თამაშებს. არ მავიწყდება „ბერნაბეუზე“ განადგურებული „რეალი“, ასევე მესის გარეშე, მხოლოდ ბოლოსკენ გამოვიდა, იქაც სუარესი იყო საუკეთესო, მაგრამ ინიესტას და ნეიმარის წვლილიც ფასდაუდებელი გამოდგა. აი „კამპ ნოუზე“ კი ყველა დაჩრდილა.

ჩვენი დიდი პატივისცემა და სიყვარული მოიპოვა, თანაც ისე, რომ „ატლეტიკოშიც“ ვგულშემატკივრობთ.

2. სამბა

ბრაზილიელ რონალდოს ჰქონდა კარგი შეხვედრები „რეალთან“, მაგრამ დიდად გამორჩეული არც ერთი არ ყოფილა, წასვლა იჩქარა და მერე მხოლოდ „რეალის“ ფორმით თამაშობდა „კლასიკოს“, რონალდინიო და რივალდო როგორც წესი „ბერნაბეუს“ ატერორებდნენ, ჰქონდათ გამორჩეული შეხვედრები „კამპ ნოუზეც“, მაგრამ მათი საუკეთესო „კლასიკოები“ „ბერნაბეუზე“ ჩატარდა. ნეიმარს ასე გამოსარჩევი „კლასიკო“ არასდროს ჩაუტარებია, ყოველთვის ნაწილი იყო წარმატების, ლიდერი არასდროს ყოფილა, ყველაზე კარგი ალბათ ისიც „ბერნაბეუზე“ გამოდგა, ერთადერთი ბრაზილიელი შემტევი, რომელმაც შოუ „კმაპ ნოუზე“ დადგა, რომარიო იყო. კრუიფის „ბარსამ“ 5:0 მოიგო, რომარიომ ჰეთთრიქი შეასრულა, მისი გოლი კი „კლასიკოების“ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ მსგავსი გოლი დღეს გაეტანა ვინმეს, რა სისწრაფით გავრცელდებოდა სოციალურ ქსელებში, როგორ შერაცხავდნენ უცბად ფეხბურთის მეფედ და გვირგვინს თავზე დაამხობდნენ. მაშინაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა, მაგრამ დღევანდელთან შედარებით სასაცილოც კი იქნებოდა.

ყველანაირად უმაღლესი კლასის გოლი იყო. ფინტიც, დარტყმაც.. დახატა! მაგრამ კიდევ ერთი რამ იქცევს ყურადღებას, არ ვიცი ეს ფინტი იქამდე ჩაიფიქრა, სანამ ბურთს მიიღებდა, თუ მას მერე მიიღო უსწრაფესად გადაწყვეტილება, რაც ბურთი ფეხებში მოიგდო. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, ვხვდებით, რომ ძალიან გამორჩეულ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ.

1.მეეე-სიიიი მეეე-სიიიი

როდის მოისმინეთ პირველად ეს შეძახილი? მესის გვარს, რომ სიხარულით წელავენ?! ალბათ იქამდეც უყვირიათ, მაგრამ იმ დღეს განსაკუთრებით კარგად ისმოდა. ლეოს პირველი „კლასიკო“ იყო „კამპ ნოუზე“ და ასეთი ამბები დაატრიალა.

საერთოდ, ძალიან კარგი თამაში გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ „რეალიც“ მარტივად ქმნიდა მომენტებს და მარტივად იტანდა, ეჭვი არ შემპარვია, რომ „ბარსა“ ამ თამაშს მოიგებდა, თუმცა, ტაიმის ბოლოსკენ ოლეგერმა გაგვწირა. ძალიან სულელურად ითამაშა და წითელი ბარათი მიიღო, სწორედ ამან შეცვალა ყველაფერი და შემტევი პირველი ტაიმის შემდეგ, ფრთხილი მეორე ტაიმი ვიხილეთ.

გოლის დროს გააკეთა ის, რაც ახალგაზრდა მესის ახასიათებდა, ბურთით ისე გადაადგილდებოდა, რომ ძნელად გაარჩევდი საერთოდ შეეხო თუ არა, თითქოს მიწეპებული ჰქონდა და უმოკლეს მონაკვეთში ახერხებდა მეტოქის ჩამოცილებას. ამჯერადაც ასე მოხდა, რონალდინიოს პასის შემდეგ, მისმა ინდივიდუალიზმმა გვიხსნა, თანაც ბოლო წუთებზე, ეს იყო დასაწყისი ამ დიდი ისტორიისა და საბოლოოდ „კლასიკოს“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი შეიქნა. ჩამოიტოვა დი სტეფანო, პუშკაში, რაული, სანჩესი და.. ყველა. ყველა და ყველაფერი.

კიდევ არა ერთი გამორჩეული შეხვედრა ჰქონია, აკი ზემოთ ვახსენე, მხოლოდ მესის პერფორმანსებით შეგვიძლია ეს ხუთეული შევავსოთ-მეთქი, მაგრამ ასე ცოტა მოსაწყენი გამოვიდოდა.

მომდევნო მატჩში კი გოლს ველით, დიდი ხანია „რეალისთვის“ არ გაუტანია. თანაც, მოტივირებული ჩანს, ცოტათი ისევ ეტყობა სიბრაზე და იშვიათად იღიმის, მაგრამ ისევ ისეთია, მოედანზე, რომ გადის ყველაფერი უკან რჩება.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #7 24 ოქტომბერი 2020 14:55
    0
    რახან კამპ ნოუს თემაა გასაგებია. სტატიას 10 ქულა. ისე კი ბერნაბეოს 4-0 ში საუკეთესო ინიესტა იყო და არა სუარესი. იდეალური ასისტი 8დეალური გოლი და ნახევარდაცვის სრული ბატონობა. მოდრიჩი გამოიბა და ისე ირბინა. კიდე ბრავო იყო მაგ თამაშში მართლა ბრავო. ბერნაბეოზწ 4-3 იყო ზე თამაში. ყველაზე ცუდი მესიც რაც მ8ნახავს სეზონში და ჩაუჰეთთრიქა. ინ8ს ლამაზი გოლი და წამოკიდებული რამოსი პენალტზე. ვილიას დუბლი კამპ ნოუზწ დაასე შემდეგ
    Culé [?]
    #6 24 ოქტომბერი 2020 12:38
    0
    "/პერფორმასნი" არა იხვი! ქართული თუ არ იცით რა გინდა აქ?!
    გულშემატკივარი [?]
    #5 24 ოქტომბერი 2020 04:31
    1
    ძალიან კარგი სტატიაა ❤️ მადლობები
    წევრი [?]
    #4 23 ოქტომბერი 2020 20:59
    1
    ფეოლა საუკეთესო ხარ!
    წევრი [?]
    #3 23 ოქტომბერი 2020 19:11
    0
    ფეოლა,

    პარდონ, არ დავკვირვებივარ😂❤️
    მწერალი [?]
    #2 23 ოქტომბერი 2020 16:55
    0
    ციტატა: NeymardaSilva
    რონალდინიოსი უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით 2 სასწაული გოლი რო გაიტანა და მთელი ბერნაბეუ ტაშს უკრავდა...


    წერია, რომ მარტო "კამპ ნოუზე" ჩატარებული თამაშებია.
    მაგას რა დამავიწყებდა?! : )
    წევრი [?]
    #1 23 ოქტომბერი 2020 16:43
    0
    რონალდინიოსი უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით 2 სასწაული გოლი რო გაიტანა და მთელი ბერნაბეუ ტაშს უკრავდა...