როდესაც ბოგანო ყმაწვილმა, გვარად კრუიფმა, “აიაქსის” პირველ გუნდში ვარჯიში დაიწყო, ბევრი ფეხბურთელი მას უკვე წლობით იცნობდა. ბიჭი ამსტერდამის აღმოსავლეთით მდებარე უბნის კლუბის “აიაქსის” პატარა სტადიონიდან სულ რაღაც ას მეტრში ცხოვრობდა და იზდებოდა. ის ოთხი წლიდან გუნდის გასახდელთან დაყიალობდა, ყველას ფეხებში ედებოდა. და აი, ასეთი ნაცნობობის მიუხედავად, დიდმა ფეხბურთელებმა გაოცებისგან პირი დააღეს: არა, ისინი ახალი თანაგუნდელის განსაკუთრებულმა ოსტატობამ კი არ მოხიბლა, მისმა გაუთავებელმა ტლიკინმა გააკვირვა.
ბოგანო ყმაწვილი კრუიფი ბურთის ფლობის დროსაც კი არ ჩერდებოდა და თანაგუნდელებს ლექციას უკითხავდა. ის უფროსებსაც კი ასწავლიდა, საით უნდა გაქცეულიყვნენ და რა უნდა გაეკეთებინათ. საინტერესო კი რა არის იცით? ის, რომ მართალი გამოდგებოდა ხოლმე.
თუ ფეხბურთელობის დროინდელი კრუიფი არ გინახავთ, წარმოიდგინეთ კაცი ბურთი, რომელსაც გარს მოწინააღმდეგეები აჰკვრიან, მას კი დირიჟორივით ხელი აქვს გაშვერილი და ყველა მიმართულებით მიუთითებს. რაც უნდა ხდებოდეს გარშემო, ის თანაგუნდელებისთვის (პლუს მსაჯისთვის, თანამსაჯისთვის და მწვრთნელისთვის) ჭკუის სწავლებას ასწრებს, მაგრამ უკაცრავად დირიჟორის ხელი სადღაც ქრება და ის ელვის სისწრაფით გარბის სადღაც, დაბნეული მცველები უკან რჩებიან. კრუიფს ოცდაათ წელს გადაცილებულაც კი შეეძლო ეგრეთ წოდებული “სპრინტი სპრინტის დროს” ანუ ააჩქარების შემდეგ კიდევ უფრო მეტი აჩქარება. და კიდევ, მას ბურთის დარტყმა ფეხის ნებისმიერი ადგილით შეეძლო, რითის მოწინააღმდეგეს მოულოდნელობით თავზარს სცემდა.
მაგრამ კრუიფი მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ დიდი ფეხბურთელი. პელეს და მარადონასგან განსხვავებით ის საფეხბურთო მოაზროვნეც გახლდათ. როგორ გითხრათ, ედისონიც თავად იყო და ნათურაც. შეუძლებელია სხვა ფეხბურთელის დასახელება, რომელიც ერთდროულად ბრიტანულ ფეხბურთსაც თამაშობდა და ბრაზილიურსაც. მან დროს გაუსწრო და მწვრთნელთან, რინუს მიხელსთან ერთად გამოიგონა ჰოლანდიური ფეხბურთი. ის, რასაც დღეს ჰოლანდიის ნაკრები და “ბარსელონა” თამაშობენ, სხვა არაფერია თუ არა მოდოფიკაცია იმისა, რაც ამ ორმა კაცმა 1960-იან წლების შუაში მოიფიქრა. სხვათა შორის, ჰოლანდიელები ახლაღა იწყებენ კრუიფის გავლენიდან გამოსვლას.
იოჰან კრუიფი, 1947 წლის 25 აპრილს დაიბადა. მამამისი მანუსი საბაყლოში მუშაობდა, თუმცა “აიაქსს” ხილით ამარაგებდა. პატარა იოჰანი ფაქტობრივად კლუბში იზრდებოდა. 1950-იან წლებში “აიაქსს” ინგლისელი მწვრთნელები კით სპურჯიონი და ვიკ ბაკინგემი ედგნენ სათავეში, რომლებიც ბავშვს ხშირად შინ საჭმელად პატიჭობდნენ და სწორედ იქ ისწავლა მომავალმა ვარსკვლავმა სრულყოფილი ინგლისური. ნუ გაგიკვირდებათ და, მისი ინგლისური დღესაც გაცილებით სრულყოფილია, ვიდრე მისი ესპანური და… ასე განსაჯეთ ჰოლანდიურიც კი. “მე საფუძვლიანი განათლება არ მიმიღია” – იგონებდა მოგვიანებით კრუიფი – “ყველაფერი პრაქტიკაში ვისწავლე, მათ შორის ინგლისურიც”.
იოჰანი ჯერ კიდევ პატარა ბავშვი იყო, როდესაც მანუსმა ვაჟს შეხედა და თქვა, დადგება დღე, როდესაც ეს ბავშვი 10.000 გირვანქა სტერლინგი ეღირებაო. სამწუხაროდ, მამა ვაჟის წარმატებას ვერ მოესწრო – იოჰნი 12 წლის იყო, ის რომ გარდაიცვალა. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს დღე ბიჭის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გამოდგა. მამის სიკვდილმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში – დღესაც, ათწლეულების შემდეგ, როდესაც იოჰან კრუიფი საღამოობით ბარსელონის სახლის სამზარეულოში მარტო რჩება საკუთარ თავთან, ის მანუსის სულს ელაპარაკება.
ასე დარჩა უმამოდ დარჩენილი ბავშვი ბეხბურთის გუნდის გასახდელში უფროსებს შორის… რასაკვირველია, პატარაობიდანვე თავში ხელის აყვანა მართებდა. ორჯერ უფრო მეტად, ვიდრე სხვებს. სწორედ ასეც იქცეოდა. ამბობენ, კრუიფის გაამარჯვების მოთხოვნილება სისხლსა და ხორცში ისე გაუჯდა, რომ “მონოპოლის” თამაშის დროს საკუთარ შვილებსაც კი ატყუებდაო.
“აიაქსში” კრუიფის სადებიუტო შეხვედრა კლუბ GVAV-სთან 3:1 მარცხით დასრულდა. ეს შეხვედრა იმითაც არის საინტერესო, რომ იმ დროინდელ ჰოლანდიურ პრესაში მისი უცნაური გვარი სხვადასხვანაირად არის მოხსენიებული. თუმცა, ერთი ხნის განმავლობაში 17 წლის იოჰანს სტუმრად არ დაატარებდნენ. დედამისი, რომელიც “აიაქსის” სტადიონზე დამლაგებლად მუშაობდა, იგინებს, რომ მხოლოდ საშინაო შეხვედრებში მონაწილეობა მისი ვაჟისთვის უფრო უსაფრთხო იყო.
მაშინდელი “აიაქსი” დღევანდელსი არ უნდა აგვერიოს. ეს გუნდი მაშინ ნახევრად პროფესიული გაერთიანება უფრო იყო. აქ, მხოლოდ აღმოსავლეთ ამსტერდამელი ბიჭები თამაშობდნენ, თუმცა კრუიფის დებიუტიდან ორი თავის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა, ცვლილებები კი იმით დაიწყო, რომ 1965 წლის 25 იანვარს, კლუბის ბაზას ყრუ ბავშვთა ფიზკულტურის მასწავლების რინუს მიხელსის “შკოდა” მიადგა. ის გინდის ახალი მწვრთნელი გახლდათ და მას გიჟური იდეა აწუხებდა: “აიაქსის” უმაღლესი დონის საერთაშორისო კლუბად გადაქცევა ქონდა განზრახული. ზუსტად ასეთივე ამბიციით გახლდათ შეპყრობილი ბოგანო ყმაწვილი.
ექვს წელიწადში მათ ოცნება აიხდინეს. სტილს, რომელიც ამ ორმა ადამიანმა დაამკვიდრა. “ტოტალური ფეხბურთი” ეწოდა.
“ჩვენ ეს ტერმინი არასდროს გამოგვიყენებია. ის იგლისურიდან მოდის”, – ამბობს მაშინდელი “აიაქსის” მარჯვენაფლანგელი გარემარბი სიააკ სვარტი. მაინც რა იყო “ტოტალური ფეხბურთი”? იგი ბურთის სწრაფი, ერთი სეხებით გადაწოდებისგან შედგებოდა. ფეხბურთელები უკეთესი პოზიციის ძებნაში განუწყვეტლივ მოძრაობდნენ. ყველას გამთამაშებელივით მოეთხოვებოდა აზროვნება. მეკარეც განიხილებოდა, როგორც გუნდის წევრი, რომელიც შეტევებს იწყებს – ფეხბურთელი ხელთათმანებით თუ რაღაც ამდაგვარი. გარემარბები და განაპირა მცველები თამაშს მაქსიმალურად შლიდნენ სიგანეზე. აი, პირადად კრუიფს კი ყველგან გადაადგილების უფლება ჰქონდა და შეეძლო მთელი ორკესტრისთვის ეხელმძღვანელა.
“ტოტალური ფეხბურთი” მსოფლიომ პირველად 1966 წელს შეამჩნია, როდესაც “აიაქსმა” “ლივერპულს” 5-1 მოუგო. მანამდე ასეთი თამაში არავის ენახა.
რასაკვირველია, კრუიფსა და მიხელსს გაუმართლათ კიდეც. უცნაური დემოგრაფიული დამთხვევების გამო აღმოსავლეთ ამსტერდამში გაზრდილი ბიჭების უმეტესობა ფეხბურთს ჩინებულად თამაშობდა და ბევრი მართლაც გახდა ვარსკვლავი. მაგალითად, ზოზინა ბავშვი პიტ კაიზერი საუცხოო მარცხენა ფლანგელად ჩამოყალიბდა, ამსტერდამელ აჯანყებულ ახალგაზრდათა გმირი კუკი კროლი ჩინებულ მცველად, რომელსაც ფეხბურთელლობისას უკვე რუდს ეძახდნენ, ხოლო ომს გადარჩენილ იშვიათ ებრაელთაგან ერთ-ერთი, ზემოხსენებული თავდამსხმელი სიააკ სვარტი მამან “აიაქსის” ბაზაზე ველოსიპედის უკანა სკამზე შემომჯდარი მიიყვანა. მაგრამ მთელ აღმოსავლეთ ამსტერდამსი არავინ მოიძებნემოდა კრუიფზე თვითნაბადი. მისმა ბიოგრაფმა ნიკო შიპმეიკერმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ჩვეულებრივის დიდი ფეხბურთელები ორი ფეხით თამაშობდნენ, კრუიფი კი “ოთხფეხა” გახლდათ: მართლაც საეჭვოა, მის გამოჩენამდე ვინმეს ტერფის გარე მხრით ისე დაერტყა ბურთი, როგორც ამას ჰოლანდიელი ახერხებდა. გარდა ამისა, კრუიფი გამოირჩეოდა ბურთის საოცრად სწრაფად გადამაშებით. “კარგი იქნებიდა სხვები სხარტ მოქმედებებში ამყოლოდნენ. ჩემდა სამწუხაროდ ისინი ყოველთვის იგვიანებდნენ” – ამბობდა დიდი ჰოლანდიელი და დასძენდა, რომ მისთვის ყველაფერზე მთავარი აზროვნების სისწრაფე გახლდათ. სხვათა შორის, კრუიფი დღემდე იმეორებს, რომ სისწრაფე იმ მომენტის ზუსტი შერჩევაა, როდესაც მოძრაობა უნდა დაიწყო, ხოლო თავად ფეხბურთი გახლავთ თამაში, რომელსაც უპირველეს ყოვლისა, გონება სჭირდება.
კარიერის განმავლობაში ჰოლანდიელი ყველაფერს კრიტიკულად თვალით უყურებდა. ის ტრადიციებს არად დაგუდევდათ. “მარსიდან ჩამოსულს” ბევრ რამეზე ასე უყვარდა თქმა: “დიახ, ხალხი ყოველთვის ასე აკეთებდა, მაგრამ ეს დიდი შეცდომაა”.
და რომელია იოჰან კრუიფის ყველაზე ლამაზი გოლი? ეს ყოველთვის კამათის საგანი გახლდათ. მაგალითად, ვინ იცის, რომ ერთხელ “აიაქსი” რომელიღაც სამოყვარულო გუნდს ეთამაშებოდა და ამ შეხვედრას ერთი ტელეკანერაც არ იღებდა, როდესაც მეკარესთან პირისპირ შესული კრუიფი მოტრიალდა და თავისი ნახევრისკენ გამოიქცა. უკვე კარგა შორს გამოსული გოლკიპერიც გამოედევნა და… სადღაც შუა მოედნამდე მისული მიხვდა, რომ ბურთი კრუიფს აღარ ჰქონდა – ისე, რომ მის უწყვეტ მოძრაობას არაფერი დასტყობია, ქუსლი დაერტყა და გოლი გაიტანა.
იოჰან კრუიფი მარტო თავის თამაშზე როდი იღებდა პასუხისმგებლობას. მიხელსი მას ყმაწვილ კაცობიდან უმეორებდა: ” თუ თანაგუნდელი შეცდა, იცოდე შენი ბრალია, რადგან გუნდი ამ შეცდომისგან შენ უნდა დაგეზღვია. მოგვიანებით, ფრანკ რაიკაარდი, რომელმაც ერთი მხრივ კრუიფთან ერთად ბურთის გაგორებაც მოასწრო და, მეორე მხრივ, მარადონას წინააღმდეგაც ბევრჯელ უთამაშია, ამბობდა: “დიეგოს მარტოს შეეძლო თამაშის მოგება, მაგრამ მას არ ჰქონდა კრუიფის უნარი, ძირ ფესვიანად შეეცვალა მთელი ტაქტიკა და გუნდთან ერთად მიეღწია წარმატებისთვის”.
იოჰან კრუიფი თავის დროის შვილი გახლდათ. ფრანც ბეკემბაუერის თუ 1968 წელს პარიზის ქუჩებში გამოსული სტუდენტების მსგავსად ომის შემდგომი თაობის ახალგაზრდას ერთი სული ჰქონდა თუ როდის ჩაიგდებდა ხელთ ძალაუფლებას. აი, მაგალითიც: კრუიფამდე ჰოლანდიელი ფეხბურთელები თავად აკაკუნებდნენ კლუბის პრეზიდენტის კარზე და კითხულობდნენ, რა გასამრჯელოს დაუნიშნავდა მათ იგი. კრუიფმა კი ყველაფერი ყირაზე დააყენა: ერთ მშვენიერ დღეს “აიაქსის: ბაზაზე თავისი სიმამრი კორ კოსტერი მიიყვანა და გამოაცხადა, რომ ამიერიდან მისი ხელფასის შესახებ ეს კაცი აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
კრუიფმა “აიაქსში” ყველა ჭკუაზე გადაიყვანა. ის მშობლიურ ჰოლანდიურს მუდამ თავისი მუშური აქცენტით და მხოლოდ მისთვის გასაგები გრამატიკით ლაპარაკობდა. ერთხელ მან ისიც მოახერხა, რომ საკუთართავზე მეორე! პირში ილაპარაკა: “ყველაზე ცუდი ის არის, რომ შენ ყოველთვის ყველაფერი სხვაზე უკეთესად იცი. ამიტომაც ყოველთვის ლაპარაკობ და სხვებს უსწორებ” – უამბო ვიღაცას.
კრუიფი ყოველგვარი ჩარჩოდან მართლაც იმდენად ამოვარდნილი პიროვნება იყო, რომ მიხელსმა მის “ამოსახსნელად” ორი ფსიქოლოგი დაიქირავა. საინტერესოა, რომ მათთან საუბარი ვარსკვლავსაც არ ეზარებოდა. ერთმა მათგანმა დოლფ გრუნვოლდმა კრუიფის რაობა მამამისის ფაქტორით ახსნა: “ის გარშემო ყველა ავტორიტეტს უარყოფს, რადგან მათ ქვეცნობიერად მამას ადარებს. ის მიხელსსაც აღიქვამს როგორც კაცს, რომელსაც მამამისისავით სრულყოფილი ვერ არის. ასე რომ არ იყოს, “აიაქსს” გაცილებით უკეთესი შედეგები ექნებოდა”.
გრუნვოლდი ამტკიცებდა, წინააღმდეგობა კრუიფს ანერვიულებდა და ენერგიული ლაპარაკის ხასიეთზე აყენებდა, მისი იდეების გათვალისწინება კი ამშვიდებდა.
“ასეთ დროს მასში ყველაფერი ისცლება. ხმა ურბილდება. რაღაცას ეყრდნობა, ჯდება ან წვება, თვალებს ხუჭავს, ცოტას ლაპარაკობს”.
შემდეგ, მიხელსმა გრუნვოლდი დაითხოვა და მის ადგილზე ახალი ფსიქოლოგი როლფ ზევენი მიიყვანა, რომელმაც კრუიფი სოფაზე წამოაწვინა და სიმამრზე დაუწყო ლაპარაკი… იგი კრუიფის პიროვნების საიდუმლოს სიმამრში ეძებდა.
და ვინ იცის, იქნებ სწორედ ბსიქოლოგიურმა ჩხრეკამ მოიტანა კარგი შედეგი: 1971-1973 წლებში “აიაქსმა” ზედიზედ სამჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონთა თასი. უბნის გუნდმა, რომლის სტადიონი ინგლისში მხოლლოდ მეორე ლიგის წარმომადგენლებს თუ დააკმაყოფილებდა, რომელსაც არასდროს არაფრისთვის მიეღწია და რომელიც იმ ქვეყნიდან გახლდათ, მსოფლიო საფეხბურთო რუკას საერთოდ რომ არ ეტყობოდა, ისტორია შეცვალა. შეცვალა და… აირია. 1973 წელს “აიაქსი” ერთ-ერთ სასტუმროში შეიკრიბა, კაპიტანი რომ აერჩია. ფეხბურთელების უმრავლესობამ (კრუიფის რეფორმებამდე ფეხბურთელებს ამას არავინ ეკითხებოდა) კაიზერი დაასახელა. განაწყენებული კრუიფი “ბარსელონაში” გადავიდა და… როგორც ფეხბურთელს საერთაშორისო ჯილდო აღარც მოუგია.
სატრანსფერო თანხა, რომელიც “ბარსელონამ” კრუიფში გადაიხადა, უზარმაზარი გახლდათ – 5 მილიონი გულდენი ანუ 1 მილიონი დოლარი. ესპანეთის სახელმწიფოსთვის ფეხბურთელში ასეთი თანხის გადახდა სრულიად წარმოუდგენელი რამ გახლდათ და ამიტომაც “ბარსელონას” მისი სასოფლო სამეურნეო მოწყობილობების შეძენაში რაღაცნაირად ჩართულ კომპონენტად გაფორმება მოუხდა.
იმ სეზონში “ბარსელონამ” ჩემპიონის ტიტული მოიგო, რაც მთელი 14 წლის განმავლობასი ვერ მოეხერხებინა. სადებიუტო შეხვედრაში კრუიფმა 2 გოლი გაიტანა. ზაფხულზე კი 1974 წლის მსოფლო ჩემპიონატზეც გაიბრწყინა.
ჰოლანდიის იმ დროინდელი ნაკრები დიდწილად იოჰან კრუიფის შემოქმედების ნაყოფი გახლდათ. სწორედ გუნდის კაპიტანმა იოჰან კრუიფმა უთხრა ნახევარ მცველ არი ჰაანს, რომ ის ლიბეროს პოზიციაზე უნდა გადასულიყო. “გაგიჟდი”? – შეიძახა მაშინ ჰაანმა, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ კაპიტანს დიდებული აზრი მოსვლია. დიდ ასპარეზზე მისი გამოყვანილი გახლდათ თავდამსხმელი ჯონი რეპიც. რამდენჯერ ყოფილა, რომ “აიაქსმა” თამაშის დროს კრუიფს მოედნიდან დაუძახია : “სასწრაფოდ, რეპი გახურდეს!” 1974 წლის ზაფხულზე იოჰან კრუიფმა ფეხბურთში საუკეთესო თვე გაატარა. სწორედ იმ თვეში ნახა იგი მთელმა მსოფლიომ. სწორედ მაშინ გაიცნო დედამიწამ მისი დამკვიდრებული სტილი. ძალიან ბევრს, დღემდე, კრუიფი მხოლოდ ამ ერთადერთ შეჯიბრებაში, დასავლეთ გერმანიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჰყავს ნანახი. მუნდიალზე ის ნომინალურად ცენტრალური თავდამსხმელი იყო, თუმცა თამაშების მსვლელობისას ყველგან მოქმედებდა. თუ საჭირო იყო, მარცხენა ფრთაზე გარემარბივით ჩაიქროლებდა და მარცხენა ფეხის გარე ტერფით ჩააწვდიდა ბურთს საჯარიმოში. ხანდანან, ნახევარდაცვაში ჩაირბენდა და მეტოქის ცენტრალურ მცველებს სამეურვეო ჰაერს დაუტოვებდა. ხშირად, დაცვისკენ ჩაირბენდა, თანაგუნდლებს დავალებას მისცემდა და ისევ წინ გარბოდა.
იმ ჩემპიონატის ნახევარფინალსი ჰოლანდიამ ბრაზილია დამარცხა, მაგრამ, შემდეგ ყველაფერი ყირაზე დადგა. ფინალის წინა დღეს გერმანულ ტაბლოიდ “ბილდში” დაიბეჭდა წერილი სათაურით “კრუიფი, შამპანიური, და შიშველი გოგოები”. სტატიის ავტორი ამტკიცებდა, რომ ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელებნა სასტუმროს ნომერში დიდი ზარზეიმი მოაწყვეს. შედეგად, ფინალის წინაღამე კრუიფმმა თითქმის მთლიანად ტელეფონთან გაატარა. ცოლს, დენის არწმუნებდა, წერილში ყველაფერი მონაჩმახი იყო. ეს დიდი დარტყმა გახლდათ ადამიანისთვის, რომელმაც მამის დაღუპვის შემდეგ ოჯახს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა და ყველა ღონეს ხმარობდა, რათა მისი ოჯახი განსაკუთრებული სიმყარით გამორჩეულიყო. დიახ, კრუიფი აშკარად განსხვავდებოდა ჯორჯ ბესტისგან. როგორც მისი ძმა ჰენი ამბობს, სწორედ ცოლთან ღამეული საუბრის გამო ითამაშა იოფანმა ფინალი ჩვარივით. “მამა ასე ადრე რომ არ გარდაცვლილიყო, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა” – ამტკიცებს ჰენი.
არადა , ფინალის პირველ წუთზე კრუიფი სულაც არ იყო ჩვარივით – ბურთი მიიღო და მოწინააღმდეგეს კარს შეუტია. საჯარიმოს კიდესთან იგი წააქციეს, ვულვერჰემპტონელმა ყასაბმა და მსაჯმა ჯეკ ტეილორმა შეცდომით პენალი დანიშნა, აი , ამ მომენტის შემდეგ კი დიდი ჰოლანდიელი ჩაიკარგა. რატომღაც თავის ნახევარს მიეჯაჭვა და ბერტი ფოქსს თავის “ამოკეტვის” საშვალება მისცა. იმ შეხვედრაში ფოქსს უფორ მეტი სახიფათო მომენტი ჰქონდა, ვიდრე კრუიფს. საბოლოოდ გერმანელებმა 2-1 მოიგეს. მატჩის შემდგომ კი ნიდერლანდების დედოფალმა ჯილიანამ თავის ფეხბურთელებს მიღება მოუწყო, სადაც კრუიფმა… გადასახდელების შემცირება სთხოვა.
შემდეგი ოთხი წელისადი კი ვაგლახ, კრუიფმა “ბარსელონაში” უსახურად გაატარა. მან დიდი ჯილდოები ვერ მოიგო, ნერვიული სტრესი ჰქონდა, ბოლოს კი თქვა, თუ ფეხბურთის თამაში სიამოვნებას აღარ განიჭებს, ვერანაირ ზეწოლას ვერ გაუძლებო და ხელი ჩაიქნია. 1978 წელს 31 წლის იოჰან კრუიფმა ბურთაობას თავი დაანება. ბევრი ცდილობდა მისი მუნდიალზე წაუსვლელობა მაშინდელი არგენტინს სამხედრო ხელისუფლებისადმი პროტესტით აეხსნა, მაგრამ პოლიტიკა აბსოლიტურად არაფერ შუაში იყო. ასეთ დროს მოკლედ და დიპლომატიურად იტყვიან – ვიღაცა რაღაღაცას “ოჯახური მიზეზების გამო” გამოაკლდაო. ასე იყო კრუიფის საქმეც.
გამოსათხოვარ მატჩში 1978 წლის ოქტომბერს გაიმართა “აიაქსი” “ბაიერნის” შეხვედრა. “აიაქსმა” 8:0 წააგო… და ღორების ფერმა რომ არა, დიდი კრუიფის საფეხბურთო კარიერა ასე შავად დამთავრდებოდა, მაგრამ ფერმამ ზოგი რამ შეცვალა. ფერმა რა შუაშია? საქმე ის გახლდათ, რომ იოჰანმა და მისმა მეიუღლემ დენიმ ბარსელონაში ვინმე მიხაელ თუ მიშელ ბაზილევიჩი გაიცნეს. რუსული წარმოშობის ფრანგმა თაღლითმა წყვილს ღორების ფერმაში დიდი ფული ჩაადებინა და მთელი თანხა დააკაარგვინა. არადა, ეს ბაზილევიჩი ფრიად ეფექტური ვინმე ბრძანდებოდა. დენი ამბობდა, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კაცი ოყოო. თურმე ბარსელონას ქუჩებში დაქირავებული “როლს როისით” დასროალებდა.
ერთი სიტყვით, კრუიფმა ფული დაკარგა და… ასე ხომ არ დარჩებოდნენ, შემდეგ რაც ხალხმა იოჰანის შესახებ შეიტყო ის გახლდათ, რომ იგი ჯერ “ლოს ანჯელეს აცტეკში”, შემდეგ კი “ვოშინგტონ დიპლომატსში” აგორებდა ბურთს. რას იზამ, ძალიან უყვარდა ფული. ეს გახლდათ დამოკიდებულება კაცისა, რომელიც ბავშობაში უბულოდ იზრდებოდა. და კიდევ, ამერიკაში ის მოხიბლა იმან, რომ ვერავინ ცნობდა და დიდ ჰოლანდიელს ფეხბურთი თავიდან შეუყვარდა.
აქ, ნება მოგვეცით კრუიფის ამერიკული კარიერის დეტალები გამოვტოვოთ, თუმდა მაინც გვინდა ერთი ამბავი გავიხსენოთ. ეს გახლავთ მისი და ფლორიდელი ავტუბუსის მძღოლის ისტორია. მაშინ ის “დიპლომატსში” თამაშობდა. გუნდი სავარჯიშოდ ფლორიდაში ჩავიდა და ავტობუსით საწვრთნელი ცენტრისკენ გაეშურა, მაგრამ… მძღოლს გზა აებნა. და როგორ ფიქრობთ რა გააკეთა სხვებისთვის ჭკუის სწავლებით ცნობილმა იოჰან კრუიფმა ქალაქში, რომელსაც არ იცნობდა? მძღოლს გვერდით მიუჯდა და კარნახი დაუწყო. მერე? რასაკვირველია თქვენ გამოიცანით. კრუიფის კარნახით ავტობუსი ზუსტად მიადგა დანიშნულების ადგილს. შემდეგ კი გარიკვა, რომ ასეთი რამ მას პირველად არ გაუკეთებია. თურმე ნუ იტყვით და უცხო ქალაქებში ხშირად მიუთითებია ტაქსის მძღოლისთვის სწორი გზა.
1981 წელს კრუიფი “აიაქსში” დაბრუნდა. უნდა ითქვას, რომ სამშობლოში ის მაინცდამაინც არასდროს არ ყვქრებიათ, ცხვირ აბზუებილს და ფულის ხამს ეძახდნენ. ჰოდა 34 წლისას, მთელი კარიერა უკვე მოვლილი რომ ჰქონდა და ძველებურად აღცრც ჯანი მოსდევდა, აბა, ვინ ჩაიხუტებდა? ცხადია, ყველას ეჭვი გაუჩნდა, რომ კრუიფი ამსტერდამში ფულისთვის დაბრუნდა, მაგრამ იგი სწორედ იმიტომაც გახლდათ ჯადოქარი, რომ თავის სასიკეთოდ შემოეტრიალებინა. მთელი სამი წლის განმავლობაში იმ თამაშზე, სადაც კრუიფი უნდა გამოსულიყო, ტრიბუნებზე ნემსის ჩასავარდნი აღარ რჩებოდა.
ის 30-50-მეტრიან პასებს არიგებდა და მუდმივად ტელეკამერების ყურადღების ცენტრში იყო. :აიაქსში” კრუიფმა ზედიზედ ორჯერ მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონის ტიტული, ხოლო 36 წლისა “ფეინოორში” გადაბარგდა და იქაც ჩემპიონი გახდა. ეს გახლდათ მისი ბოლო სეზონი.
ავტორი: ილია მამულაშვილი
წყარო: ჟურნალი “ათიანი”