ედგარ დავიდსი, თავისი გამორჩეული დრედებითა და დამცავი სათვალეებით, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და უშიშარი ნახევარმცველია. მან სახელი გაითქვა ევროპის უმაღლესი დონის კლუბებში თამაშითა და ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში გამოსვლით. მაგრამ ის განსაკუთრებით შთამბეჭდავი გახდა იმით, რომ მწვავე დაავადების მიუხედავად, უმაღლეს დონეზე თამაში განაგრძო.
ადრეული ცხოვრება და სურინამული ფესვები
ედგარ სტივენ დავიდსი 1973 წლის 13 მარტს სურინამის დედაქალაქ პარამარიბოში დაიბადა. მისი ოჯახი ნიდერლანდებში გადავიდა, როგორც ბევრი სურინამელი იმ პერიოდში, უკეთესი ცხოვრების ძიებაში. ის ამსტერდამის რაიონ Nieuw-West-ში გაიზარდა, სადაც ბავშვობიდანვე გამოავლინა ფეხბურთისადმი დიდი სიყვარული.
დავიდსი თავდაპირველად ადგილობრივ საფეხბურთო კლუბებში თამაშობდა, სანამ “აიაქსის” აკადემიაში მოხვდებოდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება ტალანტების აღზრდაში. სწორედ აქედან დაიწყო ედგარის პროფესიული კარიერა. მისი ტექნიკური შესაძლებლობები და მებრძოლი ხასიათი მალე შესამჩნევი გახდა, რის გამოც “აიაქსის” მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა მას მეტსახელად “პიტბული” უწოდა.
კარიერის დასაწყისი — აიაქსი და პირველი წარმატება
დავიდსის პროფესიონალური დებიუტი “აიაქსში” 1991 წელს შედგა, როდესაც ის 18 წლის იყო. ის მალევე გახდა გუნდის საკვანძო მოთამაშე და 1995 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა ისეთი ვარსკვლავების გვერდით, როგორებიც იყვნენ კლარენს ზეედორფი, პატრიკ კლუივერტი და მარკ ოვერმარსი. ამ შემადგენლობის “აიაქსი” ერთ-ერთი საუკეთესო იყო მთელ ევროპაში.
ბარსელონა —გადამწყვეტი ცვლილება სეზონის შუაში
მარჩელო ლიპისთან არსებული დაძაბულობის ფონზე, დავიდსს სულ უფრო უჭირდა ტურინის „იუვენტუსის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება. 2004 წლის იანვარში, სეზონის შუაში, ედგარ დავიდსმა პიემონტური გრანდის რიგები დატოვა და იჯარის წესით “ბარსელონას” შეუერთდა. იმ პერიოდში კატალონიური კლუბი სერიოზულ კრიზისში იმყოფებოდა ლა ლიგაში, მაგრამ დავიდსის მისვლამ ბევრი რამ შეცვალა. მისმა ენერგიულმა და მებრძოლმა თამაშმა გუნდის სტაბილურობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. მიუხედავად იმისა, რომ დავიდსმა მხოლოდ ნახევარი სეზონი გაატარა კლუბში, “პიტბულის” გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ ბევრი ფანისა და ექსპერტის აზრით, სხვა ფეხბურთელებთან ერთად, მისი როლიც ძალიან დიდია “ბარსელონას” 2000-იანი წლების აღზევების დასაწყისში.
ეროვნული ნაკრები — “ნარინჯისფერი” მებრძოლი
ედგარ დავიდსმა ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში 74 მატჩი ჩაატარა. მისი დებიუტი 1994 წელს შედგა. ედგარმა მონაწილეობა მიიღო რამდენიმე დიდ ტურნირში: ევრო 1996, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და ევრო 2000. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი გამოსვლა 1998 წლის მუნდიალზე, სადაც ნიდერლანდები ნახევარფინალამდე მივიდნენ და პენალტების სერიაში ბრაზილიასთან დამარცხდნენ.
დავიდსი გუნდის ბალანსისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო — მებრძოლი, ძლიერი და შეუპოვარი. მიუხედავად ზოგიერთი კონფლიქტისა (მაგალითად, 1996 წლის ევროს დროს მწვრთნელთან დაპირისპირება და ნაკრებიდან გაშვება), ის მაინც დარჩა ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ ფეხბურთელად ნიდერლანდების ისტორიაში.
გლაუკომა — ბრძოლა დაავადებასთან
ედგარ დავიდსის კარიერის ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ნაწილი იყო მისი ბრძოლა თვალის დაავადებასთან — გლაუკომასთან. მას აღნიშნული დაავადება 1999 წელს დაუდგინდა. გლაუკომა იწვევს მხედველობის დაკარგვას, ხოლო მკურნალობის გარეშე — სიბრმავესაც კი. ოპერაციის შემდეგ, დავიდსს თამაშის დროს სპეციალური დამცავი სათვალე ეკეთა, რომელიც მალე მისი სავიზიტო ბარათი გახდა.
ედგარ დავიდსის ისტორია არის სიძლიერის, შეუპოვრობისა და სპორტული ვნების მაგალითი. სურინამიდან დაწყებული გზა “აიაქსის”, “იუვენტუსის”, “ბარსელონასა” და ეროვნული ნაკრების გავლით — ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ მიზანდასახულობა და თავდადება ყველაფერს აღემატება. მიუხედავად გლაუკომისა და კარიერული დაბრკოლებებისა, ედგარ დავიდსი დარჩა ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ და გამორჩეულ ფიგურად.
შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, თბილისს “ბარსელონას” ლეგენდების გუნდი ეწვევა, რომელთა რიგებშიც ედგარ დავიდსიც იასპარეზებს. “ბარსელონა” საქართველოს ნაკრების ლეგენდებს დაუპირისპირდება, მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა კი, tkt.ge-ზე შეგიძლიათ: https://tkt.ge/event/469834/legendebis-seria-geo11-vs-barca-legends
ხო მასავით ცხოველია.
სურინამი ყოფილი ნიდერლანდების კოლონია. ენაც კი ერთი აქვთ.
ბოლოს როცა ბარსა საქართველოსთან გადაიკვეთა ტრებლი დავდეთ იმ სეზონში, ახლა ლეგენდები ჩამოდიან და თან ესპანეთს გარეთ პირველი ოფიციალური მაღაზიაც გაგვიხსნეს, თან საქმე ისე მიდის ორ დარჩენილ ტურნირზეც ფავორიტები ვართ ჯერ-ჯერობით, ეს ისე, არ მინდა წინასწარ ვთქვა მაინც რამე
გავი მაგონებს ძალიან თამაშის სტილით დავიდსს
ამ კაცის ბარსაში ტრანსფერი ძაამ რენდომი იყო😀