რეალ მადრიდი-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

რეალ მადრიდი-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

  • თამაშის დრო: კვირა, 16 ოქტომბერი, 18:15

დღეს ისეთი თამაში გვაქვს, რომელიც ან აგვაშენებს, ან დაგვაქცევს. თუ მოვიგებთ, დავამტკიცებთ, რომ ისევ ცოცხლები ვართ და უმაღლეს დონეზე თამაში საჩემპიონთალიგო კრახის მიუხედავად შეგვიძლია. თუ წავაგებთ, დიდი დარტყმა იქნება და გუნდი მორალურად ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავარდება. ფრე? სიმართლე გითხრათ, დღეს ფრეს არ ველი. დღეს გუნდები ისეთ მდგომარეობაში არიან, მგონია, თანაბარ თამაშში "რეალ მადრიდი" მოიგებს, ხოლო თუ ჩვენ გვინდა მოგება, მეტოქეზე უკეთ უნდა ვითამაშოთ. და მაინც თუ ფრე მორჩა, ეს აშკარად ჩვენ აქტივში ჩაიწერება, რადგან ლიდერობას შევინარჩუნებთ და ვაჩვენებთ, რომ მორალურად განადგურებულებსაც კი შეგვიძლია, ტოპ გუნდებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

წინა სეზონში მადრიდში გასეირნებას ასეთი მნიშვნელობა არ ჰქონია. "ბარსა" არც ჩემპიონობისთვის იბრძოდა და არც გუნდის მორალური მდგომარეობა იყო გადასარჩენი. თუ დღეს მოვიგებთ, ეს უფრო დიდი მნიშვნელობის გამარჯვება იქნება, ვიდრე შარშან მოგება. ალბათ იმიტომაც, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" 4-0 მოგება სულაც არ გვიკვირს.

სათამაშო ფორმა

დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როგორც "ინტერთან" მატჩის წინ - ბოლო დროს არცერთი გუნდი ბრწყინავს, მაგრამ რა შედარებაა...

"ბარსელონას" სანაკრებო პაუზის შემდეგ ჯერ ერთი კარგი თამაშიც კი არ ჩაუტარებია. "მალიორკასთან" და "სელტასთან" წვალებით მოვიგეთ; ვიწვალეთ "ინტერთან" ორივე თამაშში და იქ ვერც კი მოვიგეთ.

"რეალმა" სანაკრებო პაუზის შემდეგ 4 თამაში ჩაატარა, აქედან ორში ქულები დაკარგა, ორჯერ კი მინიმალური სხვაობით მოიგო. მართალია, არა იმდენი, რამდენიც ჩვენთან, მაგრამ პრობლემები მადრიდულ გუნდშიც არის.

8 ტურის შემდეგ გათამაშებას სწორედ ეს გუნდები ლიდერობენ და ისეთი პირი უჩანს, რომ კლასიკურ საჩემპიონო ბრძოლას ვიხილავთ, "ატლეტიკოებისა" და "სევილიების" გარეშე, მხოლოდ ჩვენ ორნი.

დანაკლისი

დანაკლისი ორივე გუნდს აქვს. "რეალ მადრიდს" დანი სებალიოსი და პირველი მეკარე ტიბო კურტუა არ ეყოლება. ჩვენი არ იყოს, მეორე მეკარე უმაღლესი დონის არც მადრიდელებს ჰყავთ. დღეს მათ კარს ანდრეი ლუნინი დაიცავს და ის მისი სამშობლოსავით აუღებელი ციხე-სიმაგრე ნამდვილად არაა. სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ლუნინს, მაგრამ არა საფეხბურთო მოედანზე!

ძნელია, გუნდს უფრო დიდი დანაკლისი ჰქონდეს, ვიდრე "რეალ მადრიდისთვის" ტიბო კურტუას არყოფნაა, მაგრამ ფაქტია, რომ გვაქვს. ჩვენი საუკეთესო მცველი რონალდ არაუხო დიდი ხნით გამოგვაკლდა. მას მარჯვენა ფლანგზეც ვიყენებდით და ცენტრშიც და არაუხოს არყოფნას ისიც ამძაფრებს, რომ ტრავმირებული გვყავს მარჯვენა მცველი ექტორ ბელერინი და ცენტრალური მცველი ანდრეას კრისტენსენი.

ჩავი ვერც მემფის დეპაის გამოიყენებს. მართალია, ნიდერლანდელი ძირითადი შემადგენლობის წევრი არაა, მაგრამ ფანტაზია და არაორდინალური გადაწყვეტილებები მას არ ეშლება და ბოლო დროს ამის ნაკლებობას აშკარად განვიცდით. სანაკრებო პაუზის შემდეგ მემფისის არყოფნაც კი დაგვეტყო.

სამაგიეროდ კარგი ამბავია ჟიულ კუნდეს დაბრუნება. არ ვიცით, რამდენად კარგი აზრია, ახალდაბრუნებული ახალწვეულის "ელ კლასიკოში" პირდაპირ სასტარტოში ბენზემა-ვინისიუსის წინააღმდეგ დაყენება, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს?

ურთიერთშეხვედრები

"ბარსელონასთვის" ისტორიაში ყველაზე ხშირი მეტოქე "რეალ მადრიდია" და ასევეა პირიქითაც. სულ გამართული 249 ოფიციალური თამაშიდან 97 კატალონიელებმა მოიგეს, 100 მადრიდელებმა, ხოლო 52 ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება 415-408 დედაქალაქელთა სასარგებლოდ.

წინა სეზონში "ბარსელონამ" ძალიან ცუდი სერია შეწყვიტა და ზედიზედ 5 მარცხის შემდეგ მეტოქე მისსავე მოედანზე 4-0 გაანადგურა.

ამ გუნდებს შორის მადრიდში გამართული 121 დაპირისპირებიდან 66 მასპინძლებმა მოიგეს, 30 სტუმრებმა, ხოლო 25 ფრედ დასრულდა.

ბოლო წლებში "ბარსას" მადრიდში კარგი შედეგები აქვს. დედაქალაქში გამართული ბოლო 9 "ელ კლასიკოდან" მასპინძლებმა 3 მოიგეს, ხოლო სტუმრებმა 6.

"ბარსა" ბოლო დროს კიდევ უფრო კარგად გამოიყურება "სანტიაგო ბერნაბეუზე". ამ სტადიონზე "ბლაუგრანამ" ბოლო 5 თამაშიდან 4 მოიგო, აქედან 3 გამანადგურებელი სხვაობით - 3-0, 3-0 და 4-0. "ბარსელონას" უყვარს "სანტიაგო ბერნაბეუ" რასაც პირიქით ვერ ვიტყვით.

თუ ამხანაგურ თამაშებსაც ჩავთვლით, მაშინ უპირატესობა უკვე "ბარსელონას" აქვს - 283 თამაშში 117 მოგება, 62 ფრე და 104 მატჩი, 492 გატანილი და 458 გაშვებული გოლი. რატომ უნდა ჩავთვალოთ ამხანაგური თამაშებიც? ამ თამაშების უმეტესობა მაშინაა გამართული, როდესაც სწორედ ამხანაგური მატჩები წყვეტდა, ვინ უკეთესი გუნდი იყო. იმ დროს, იყო შემთხვევები, გუნდს წელიწადში 1-2 ოფიციალური თამაშის გამართვა თუ უწევდა, ფეხბურთი კი ძირითადად სწორედ ამხანაგური მატჩებისგან შედგებოდა, რომლებიც არანაკლებ დაძაბული იყო. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრებში არ იგულისხმება თანამედროვე ამხანაგური შეხვედრები, რომლებსაც გუნდები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. ადრე ამხანაგურები ოფიციალურების დონეზე, ზოგჯერ კი უფრო მნიშვნელოვანიც კი იყო.

არბიტრი

შეხვედრის მთავარი არბიტრი ხოსე მარია სანჩეს მარტინესი იქნება.

მარტინესი 39 წლისაა. ის 2000 წლიდან მსაჯობს. 2010 წელს ხოსე მარია მე-3 დივიზიონში, ერთი წლის შემდეგ მეორეში, ხოლო 2015 წელს უმაღლეს ლიგაში დაწინაურდა. 2017 წელს მარტინესს FIFA-ს არბიტრის წოდება მიენიჭა.

კარიერის განმავლობაში სანჩეს მარტინესი თამაშში საშუალოდ 27.8 ჯარიმასა და 0.29 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.2 ყვითელ და 0.21 წითელ ბარათს უჩვენებს.

ხოსე მარია სანჩესს კარიერაში ყველაზე მეტი, 29 თამაში "რეალ მადრიდის" მონაწილეობით აქვს ჩატარებული, თუმცა მის მიერ განსჯილ თამაშებში ყველაზე მეტი, 20 მოგება "ბარსას" ეკუთვნის. კატალონიელები მარტინესის მონაწილეობით გამართული შეხვედრების 77% იგებენ, რაც ამ მსაჯის კარიერაში ყველაზე მაღალი შედეგია.

"რეალ მადრიდს" 29 შეხვედრაში 16 მოგება, 8 ფრე და 5 მარცხი დაუგროვდა. მარტინესმა ამ მატჩებში 8 პენალტი დანიშნა - 4 მადრიდელების, ხოლო 4 მეტოქის კარში. ნაჩვენები 5 თერთმეტმეტრიანიდან კი 3 "მადრიდის" ფეხბურთელებმა მიიღეს. სტატისტიკის მიხედვით ეს მსაჯი დედაქალაქელებისთვის იდეალური ნამდვილად არაა.

"ბარსამ" 26 მატჩიდან 20 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 4 წააგო. 12 თერთმეტმეტრიანიდან 7 კატალონიელთა სასარგებლოდ დაინიშნა, 7 წითელი ბარათიდან კი "ბლაუგრანას" მოთამაშეებმა მხოლოდ 1 მიიღეს.

მარტინესისთვის ეს მე-6 "ელ კლასიკო" იქნება. წინა 5 დაპირისპირებიდან 3 "ბარსამ" მოიგო და სამივე გამანადგურებელი სხვაობით - 5-1 "კამპ ნოუზე" და ორჯერ 3-0 "ბერნაბეუზე". დანარჩენი 2 მატჩი "რეალ მადრიდმა" მოიგო - 2-0 შინ და 2-1 სტუმრად. ამ 5 მატჩში მარტინესმა "ბარსას" სასარგებლოდ 3 პენალტი დანიშნა და მადრიდელთა ერთი ფეხბურთელი გააძევა, მაგრამ ვერცერთ ეპიზოდზე ვიტყვით, რომ შეცდა, ან გადააჭარბა. ის ერთი გაძევებული ფეხბურთელი დანი კარვახალია, რომელმაც ბურთი ცარიელი კარიდან ხელით გამოიტანა.

გამორჩეული ფეხბურთელები

რამდენი ფეხბურთელის ცალკე გამოყოფა შეიძლება, მაგრამ ყველასი არ გამოვა. ლევანდოვსკისა და ბენზემას დაპირისპირებას დავჯერდეთ.

ლევანდოვსკის "ბარსაში" გადმოსვლის შემდეგ ლა ლიგისთვის და განსაკუთრებით პიჩიჩის წოდებისთვის ბრძოლა პოლონელისა და ბენზემას დაპირისპირებად მოინათლა. ჯერჯერობით ამ დაპირისპირებას ლევანდოვსკი დიდი უპირატესობით იგებს, მაგრამ გასაგებია, რატომაც - ბენზემას ტრავმა ჰქონდა. ფრანგი ძველებურად გატანას ტრავმის შემდეგ ვეღარ ახერხებს და დიდი იმედი გვაქვს, ეს სერია დღესაც გაგრძელდება. ქარიმს აგვისტოს შემდეგ 4 თამაშში არც გოლი აქვს და არც საგოლე გადაცემა. თუმცა ილუზიები არ უნდა შევიქმნათ, რომ გამოცდილი ფრანგი საფრთხეს არ წარმოადგენს.

ბენზემას "ბარსელონას" წინააღმდეგ 41-ჯერ უთამაშია. მის ანგარიშზე 13 მოგება, 10 ფრე და 18 მარცხია. ფრანგმა 11 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ლევანდოვსკი ლა ლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. მის აქტივში 9 გოლია, უახლოეს მდევრებს, ბორხა იგლესიასსა და ხოსელუს 6-6 ბურთი აქვთ გატანილი. "ბარსელონაში" გადმოსვლის შემდეგ პოლონელმა თავი 12 თამაშში 14 გოლითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

"რეალ მადრიდის" წინააღმდეგ გამართულ 8 დაპირისპირებაში პოლონელს 3 მოგება, 2 ფრე და 3 მარცხი დაუგროვდა. მის ანგარიშზე 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

სტატისტიკა

  • "ბარსელონას" ლა ლიგაში ბოლო 7 თამაში მოგებული აქვს;
  • "ბარსელონამ" ლა ლიგის ბოლო 6 თამაშში კარი მშრალად შეინახა;
  • "რეალ მადრიდმა" ლა ლიგის ბოლო 8 თამაშიდან 7 მოიგო;
  • "რეალ მადრიდს" მიმდინარე სეზონში ჯერ წაგება არ აქვს;
  • "ბარსელონამ" "რეალ მადრიდთან" სტუმრად გამართული ბოლო 6 თამაშიდან 4 ისე მოიგო, რომ გოლი არ გაუშვია;
  • "ბარსელონამ" ლა ლიგის ბოლო 6 თამაშიდან ხუთში პირველი ტაიმიც მოიგო და მთლიანად შეხვედრაც;
  • "რეალ მადრიდს" "ბარსელონასთან" გამართულ ბოლო 5 თამაშში კარი მშრალად არ შეუნახავს;
  • ბოლო 5 "ელ კლასიკოში" 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • ბოლო 7 "ელ კლასიკოდან" ხუთში ანგარიშის გახსნას "რეალ მადრიდი" ახერხებდა;
  • "რეალ მადრიდს" 17-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • "ბარსელონას" ბოლო 5 თამაშში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • "რეალ მადრიდს" ბოლო 6 თამაშიდან ხუთში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • ტოტალიზატორები "რეალ მადრიდის" მოგებას კოეფიციენტს 2.25 ანიჭებენ, რაც მოგების 44%-იან შანსს უდრის, მაგრამ "რეალ მადრიდი" ასეთი თამაშების 75%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

გასულ სეზონში "ელ კლასიკოსთვის" ცუდ მდგომარეობაში ვიყავით, ახლა კი მატჩს ლიდერის რანგში ვხვდებით. ეს სამი ქულისთვის თამაშია, მოგება მორალური მუხტის მისაღებადაც მნიშვნელოვანი იქნება.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

რეალ მადრიდი (4-3-3): ლუნინი, კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი, ჩუამენი, მოდრიჩი, კროოსი, ვალვერდე, ბენზემა, ვინისიუსი.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, გარსია, ალონსო, ბალდე, ბუსკეტსი, პედრი, გავი, რაფინია, ლევანდოვსკი, დემბელე.

Marca

რეალ მადრიდი (4-3-3): ლუნინი, კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი, ჩუამენი, მოდრიჩი, კროოსი, ვალვერდე, ბენზემა, ვინისიუსი.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, პიკე, გარსია, ბალდე, გავი, ბუსკეტსი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია.

AS

რეალ მადრიდი (4-3-3): ლუნინი, კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი, ჩუამენი, მოდრიჩი, კროოსი, ვალვერდე, ბენზემა, ვინისიუსი.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბალდე, კუნდე, გარსია, ალონსო, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, გავი.

პროგნოზი

  • WhoScored: 2-1
  • Sportsmole: 1-1
  • Goal: 3-1
  • Sportskeeda: 2-2
  • Squawka: 2-2

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 16 ოქტომბერი 2022 15:23
    2
    მიდი რობერტ ერთი ჰეტთრიკი დღესაც გააკეთე და მერე ჯანდაბას სულ 2-2 იტანე სეზონის ბოლომდე.
    გულშემატკივარი [?]
    #3 16 ოქტომბერი 2022 15:10
    1
    არ მოიგებ? დარხეული ვაქვს ყველანაირად...
    წევრი [?]
    #2 16 ოქტომბერი 2022 12:27
    1
    მოსაგები გვაქვს ეს თამაში, თუ წავაგეთ მერე ხავი კიარა რინუს მიხელში ვეღარ გადაარჩენს ამ სეზონს.
    წევრი [?]
    #1 16 ოქტომბერი 2022 10:49
    3
    იმედი მაქ, ჩავიც ხვდება რომ თუ წააგო თვითონვე უნდა გადადგეს.