ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 22 ოქტომბერი
წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 22 ოქტომბერს მოხდა.
თამაშები
22 ოქტომბერს "ბარსელონამ" 20 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 11 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.
1899 წელი
ჟოან გამპერმა გაზეთ Los Deportes-ში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საფეხბურთო კლუბის დაარსების სურვილს გამოთქვამდა და თანამოაზრეებს ეძებდა. შედეგად შეიქმნა საფეხბურთო კლუბი, რომლის ფანკლუბის საიტზეც ამჟამად იმყოფებით.
1931 წელი
ანტონი ოლივერი "ბარსელონას" პრეზიდენტი გახდა. მან ეს პოსტი მხოლოდ 20 დეკემბრამდე შეინარჩუნა.
1950 წელი
"ლეიდასთან" 6-1 მოგებული შეხვედრის პირველ წუთზე "ბარსელონამ" ლა ლიგაში თავისი მე-1000 გოლი გაიტანა, რომლის ავტორიც მარკოს აურელიო იყო.
1970 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნიდერლანდელი მცველი ვინსტონ ბოგარდი. 1997-2000 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 62 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ბოგარდმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.
1975 წელი
უეფას თასის 1/16 ფინალში "ბარსელონას" "ლაციოსთან" სტუმრად უნდა ეთამაშა, მაგრამ მასპინძლებმა თამაშზე უარი პოლიტიკური მიზეზებით განაცხადეს და "ბლაუგრანას" 3-0 მოგება ჩაეთვალა.
1983 წელი
"კამპ ნოუზე" გამართული "ელ კლასიკო" "რეალ მადრიდმა" 2-1 მოიგო.
1988 წელი
"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული "ელ კლასიკო" "რეალ მადრიდმა" 3-2 მოიგო.
2006 წელი
"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული "ელ კლასიკო" "რეალ მადრიდმა" 2-0 მოიგო.
2008 წელი
ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში "ბარსელონამ" "ბაზელი" 5-0 გაანადგურა. გოლები ბოიანმა (2), მესიმ, ბუსკეტსმა და ჩავიმ გაიტანეს. ბოიანის ერთ-ერთი გოლი "ბარსელონასთვის" ჩემპიონთა ლიგაზე 350-ე გამოდგა. ეს თამაში სერხიო ბუსკეტსისთვის ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო იყო, ხოლო ვიქტორ ვალდესისთვის - 50-ე.
2011 წელი
"სევილიასთან" გამართული უგოლო ფრის დროს სეიდუ კეიტამ "ბარსელონას" მაისურით ლა ლიგაში მე-100 თამაში ჩაატარა.
2016 წელი
"ვალენსიასთან" სტუმრად 3-2 მოგებულ შეხვედრაში ნეიმარმა ლა ლიგაში მე-100 თამაში ჩაატარა.
2023 წელი
"ბილბაოსთან" 1-0 მოგებული შეხვედრა "ბარსელონასთვის" ლა ლიგაში მე-3000 თამაში გამოდგა.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 2 ]