რონალდ კუმანს ნეტუს გაშვება არ სურს
ყველასთვის ცნობილია, რომ კატალონიის "ბარსელონას" სათადარიგო მეკარეს, ნეტუ მურარას გუნდიდან წასვლა და მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს.
ჟურნალისტ სამუელ მარსდენის ინფორმაციით, ბრაზილიელის შეძენით "ვულვერჰემპტონი" ინტერესდებოდა, თუმცა, ინგლისელებმა "რომაში" გადასული რუი პატრისიუს შემცვლელად, საბოლოოდ, "ოლიმპიაკოსიდან" ჟოზე სა გადაიბირეს.
ამ მომენტისთვის, "ლურჯ-ბროწეულისფერები" სარფიან შემოთავაზებას ელიან, მაგრამ რონალდ კუმანს გამოცდილი მეკარის გაშვების პერსპექტივა არ ხიბლავს, ვინაიდან, Sport-ის თანახმად, ნიდერლანდელი სპეციალისტი არ აპირებს, რომ, ტერ შტეგენის გამოჯანმრთელებამდე, მთელი პასუხისმგებლობა ახალგაზრდებს - არნაუ ტენასსა და ინიაკი პენიას დააკისროს.
შესაბამისად, 31 წლის ფეხბურთელის წასვლის შემთხვევაში, "ბლაუგრანა", სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ახალი კარის დარაჯის ძიებას დაიწყებს.
"ბარსასთან" ნეტუს ამჟამინდელის კონტრაქტი 2023 წლამდეა გათვლილი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]