ლამინ იამალი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს. “ბარსელონამ” ორშაბათს დილით ოფიციალურად დაადასტურა, რომ 19 წლის შემტევი მარჯვენა კოჭის დისკომფორტის გამო გუნდთან ერთად აზერბაიჯანში არ გაემგზავრება.
“ბარსელონამ” შემდეგი განცხადება გაავრცელა:
“პირველი გუნდის ფეხბურთელს, ლამინ იამალს, მარჯვენა კოჭში მსუბუქი დისკომფორტი აქვს. სიფრთხილის მიზნით, ის “საბაჰთან” მატჩს გამოტოვებს, თუმცა მომდევნო კვირას, კვირას, “დეპორტივოსთან” შეხვედრისთვის მზად იქნება”.
კოჭის პრობლემა იამალს ჯერ კიდევ “ვილიარეალთან” მატჩის წინ შეექმნა. გახურებისას მან ვარჯიში შეწყვიტა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ფიზიოთერაპევტის დახმარება დასჭირდა. ამის შემდეგ ფეხბურთელმა ჩვეულებრივ განაგრძო მომზადება და შეხვედრა სრულად ჩაატარა. მან საგოლე გადაცემა შეასრულა და “ბარსელონას” ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე იყო.
იამალი მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” შემადგენლობაში პირველ მატჩს გამოტოვებს. ის გუნდში ყველაზე მეტ სათამაშო დროს აგროვებს – ჯამში 1 445 წუთს. ამ პერიოდში ახალგაზრდა შემტევმა 13 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.
“ბარსელონას” დელეგაცია, რომელსაც კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაც ახლავს, აზერბაიჯანში იამალის გარეშე გაემგზავრება. ფრენა 5 საათსა და 10 წუთს გაგრძელდება. ხანგრძლივი მგზავრობისა და დროის სხვაობის გათვალისწინებით, კატალონიელები მატჩამდე ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე მხოლოდ ერთ ვარჯიშს ჩაატარებენ.




forum კომენტარები (0)