“ბარსელონას” ნახევარმცველ ფერმინ ლოპესს, რომელიც “ვილიარეალთან” მატჩში სათადარიგოთა სკამიდან გააძევეს, შესაძლოა, ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისროს. საბოლოო გადაწყვეტილებას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი ოთხშაბათს, 25 ნოემბერს მიიღებს.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, რამონ ფუენტესის ინფორმაციით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ შეაფასებს კომიტეტი ფეხბურთელის საქციელს.
მთავარი გარემოება მსაჯ ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესის მატჩის ოქმში გაკეთებული ჩანაწერია:
“ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამიდან წამოდგა და მეოთხე მსაჯისკენ გაემართა. მას ძალიან ახლოს მიუახლოვდა და ხმამაღლა აპროტესტებდა გადაწყვეტილებას, რამდენჯერმე გაიმეორა ფრაზა: ‘მეღადავები?'”
საუბარია ესპანურ გამოთქმაზე “¡No me jodas!”, რომელიც გამოხატავს ემოციას, როდესაც რაიმესი არ გჯერა.
ის ფაქტი, რომ ფერმინმა მოედნის ტერიტორია წითელი ბარათის ჩვენებამდე დატოვა, დამატებით სადისციპლინო პასუხისმგებლობას არ იწვევს.
ყველაზე სავარაუდო სცენარი – ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია
პირველი და ყველაზე სავარაუდო სცენარის მიხედვით, ფერმინს მინიმუმ ორი მატჩის გამოტოვება მოუწევს. ამის საფუძველი შეიძლება გახდეს მეოთხე მსაჯის, ალეხანდრო კლემენტე ორტუნიოს მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება.
ასეთ შემთხვევაში მოქმედებს სადისციპლინო კოდექსის 124-ე მუხლი, რომელიც მსაჯების, ხელმძღვანელი პირებისა და სპორტული ორგანოების წარმომადგენლების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებას ეხება.
მუხლში ნათქვამია:
“მსაჯების, ხელმძღვანელი პირებისა თუ სპორტული ორგანოების წარმომადგენლების მიმართ დამამცირებელი ან უპატივცემულო სიტყვებით ან ქცევით მიმართვა, თუ ეს უფრო მძიმე დარღვევას არ წარმოადგენს, ისჯება ორიდან სამ მატჩამდე დისკვალიფიკაციით ან ერთ თვემდე ვადით.”
ფერმინს ანალოგიური სასჯელი ემუქრება იმ შემთხვევაშიც, თუ კომიტეტი მის ქმედებას მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტებად შეაფასებს.
ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება სადისციპლინო კოდექსის 127-ე მუხლი:
“მთავარი მსაჯის, მისი ასისტენტების ან მეოთხე მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტება, თუ ქმედება უფრო მძიმე დარღვევას არ წარმოადგენს, ისჯება ორიდან სამ მატჩამდე დისკვალიფიკაციით ან ერთ თვემდე ვადით.”
ამრიგად, ორივე მუხლი მინიმუმ ორმატჩიან დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს.
უფრო მსუბუქი სასჯელის შესაძლებლობა
ფერმინისთვის ყველაზე ხელსაყრელი სცენარია, თუ სადისციპლინო კომიტეტი მის საქციელს სპორტული წესრიგის საწინააღმდეგო მსუბუქ დარღვევად მიიჩნევს.
ასეთ შემთხვევაში მოქმედებს 129-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც:
“პირებს, რომელთა ქმედებაც სპორტული წესრიგის საწინააღმდეგოა და მსუბუქ დარღვევად კვალიფიცირდება, შეიძლება დაეკისროთ ოთხ მატჩამდე დისკვალიფიკაცია ან 602 ევრომდე ჯარიმა.”
ამ მუხლის გამოყენების შემთხვევაში ფერმინს შესაძლოა მხოლოდ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისროს, თუმცა Mundo Deportivo-ს შეფასებით, ეს ნაკლებად სავარაუდოა.
თუ ფეხბურთელი ორი მატჩით დაისჯება, ის 29 ნოემბერს “დეპორტივოსთან” გასამართ შეხვედრას და 2 დეკემბერს “ატლეტიკოსთან” დაპირისპირებას გამოტოვებს. ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემთხვევაში კი მხოლოდ “დეპორტივოსთან” თამაში გაუცდება.




აი ხო იციან რაც მოელით და რატომ ყოფენ თავს ყულფში. მსაჯს რო ვარის გარდა ვერავინ გადაათქმევინებს მიღებულ გადაწყვეტილებას.ეხლა ატლეტიკოსთან ვითომ ზედმეტი იქნებოდა მოედანზე რო ყოფილიყო?