მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რატომ არ ჩაერია VAR-ი ბარსელონას სადავო კუთხურის ეპიზოდში?

რატომ არ ჩაერია VAR-ი ბარსელონას სადავო კუთხურის ეპიზოდში?

მოკლედ
"ბარსელონასა" და "ვილიარეალის" მატჩში ჟერარ მარტინის გოლს წინ უძღოდა კუთხური, რომელიც, სავარაუდოდ, არასწორად დაინიშნა. მიუხედავად ამისა, VAR-ი არ ჩარეულა. მიზეზი 2026/27 წლების სეზონიდან მოქმედი ახალი წესია, რომელიც კუთხურის გადასამოწმებლად ვიდეოარბიტრს შეზღუდულ დროს აძლევს.

22 ნოემბერს “ბარსელონამ” “ვილიარეალი” 3-2 დაამარცხა, თუმცა შეხვედრის ერთ-ერთმა ეპიზოდმა დიდი კამათი გამოიწვია. საუბარია მეორე ტაიმის დასაწყისში დანიშნულ კუთხურზე, რომელსაც ჟერარ მარტინის გოლი მოჰყვა და რომელმაც კატალონიელთა ქამბექს დაუდო სათავე.

“ვილიარეალის” ფეხბურთელებს არ ესმით, რატომ არ ჩაერია VAR-ი იმ ეპიზოდში, როდესაც გამეორებაზე ჩანდა, რომ კუთხური, სავარაუდოდ, არასწორად დაინიშნა. მათთვის გაუგებარია, რატომ არ შეატყობინა ვიდეოარბიტრმა გილერმო კუადრა ფერნანდესმა მთავარ მსაჯ ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესს შესაძლო შეცდომის შესახებ.

როგორც Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი რამონ ფუენტესი განმარტავს, პასუხი VAR-ის მოქმედების პროტოკოლშია.

წესების მიხედვით, კუთხურის დანიშვნისას ვიდეოარბიტრის ჩარევისთვის ორი აუცილებელი პირობა არსებობს. პირველი – კუთხური აშკარად არასწორად უნდა იყოს დანიშნული. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი – VAR-ს უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო შეცდომის დასადასტურებლად, სანამ ბურთი თამაშში შევა.

ამასთან, კუთხურის შესრულების შეჩერება ან განზრახ გაჭიანურება VAR-ის შემოწმების დასრულების მიზნით დაუშვებელია. სწორედ ამით განსხვავდება აღნიშნული შემთხვევა სხვა ეპიზოდებისგან, როდესაც მსაჯს ვიდეოშემოწმების დასრულებამდე თამაშის განახლების შეჩერება შეუძლია.

ამ წესის ერთ-ერთი სუსტი მხარე სწორედ “კამპ ნოუზე” გამოჩნდა. როდესაც გუნდი კუთხურს სწრაფად ასრულებს, ვიდეოარბიტრებს შესაძლოა არ ეყოთ დრო ეპიზოდის სრულფასოვნად შესაფასებლად.

კონკრეტულ შემთხვევაში გილერმო კუადრა ფერნანდესი და ლუის მარიო მილია ცდილობდნენ დაედგინათ, შეეხო თუ არა ბურთს “ვილიარეალის” მეკარე, ან ხომ არ მოხდა უმნიშვნელო შეხებაც კი. ამის გასარკვევად შესაძლებელი იყო ბურთში ინტეგრირებული Kinexon-ის ტექნოლოგიის მონაცემების გამოყენებაც.

თუმცა, სანამ ვიდეოარბიტრები ეპიზოდს ამოწმებდნენ, “ბარსელონამ” კუთხური სწრაფად შეასრულა. VAR-მა ვერ მოასწრო საბოლოო დასკვნის გამოტანა და მთავარი მსაჯისთვის შეტყობინება.

წესების თანახმად, ბურთის თამაშში შესვლისთანავე VAR-მა კუთხურის შემოწმება უნდა შეწყვიტოს. შემოწმების გაგრძელება და უკვე შესრულებული კუთხურის გადაწყვეტილების შეცვლა დაუშვებელია.

სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ კუთხური შესაძლოა არასწორად იყო დანიშნული, ჟერარ მარტინის გოლი სრულიად კანონიერად ჩაითვალა.

შეგახსენებთ, რომ მარტინმა 57-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში 1-2 გახადა, რის შემდეგაც “ბარსელონამ” კიდევ ორჯერ გაიტანა და შეხვედრა 3-2 მოიგო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი