25 ოქტომბერს “ბარსელონასა” და “რეალ მადრიდს” შორის გამართული მატჩი კატალონიური კლუბის ისტორიაში ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა.
ლა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ჟოზე მოურინიოს გუნდის წინააღმდეგ გამართული შეხვედრიდან, რომელიც 1-2 წააგო, 19.1 მილიონი ევრო (15.9 მილიონი ფუნტი, 21 მილიონი დოლარი) გამოიმუშავა. ამ მაჩვენებელმა წინა რეკორდს, 16.5 მილიონ ევროს, გადააჭარბა. ის გასული სეზონის 10 მაისის ელ კლასიკოზე დამყარდა, როდესაც “ბარსელონამ” იმავე სტადიონზე “რეალ მადრიდი” 2-0 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.
ეს ციფრები განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმის გათვალისწინებით, რომ “კამპ ნოუზე” სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და სტადიონი შემცირებული, დაახლოებით 62 000 მაყურებელზე გათვლილი ტევადობით ფუნქციონირებს. მშენებლობის სრულად დასრულების შემდეგ ტევადობა 105 000-მდე გაიზრდება, რაც მას ევროპაში ყველაზე დიდ საფეხბურთო სტადიონად აქცევს. “ბარსელონას” ბოლო გათვლებით, ამ მაჩვენებელს 2028/29 წლების სეზონისთვის მიაღწევენ.
“რეალ მადრიდთან” მატჩზე ბილეთების ფასები წარმოუდგენლად მაღალი იყო. ჩვეულებრივი ადგილის საშუალო ფასი 984 ევროს (823 ფუნტი, 1 079 დოლარი) შეადგენდა. VIP სექტორებში საშუალო ღირებულება 2 727 ევრო იყო, ხოლო ზოგიერთი ექსკლუზიური VIP პაკეტი 6 000 ევრომდეც ღირდა. ეს კატალონიური კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ბილეთებია.
“ბარსელონას” წარმომადგენლებმა, რომლებმაც კომენტარის გაკეთების ოფიციალური უფლებამოსილების არქონის გამო ანონიმურობა ისურვეს, განმარტეს, რომ შემოსავლების ზრდა ძირითადად ორი ფაქტორით იყო განპირობებული: ბილეთების დინამიკური ფასწარმოქმნის მოდელითა და VIP მომსახურების გაფართოებით. ზოგიერთი ახალი პაკეტი ისეთ სივრცეებში შესვლასაც ითვალისწინებს, როგორიცაა ფეხბურთელების გვირაბი.
ფინანსური თვალსაზრისით, ეს ყველაფერი შესანიშნავი სიახლეა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კლუბი უკიდურესად რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება.
როგორც The Athletic-მა სექტემბერში გამოქვეყნებულ ვრცელ ანალიზში განმარტა, განახლებული “კამპ ნოუდან” მაქსიმალური შემოსავლის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია “ბარსელონას” ვალებთან გასამკლავებლად. გამოცემის შეფასებით, კატალონიურ კლუბს მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე მძიმე სასესხო ვალდებულებები აქვს.
კლუბის წყაროების ინფორმაციით, ამჟამინდელი ტევადობა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად აღარ გაიზრდება მანამ, სანამ გუნდს მომავალი წლის ზაფხულში სტადიონის ხელახლა დატოვება მოუწევს ახალი სახურავის დასამონტაჟებლად. გეგმის მიხედვით, “ბარსელონა” მომდევნო სეზონის იანვარში დაბრუნდება. ამასთან, დაგეგმილია VIP სექტორების გაფართოება და ახალი, დიდი საფირმო მაღაზიის მშენებლობა.
თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მოვლენების ასეთი განვითარება “ბარსელონას” გულშემატკივრების ნაწილში შეშფოთებას იწვევს.
როგორ იქცა კამპ ნოუ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად
უკვე მრავალი წელია, “კამპ ნოუზე” მუდმივად მოსიარულე გულშემატკივრები მიეჩვივნენ, რომ საშინაო მატჩებზე ადგილების მნიშვნელოვან ნაწილს ტურისტები და უცხოელი სტუმრები იკავებენ.
ეს ტენდენცია განსაკუთრებით გაძლიერდა ლიონელ მესის აღზევებისა და მისი კარიერის საუკეთესო წლების განმავლობაში. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები გულშემატკივრებისთვის ბარსელონაში ჩასვლა და არგენტინელი ვარსკვლავის თამაშის საკუთარი თვალით ნახვა ერთგვარ პილიგრიმობად იქცა.
ამ ყველაფერს ქალაქის ტურისტული პოპულარობაც ემატება. ბარსელონა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ქალაქია. სტუმრებს იზიდავს ადგილობრივი სამზარეულო, კულტურა, ღამის ცხოვრება და კლიმატი. თუმცა ტურისტების სიმრავლემ ბოლო წლებში ადგილობრივ მოსახლეობაში მზარდი უკმაყოფილება გამოიწვია.
2024 წლის ზაფხულში ქალაქში არაერთი საპროტესტო აქცია და მსვლელობა გაიმართა. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო შემთხვევებმა, როდესაც დემონსტრანტები ტურისტებს წყლის პისტოლეტებით ასხურებდნენ წყალს. მას შემდეგ კატალონიის რეგიონულმა ხელისუფლებამ ტურიზმთან დაკავშირებული პრობლემების შესამსუბუქებლად გარკვეული ზომები მიიღო.
ფრანკფურტის აინტრახტთან მატჩი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა
რაც შეეხება უშუალოდ “ბარსელონას” საშინაო მატჩებზე გულშემატკივართა შემადგენლობას, კლუბისთვის გარდამტეხი მომენტი 2022 წლის 14 აპრილს დადგა.
იმ დღეს “ბარსელონა” ევროპა ლიგის მეოთხედფინალში ფრანკფურტის “აინტრახტთან” დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. საპასუხო შეხვედრაზე “კამპ ნოუს” ტრიბუნებზე დაახლოებით 30 000 გერმანელი გულშემატკივარი აღმოჩნდა. მათ ბილეთები “ბარსელონას” კლუბის წევრებისგან შეიძინეს, რომლებმაც საკუთარი ადგილები გასაყიდად გამოიტანეს.
კლუბის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ის სურათი, რომელიც მატჩის მიმდინარეობისას მთელმა მსოფლიომ იხილა. ამის შემდეგ წესები შეიცვალა.
ევროტურნირების საშინაო მატჩებზე აიკრძალა ბილეთების ონლაინ შეძენა უცხოური IP მისამართებიდან. ასევე აიკრძალა მასპინძელთა სექტორებში მეტოქე გუნდის ატრიბუტიკით ყოფნა. გარდა ამისა, აბონემენტების მფლობელებს, რომლებიც საკუთარ ადგილებს გასაყიდად გამოიტანდნენ, ბილეთის საბოლოო მყიდველის მონაცემების მითითება დაევალათ.
როდესაც გასული წლის დეკემბერში ფრანკფურტის “აინტრახტი” ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის კვლავ ეწვია “კამპ ნოუს”, “ბარსელონამ” უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო და მასპინძელთა სექტორების ბილეთების შეძენის უფლება მხოლოდ კლუბის წევრებს მისცა.
თუმცა გერმანელ გულშემატკივართა ნაწილი მზად აღმოჩნდა, კლუბის წევრობის საფასურიც გადაეხადა. შედეგად, “ბარსელონამ” დამატებითი შეზღუდვა შემოიღო და მასპინძელთა სექტორებში ბილეთების გერმანიის მოქალაქეებზე გაყიდვა აკრძალა.
ბილეთების რეკორდული ფასები და ადგილობრივი გულშემატკივრების პრობლემა
“ბარსელონას” მონაცემებით, ამჟამად “კამპ ნოუს” დაახლოებით 40 000 მაყურებელი სეზონური აბონემენტით ესწრება მატჩებს. მიმდინარე სეზონში აბონემენტის ღირებულება, ადგილის მდებარეობის მიხედვით, 547-დან 1 443 ევრომდე მერყეობს.
ოქტომბრის ელ კლასიკოზე დარჩენილი ბილეთები კონკრეტულად ამ მატჩისთვის განსაზღვრული ფასებით გაიყიდა.
კლუბის წევრებს ბილეთების შესაძენად 48-საათიანი ექსკლუზიური პერიოდი მიეცათ, რის შემდეგაც გაყიდვა ფართო საზოგადოებისთვის გაიხსნა. “ბარსელონას” მიერ გულშემატკივრებისთვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე იაფი ბილეთის ფასი 299 ევროდან უნდა დაწყებულიყო.
თუმცა გაყიდვის დაწყებიდან უკვე ერთი საათის შემდეგ 600 ევროზე იაფი ბილეთის პოვნა შეუძლებელი იყო.
ლაპორტას მანამდე ნათქვამი ჰქონდა, რომ კლუბის წევრები ამ გზით შეძენილ ბილეთებზე 50%-იან ფასდაკლებას მიიღებდნენ. თუმცა “რეალ მადრიდთან” მატჩზე მათ მხოლოდ 5%-იანი ფასდაკლება შესთავაზეს.
კლუბის წარმომადგენლების ინფორმაციით, იმ შეხვედრაზე დამსწრეთა 86% “ბარსელონას” წევრი იყო. მიუხედავად ამისა, ტრიბუნებზე ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ტურისტების რაოდენობა ჩვეულებრივზე კიდევ უფრო მეტი იყო.
სინამდვილეში, ეს ორი გარემოება ერთმანეთს არ გამორიცხავს. “ბარსელონას” წევრობა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეიძლება, თუ ადამიანი წლიურ 225-ევროიან საწევროს გადაიხდის.
“კამპ ნოუს” ცენტრალურ ტრიბუნაზე, სადაც ყველაზე ძვირად ღირებული VIP ადგილებია განთავსებული, ატმოსფერო აშკარად განსხვავებული იყო. ერთ-ერთ ადგილობრივ რადიოჟურნალისტს სტადიონის შესასვლელთან 20 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში მოუწია ლოდინი, სანამ კატალონიურად მოსაუბრე გულშემატკივარს იპოვიდა, რომელსაც პირდაპირ ეთერში გაესაუბრებოდა.
ამასობაში პრობლემები იყო გულშემატკივართა აქტიური მხარდაჭერის სექტორშიც, რომელსაც Grada d’Animació ეწოდება. ეს არის ქომაგთა ჯგუფი, რომლის წევრებიც ფასდაკლებით სარგებლობენ და ერთ-ერთი კარის უკან იკრიბებიან.
ლა ლიგამ ამ სექტორში მომხდარ ქცევასთან დაკავშირებულ 10 დისციპლინურ ინციდენტზე გაავრცელა ინფორმაცია. ერთ-ერთი შემთხვევა ეხებოდა გულშემატკივარს, რომელმაც, სავარაუდოდ, “რეალ მადრიდის” ფეხბურთელ ედუარდო კამავინგას დროშის ტარი ჩაარტყა მას შემდეგ, რაც სტუმრებმა მატჩის მიწურულს გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანეს.
ადგილობრივი გულშემატკივრები კამპ ნოუზე ბრუნდებიან
მიუხედავად ყველაფრისა, “კამპ ნოუზე” ტრადიციული საფეხბურთო გარემოს გარკვეული ნიშნები კვლავ შენარჩუნებულია.
2022/23 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, როდესაც სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყო, “ბარსელონა” საშინაო მატჩებს “ლუის კომპანისის ოლიმპიურ სტადიონზე” ატარებდა. ეს ის არენაა, რომელიც 1992 წლის ოლიმპიური თამაშების მთავარი სპორტული ობიექტი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ სტადიონი დაახლოებით 45 000 ფეხბურთის გულშემატკივარს იტევს, 2023/24 წლების სეზონისთვის აბონემენტი “ბარსელონას” მხოლოდ 17 000-მა წევრმა შეიძინა.
ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი იყო ადგილობრივი ქომაგების განცდა, რომ ახალი არენა მათთვის უცხო და ნაკლებად მოსახერხებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის “კამპ ნოუდან” დაახლოებით 4.8 კილომეტრში მდებარეობს. უცხოელი გულშემატკივრებისთვის ეს მიზეზი შესაძლოა გასაკვირი იყოს.
შესაძლოა, ამ საკითხზე “ბარსელონას” წევრებს საკუთარი თავის კრიტიკის საფუძველიც ჰქონდეთ.
ბოლო პერიოდში ჰანსი ფლიკის გუნდის წარმატებული თამაშის წყალობით, 2025 წლის ნოემბერში “კამპ ნოუზე” დაბრუნების შემდეგ კლუბის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. გულშემატკივრებს კვლავ გაუჩნდათ სურვილი, გუნდს სტადიონიდან უქომაგონ. ასეთი მაღალი ინტერესი მესის ეპოქის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა.
მიუხედავად იმისა, რომ ტრიბუნებზე ტურისტების სიმრავლე კვლავ აშკარაა, ქალაქში შესამჩნევია ადგილობრივი გულშემატკივრების ახალი ტალღაც, რომელიც ამ გუნდით განსაკუთრებით არის აღფრთოვანებული.
დღევანდელი “კამპ ნოუს” აუდიტორია იმ გულშემატკივრებისგან განსხვავდება, რომლებიც გუნდის დროებით საშინაო სტადიონზე დადიოდნენ. მატჩებზე უფრო მეტი ოჯახი დადის, ხოლო სტადიონზე არსებული ატმოსფერო კიდევ უფრო შორს არის იმ ტოქსიკური გარემოსგან, რომელსაც სოციალურ ქსელებში ხშირად ვაწყდებით.
ადგილობრივი საფეხბურთო კულტურის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი ის მხარდაჭერაა, რომელსაც “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილები იღებენ.
ამის კარგი მაგალითია ალეხანდრო ბალდე.
ბარსელონაში დაბადებულმა მცველმა მიმდინარე სეზონში ფლიკის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ზაფხულში კლუბი მზად იყო მის გასაყიდად, თუმცა თავად ფეხბურთელმა ტრანსფერზე უარი განაცხადა.
ლა ლიგის სეზონის ექვსი ტურის შემდეგ, 16 სექტემბერს, ბალდემ პირველად ითამაშა. ის “რასინგ სანტანდერთან” საშინაო მატჩში, რომელიც “ბარსელონამ” 7-2 მოიგო, ბოლო 12 წუთით გამოჩნდა მოედანზე.
მისი შესვლა “კამპ ნოუს” გულშემატკივრებმა ოვაციებით აღნიშნეს. ბალდე მათთვის საკუთარი აღზრდილია და ეს არ ავიწყდებათ. სოციალურ ქსელებში კი ბევრი გულშემატკივარი ამას ადვილად ივიწყებს.
ადგილობრივი კულტურის კიდევ ერთი ნიშანია საერთო მოგონებები და ძველი დაპირისპირებების გახსენება.
მაგალითად, “რეალ მადრიდთან” შეხვედრისას “ბარსელონას” გულშემატკივრები მეტოქის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს სკანდირებით შეხვდნენ:
“მოურინიო, თეატრში წადი!”
ამ შეძახილის ისტორია 2006 წლიდან იწყება, როდესაც მოურინიო “ჩელსის” წვრთნიდა. მაშინ პორტუგალიელმა მწვრთნელმა “ბარსელონას” ფეხბურთელები სიმულაციაში დაადანაშაულა და მათი მოქმედებები თეატრალურ წარმოდგენას შეადარა.
იმ დროს, როდესაც ადგილობრივ გულშემატკივრებს სულ უფრო ხშირად უჩნდებათ განცდა, რომ კლუბის ცხოვრებაში მათი მნიშვნელობა მცირდება, ასეთი ტრადიციები განსაკუთრებით ფასეული ხდება. ისინი ყველაფერს აფასებენ, რაც კლუბთან კუთვნილების განცდას ამყარებს.
“ბარსელონას” საშინაო სტადიონი კვლავ “ბარსელონას” ეკუთვნის, მაგრამ კლუბი აშკარად ძალიან ფაქიზი ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს.
ფინანსური აუცილებლობა თუ საკუთარი იდენტობის დაკარგვა?
“ბარსელონას” ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულება უწევს: მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამოსვლა და ყველა ტურნირზე უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა.
ამისთვის კლუბს სჭირდება შემოსავლები ტურისტებისგან, რომლებიც მზად არიან ძვირად ღირებული ბილეთები შეიძინონ და VIP სექტორებში მაღალი თანხები გადაიხადონ.
თუმცა რეკონსტრუქციის დასრულებასთან ერთად, როდესაც “კამპ ნოუს” ტევადობა კიდევ უფრო გაიზრდება, არსებობს საფრთხე, რომ კლუბი სულ უფრო მეტად დაეყრდნოს ფინანსურად შეძლებულ სტუმრებს, რომლებიც შვებულების დროს დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად დიდ თანხებს ხარჯავენ.
ამან შესაძლოა კიდევ უფრო დააშოროს “ბარსელონა” მის უშუალო მეზობლებს, ლეს კორტსის რაიონის მცხოვრებლებს, რომლებიც სტადიონთან ყველაზე ახლოს ცხოვრობენ.
რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ კლუბმა მკაფიოდ უნდა განსაზღვროს, რამდენი სეზონური აბონემენტის გაცემას აპირებს და როგორ უზრუნველყოფს ტრიბუნებზე ადგილობრივი გულშემატკივრების სათანადო წარმომადგენლობას.
ფეხბურთი შეიცვალა. VIP სექტორები თანამედროვე ფეხბურთში შემოსავლის მიღების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებად იქცა და ფაქტობრივად ყველა დიდ კლუბს მათი კომერციული პოტენციალის გამოყენება სჭირდება.
მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ საკუთარი სტადიონი თემატურ გასართობ პარკად გადააქციო.
სტატიის ორიგინალი გამოქვეყნდა The Athletic-ზე. ავტორი: Pol Ballús




აინტრახთან თამაში მართლა სასწაული იყო. რა გვიყვეს.
ტურისტების გუნდი როა, ეგ არის მაგათი იდენტობა კაი ხანია უკვე.