მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრი – ბარსელონას მთავარი იარაღი რთულ სიტუაციებში

პედრი – ბარსელონას მთავარი იარაღი რთულ სიტუაციებში

მოკლედ
პედრიმ "ვილიარეალთან" 3-2 მოგებულ შეხვედრაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ესპანელმა ნახევარმცველმა ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა, მეორე გოლის შექმნაში მიიღო მონაწილეობა და გუნდს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებაში დაეხმარა.

როდრი მოედანზე არ იყო, მაგრამ იყო პედრი. კანარელმა ნახევარმცველმა თამაშის სადავეები ხელში აიღო და “ბარსელონას” “ვილიარეალთან” შთამბეჭდავ ქამბექს სათავეში ჩაუდგა.

პირველ ტაიმში “ვილიარეალი” 2-0 დაწინაურდა, ლამინ იამალმა კი პენალტი ვერ გამოიყენა. ასეთ ვითარებაში ანგარიშის შემოტრიალება ისეთივე რთული ჩანდა, როგორიც “სპოტიფაი კამპ ნოუზე” მძვინვარე ქართან გამკლავება.

თუმცა რთულ სიტუაციებში “ბარსელონას” საუკეთესო გამოსავალი პედრია. ის გუნდის მთავარი ორგანიზატორი იყო, რომელიც ყოველთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებას ეძებდა. საჭიროების შემთხვევაში ბურთს აკონტროლებდა, სარისკო სიტუაციებში უკან, ფრენკი დე იონგისკენ აკეთებდა გადაცემას, ხოლო შეტევის განვითარების შესაძლებლობისას თანაგუნდელებს მეტოქის კარისკენ გზას უხსნიდა.

სწორედ პედრის გადაცემით დაიწყო “ბარსელონას” ქამბექი. 58-ე წუთზე მის ჩაწოდებას ჟერარ მარტინის გოლი მოჰყვა და სხვაობა 1-2-მდე შემცირდა. თუმცა კანარელის წვლილი მხოლოდ საგოლე გადაცემით არ შემოიფარგლებოდა.

პედრიმ მატჩი ბურთის დაბრუნების საუკეთესო მაჩვენებლით დაასრულა – მან ბურთი მეტოქეს 10-ჯერ წაართვა. გარდა ამისა, მოედნის ბოლო მესამედში ყველაზე მეტი, 28 ზუსტი გადაცემა შეასრულა.

“ბარსელონას” რვა ნომერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გამათანაბრებელ გოლშიც. რაფინიას მიერ ბურთის მოპოვების შემდეგ პედრიმ წაქცეულმა მოახერხა ბრაზილიელისთვის გადაცემის გაკეთება და კონტრშეტევა წამოიწყო. რაფინიამ ბურთი ლამინ იამალს გადააწოდა, რომელმაც ხუთ მეტოქეს შორის ზუსტი გადაცემით ფერმინ ლოპესი მოძებნა. ამ უკანასკნელმა კი ანგარიში გაათანაბრა – 2-2.

პედრის გოლი არ გაუტანია, თუმცა ეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებისთვის არც დასჭირვებია.

“ვილიარეალის” ცენტრალურმა მცველმა პაუ ნავარომ საკუთარ კარში გატანილი ბურთით “ბარსელონა” 3-2 დააწინაურა, მოგვიანებით კი მეორე ყვითელი ბარათიც მიიღო და მოედანი დატოვა.

ანგარიშის შემოტრიალების შემდეგ პედრიმ მატჩის მიმდინარეობა სრულად გააკონტროლა. ის ცდილობდა, გუნდს ბურთი ხანგრძლივად შეენარჩუნებინა და ზედმეტი რისკისთვის თავი აერიდებინა.

“ბარსელონამ” ურთულესი ამოცანა შეასრულა – სულ რაღაც 10 წუთში ჩამორჩენა გამარჯვებად აქცია და ლა ლიგის ლიდერობა შეინარჩუნა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 23 ნოე 2026, 13:53

    იამალს შემოლაწუნება არ აწყენს. რატო წაართვა რაფას ბურთი, იმიტომ რომ ბომარდირობა უნდა? მერე გუნდურობა. ხო ვიცით რაფინიას არ გაუმაზია ჯერ და თვითო უკვე გააფუჭა ერთი და ერთზეც კი გაიტანა, მაგრამ დაიტრამვა და ძალიან დაგვაკლდა.