“ბარსელონას” 24 წლის ცენტრალურ მცველს, ჟერარ მარტინს, დღემდე პირველი გუნდის მაისურით მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი. ეს 2025 წლის 2 მარტს მოხდა, როდესაც მონჟუიკზე მდებარე “ლუის კომპანისის ოლიმპიურ სტადიონზე” “რეალ სოსიედადთან” 4-0 მოგებულ შეხვედრაში მარცხენა ფეხით გაიტანა.
“ვილიარეალთან” მატჩში (3-2) თავური დარტყმით გატანილი გოლი მარტინისთვის მეორე აღმოჩნდა, თუმცა პირველი “სპოტიფაი კამპ ნოუზე”. სწორედ მისი გოლით დაიწყო “ბარსელონამ” ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა.
“ეს განსაკუთრებული განცდა იყო. “ბარსელონას” მაისურით ჩემი მეორე გოლი გავიტანე, მაგრამ “კამპ ნოუზე” გოლის გატანა სულ სხვაა. თანაც ეს მნიშვნელოვანი გოლი იყო, რადგან სწორედ მან დაუდო სათავე ჩვენს ქამბექს. წესიერად ვერც აღვნიშნე, რადგან იმ მომენტში ჯერ კიდევ ვაგებდით, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ გოლი გავიტანე”.
მარტინმა მატჩის რთულ დასაწყისსა და გუნდის რეაქციაზეც ისაუბრა.
“ეს სამი ძალიან მნიშვნელოვანი ქულაა, მაგრამ მატჩი 0-2-ით დავიწყეთ და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ჩვენი დღე არ იყო. მიუხედავად ამისა, ვიცოდით, რომ თამაშის შემოტრიალება შეგვეძლო და არ დავნებდით.
ცუდი დასაწყისი ჩვენი ბრალი იყო. ვიცოდით, რომ მატჩის დაწყების დროის, ქარისა და სანაკრებო პაუზიდან დაბრუნების გათვალისწინებით, მოდუნებულები არ უნდა გავსულიყავით მოედანზე. მაგრამ თუ ყველაფრის მოგება გინდა, თამაშის შემოტრიალების მენტალიტეტიც უნდა გქონდეს”.
ჰანსი ფლიკმა სატელევიზიო ინტერვიუ შეაწყვეტინა, რათა მარტინი შეექო. გერმანელმა მწვრთნელმა არა მხოლოდ გატანილი გოლი, არამედ მცველის ორი მნიშვნელოვანი დაცვითი მოქმედებაც გამოარჩია.
“ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს იმის ცოდნა, რომ მწვრთნელი ხედავს და აფასებს ჩემს შრომას. ბევრს ვმუშაობ, რათა ასეთი მომენტებისთვის მზად ვიყო და ვფიქრობ, კიდევ შემიძლია განვითარება და გუნდის დახმარება”.
ჟერარ მარტინმა განსაკუთრებული ყურადღება “ბარსელონას” გულშემატკივრების მხარდაჭერასაც დაუთმო.
“ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მეტოქის მეორე გოლის შემდეგ გაცილებით უკეთ ავთამაშდით. შესვენებაზე ერთმანეთს ვუთხარით, რომ იმავე გზით უნდა გაგვეგრძელებინა, რადგან გოლები აუცილებლად მოვიდოდა.
მეორე ტაიმში გულშემატკივრები საოცრები იყვნენ. ისინი წინ გვიბიძგებდნენ, გვეხმარებოდნენ თამაშის ინტენსივობის შენარჩუნებაში და საბოლოოდ მატჩის შემოტრიალებაც შევძელით”.
საუბრის ბოლოს მარტინმა ლა ლიგის საჩემპიონო ბრძოლაზეც გაამახვილა ყურადღება.
“ყველა მატჩი გადამწყვეტია. თითოეულში სამი ქულა თამაშდება და კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს. ამ მომენტიდან სეზონის ბოლომდე უბრალოდ აღარ შეგვიძლია, საკუთარ თავს ქულების დაკარგვის უფლება მივცეთ”.




ხერარდ მალდინი