“ბარსელონას” ნახევარმცველი პედრი გონსალესი, რომელიც ლა ლიგამ “ვილიარეალთან” 3-2 მოგებული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, გუნდის რეაქციით კმაყოფილი დარჩა, თუმცა შეხვედრის ცუდი დასაწყისი გააკრიტიკა. კატალონიელები მე-7 წუთისთვის უკვე 0-2 მარცხდებოდნენ.
“მატჩი ძალიან ცუდად დავიწყეთ. ორი გოლი ძალიან სწრაფად გავუშვით. უნდა ვიმუშაოთ, რომ ასეთი დასაწყისი აღარ განმეორდეს, რადგან ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც “ვილიარეალია”, თამაშის შემოტრიალებას ყოველთვის ვერ მოახერხებ”.
პედრიმ აღიარა, რომ “ბარსელონას” თამაშში ჩართვა გაუჭირდა, თუმცა მეორე ტაიმში გუნდის სრულიად განსხვავებული სახე დაინახა.
“მართალია, დღეს თამაშში ჩართვა ძალიან გაგვიჭირდა. ვფიქრობ, პირველ ტაიმში მომენტები გვქონდა, მაგალითად, პენალტი, მაგრამ ბურთი კარში არაფრით შედიოდა. მეორე ტაიმში უკვე სხვა “ბარსელონა” ვიხილეთ”.
პედრის ასევე ჰკითხეს ფრენკი დე იონგის თამაშზე, რომელმაც შეხვედრაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა. ესპანელმა თანაგუნდელი განსაკუთრებულად შეაქო.
“ჩემთვის ფრენკი გამორჩეული ფეხბურთელია. ფანტასტიკურია, უმაღლესი დონის. მას სხვადასხვა პოზიციაზე უთამაშია – ფლანგის მცველად, ცენტრალურ მცველად… თავისი თვისებებიდან გამომდინარე, მეკარედაც კი შეძლებდა თამაშს. ზოგჯერ მას ზედმეტად აკრიტიკებენ, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, რას აკეთებს მოედანზე, დაინახავთ, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ის ძალიან ბევრს გვაძლევს”.
შეხვედრის შემდეგ “ვილიარეალის” ნახევარმცველმა სანტი კომესანიამ განაცხადა, რომ არბიტრი ერნანდეს ერნანდესი “ბარსელონას” მხრიდან ზეწოლის ქვეშ მოექცა. პედრიმ ამ განცხადებასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მსაჯს ალბერტო მოლეირო უნდა გაეძევებინა.
“მსაჯები ზეწოლას ყველა მხრიდან განიცდიან, მათ შორის ჩვენგანაც. ეს რთული სამუშაოა და საბოლოოდ ისინი თავად არიან პასუხისმგებლები მიღებულ გადაწყვეტილებებზე. თუმცა ვფიქრობ, მოლეირო, რომელიც ჩემი ძალიან კარგი მეგობარია, უნდა გაეძევებინათ, რადგან ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ ორი ძალიან აშკარა ეპიზოდი იყო. მაგრამ ვიცი, რომ მსაჯობა ადვილი არ არის, მას არ ვაკრიტიკებ და საბოლოოდ გადაწყვეტილებებს მსაჯები იღებენ”.




forum კომენტარები (0)