“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, გუნდის ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით კარგი ამბავი შეიტყო. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, როდრი ერნანდესის გამოჯანმრთელება მოსალოდნელზე სწრაფად მიმდინარეობს და ნახევარმცველი მოედანზე დაბრუნებას უახლოვდება.
30 წლის ფეხბურთელი 3 ნოემბერს, “ასტონ ვილასთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაშავდა. მას მარჯვენა ბარძაყის ორთავა კუნთის მსუბუქი დაზიანება დაუდგინდა, რის გამოც თავდაპირველად დაახლოებით ოთხკვირიან უქმობას ვარაუდობდნენ.
როდრის მდგომარეობა იმდენად გაუმჯობესდა, რომ ფლიკი მის დაბრუნებას უკვე 29 ნოემბერს, ლა ლიგის მე-14 ტურში, “დეპორტივოსთან” მატჩისთვის გეგმავს. შეხვედრა “რიასორზე”, თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.
გეგმის მიხედვით, “დეპორტივოსთან” განაცხადში მოხვედრა ნახევარმცველს სათამაშო რიტმის აღდგენაში დაეხმარება, რათა 2 დეკემბერს, “ატლეტიკოსთან” შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება შეძლოს. ეს მატჩი “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გაიმართება.
როდრის დაბრუნება ფლიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დატვირთული კალენდრის გათვალისწინებით. ესპანელი ფეხბურთელი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამის მაგალითი “ვილიარეალთან” მატჩშიც გამოჩნდა, როდესაც მან თამაშის ერთ-ერთი შეჩერებისას ერიკ გარსია გვერდით მიიხმო და ტაქტიკური რჩევები მისცა.
მიმდინარე სეზონში როდრიმ “ბარსელონას” 17 მატჩიდან 14-ში მიიღო მონაწილეობა. მან ლა ლიგის საწყისი შეხვედრა “ელჩესთან” გამოტოვა, ხოლო ტრავმის გამო “ატლეტიკოსა” და “ვილიარეალის” წინააღმდეგ ვერ ითამაშა.
ამასთან, ფლიკი “დეპორტივოსთან” მატჩისთვის ანდრეას კრისტენსენსაც ელოდება. დანიელი მცველის დასვენება სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, რის გამოც მან “ვილიარეალთან” შეხვედრა გამოტოვა და “საბაჰთანაც” არ ითამაშებს.




forum კომენტარები (0)