“ბარსელონა” ევროპულ საკლუბო ტურნირებზე ყველაზე შორეული გასვლისთვის ემზადება. ოთხშაბათს, 25 ნოემბერს, ჰანსი ფლიკის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში აზერბაიჯანულ “საბაჰს” დაუპირისპირდება.
ბარსელონიდან ბაქომდე მანძილი 3 970 კილომეტრია, რაც კატალონიური კლუბისთვის ევროტურნირების ისტორიაში ახალი რეკორდი იქნება.
ბარსელონას ყველაზე შორეული გასვლები ევროტურნირებზე
აქამდე რეკორდი რუსეთის ქალაქ ყაზანს ეკუთვნოდა, რომელიც ბარსელონიდან 3 725 კილომეტრითაა დაშორებული.
პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობის პერიოდში “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ ორ სეზონში, 2009 და 2010 წლებში, ყაზანის “რუბინს” ესტუმრა. ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა.
ყველაზე შორეული გასვლების სიაში მესამე ადგილზე ისრაელის ქალაქი ბეერ-შევაა, რომელიც ბარსელონიდან 3 114 კილომეტრში მდებარეობს.
1995 წლის 12 სექტემბერს კატალონიური გუნდი უეფას თასის პირველი რაუნდის პირველ მატჩში ადგილობრივ “ჰაპოელს” დაუპირისპირდა და სტუმრად დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 7-0.
მეოთხე ადგილს მოსკოვი იკავებს, რომელიც ბარსელონიდან 3 016 კილომეტრითაა დაშორებული.
რუსეთის დედაქალაქში “ბარსელონას” არაერთხელ უთამაშია. კატალონიელები სხვადასხვა დროს მოსკოვის “დინამოს”, ცსკა-ს, “სპარტაკსა” და “ლოკომოტივს” დაუპირისპირდნენ.

ამრიგად, ბაქოში გამგზავრებით “ბარსელონა” საკუთარ ისტორიულ რეკორდს გააუმჯობესებს და პირველად გაივლის თითქმის 4 000 კილომეტრს ევროპულ საკლუბო ტურნირზე გასამართი მატჩისთვის.
აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” ოფიციალურ სტატიაში ნახსენები არ არის თბილისი, სადაც კატალონიურმა გუნდმა 2015 წლის 11 აგვისტოს ევროპის სუპერ თასზე “სევილიას” 5-4 მოუგო. ამ მატჩისთვის “ბარსელონა” საქართველოს დედაქალაქში ჩარტერული რეისით, პირდაპირ ბარსელონიდან ჩამოფრინდა და ერთი მიმართულებით დაახლოებით 3 540 კილომეტრი დაფარა. შესაბამისად, თუ ევროპის სუპერ თასის შეხვედრებსაც გავითვალისწინებთ, თბილისი “ბარსელონას” ყველაზე შორეული ევროპული გასვლების სიაში მესამე ადგილს დაიკავებდა, ბაქოსა და ყაზანის შემდეგ. სავარაუდოდ, კლუბის ოფიციალურ სტატიაში მხოლოდ სტუმრად ჩატარებული მატჩებია გათვალისწინებული და ნეიტრალურ მოედანზე გამართული ევროპის სუპერ თასი ამიტომაა გამოტოვებული.




forum კომენტარები (0)