“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ხუან ლაპორტამ, კლუბის ამჟამინდელი მმართველობა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პეპ გუარდიოლას გუნდიდან წასვლა სანდრო როსელის ბრალია.
“თავისი პოზიციითა და ქმედებებით, ამჟამინდელმა მმართველობამ იმდენს მიაღწია, რომ პეპი თავს დაღლილად და დაცარიელებულად გრძნობდა. მაგალითად: როდესაც “ბარსელონას” ფეხბურთელებს დოპინგის მიღებაში ადანაშაულებდნენ, ხელმძღვანელობა შესაბამის ზომებს არ იღებდა. საჭირო გახდა, ეს მწვრთნელს გაეკეთებინა. არადა, ის და ფეხბურთელები, მსგავსი საკითხებისგან შორს უნდა იდგნენ. პეპს “ბარსელონა” ჟოზე მოურინიოს გამო არ დაუტოვებია. ეს, უბრალოდ, საზოგადოების აზრი იყო.” – აცხადებს ლაპორტა ესპანურ პრესასთან საუბრისას.
“ბარსას” ყოფილი პრეზიდენტი ერთ საინტერესო განცხადებასაც აკეთებს – ლაპორტას თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს, “ბარსას” კრიშტიანუ რონალდუსა და კაკას შეძენის შანსი ჰქონდა. “მილანი” კაკას რონალდინიოში გაცვლას გვთავაზობდა, მაგრამ არ დავთანხმდით, რადგან ეს უკანასნელი ჩვენი საყვარელი ფეხბურთელი იყო. ერთ-ერთი სადილის დროს, ეს ვარიანტი სილვიო ბერლუსკონიმ შემომთავაზა. ის ცოტათი ხუმრობდა, მაგრამ ამავდროულად, სერიოზულადაც საუბრობდა. შედეგად, კაკა “რეალში” გადავიდა, სადაც ის იღბალმა მიატოვა.”
რონალდუსთან დაკავშირებით, ლაპორტამ შემდეგი განაცხადა: “რონალდუს აგენტი თავის კლიენტს იმაზე ნაკლებ ფასად გვთავზობდა, ვიდრე ინგლისელებს, მაგრამ რონალდინიო და მარკესი ახალი შეძენილი გვყავდა და იმ მომენტისთვის, დამატებითი ფინანსების გამონახვას ვერ შევძლებდით”.
ლაპორტამ კომენტარი გააკეთა ვიქტორ ვალდესთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ კატალონიელმა კიპერმა გუნდს 2 ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. “სავსებით ვეთანხმები იმას, რასაც ანდრეს ინიესტა ამბობს. ვალდესის წყალობით, “ბარსამ” ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოიგო. ვფიქრობ, მისი შესაძლებლობები ვერ დავაფასეთ. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს დიდი შესაძლებლობები და სხვა კულტურის გაცნობის სურვილი.”