რაფინია “ბარსელონასთან” ერთად ისტორიის წერას განაგრძობს. 185 მატჩში გატანილი 89 ბურთით ბრაზილიელი შემტევი კლუბის ყველა დროის 30 საუკეთესო ბომბარდირს შორისაა და ამჟამად 28-ე პოზიციას იკავებს. მის წინ “ბლაუგრანას” ისტორიიდან რამდენიმე საკულტო სახელია.
მას სულ მალე მთელი რიგი ფეხბურთელების გადასწრება შეუძლია, რომელთა შორის პირველი ბერნდ შუსტერია – გერმანელი 90 გოლით 27-ე საფეხურზე იმყოფება. რაფინიას მის გასათანაბრებლად მხოლოდ ერთი ბურთი აკლია, ორი გოლი კი მას სრულად ჩამოიტოვებს.
თუ თამასას კიდევ უფრო მაღლა ავწევთ: რონალდინიო და ხოსე მარი ბაკერო 94-94 გოლით 24-ე ადგილს იყოფენ, ხოლო ხუსტო ტეხადა 92 ბურთით 26-ე პოზიციაზეა. შესაბამისად, თუ რაფინია კიდევ ხუთ გოლს გაიტანს, კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ ბრაზილიელს გაუთანაბრდება.
რონალდინიო – მომდევნო ბრაზილიური სამიზნე
რაფინიას წინ მყოფ მოთამაშეებს შორის რონალდინიოს სახელი მაშინვე ყურადღებას იპყრობს. ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა კლუბის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა და “ბარსას” ისტორიაში ბრაზილიელ მეგოლეთა შორის 94 გოლით მეოთხე ადგილზეა.
89 გოლით რაფინიას რონალდინიოს მაჩვენებლის გამეორებამდე სულ რაღაც ხუთი ბურთი აშორებს, რაც კატალონიურ გუნდში მის პროგრესსა და შედეგიანობაზე კიდევ ერთხელ მეტყველებს. გატანილი გოლების მხრივ “ბარსელონას” მაისურით მათ წინ მხოლოდ ევარისტო (105), ნეიმარი (105) და რივალდო (130) რჩებიან.
ერთი ოფიციალური მატჩი ნეიმარამდე
ნეიმართან შედარებისას კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკა იკვეთება: რაფინიას “ბარსელონას” რიგებში 185 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული, ნეიმარის ანგარიშზე კი 186 შეხვედრაა. შესაბამისად, კიდევ ერთი მატჩი და ის ჩატარებული ოფიციალური თამაშების რაოდენობით თავის თანამემამულეს გაუთანაბრდება.
100 გოლიანთა კლუბში პირველ წრეშივე უნდა ავიდეს, მერე დანარჩენს დრო გვაჩვენებს, მთავარია ჯანმრთელი დაგვიბრუნდეს ახლა