ხავიერ სავიოლა იმ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც 90-იანი წლების მიწურულსა და 2000-იანების დასაწყისში თავისი კვალი დატოვეს. ბუენოს-აირესის ქუჩებიდან მსოფლიო აღიარებამდე გზაზე მან ისეთ ელიტურ კლუბებში ითამაშა, როგორებიცაა “რივერ პლეიტი”, “ბარსელონა”, “რეალ მადრიდი” და “ბენფიკა”. გამოცემა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში ყოფილმა არგენტინელმა თავდამსხმელმა ლეონელ მესისთან და რონალდინიოსთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები გაიხსენა.
ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, სავიოლა ევროპულ ფეხბურთსა და კატალონიურ გუნდს იდეალურად მოერგო:
“19 წლის ვიყავი და ვიცოდი, რომ ფეხბურთის ახალ სტილთან ადაპტაცია მჭირდებოდა, თუმცა წნეხი არც პუბლიკისგან და არც პრესისგან არასდროს მიგრძნია. მომცეს შესაძლებლობა, მშვიდად და ხალისით მეთამაშა. ზიდანის ტრანსფერიც ზუსტად იმ დროს შედგა, თუმცა შედარებები არასდროს მადარდებდა: 19 წლისამ კარგად ვიცოდი, რას წარმოადგენდა ზიდანი ფეხბურთისთვის. ჩემი თავის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოსთან შედარება შეცდომა იქნებოდა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, მეთამაშა, პასუხისმგებლობა ამეღო და ‘ბარსელონას’ ნდობა გამემართლებინა.”
ყოფილ ფორვარდს დღემდე მკაფიოდ ახსოვს, რა გაიფიქრა, როდესაც აკადემიის აღსაზრდელი ლეო მესი პირველად იხილა:
“რეშაკმა დაჟინებით მომთხოვა, მესის სანახავად მივსულიყავი; მითხრა, რომ ის სხვებისგან სრულიად განსხვავდებოდა. როდესაც ვნახე, იმ წამსვე მივხვდი, რასაც გულისხმობდა: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა იყო, ისეთ რამეებს აკეთებდა, რასაც სხვები ვერ ახერხებდნენ. სახლში დავბრუნდი და ოჯახს ვუთხარი: «ბავშვის ხელში ვართ. თუ ასე გააგრძელა, ეს ბიჭი ძალიან შორს წავა». ‘ბარსელონა’ ტალანტების სამჭედლოა, მაგრამ თუ ვინმე ამდენ ახალგაზრდას შორის ასე გამოირჩევა, ეს ნიშნავს, რომ მას რაღაც განსაკუთრებული გააჩნია. რეშაკი მართალი იყო: მესი იმ ტალანტებს მიეკუთვნებოდა, რომლებიც არაჩვეულებრივი ნიჭით დაიბადნენ.”
სავიოლამ ლა მასიაში ნანახი დეტალები გაიხსენა და პარალელი ლამინ იამალთან გაავლო:
“როდესაც მესი ლა მასიაში ვნახე, შევეჩეხე იმას, რაც მანამდე არასდროს მენახა: მისი თამაშის სისწრაფე, დრიბლინგი, ხასიათი, რითაც ბურთს ითხოვდა და საოცარი ინტელექტი. იამალი ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისშია და ზედმეტი წნეხი არ უნდა დავაკისროთ, თუმცა სწორ გზაზე დგას, რათა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. ისინი განსხვავებული მოთამაშეები არიან, ამიტომ შედარებებს თავი ავარიდოთ. მესიმ ისტორიაში თავისი კვალი უკვე დატოვა, ლამინს კი მთელი მომავალი წინ აქვს. ვერ განვსაზღვრავთ, სადამდე მივა, მაგრამ მას შეუძლია მრავალი წლის განმავლობაში მთავარი გმირი იყოს.”
რაც შეეხება რონალდინიოს, არგენტინელი მის განუმეორებელ ხასიათს უსვამს ხაზს:
“რონალდინიო ფეხბურთში წმინდა სიხარული იყო. ვხედავდი, როგორ მოდიოდა ვარჯიშზე ღიმილით და მიდიოდა ზუსტად ისევე; თითქოს მის სახეზე ამ ღიმილის წაშლა შეუძლებელი იყო. ვერ გამეგო, როგორ ინარჩუნებდა ამ სიმსუბუქეს მუდმივად, თუმცა ეს პლაცებოს ეფექტივით მუშაობდა: საკმარისი იყო მასთან ახლოს ყოფილიყავი, რომ მისი ენერგია შენზეც გადმოსულიყო. ფეხბურთით ცხოვრების სრულიად განსხვავებული ფორმა ჰქონდა – თითქოს ყოველი ვარჯიში ცალკე მატჩი ყოფილიყო. და ამ განწყობას ყველას გადასცემდა, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.”
forum კომენტარები (0)