საკუთარი ფენომენალური საგოლე სტარტით რაფინია არა მხოლოდ რეკორდებს ამხობს და “ოქროს ბუცის” რეალურ პრეტენდენტად ყალიბდება, არამედ “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე შედეგიან ბრაზილიელებს შორის პოზიციებსაც საგრძნობლად იუმჯობესებს. “ბლაუგრანას” მოქმედ კაპიტანს 185 მატჩში ჯამში 89 გოლი დაუგროვდა, რითაც ისტორიულ სიაში მეხუთე ბრაზილიელია და რონალდინიოს უკვე სულ რაღაც ხუთი ბურთით ჩამორჩება (ლეგენდარულ მეათე ნომერს 207 შეხვედრაში 94 გოლი ჰქონდა გატანილი).
რეიტინგში მის წინ, 105-105 გოლით, მეორე-მესამე პოზიციებს ნეიმარი და ევარისტო იყოფენ. თუ რაფინია მიმდინარე საგოლე ტემპს შეინარჩუნებს, სავსებით შესაძლებელია, მათ მიმდინარე სეზონშივე გადაასწროს.
რაც შეეხება რივალდოს, რომელიც 235 შეხვედრაში გატანილი 130 გოლით ბრაზილიელთა დავას ლიდერობს, მისი შედეგის გამეორება მიმდინარე სეზონში ნაკლებად სავარაუდო ჩანს.
forum კომენტარები (0)