ლას როსასში, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ბაზაზე გამართულ ინტერვიუში 23 წლის ფერმინ ლოპესმა ერთა ლიგის მატჩების გარდა “ბარსელონასა” და კლუბის ბრწყინვალე სტარტზეც ისაუბრა. ანდალუსიელი ნახევარმცველი თვლის, რომ ახალი ტრანსფერების ხარჯზე გაზრდილი რესურსით “ბლაუგრანა” ყველა ტიტულისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
დე ლა ფუენტემ სამკვირიანი სანაკრებო პაუზა გააკრიტიკა. აფერხებს ეს “ბარსელონას” რიტმს?
“გარკვეულწილად რიტმს ნამდვილად გიწყვეტს. ძალიან კარგ ტალღაზე ვიყავით და სამი კვირა გუნდთან ერთად ვარჯიშისა და თამაშის გარეშე ყოფნა თავისას შვრება… ბევრი ფეხბურთელი უგრძელეს მგზავრობაშია, მაგალითად რაფა, რომელიც არაჩვეულებრივ ფორმაშია. შესაძლოა, ამან ცოტათი დაგაზარალოს, თუმცა ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად ბევრი მატჩის ჩატარება გვსურს. კალენდრის თემა კი ნამდვილად გადასახედია, რადგან საბოლოო ჯამში ამით ფეხბურთელები ვზარალდებით.”
“ბარსელონამ” ახალი ტრანსფერებით ხარისხობრივი ნახტომი გააკეთა და გუნდში დიდი კონკურენციაა.
“დიახ, ვფიქრობ, ეს სწორედ ის იყო, რაც გასულ წელს გვაკლდა – შესაძლოა, სათადარიგოთა სკამზე ამდენი ალტერნატივა არ გვქონდა. მიმაჩნია, რომ დეკუმ შესანიშნავი სამუშაო გასწია და ახალწვეულები ძალიან გვეხმარებიან.”
შეიძლება უკვე ვისაუბროთ ჩემპიონთა ლიგაზე, თუ როგორც როდრიმ თქვა, ეტაპობრივად უნდა მივყვეთ?
“საუბარი შეგვიძლია, თუმცა როდრი მართალია – მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა კარგ ფორმაში ვართ. ჩავარდნებიც იქნება. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. ვფიქრობ, როგორც გუნდი, ყოველდღიურად ვიზრდებით და იმედია, ჩემპიონთა ლიგაზე ღირსეულად ვითამაშებთ და ტიტულსაც მოვიგებთ.”
ფლიკი დანი ოლმოსთან როტაციაში გიყენებს. როგორია ეს კონკურენცია?
“კარგი. დანიმაც და მეც კარგად ვიცით, რა არის ‘ბარსელონა’ და რომ აქ კონკურენციაა. მწვრთნელისთვისაც ძალიან რთულია ყოველ უქმეებზე სასტარტო თერთმეტეულის შერჩევა, თუმცა პირადად მე და მას შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს – გუნდში ვისთანაც ყველაზე მეტად ვმეგობრობ, ერთ-ერთი სწორედ დანია. ჩვენ შორის ჯანსაღი კონკურენციაა, ვინ ითამაშებს – მწვრთნელი წყვეტს, ჩვენ კი მოედანზე მაქსიმუმის გაღებას ვცდილობთ.”
ახალწვეულებიდან ვინ გაგაკვირვა ყველაზე მეტად?
“როდრის ისედაც კარგად ვიცნობდი და დიდად არ გავუკვირვებულვარ, ამიტომ გორდონს გამოვარჩევდი. ‘ნიუკასლს’ ჩემპიონთა ლიგაზე რამდენჯერმე დავუპირისპირდით, თუმცა მისი თამაში კარგად შესწავლილი არ მქონდა, ბევრი მატჩი არ მქონდა ნანახი. მართლაც ძალიან გამაკვირვა და დარწმუნებული ვარ, ის ფეხბურთელია, რომელიც უდიდეს დახმარებას გაგვიწევს.”
ახალწვეული არ არის, თუმცა რაფინია ცხრიანის პოზიციაზეც აკვირვებს ყველას. როგორ უყურებ მის ადაპტაციას?
“ვფიქრობ, ცხრიანის როლში რაფას ადაპტაცია წარმოუდგენელი გამოდგა. ამას არავინ ელოდა, რადგან იქ არასდროს უთამაშია – ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ‘ბარსაშია’. ვიცით, რომ გუნდიდან ორი ფორვარდი წავიდა და რაფას ახლა ბევრი გოლი გააქვს, თუმცა გოლების გატანა ყველას საქმეა. ვცდილობთ, ამ კომპონენტში წვლილი ყველამ შევიტანოთ, მაგრამ რაფა უბრალოდ არაამქვეყნიურ დონეზეა.”
საკუთარ თავს მიმდინარე სეზონში გოლების კონკრეტულ ნიშნულს უსაზღვრავ?
“არა. ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები გარკვეულ ციფრებს მისახავენ, თუმცა ვცდილობ, ამაზე არ ვიფიქრო და ზედმეტი წნეხი არ შევიქმნა. რაც უფრო ნაკლებ წნეხს გრძნობ, გოლებიც უფრო იოლად მოდის. ვცდილობ, საქმე კარგად გავაკეთო, კარგად ვითამაშო და თუ გოლებიც მოჰყვება – მით უკეთესი.”
forum კომენტარები (0)