ძველი სკანდინავიური მითის მიხედვით დედამიწა რუდიგერის დაყვლეპილი თვალის ბუდეშია მოქცეული და რამდენჯერაც გერმანელი დაქაჩავს თვალებს იმდენჯერ დედამიწაც უმატებს სიჩქარეს, რაც სხვადასხვა ბუნებრივ კატაკლიზმებს იწვევს, ამიტომ აკავებდა ბოლოს ხუთი კაცი – დამშვიდდი ტონი, წააგე, მაგრამ ჯერ კიდევ ღირს ამქვეყნად ცხოვრება, ნუთუ არ გაინტერესებს როგორ დასრულდება სეზონი? როგორ შეიძლება არ გაინტერესებდეს რამდენი ტიტულით დაასრულებს “ბარსა” სეზონს?
მსაჯმა ჩასტვინა და ვარსკვლავები გაკრთდნენ მოედანზე, პედრიმ მარცხნივ ჩაირბინა, იამალი თავისი მრგვალი ძმისკენ წავიდა, სათვალით თავზე, ორი სათვალით, ტერ შტეგენს მოძრაობაზე ეტყობა რომ უკვე ჯანზეა, ჰანსი ფლიკი ბედნიერია, ფინალი არასდროს წაუგია, კარლომ გამარჯვება მიულოცა, დიდი მწვრთნელია და ღირსეული კაცი, ეგეთები არ ეშლება. ლაპორტამ ტრიბუნაზე ცეცხლი დაანთო და აბორიგენივით დაიწყო ირგვლივ სირბილი – სირცხვილია ჟოან, მეფე გიზის გვერდით, ერთი ხელის გაწვდენაზე! კიდია ჟოანს, მაინც ერთ ამბავშია, მილიარდ სამასი მილიონი დახვდა ვალი, ერთი მაგდენი დაამატა და კამპ ნოუს რეაბილიტაცია დაიწყო, ჩავის ენდო და ლა ლიგა მოიგო, მერე ფლიკი მოიყვანა და ახლა ლეგენდარულ სეზონს ქმნიან ერთად, მეფე კი არა, სულ რომ ფრანკო წამააყენო მაინც ვერავინ დაუშლის სიხარულს.
ესეც მეორე ტიტული, კიდევ ორი გზაშია.
ეს რა ამბავი აგიტეხავთ
მატჩის წინ ბურგოს ბენგოეჩეამ ცრემლი ღვარა, ზეწოლას ვეღარ ვუძლებ, ფეხბურთი მოედანზე უნდა რჩებოდეს, ჩემი ბავშვები ზარალდებიან, ეგ კიდევ არანაერ საქმედ არ მიღირსო. ფლორენტინო პერესმა, ამ თამაშის დიდოსტატმა ჩაავლო ხელი ბერკეტს და თითქოს უარის თქმასაც აპირებდა მატჩზე, იმ შემთხვევაში თუ მსაჯს არ შეცვლიდნენ. ყველანაერად მოგებული დარჩებოდა ამ ქმედების მერე, იდეალური ყნოსვა აქვს ასეთ ამბებზე, მსაჯის შეცვლის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო, თუ მაინც შეცვლიდნენ დანიშნულ მსაჯს ეცოდინებოდა რომ “მადრიდზე” წუწუნი ისჯება, თუ არ შეცვლიდნენ მაშინ რიკარდო დე ბურგოსს ძალიან დიდი წნეხის ქვეშ მოუწევდა თამაში, გაუძლებს კი ამ ყველაფერს? ვერ გაუძლო.
მოგებისთვის პერესმა ყველაზე მეტი გაიღო, ეს ხომ თამაშის ნაწილია? ამორალურია და არაადამიანურიც, მაგრამ ეგ ამ კაცს არასდროს აინტერესებდა. “ბარსა” მშვიდად შეხვდა ამ ამბავს, მაქსიმალური კონცენტრაციით თამაშზე, მსაჯიც მაგრად დაზოგეს, მიუხედავად იმისა, რომ თამაშის დაწყებისთანავე წარმოუდგენელ შეცდომებს უშვებდა, პირველ ტაიმში ალბათ თვალი შეავლო და მეორეში თითქოს გამოასწორა, მაგრამ ბოლოს მაინც აურია.
უცნაური გამოცდილება იყო, ყველაფერთან ერთად მატჩის ყურება რაღაც საიტზე მომიწია, სადაც რეკლამები ამოხტებოდა ხოლმე და სანამ გავთიშავდი მატჩსაც მიმალავდა, ხანდახან ჭედავდა კიდეც, ყველა იმ ეპიზოდში სადაც ბურგოსმა დაუსტვინა საიტმა გაჭედა, მე რომ მეგონა ახლა რომელიმე “მადრიდელს” მოისვრის მოედნიდან-მეთქი ვუბრუნდებოდი მატჩს და სულ “ბარსასკენ” ჰქონდა ხელი გაშვერილი. ესე იგი, შეშინდა, გატყდა და კინაღამ ფინალიც გადააყოლა თავის ნერვებს, მაგრამ გადავრჩით, “მადრიდიც” დამარცხებულია, ბურგოსიც და პერესიც.
მოგებული ტაიმი
მიუხედავად მსაჯის შეცდომებისა, “ბარსას” პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა ჰქონდა, თავიდანვე შეტევებით დაიწყო, “მადრიდი” იშვიათად თუ გადმოვიდოდა შეტევაში, ზედმეტად დაცვიდან თამაშობდნენ, იმის იმედად რომ ვინისიუსი გაიქცეოდა, რამდენჯერმე სცადა კიდეც გაქცევა, მაგრამ ბევრი არაფერი გამოსვლია. “ბარსამ” კი დიდებული გოლი შეაგდო, კუბარსიმ ძალიან სახიფათო პასი ჩაჭრა ვარდნაში, კარლეს პუიოლის სტილში, პედრიმ თავისი ნახევრიდან იამალს გადაუკიდა გრძელი პასი და იმანაც თავის სტილში დაიჭირა, ნელი ნაბიჯით და ცრუმოძრაობებით დაიძრა საჯარიმოსკენ, მოიახლოვა მეტოქეები, უზუსტესი პაუზა აიღო და სიღრმიდან გამოქცეულ პედრის ძალიან გემრიელი პასი დაუგორა საჯარიმოს მისადგომებთან, ისეთი პასი იყო მეც რომ დავარტყამდი, ისეთი პასი იყო ყველამ პედრის ერთად რომ დავარტყით, ძალაზე მეტად მაინც ტექნიკაზე გააკეთა აქცენტი, კურტუა უშანსოდ დარჩა, ულამაზესი გოლი შეაგდო მაღალ კუთხეში.
“ბარსა” უფრო დიდი უპირატესობით უნდა მოეგო, მაგრამ როგორღაც ვერ მოიგო, ბურგოსმა თქვა არაო, თუ გოლი გაგაქვთ მხოლოდ ერთი იმყოფინეთო და ასე გავიდნენ გუნდები შესვენებაზე. კუბარსი ტიტველი გავიდა, ერთ-ერთი ეპიზოდში “მადრიდის” კარის ხაზთან მაისური გახადეს, ბურგოსმა თქვა ფეხბურთია ძმაო, მოსულაო.
წაგებული ტაიმი
და გამოვიდა კილიან მბაპე.
ერთი ვინისიუსის გაჩერება რთული არ ყოფილა, მაგრამ მეორე ტაიმში სურათი შეიცვალა, ბელინგემი იყო გაცილებით აგრესიული, რამდენიმე ბრძოლა მარტომ მოიგო მოედნის ცენტრში, წინ უკვე ორი გამქცევი ჰყავდათ, მაგათი დაჭერა კიდევ ურთულესი საქმეა, დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი შესნის მოუწია გუნდის გადარჩენა, თანაც რამდენჯერმე. თითქოს გოლსაც აღარაფერი აკლდა, მბაპე უეჭველად შეაგდებდა რომ არა დე იონგის მხრიდან თამაშის წესის დარღვევა, სწორი ჯარიმა აიღო, მაგრამ მბაპემ მაინც შეაგდო და ანგარიში გათანაბრდა.
“ბარსას” მოაკლდა სისწრაფე და აგრესია, მოაკლდათ ბალდე, იმიტომ, რომ ჟერარ მარტინი აშკარად ყველაზე სუსტი რგოლი იყო დაცვაში, ფლიკი შეცვლების გაკეთებას არ ჩქარობდა, თითქოს ნაადრევად დაიწყო ფიქრი დამატებით დროზე და დაისაჯა კიდეც ამის გამო, “მადრიდის” კუთხურს მეორე გოლი მოჰყვა. აქ უკვე სასწრაფოდ იყო მარტინი გასაყვანი, თუმცა, სანამ ფლიკმა ეს ცვლილება გადაწყვიტა მანამდე ისევ იამალმა გააკეთა მეორე გოლი, დიდებული პასი იყო, რონალდინიო რომ ხელს მოაწერდა ისეთი, რუდიგერის ზურგსუკან ჩააგდო, ფერანი კარგად გათავისუფლდა, კურტუას ჩაუარა და ცარიელი კარის წინ სანამ დაარტყამდა მთელმა სეზონმა თვალწინ ჩამიარა..
გაიტანა! გაიტანაააა!!!
ფერან ტორესმა პირველი გამოცდა ჩააბარა. წინ კიდევ ორი აქვს.
მერე ეს დაგეგმილი შეცვლები იყო და მატჩის ბოლო წუთზე ფერანი წააქციეს, გოლი და ეგ არის, მორჩენილია ყველაფერი, მაგრამ რა გოლი.. პენალტიც არ დადეს, ეგ კი არა, ბურგოსს არც კი დაუძახეს მონიტორთან, მძიმე სანახავია და ინერვიულებსო. ტრაგედიაზე არ შეაწუხეს, სამაგიეროდ, რამდენიმე წუთში კომედიაზე დაუძახეს და რაფინია გააფრთხილა.
წავედით დამატებით დროში.
მოგებული მატჩი
ასეთ მატჩებს გუნდი იგებს. ყველა ვინც გუნდშია. ექვს ცვლილებას რომ გააკეთებ ნიშნავს იმას, რომ სულ სხვა გუნდი გყავს მოედანზე და მაინც იგებ. არაუხო გამოვიდა, ინიგო მარცხნივ გადავიდა, დაცვა დალაგდა. გავისა და არაუხოს გამოსვლით საჭირო აგრესია და სისწრაფეც მივიღეთ, პედრისა და დე იონგის გასვლის შემდეგ კონტროლისა და ბოლო პასის პროცენტმა მოიკლო, ასე რომ, ბევრი მომენტი არც ყოფილა, ძალა აღარც ჰქონიათ, იამალმა ბოლო სახიფათო მომენტი ჯერ კიდევ მეორე ტაიმის მიწურულს შექმნა, როცა კურტუამ ლამაზ ნახტომში აუღო, რაფინიაც ბოლოს მეორე ტაიმში გამოჩნდა როცა ორი მომენტი ქარს გაატანა, ახლა კიდევ მთავარი იყო გოლი არ გაეშვათ, გატანით კიდევ ისე თუ გავა.. მოულოდნელად.
ვინა გვყავს ეგეთი მოულოდნელად რომ გაისროლოს? გვყაავს ვინმე? გვყოლია, კუნდე გვყოლია. მოდრიჩმა ისე დაუგორა ბურთი, როგორც იამალმა პედრის, კუნდემ ერთი შეისწორა და დაბალ კუთხეში ძლიერად.. – გოოოოოოოოოლ!!!!!!! ააარის! “ბარსა” ჩემპიონია!! “ბარსა” ჩემპიონიაა! კურტუასთან ერთად სულ რომ ბურგოსიც მდგარიყო კარში ეს გოლი მაინც გავიდოდა. გაიქცა კუნდე სათადარიგოთა სკამისკენ, გაიქცა არაუხო ტრიბუნისკენ, დაუარა ლაპორტამ შალახო ტრიბუნაზე, შვიდი კაცი აკავებდა მეფეს შალახო არ ევასებაო, მაგრამ კიდია ლაპორტას, გაუსვა და გამაუსვა, იამალი კიდევ აღნიშნავდა ისე თითქოს “გრანადა” დაამარცხა, ამ ბიჭისთვის მგონი სულ ერთია, ჯერ მგონი ვერც ხვდება რას აკეთებს მოედანზე, რა ისტორიას, წერს, რა ლეგენდას ქმნის, უფლება რომ მიეცათ სათვალით ითამაშებდა, თავის ძმას ფორვარდად დააყენებდა, ჯერ კიდევ ბავშვია.
დამატებითი დროის მიწურულს “მადრიდი” მსაჯს შემოსწყრა, ეს მოხდა იმიტომ, რომ ბურგოსმა სადავეები თავიდანვე გაუშვა ხელიდან, შეშინებული ჩანდა, მაგრად რომ დამდგარიყო ფეხზე ფეხბურთელები მისთვის ყინულის სროლას ვერ გაბედავდნენ. რუდიგერი შლეგივით შებოჭეს, ყვიროდა თურმე – ფერანი რომ დავაგდე პენალტი რატომ არ დანიშნე, შენი ბაბო გავათხოვეო! თვალზე ააფარეთ ვინმემ ხელი, ღმერთოჩემო.
დალევა არ მოსულა
კარგი დასვენება და ძალების აღდგენაა საჭირო. წინ ურთულესი მატჩია “ინტერთან”, ამ შეხვედრას, რა თქმა უნდა, სიმონე ინძაგიმაც უყურა, დიდად არ ანაღვლებდა ვინ მოიგებდა, დამატებით დროს ქომაგობდა და გაიხარა ასე რომ მოხდა, “ბარსამ” დიდი ძალები დახარჯა, ფეხბურთელების უმრავლესობა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, სიმონეს გათვლა სწორედ ამაზე იქნება, ფლიკმა ეს რასაკვირველია იცის. ჰოდა, ვნახოთ აბა, რა იქნება.
საუკეთესო ელ კლასიკო ამ სეზონში და მერამდენე ქამბექი დაცვამ ძაან მაგრად ითამაშა ეს რა იყო ბიჭო კუბარსიმ რა შეყოლებები ჩაჭრა და არაუხო რომ გამოვიდა რეალს იმის მერე არ დაურტყია კარში,გუნდს აგრესია აკლდა პედრი და დე იონგი რომ გავიდა არაუხომ და გავიმ ეს აგრესია შემატეს გუნდს,კუნდეც ძაან კაი იყო დაცვაში და ისე შეტევაშიც რა გოლი გაიტანა აართვა იქ მოდრიჩს დაარტყა და გაიტანა,ახლა მთავარია ინტერს მოუგოს ლა ლიგაზე კარგად არის საქმე
ფლიკის მთავარ დამსახურებად მიმაჩნია, რომ გუნდის თითოეულ წევრს ეტყობა რწმენა საკუთარი თავისა. ის თავდაჯერება, რომელიც გამოსხივის ინდივიდუალურად ყველა მათგანისგან, საბოლოოდ აყალიბებს მთლიანად გუნდურობას, მთელი გუნდის თავდაჯერებას, რომელიც მონოლითურ, ქვიტკირივით ურყევ გუნდურ რწმენას ქმნის – რწმენას, რომ რაც არ უნდა ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდეს გუნდი, ის მაინც დაძლევს, გადალახავს წინაღობებს და მიაღწევს მთავარს – გამარჯვებას! ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის, სწორედ ამ იდეას მოაქვს ფლიკის ბარსასთვის მთავარი – გამარჯვებულის მენტალიტეტი. მატჩამდე და თამაშისას თითოეულ ფეხბურთელს ეტყობა ბრძოლის ჟინი, ეტყობათ რომ საომრად არიან გამოსულები და ომობენ კიდევაც . ამ შემართებას, ბრძოლის ჟინს (ცალკეული ჩავარდნების გამოკლებით) ყველაზე მეტად სწორედ გულშემატკივრები ვგრძნობთ, ვხედავთ და ეს ცალსახად ფლიკის დამსახურება მგონია. ამ სეზონში საომარი სულ ცოტაღა დაგვრჩა და ასე თუ გავაგრძელებთ, თან ცოტა იღბალიც თუ დაგვეხმარა, უმაგრეს სეზონს დავხურავთ ისე, როგორც ეს ბარსას ეკადრება – ბარსა,ბარსა, ბააარსა!