მადრიდის “ატლეტიკოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, მიგელ ანხელ ხილ მარინმა არგენტინელი თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის მიერ სამშაბათს გაკეთებული განცხადების გამო წუხილი გამოთქვა. მარინმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ კლუბს ფეხბურთელის უფლებების დათმობა არ სურს, ხოლო “ბარსელონა” მადრიდულ გუნდს “პატივს არ სცემს” და “ჰგონიათ, რომ მისი აბუჩად აგდება შეუძლიათ”.
“ატლეტიკოს” ხელმძღვანელი არგენტინელი თავდამსხმელის (რომელსაც მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს) იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში ავსტრიასთან მატჩის შემდეგ გააკეთა. ალვარესმა აღნიშნა, რომ “ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი ტრანსფერია” და თავისი “ოცნების” ახდენა სურს.
“მისი სიტყვების გამო ძალიან ვწუხვარ. ამ განცხადებების გასაკეთებლად შესაფერისი დღე არ იყო, ეს მესისა და არგენტინის ნაკრების დღე იყო და არა მხოლოდ ხულიანის,” – განუცხადა ხილ მარინმა სააგენტო EFE-ს.
“ხულიანს ოცნება აქვს, მაგრამ ჩვენ, “ატლეტიკოს” წარმომადგენლებსაც გვაქვს ოცნებები. მართალია, ის ჩვენ გვესაუბრა, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ მან ჩვენი პოზიცია ძალიან კარგად იცის, რადგან საკმაოდ მკაფიონი ვიყავით: “ატლეტიკოს” მისი უფლებების დათმობა არ სურს. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და ძალიან ვამაყობთ, რომ ჩვენთან თამაშობს”.
ამ კონტექსტში, ხილ მარინმა EFE-სთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა:
“ბარსელონა” პატივს არ გვცემს, მათ ჰგონიათ, რომ ჩვენი აბუჩად აგდება შეუძლიათ, რომ სუსტები ან სულელები ვართ. მაგრამ სინამდვილეში, ისინი მთელ მსოფლიოს თავიანთ ნამდვილ სახეს უჩვენებენ.”
“ისინი გვატყუებენ ჩვენ, ფეხბურთელს, მედიას და თავიანთ გულშემატკივრებსაც კი. ცდილობენ ყველას დააჯერონ, რომ შეუძლიათ ისეთი ტრანსფერის განხორციელება, რისი შესაძლებლობაც რეალურად არ აქვთ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა “ბარსელონა” ასე იქცევა და საფეხბურთო სამყარომ ეს ძალიან კარგად იცის. გასულ წელს მათ თითქმის იგივე გაუკეთეს ნიკო უილიამსსა და “ბილბაოს”.
არგენტინელ თავდამსხმელს მადრიდის “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს. კლუბმა არაერთხელ განაცხადა, რომ ფორვარდი არ იყიდება და “ბარსელონას” მხრიდან ტრანსფერზე ნებისმიერი მცდელობის პასუხად, მის 500-მილიონიან გამოსასყიდ პუნქტზე მიუთითებს.
ხულიან ალვარესი “ატლეტიკოში” ორი წლის წინ “მანჩესტერ სიტიდან” გადავიდა. ამ ორი სეზონის განმავლობაში მან 106 მატჩში 49 გოლის გატანა შეძლო.
უნდა დავითრიოთ რამენაირად