ლაპორტა ადეიემის ტრანსფერს ადასტურებს და ირწმუნება, რომ რაფინია რჩება

ლაპორტა ადეიემის ტრანსფერს ადასტურებს და ირწმუნება, რომ რაფინია რჩება

მოკლედ
ჟოან ლაპორტამ კარიმ ადეიემის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და განაცხადა, რომ რაფინია გუნდში აუცილებლად დარჩება, ხულიან ალვარესის ტრანსფერისთვის კი კლუბი უსასრულოდ არ იბრძოლებს.

ჟოან ლაპორტა დალასში (ტეხასი) ჩავიდა, სადაც სამშაბათს ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გასამართ ნახევარფინალს დაესწრება. “ბარსელონას” პრეზიდენტი სასტუმროში მასმედიის წარმომადგენლებს ესაუბრა და არაერთ აქტუალურ თემას შეეხო, დაწყებული ხულიან ალვარესითა და ადეიემით, დასრულებული რაფინიათი, ლამინ იამალით, პედრითა და გორდონით.

მხარდაჭერა ნაკრებსა და ფეხბურთელებს

ლაპორტამ ჩასვლისთანავე განმარტა თავისი ვიზიტის მიზანი:

“აქ ესპანეთის ნაკრების მხარდასაჭერად ჩამოვედი, რომელსაც საფრანგეთის წინააღმდეგ რთული მატჩი ელის. ვფიქრობ, ახლა მათ გვერდში დგომის დროა. ნაკრებში ‘ბარსელონას’ ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც აუცილებლად ძალიან ბედნიერები იქნებიან. ჟიულ კუნდეს გამო გული მწყდება, რადგან ის საფრანგეთშია. მეორე მხრივ, ინგლისის ნაკრებში გორდონი გვყავს. კარგი წარმომადგენლობა გვაქვს, მაგრამ აქ ესპანეთის ნაკრების საქომაგოდ ვარ.”

ლამინ იამალის შესახებ მან აღნიშნა:

“ბარსელონას’ ყველა ფეხბურთელს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. ვიცი, რომ მათი წარმატება ჩვენი წარმატებაცაა. ვფიქრობ, ლამინი შესანიშნავ მუნდიალს ატარებს. რამდენიმე მატჩში ის MVP-იც გახდა. სხვებიც ძალიან მაგრად თამაშობენ. პედრი, ოლმო, კუბარსი… ყველა მათგანი ბრწყინვალედ ასპარეზობს.”

პრეზიდენტი ენტონი გორდონსაც ძალიან დადებითად აფასებს:

“ძალიან კარგად გამოიყურება, ვხედავ, რომ გამწვავება შეუძლია. ნორვეგიის წინააღმდეგ ბელინგემს ერთ-ერთ გოლზე საგოლე გადაცემა გაუკეთა. ბელინგემმა ორი ლამაზი გოლი გაიტანა, მაგრამ გორდონის პასი მართლაც შესანიშნავი იყო.”

ფერანი და პედრი

ფერან ტორესის “პარი სენ-ჟერმენში” შესაძლო ტრანსფერის შესახებ მან განაცხადა:

“რაღაცები მოვისმინე, მაგრამ დადასტურებული არაფერი გვაქვს. ის “ბარსელონას” ფეხბურთელია, ერთ-ერთი იმ მოთამაშეებიდან, რომლებიც აქ გვყავს. ფერანიც ძალიან კარგად თამაშობს, მოედანზე ყოველი შესვლისას სიმწვავეს ქმნის, მერინოს ის შესანიშნავი პასიც მან გაუკეთა. მოკლედ, მუნდიალზე ბევრი ბრწყინვალე ფეხბურთელი გვყავს და სწორედ ამიტომ ვარ ახლა აქ.”

ნაკრებში პედრის სათადარიგოთა სკამზე ყოფნის შესახებ დასმულ კითხვაზე ლაპორტამ ვითარება განმუხტა:

“ნუ, სათადარიგოთა სკამი – ეს უფრო ძალების გადანაწილებაა. ჩემთვის ის ძირითადის ფეხბურთელია და ეს ყოველთვის იგრძნობა. მიმაჩნია, რომ ყველა მატჩი, რომელშიც ითამაშა, კარგად ჩაატარა. უბრალოდ, ნაკრებში ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომლებიც თამაშს იმსახურებენ. თუმცა პედრის ნიჭი განსაკუთრებულია.”

რაფინიას მომავალი და ადეიემის ტრანსფერი

კიდევ ერთ “ცხელ” თემაზე, რაფინიაზე საუბრისას პრეზიდენტი პირდაპირი იყო:

“რაფინია ნამდვილად რჩება. საერთოდ არ გვაქვს იმის ინტერესი, რომ მან “ბარსელონა” დატოვოს. ის ჩვენი საყრდენია. ვხედავ, რომ გორდონითა და ადეიემით თავდასხმას ვაძლიერებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაფინიას შეველევით, რომელიც ჩვენთვის საკვანძო ფიგურაა. სამწუხაროა, რომ გასულ სეზონში ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და თასის დასკვნით ეტაპზე მან სრული დატვირთვით თამაში ვერ შეძლო. ასე რომ ყოფილიყო, შედეგები სხვანაირი იქნებოდა.”

გარდა ამისა, მან კარიმ ადეიემის გარდაუვალი ტრანსფერიც დაადასტურა:

“ადეიემის გამო ძალიან გახარებულები ვართ. ის დიდი ხანია მოგვწონდა. სახიფათო და სწრაფია, ტრანსფერი კი დეკუმ ძალიან კარგად წარმართა. სიახლე მაშინ გავრცელდა, როცა უნდა გავრცელებულიყო.”

მესი და ხულიან ალვარესი

არგენტინის ნაკრებთან ერთად უკვე ნახევარფინალში მყოფ ლეო მესიზე მან აღნიშნა:

“მესის მუნდიალი არაორდინალურია. 8 გოლი, რომელთაგან რამდენიმე უმაღლესი ხარისხისაა და მისი ნიჭი ყოველთვის დომინირებს. ვფიქრობ, საფეხბურთო სამყაროში სხვა მოთამაშეებიც მნიშვნელოვანნი არიან, მაგრამ მათ ასაკი აქვთ და ლეოსნაირი ტალანტის არქონის გამო, ეს ასაკი ეტყობათ. არგენტინა მესისთვის მუშაობს, ეს კომპაქტური გუნდია და გაუმართლათ, რომ ლეო ჰყავთ, რომელიც მომენტებს ყოველთვის იყენებს.”

შვეიცარიის კარში გატანილ ხულიან ალვარესის გოლს მან “შესანიშნავი” უწოდა. ხოლო კითხვაზე, გადმოვა თუ არა ის “ბარსელონაში”, უპასუხა:

“ამას ვნახავთ. ხულიანის ტრანსფერთან დაკავშირებით, ცხადია, სხვის დაკრულ მუსიკაზე არ ვიცეკვებთ, რიტმს ჩვენ განვსაზღვრავთ. შეთავაზება გავაკეთეთ, რომელიც უსაზღვრო არ არის და თავის დროზე ვიტყვით, როდემდე იქნება ის ძალაში. შეთავაზება გაკეთდა იმ ფეხბურთელის დასამატებლად, რომელიც სპორტულ დეპარტამენტსა და მწვრთნელს მოსწონთ. მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი მოთამაშეა. სოლიდური თანხის შეთავაზებას ძალაში ვტოვებთ, მაგრამ ის უსაზღვრო არ იქნება.”

მან ასევე დაამატა:

“ვესაუბრე მიგელ ანხელ ხილს, როგორც ყოველთვის ძალიან პირდაპირ და კარგად. მიმაჩნია, რომ მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. თავიდან ჩვენს შეთავაზებასთან დაკავშირებით გაუგებრობა იყო, რაც ავუხსენი. ჩვენ მეტი ზეწოლა არ მოგვიხდენია, უბრალოდ ვუთხარი, რომ როგორც კი ალტერნატივა ექნებოდათ, ეს შეთავაზება ძალაში იქნებოდა. საქმე აქ გაჩერდა და ამ მომენტისთვის მეტი განვითარება არ მოჰყოლია.”

ლაპორტამ ხულიანის სანაცვლოდ შეთავაზებული თანხის რაოდენობაზე საუბარი არ ისურვა:

“ამ თემაზე მეტს აღარ ვისაუბრებ, რადგან უკვე ვთქვი ყველაფერი, რაც უნდა მეთქვა.”

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    13 ივლ 2026, 10:09

    დაგვიჭირეთ თუ შეგიძლიათ. რა გააჩერებს ამ შეტევას. რაკეტები არიან ტიპები.

  • GiorgiM4
    GiorgiM4 ახალბედა
    13 ივლ 2026, 09:33

    ფლიკს პრესინგი ევასება, ადეიემიც თუ დაიმატეს, მომავალ სეზონში ბარსას ყველა ვარიანტში ძალიან სწრაფი შემტევები ეყოლება და ძალიან მაგარ პრესინგზე მოთამაშე გუნდს უნდა ველოდოთ