მატჩის გმირად ქომაგებისთვის ყველაზე არაპოპულარული კაცი მოგვევლინა, არა მხოლოდ “ბარსას” ქომაგებისთვის. ხდება ხოლმე ასე, უსარგებლო კაცი ხანდახან სასარგებლო ხდება, უბრალოდ სწორი დრო და ადგილია საჭირო. ფერან ტორესი შეცვლაზე შემოვიდა და ორი უმნიშვნელოვანესი გოლი შეაგდო, ჯერ წინ გაიყვანა “ბარსა”, მერე კიდევ ბოლო წუთებისკენ გამარჯვების გოლი შეაგდო. ამ ბოლო გოლზე მაინც მოახერხა და გული შეუწუხდა ხალხს, ლამინე იამალის გენიალური პასის შემდეგ ფერანს საშინელი პირველი შეხება ჰქონდა, პასის ვარიანტი საერთოდ დაკარგა, არადა ცარიელ კარში შეეძლო გაეგორებინა, დარტყმისთვის სივრცე თავად შეიზღუდა და უკვე ვფიქრობდი რომ აქედან შეუძლებელია გატანა-მეთქი, მაგრამ მაინც დაარტყა და გაიტანა.
რაც არ უნდა ვთქვათ, ამ სეზონში ანსუ ფატის ბევრად სჯობია. რამდენი შანსიც მიიღო იმდენჯერ რაღაც მაინც გაახერხა, გოლებიც შეყარა, ორი ამდენი გააფუჭა, მაგრამ სარგებელი მოაქვს, ასე თუ ისე, ანსუ ფატი კი აღარც კი გვახსოვს. აი, ფერანი კარგ შემომსვლელად შეიძლება ჩამოყალიბდეს, აბა, ძირითადში ისეთი ხალხი დგას მათთან ახლოსაც ვერ მივა.
დორტმუნდში
ძალიან მიყვარს ეს სტადიონი, წელს გერმანიაში თითქმის ყველა სტადიონზე ვიყავი სადაც მატჩი ჩატარდა და ასეთი სიამოვნება არსად მიმიღია, ასეთი ატმოსფერო არსად შექმნილა, ასეთი კომფორტული საპრესკონფერენციოც არსად მინახავს. მართალია წვიმის დროს მარტივად იტბორება სტადიონი, მაგრამ გაზონი ისეთია სულ რომ ქარიშხალი დატრიალდეს მაინც არაფერი ეტყობა. ამ ატმოსფეროში კიდევ შეუძლებელია კარგი ფეხბურთი არ ითამაშო. ასე იყო გუშინაც, ჩემპიონთა ლიგაზე დღის საუკეთესო მატჩი ვიხილეთ. თავიდანვე მაღალ ტემპში დაიწყო, უბრალოდ გოლები მეორე ტაიმისთვის გადაიდო. არადა, “ბარსას” რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა პირველივე ტაიმში, ყველაზე კარგი ალბათ რაფინიას, რომელმაც ახლო მანძილიდან ააცილა, ლამინეს ტრიველას შემდეგ, იამალის ამ აჭრილ პასს ჯერჯერობით ვერაფერს უხერხებენ, ყველა თამაშში სამჯერ მაინც აკეთებს და ამ სამიდან მინიმუმ ერთი საგოლეა. მართლა რონალდინიოს მსგავსად თამაშობს, მაგიური ელემენტები ჯერჯერობით მასსავით მრავლად ვერ აქვს, მაგრამ ბურთთან ასეთი შეხება სხვა ბევრი არ მახსენდება, ნეიმართან შესადარებლად კი ზედმეტად ჭკვიანია, სულ სხვა დონეზე აზროვნებს.
ჯერ კიდევ ბავშვია, კიბატონო, მაგრამ ისე ჩანს რომ “ბარსას” მომავალი დიდი ათიანი უნდა გახდეს. ასე მიდის საქმე. ლამინე უნდა იყოს ამ დიდი ტრადიციის გამგრძელებელი.
ყველაფერი მეორეში
აქეთ იამალი, იქით რაფინია. საგოლე მოქმედების გარეშე მოედანს არ ტოვებს ბრაზილიელი, ეს რა სეზონი აქვს! ამჯერადაც კარგი გოლი შეაგდო, დანი ოლმომ გაიყვანა ერთი-ერთზე და პასს ველოდი კარის გასწვრივ, მაგრამ უზუსტესად დაარტყა, ისე რომ მეკარეს საერთოდ რეაგირება არ მოუხდენია – 1:0. გარდა იმისა, რომ რაფინია ძალიან შედეგიანია, მისი თამაშის ყურებაც სასიამოვნო გახდა, არადა, წინა სეზონში იმდენ არასწორ გადაწყვეტილებას იღებდა კაცი დემბელეს თუ შეადარებდა, ახლა კიდევ ყველაფერში მომატებული აქვს. მისი ცაცია კი ბევრი მატჩის გასაღები გამხდარა. აბა, ასეთი სეზონი რომ “ბარსას” ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს ჰქონოდა, ხომ შევიყვანდით დიდი ბრაზილიელების სიაში?! მაგრამ რაფინიას ჯერ მაინც ეჭვის თვალით ვუყურებთ ლეგენდებში გასაწევრიანებლად, იქამდე ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი, აი, კოუტინიოს უკვე სჯობნის ამ სეზონით.
არც “დორტმუნდი” იყო უსაქმოდ, გარდა მათი გატანილი გოლებისა, კიდევ ჰქონდათ 2-3 კარგი მომენტი. პირველი კი პენალტით შეაგდეს, დამნაშავე ამჯერადაც კუბარსი იყო, პენალტს, როგორც წესი, ის იკიდებს, ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი გამოცდილება, რამდენიმე წამით აგვიანებს და ეს დაგვიანება ამ დროს პენალტია. შეცვალზე შემოსულებმა გაამართლეს, პირველ რიგში ფერმინმა და ფერანმა, ტორესმა ისევ წინ გაიყვანა “ბარსა” მერე კი ვნახეთ, რომ ფლიკის “ოფსაიდის ხაფანგი” ისე ეფექტურად ვეღარ მუშაობს, როგორც ადრე. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ “ბარსამ” ბოლო მატჩებში ბევრი ქულა დაკარგა. დაცვა ჩავარდა, პენია შეცდა – 2:2.
ბოლოს კი ისევ პედრისა და ლამინეს შეუდარებელმა თამაშმა მოგვაგებინა. მართალია ფერანმა გაიტანა, მაგრამ ეს ორი ნამდვილი ბრილიანტია.
ჰოდა ასე, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი კარგად მიდის. იანვარში კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს “ბარსა” – გასვლაზე “ბენფიკასთან” და სახლში “ატალანტასთან”. ასე მორჩება ეს გაუგებარი ფორმატი და ტრადიცულ პლეიოფებზე გადავალთ.
მანამდე კიდე, “ბარსას” სათადარიგო შეივსო – რონალდ არაუხო დაბრუნდა!
ერთი საინტერესო ამბავი
კი ვართ იმედიანად, მაგრამ ფინანსები შეგვახსენებს ხოლმე თავს, ლაპორტამ იანვარში ფეხბურთელების დარეგისტრირების მიზნით “კამპ ნოუს” VIP 20 წლის ვადით გაყიდა, უფრო სწორად ყიდის, როგორც The Athletic ავრცელებს. კი იყიდდა კაცი, სხვა რა გითხრათ. მომდევნო ოცი წელი იამალის ყურება “კამპ ნოუზე” გადასარევი იქნებოდა.
ერთ კარგ ფეხბურთელს კი “ნაპოლიში” უთხრეს თუ რამე არ მოგწონს შეგიძლია წახვიდეო, ჩვენ კიდევ ამაზე მეტად არაფერი გვინდა, ეგ ფეხბურთელი “ბარსელონაში” წამოვიდეს. აბა, დატრიალდი მანანა!
ახლის დაწყების შეტევის ფაქტირიცაა
Barca for life, ეგ ნაპოლშია სასაც იცის რომ პირველი ვარსკვლავი ეგაა. ბარსელონაში მასე ვერ იქნება ეცოდინება რომ მინიმუმ მაგის დონიზ ბევრია უკეთესებზე აღარაფერს ვამბობ
აბა მომკვდარა მაშინ სოფლის გუნდში !
ლამინე არის არანორმალური❤️
მხოლოდ ერთი შემადგენლობით რომელიმე ტურნირის მოგება შეიძლება დღეს ? მშვენივრად გაინაწილებენ სათამაშო დროს თანაც ისე რომ არცერთი არ დაზარალდება რესურსის არ ქონაა ზუსტად პრობლემა ! პლიუს ფლიკს მეტოქეების გათვალისწინებით მეტი ვარირების საშუალება ექნება ოღონდ კვარამდე პრიორიტეტი ცენტრფორვარდი (გიოკერესი) და მეკარე უნდა იყვნენ ჩემი სუბიქტური აზრით
ვერ გაინაწილებენ დროს. კვარას რეაქციებს არ უყურებ როცა მოედნიდან გაჰყავთ? ტიპს 15 წუთზე ეშლება ნერვები და თქვენ როგორ წარმოგდგენიათ მაგ ტიპს მინიმუმ ნახევარი სეზონი სკამზე რომ გაახმობთ?
მითუმეტეს რაფინიას დამსმელი არავინაა და ვერც ასეთი კვარა ამოაგდებს ვერასდროს.
ხოლო როცა სკამისთვის მოსაყვან ფეხბურთელეზეა საუბარი 100მს ეგეთ ტიპში გადაყრას რომ თავი დავანებოთ, მე პირადად აკადემიიდან დანი როდრიგესს, ტონი ფერნანდესსა და არნაუ პრადასს ამოვწევდი რომლებიც იამალზე არანაკლები ბავშვები არიან.
ხოდა სჯობს ჯერ თანხები გაცილებით მნიშვნელოვან პოზიციებს მოხმარდეს (სტრაიკერი, მეკარე, ფულბექები) და აკადემიიდან ხალხი დავაწინაუროთ, ვიდრე 100მილიონები ვყაროთ სკამის ფეხბურთელებში.
განსხვავებაა გრანდში თამაშსა და ნაპოლიჯს თამაშს შორის + რაფინიას 3-4 პოზიციაზე შეუძლია თაამაში კავარას ასევე შუეძლია ფორვარდის უკან ითამაშოს
კვარა იუარებს სკამზე დაჯდომას და როტაციას. მაგას ჭირდება გუნდი სადაც ლიდერი იქნება.