82-ე წუთზე მარკ კასადომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. ხალხი მომდევნო მატჩზე ჩაფიქრდა, მის გარეშე როგორ ითამაშებდა ფლიკი, ამჯერად ვინ დაიკავებდა საყრდენის პოზიციას, თუმცა, პრობლემები არათუ მომდევნო შეხვედრაში, არამედ მომდევნო ოთხ წუთში გამოვლინდა. “სელტასთან” გასვლაზე ხუმრობა არ ღირს, არასდროს ყოფილა აქ თამაში მარტივი, აქვს ამ სტადიონს თავისი აურა, დიდი საფეხბურთო კულტურის მატარებელი ქომაგი იკრიბება, შემთხვევითი არ არის, რომ სულ სავსეა, რწმენაც დიდი აქვთ, პირველ რიგში, ფეხბურთი უყვართ და ფეხბურთის სჯერათ. კაცმა არ იცის ეს დაკარგული ორი ქულა სამომავლოდ სად წამოყოფს თავს, როგორც წესი, ასეთი მარცხი მძიმედ ახსენდებათ ხოლმე სეზონის ბოლოსკენ.
პაუზის შემდეგ
კარგი ის არის, რომ სანაკრებო პაუზიდან ყველა ჯანმრთელი დაბრუნდა, ლამინე იამალს უკვე ჰქონდა დაზიანება და მცირე ხანს უქმობა ისევ მოუწევს. მის გარეშე “ბარსას” კრეატივი აკლია, ჯერ 17 წლის არის, მაგრამ მასთან ერთად და მის გარეშე სხვაობა უკვე იგრძნობა. უქმე დღეებში ლევანდოვსკისთან ორი ინტერვიუ ჩაწერეს, ერთი The Athletic-მა, მეორე კი რიო ფერდინანდმა. ლევანდოვსკიმ იამალზეც ისაუბრა, პირველად ვარჯიშზე რომ ვნახე 15 წლისა იყო და თვალებს ვერ ვუჯერებდი რომ ამ ასაკში ასეთ დონეზე თამაში შეეძლოო. ბევრი მინახავს, მაგრამ მსგავსი არავინ – თქვა პოლონელმა.
იამალის ადგილი რაფინიამ დაიკავა, ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა უკვე მესამე სათამაშო პოზიცია მოირგო მიმდინარე სეზონში. ფლიკი იქ აყენებს სადაც ყველაზე მეტად უჭირს გუნდს. ცაციასთვის მარჯვენა ფლანგზე თამაში თითქოს უფრო კომფორტულიც არის, ჰოდა, შედეგიც გამოიღო, კუნდემ თავისი პირველი საგოლე გადაცემა სწორედ რაფინიას გაუკეთა, კარგი პასი იყო, შესრულება კიდევ უკეთესი, ეფექტურად ჩამოიცილა მცველი ბრაზილიელმა და მარცხენა ფეხით ზუსტად დაარტყა – 1:0.
მარცხენა ფლანგზე დანი ოლმო დადგა, მოედნის ცენტრში კი გავი დაბრუნდა. მეტნაკლებად ორივეს კარგი თამაში ჰქონდა, ტრადიციულად მონდომებული იყო გავი, დაუღალავად იშრომა მთელი ის პერიოდი, რაც მოედანზე დაჰყო, დანი ოლმო კი აღარ ჰგავს იმ კაცს, რომელიც საწყის ტურებში ვნახეთ, ვეღარ ბრწყინავს ისე, მაგრამ ეგეც დროის ამბავია, ნელ-ნელა შევა ფორმაში, მეჩვენება, რომ უფრო მეტ ნდობას ითხოვს ფლიკისგან, შეიძლება ჩაფიქრდა კიდეც სად იქნება მისი ადგილი, როცა ყველა მზად იქნება სათამაშოდ.
ლევანდოვსკის მორიგი გოლი
პოლონელი გაჩერებას არ აპირებს, მორიგი კარგი გოლი შეაგდო, “ბარსას” ყოფილ ფეხბურთელებს მაგრად გაურთულა საქმე, მორიბადან დაწყებული, ალონსოთი გაგრძელებული და მინგესათი დამთავრებული. ამ უკანასკნელს განსაკუთრებით გაუშრო სისხლი, არადა, 36 წლის არის, ინტერვიუში ისიც თქვა ბავშვობაში ძიუდოზე დავდიოდი და მოქნილობასა და სისხარტეში მაგრად დამეხმარაო, თურმე, მამა ავარჯიშებდა. ფორმის შესანარჩუნებლად დიდი მსხვერპლიც გაიღო, ჯერ კიდევ 22 წლის ასაკში აბსოლუტურად შეცვალა კვების რაციონი, ჰოდა, აგერ შედეგიც, 36 წლის კაცი ისევ მწვერვალზეა.
პირველი შეხება არც თუ ისე კარგი ჰქონდა, მერე მეტოქეს აართვა ბურთი და ერთი-ერთზე დარჩენილმა მშვიდად შეაგდო. თითქოს მოკლა კიდეც თამაში. “სელტა” მთელი მატჩის განმავლობაში უტევდა, მაგრამ არც მიფიქრია, რომ გოლს შეაგდებდნენ, პენიას გარჯა ჰყოფნიდა მათ შეტევებს, იაგო ასპასის მცდელობები ჰყოფნიდათ ფანებს ბედნიერებისთვის. ბოლოსკენ კი ყველაფერი შეიცვალა.
სანამ ეპილოგზე ვიტყვით, რაფინია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ოლმოს პასის შემდეგ შეეძლო გატანა, ამჯერად მარჯვენათი დაარტყა და ბურთი ძელს მოხვდა. აბა სცოდნოდა წინ რა ელოდა, უფრო მეტად განიცდიდა ამ ამბავს.
კასადომ ბოდიში მოიხადა
არაფერია საბოდიშო, ეს ფეხბურთის ნაწილია. კაცს რომ გააგდებენ იმას არ ნიშნავს, რომ ავტომატურად დათმო თამაში. პროფესიონალურ დონეზე ერთი კაცის სივრცის შევსება დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ “ბარსამ” ეს ვერ შეძლო, კუნდე უფრო დამნაშავეა, ვიდრე კასადო. კუნდემ ის გააკეთა, რის მერეც უნდა მოიხადოს კაცმა ბოდიში. ასე ჩაიწერა ამ შეხვედრაში მეორე საგოლე გადაცემა, ოღონდ, მეტოქეს მისცა. ჰოდა, დაიქოქა მთელი “სელტა”. როგორც ხდება ხოლმე ესპანეთში. მაგრად გრძნობენ ამ მუხტს, იციან როდის იწყება კულმინაცია. გადის კიდევ ერთი წუთი და ანგარიში უკვე 2:2 გახდა.
ფლიკმა მატჩის შემდეგ თქვა 90% საკმარისი არ იყო, მოსაგებად 100% გვჭირდებაო. ეგრეა, თუ ბოლომდე ყურადღებით არ ხარ, თუ გონება სადღაც გაგირბის, ადრე თუ გვიან დაუშვებ კიდეც ასეთ შეცდომას.
მომდევნო მატჩი “ბრესტთან” არის ჩანიშნული, ჩემპიონთა ლიგაზე. ვნახოთ აბა, რას იზამს ჰანსი.
იძებნება ორი ქულა
ეგ ორი ქულა უცებ ამოტივტივდება სეზონის ბოლოს თუ ჩემპიონები ვერ გავხდით. ყველა გაიხსენებს.