ინტერვიუ რობერტ ლევანდოვსკისთან - ჰანსი ფლიკზე, თინეიჯერებსა და ოჯახზე
The Athletic-მა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა რობერტ ლევანდოვსკისთან, რომელსაც მცირედი ცვლილებით გთავაზობთ.
2023/24 წლების სეზონი იმედგაცრუება გამოდგა. "ბარსას" ხელმძღვანელები ვეტერანი ფორვარდის გაყიდვაზეც დააფიქრა, რაც გასაკვირი სულაც არ არის, მისი გაფორმებიდან ნათელი იყო, რომ ორი წლის თავზე კონტრაქტი გადაიხედებოდა. რობერტმა სადებიუტო სეზონში ჩემპიონატის ეგიდით 23 გოლი შეაგდო, მეორე სეზონში კი 19. სადებიუტო სეზონის პირველი ნახევარი ძალიან კარგი იყო, ზამთრის მუნდიალის მერე კი ლევანდოვსკის მაჩვენებლებმა გვარიანად იკლო. პოლონელისგან ვეღარც აგრესიულ პრესინგს იღებს გუნდი, მიუხედავად ამისა, ჩავი და მთელი სამწვრთნელო შტაბი 36 წლის ფორვარდს ნდობას უცხადებდა.
ნდობის გამოცხადებიდან ექვსი თვის თავზე "ბარსა" ლიგის სათავეშია, გზად კი "მადრიდი" და მიუნხენის "ბაიერნიც" გაანადგურა. ლევანდოვსკი ევროპის ტოპ 5 ლიგის საუკეთესო ბომბარდირია, ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 19 გოლია, სულ რაღაც 17 შეხვედრაში. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. მთავარი, რა თქმა უნდა, ჰანსი ფლიკის მოსვლა და დიდი გადაწყობა იყო, ლა მასიას აღზრდილები შესამჩნევად პროგრესირებენ, "ბარსა" კი ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად გამოიყურება.
ლევანდოვსკის გოლები და შექმნილი მომენტები 2024/25 წლების სეზონში. მხედველობაში მიღებულია ყველა ტურნირი.
"რთულია სხვა კლუბებთან შედარება, მაგრამ "ბარსელონას" ირგვლივ ყველაფერი ძალიან ხმაურობს. ამ წლების განმავლობაში ვისწავლე როგორ უნდა განვერიდო ამ ყველაფერს. აქ გადმოსვლის პირველ დღეებში უამრავ დეზინფორმაციას ვეცნობოდი, და რიგ შემთხვევებში საერთოდ არ მესმოდა ამას რატომ აკეთებდნენ. მერე კი მივხვდი როგორ მუშაობს მედია ბარსელონაში და გადავწყვიტე ამ ყველაფრისგან მაქსიმალურად შორს ვყოფილიყავი, ამაზე ფოკუსირება ზიანის მომტანია ჩემი კარიერისთვის", - ამბობს ლევანდოვსკი.
ლევანდოვსკის გასახდელში მნიშვნელოვანი როლი აქვს, ის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია, ვარსკვლავური სტატუსით. ლამინე იამალსა და კუბარსიზე 19 წლით უფროსია! გავიზე 16 წლით უფროსი. ბალდე, კასადო და ფერმინი ლევანდოვსკიზე 15 წლით უმცროსები არიან. რთულია ამ დროს მენტორის როლი არ შეითავსო.
"ჩემი ვალდებულებაა მესმოდეს როგორ აზროვნებს ახალი თაობა. ესპანურის სწავლაც მნიშვნელოვანი იყო ამ გზაზე, ბევრ სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობთ ლანჩის დროს, ჩემთვის მარტივია ახალგაზრებს გამოცდილება გავუზიარო. სულ სხვა თაობა მოვიდა, ბევრად განსხვავებული, მე რომ მათ ასაკში ვიყავი, გამოცდილ ფეხბურთელებს ულაპარაკოდ ვემორჩილებოდი, ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის, არ ვამბობ რომ ეს ერთმნიშვნელოვნად ცუდია, ან კარგია, უბრალოდ ახლა ისე აღარ არის საქმე, როგორც ჩემი თინეიჯერობის დროს. ახალგაზრდები უფრო მეტად თავდაჯერებულნი და უშიშრები არიან. არა მხოლოდ ფეხბურთში".
"გასული წლის განმავლობაში საერთო ენა გამოვნახეთ, ლანჩზე რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად ვზივარ, ცხოვრებაზე ვლაპარაკობთ ხოლმე, ვუსმენ მათ წუხილს სხვადასხვა თემაზე, მეკითხებიან მათ ასაკში მე როგორ ვფიქრობდი, ბევრ რამეში მსგავსნი ვართ, მაგრამ ახლა აბსოლუტურად განსხვავებული პერსპექტივიდან ვუყურებ ყველაფერს".
ჰანსი ფლიკი ამ ორი სამყაროს მთავარი დამაკავშირებელი გამოდგა. გერმანელმა ძალიან სწრაფად შეძლო კრიტიკოსების გაჩუმება, ახლა კი მის რევოლუციურ ცვლილებებზე დაიწყო საუბარი.
"ინდივიდუალურად ყველა გაუმჯობესდა, მოედანზე ყველაფერს კარგად ვაკეთებთ, მიმაჩნია, რომ ახლა უფრო ძლიერები ვართ. როცა ფიზიკურად ისე ემზადები როგორც ახლა, სეზონის მიმდინარეობისას პრობლემები აღარ გექნება".
ფლიკი აღფრთოვანებული იყო ორი ახალგაზრდა ფეხბურთელით, მარკ ბერნალისა და მარკ კასადოს თამაშით. ძირითადში თამაში ბერნალმა დაიწყო და მალევე დაიმსახურა შექება, სერხიო ბუსკეტსსაც კი შეადარეს, თუმცა, მძიმე ტრავმის მერე სეზონი დასაწყისშივე დაასრულა, ამის შედეგად შანსი მარკ კასადოს მიეცა, რომელმაც არანაკლები შთაბეჭდილება მოახდინა, ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი და არც აპირებს პოზიციების დათმობას.
ლევანდოვსკის ფლიკთან "ბაიერნში" უმუშავია. ერთად ბევრი ტიტულიც მოიგეს და რომ არა პანდემია, რობერტს ოქროს ბურთსაც გადასცემდნენ. პოლონელს მიაჩნია, რომ "ბარსას" გამოფხიზლების მთავარი შემოქმედი გერმანელი მწვრთნელია.
"პირველად როცა ამ წელს ვესაუბრე "ბარსა" ჯერ კიდევ მწვრთნელის ძიებაში იყო, და როცა მისი დანიშვნის შესახებ შევიტყვე ძალიან გამიხარდა, რადგან ვიცოდი ამას რა მოყვებოდა, ერთად ბევრი გვიმუშავია და ბევრი ლაპარაკი არც გვჭირდება, ერთმანეთს უსიტყვოდაც ვუგებთ. ის პირდაპირი და სამართლიანი ადამიანია, იმ ფეხბურთელების მიმართაც, რომლებსაც ნაკლები დრო ეძლევათ, ან, საერთოდ ვერ თამაშობენ, ჰანსი ყოველთვის ცდილობს მათთან გულახდილი და პირდაპირი იყოს. ფეხბურთელები ამას ძალიან აფასებენ".
ფლიკიც აფასებს ლევანდოვსკის. "ხეტაფესთან" გატანილი გამარჯვების გოლის შემდეგ ფლიკმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ლევანდოვსკი ბოლო დეკადის საუკეთესო ცხრიანად მიაჩნია.
"ბედნიერი ვარ, როცა მისგან მხარდაჭერას ვგრძნობ, მაგრამ კარიერის ამ ეტაპზე დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ მედიაში ვინ რას ამბობს. უფრო მნიშვნელოვანია პირად საუბარში რას მეუბნება, გასახდელში, ვარჯიშებზე, ეს არის მთავარი".
"რაც თავი მახსოვს სულ სპორტში ვარ, სპორტული თამაშების გარეშე ჩემი ცხოვრება არ არსებობს. ფორმულა 1-ისა და NBA-ის დიდი ქომაგი ვიყავი, ამიტომ, ამ სახეობების კომპიუტერული ვერსიებითაც ხშირად ვერთობი. ვთამაშობ ასევე საომარ თამაშებს, მახსოვს 20 წლის ასაკში ონალინ მთელი "დორტმუნდის" შემადგენლობა ამით ერთობოდა, დაახლოებით 15 ადამიანი ვიაყვით ჯგუფში".
ლევანდოვსკის მთავარი პრიორიტეტი ოჯახია - მეუღლე ანა, რომელთანაც 2013 წელს იქორწინა, ქალიშვილები ლაურა (14 წლის) და კლარა (7 წლის).
"როცა დრო მაქვს ყოველთვის ოჯახთან ერთად ვარ, შვილების მიმართ დიდი პასუხისმგებლობა აქვს ადამიანს, ვალდებული ხარ მათ ზრდასა და განვითარებაში წვლილი შეიტანო. დაეხმარო მიზნების მიღწევასა და საყვარელი საქმის არჩევაში. მიყვარს როცა შვილებს ცხოვრებას ვასწავლი".
“ხანდახან საჭიროა რომ თავდამსხმელი ეგოისტი იყოს, არის მომენტები, როცა გუნდი გამოსავალს ვერ პოულობს, ამ დროს თავდამსხმელს შეუძლია თამაში თავის თავზე აიღოს და გამოსავალი იპოვოს. მიმაჩნია, რომ მოედანზე ორი პოზიციის ფეხბურთელი ყველასგან განსხვავდება - ეს არის მეკარე და ფორვარდი. ორივეს შეუძლია არაფრიდან დიდი სხვაობა შექმნას".
"მესისა და კრიშტიანუს ეპოქაში ვითამაშე, ცალკეულ მომენტებში მათ სიახლოვეს ვიყავი, ცალკეულ მატჩებში დავამარცხე კიდეც ისინი. რა თქმა უნდა, ბევრს ნიშნავს, როცა მათთან ახლოს ხარ, ამით ამაყი ვარ, მათ ეპოქაში მეც მომიხსნია რეკორდები".
“იამალი განსაკუთრებულია. ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს დიდი გამოწვევა აქვს, რომ ვარსკვლავად იქცეს, მაგრამ გაცილებით რთულია დონის შენარჩუნება, მე მგონი, ახლა უფრო რთულია, ვიდრე ადრე. რთულია გაუმკლავდე ყურადღებას სოციალურ მედიაში, რთულია გაუმკლავდე ადრეულ მილიონებს, შეიძლება ტიტული მოიგო და ვიღაცამ თქვას რომ უკვე დიდებული ფეხბურთელი ხარ, არადა, მთელი კარიერა წინ გაქვს. ამიტომ, აუცილებელია მენტალური მზადყოფნა, სხვაგვარად ამასთან გამკლავება შეუძლებელი იქნება".
ლევანდოვსკის შედეგიანობის მაჩვენებლები სეზონების მიხედვით.
"ახლა გრძელვადიან გეგმებზე ვერ ვფიქრობ, სწორ ადგილზე ვარ, სწორ დროს, სწორი ხალხის გარემოცვაში. შესაძლოა, ორი-სამი წლის მერე ვთქვა რომ აღარ მსურს თამაში. დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ "ბარსას" ქომაგებისგან, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა".
"მსურს პოლონეთთან ერთად კიდევ ერთ დიდი ტურნირზე ვითამაშო. რატომაც არა? მგონია, რომ ამისათვის საკმარისი ძალა შემრჩა".
აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკიმ დიდი როლი ითამაშა დანი ოლმოს გადმობირებაში. ლაპორტამ აღნიშნა, რომ ტრანსფერის წინ, თავად ლევანდოვსკიმ შესთავაზა ხელფასის შემცირება, რათა ოლმოს დარეგისტრირება შესაძლებელი გამხდარიყო.
"მირჩევნია ამაზე არ ვისაუბრო, ჩემთვის "ბარსელონაში" თამაში მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ ამ კლუბის ფეხბურთელი ვიყო, კლუბის ცხოვრებაში გაცილებით დიდი როლის თამაში შემიძლია. მიყვარს ჩემი გამოცდილების გაზიარება, მგონია, რომ ეს კლუბისთვისაც სასარგებლოა"
"პრეზიდენტს ჩემი მოსაზრებები გავუზიარე, ამის არასდროს შემშინებია, არასდროს აგრესიული არ ვყოფილვარ, უბრალოდ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ".
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.





კომენტარები [ 4 ]