გამპერის თასის 61-ე გათამაშებაში “ბარსელონას” მეტოქე ეგვიპტური “ალ აჰლი” იქნება. ეს 2026/27 წლების სეზონში კატალონიელთა პირველი საშინაო შეხვედრა იქნება და “ბარსელონას” გულშემატკივრების წინაშე გუნდის ოფიციალურ წარდგენას დაემთხვევა. თამაში 19 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
ჟოან გამპერის თასი განახლებულ “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ბრუნდება. გასული წლის გათამაშება “იოჰან კრუიფის სტადიონზე” გაიმართა, სადაც მეტოქე “კომო” იყო, ხოლო წინა ორი გათამაშება “ესტადი ოლიმპიკ ლუის კომპანისზე” ჩატარდა, სადაც კატალონიელები შესაბამისად “მონაკოსა” და “ტოტენჰემს” დაუპირისპირდნენ.
“ალ აჰლი” პირველი ეგვიპტური და პირველი აფრიკული გუნდი გახდება, რომელიც ჟოან გამპერის თასზე მიიღებს მონაწილეობას. 1907 წელს დაარსებული კაიროს კლუბი აფრიკაში ყველაზე წარმატებული და საერთაშორისო ტიტულების თვალსაზრისით მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. მას სპორტული წარმატებებითა და კონტინენტური ჯილდოებით სავსე საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს.
მესამე შეხვედრა “ალ აჰლისთან”
ჟოან გამპერის თასის 61-ე გათამაშება მსოფლიო ფეხბურთის ორ გამორჩეულ კლუბს შორის ისტორიული ურთიერთობის განახლებასაც ემსახურება. “ალ აჰლი” და “ბარსელონა” წარსულში განსაკუთრებულ შემთხვევებში უკვე შეხვედრიან ერთმანეთს, მათ შორის 2007 წელს კაიროში “ალ აჰლის” ასი წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე. ამავე ქალაქში გუნდები პირველად ამხანაგურ მატჩში 1961 წელს დაუპირისპირდნენ.
თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ, ფეხბურთის ეს ორი გიგანტი კვლავ შეხვდება ერთმანეთს, ამჯერად “სპოტიფაი კამპ ნოუზე” – ისტორიულ მოვლენაზე, რომელიც აფრიკის საუკუნის კლუბსა და “ბარსელონას” გააერთიანებს.
“ალ აჰლის” მონაწილეობა ჟოან გამპერის თასზე მის საერთაშორისო პროფილს აძლიერებს, რადგან ის აფრიკული ფეხბურთის პირველი წარმომადგენელი ხდება ამ პრესტიჟულ ტურნირზე.
პირდაპირი ტრანსლაცია Barça Play-სა და YouTube-ზე
გუნდის ოფიციალური წარდგენა და მატჩი პირდაპირ ეთერში გადაიცემა Barça Play-ზე (კლუბის ვიდეო პლატფორმაზე), ასევე “ბარსელონას” პრემიუმ YouTube არხზე. ეს საშუალებას მისცემს “ბარსელონას” გულშემატკივრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თვალი ადევნონ მოვლენას, რომელიც ოფიციალურად ხსნის 2026/27 წლების სეზონს.
კომენტარები (0)