workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ასე დაიწყო სამბა – დიდი ტრიოს დაბადება

ასე დაიწყო სამბა – დიდი ტრიოს დაბადება

“ბარსა” ისვენებს, სანაკრებო პაუზა გვაქვს, ამიტომ, თავშიც სულ სანაკრებო ფეხბურთი მიტრიალებს და წინა სტატიების გადამკიდე ბრაზილიურ ტრიოზე მეფიქრება. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ტრიოზე, რომელსაც ნამდვილად არ აქვს ერთად ბევრი ნათამაშები, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა, რა თქმა უნდა. 

საინტერესოა რომ სწორედ სექტემბრის სანაკრებო პაუზის დროს დაიბადა ეს ტრიო. ვერ ვიტყვით, რომ მესი-სუარესი-ნეიმარზე შთამბეჭდავი იყო, რადგან ყოველ კვირა ვერ ვხედავდით მათ თამაშს, არც ეგეთი შეთამაშებულები ყოფილან, სამაგიეროდ, სამი ძალიან დიდი ფიგურა აღმოჩნდა ერთად, სამი ლიდერი, სამივე ნომერი პირველი, და როგორღაც მაინც დალაგდნენ. 

ტრიოს დაბადება – 1999 წელი 

მსოფლიო ჩემპიონატი უკვე ჩავლილია. ბრაზილიას წარმოუდგენლად ძლიერი თაობა ჰყავდა, ზაგალომ რომარიო დატოვა მუნდიალს მიღმა და რი-როს დუეტი სწორედ ამ დროს შეიკრა. აი, მესამე კაცი მაინც სხვა ფეხბურთს თამაშობდა, ბებეტო, შესაძლოა, რომარიოსთვის იყო იდეალური მეწყვილე, მაგრამ რივალდოსა და რონალდოსთან შედარებით მაინც სხვა ტალღაზე იყო, ამ ორს სულ სხვა ფეხის წაშველება სჭირდებოდა. 

98 წლის ფინალის წინ რონალდოს შეტევა მოუვიდა, (დღემდე უცნობია რისი შეტევა, ან გული, ან ეპილეფსია, ან პანიკური, კაცმა არ იცის) რის მერეც უამრავი გამოკვლევა ჩაიტარა, ფიზიკურად ძალიან სუსტად გრძნობდა თავს, ამიტომ მუნდიალის შემდეგ  ნაკრების შვიდი შეხვედრა გამოტოვა, რაც სანაკრებო ამბავში ძალიან ბევრია. 

ამ დროს ცდილობდნენ ძირითადში ადგილის მოპოვებას მარიო ჟარდელი, მარსიო ამოროზო და ჯოვანი ელბერი. საოცარი ფეხბურთელები, ვარსკვლავები! ელბერი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი, ამოროზო სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი, რომელიც მოგვიანებით ასევე გერმანიაში მოსინჯავს ძალებს, ჟარდელი კი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირობასაც შეწვდა. ადგილი ერთი იყო, მსურველი კი ძალიან ბევრი. 

1999 წლის კოპა ამერიკამდე ბრაზილიას ერთი მატჩი ჰქონდა ჩანიშნული რევაზ ძოძუაშვილის ლატვიის ნაკრებთან. სწორედ ამ შეხვედრაში დაბრუნდა რონალდო და სწორედ ამ შეხვედრაში შედგა რონალდინიოს დებიუტი. თუმცა, რივალდომ ეს მატჩი გამოტოვა, ასე რომ, ტრიოს დაბადებამდე ჯერ კიდევ დრო იყო დარჩენილი. 

99 წლის კოპა ბრაზილიამ ერთი ამოსუნთქვით მოიგო. რივალდომ და რონალდომ წაივარჯიშეს. ორივემ შეაგდო არგენტინასთან, ორივემ შეაგდო ფინალში ურუგვაისთან, შეუჩერებელი დუეტი ჰქონდათ და მესამე ოფციისთვის ბრძოლა ამოროზომ მოიგო. კარგი კოპა ჰქონდა, საგოლე პასებიც მიითვალა და გოლებიც, ერთი სიტყვით გაამართლა. 19 წლის რონალდინიო კი სკამზე იჯდა, არ ყოფილა ლუქშემბურგოს პირველი არჩევანი, მაგრამ პირველ შეხვედრაში შეცვლაზე გამოვიდა და ვენესუელასთან კარიერის ერთ-ერთისაუკეთესო გოლი შეაგდო, 99 წლის კოპაზე კი ნამდვილად საუკეთესო. 

აქ უკვე მიხვდა ხალხი რომ მესამე ადგილი მისი იქნებოდა, რი-როს დუეტს ის შეავსებდა. ეს მხოლოდ დროის ამბავი იყო. 

კოპას მოჰყვა კონფედერაციის თასი, რომელსაც მაშინ მეორე შემადგენლობებისთვის ატარებდნენ. რივალდოსა და რონალდოს რა თქმა უნდა, მონაწილეობა არ მიუღიათ. აი, რონალდინიო კი გაუშვეს გამოსაცდელად და გაიყვანა ნაკრები ფინალში, სადაც 3:4 დამარცხდა მექსიკასთან, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ რონიმ გამოცდა ჩააბარა. 

ჰოდა, მოახლოვდა ორი ჩანიშნული ამხანაგური არგენტინის ნაკრებთან. არგენტინასთან კიდევ ამხანოგობა არ მოსულა. როგორც იქნა გადაწყვიტეს რომ დროა – დუეტს რონალდინიო უნდა დაემატოს. 

სამხრეთ ამერიკული კლასიკო 

პირველი მატჩი “მონუმენტალზე” შედგა, ბუენოს აირესში. არგენტინამ 2:0 მოიგო. ბრაზილია მაგრად გააკრიტიკეს, მიუხედავად იმისა, რომ არც არგენტინელებს ჰქონიათ გადასარევი შეხვედრა. ცუდი სანახავი გამოდგა, ისეთი სიცხე იყო ფეხბურთელები ძლივს დაღოღავდნენ მოედანზე, თითზე ჩამოსათვლელი მომენტები შეიქმნა და არგენტინელებმა გამოიყენეს, ბრაზილიამ კი ვერა. 

კითხვაც დაისვა – სწორი არჩევანი გააკეთეს თუ არა? უნდა ენდონ 20 წლის ბიჭს, როცა ნაკრებს ტოპ ლიგებში ბომბარდირები ჰყავს? ლუქშემბურგომ გადაწყვიტა რომ კი, უნდა ენდოს. 

“მონუმენტალის” მატჩი 4 სექტემბერს გაიმართა, რევანში კი სამ დღეში შედგა, რიოში. 

მე არაფერი მსგავსი არ მინახავს. ამხელა უპირატესობა ჰქონოდეს ბრაზილიას არგენტინასთან, მე პირადად არ მახსენდება. ანგარიში უფრო მეტიც მინახავს, მაგრამ ყველა სათამაშო კომპონენტში ასე გაბითურებული არგენტინელები ალბათ არც არასდროს ყოფილან. 

ამ მატჩში დაიბადა დიდი ტრიო – რონალდო, რივალდო, რონალდინიო. 

წესით და რიგით, რივალდოს ანგარიშზე პოკერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გვერდითმა არბიტრმა აშკარა გოლი არ ჩათვალა. თამაშგარე მოიგონა. ისე კი, რივალდომ ჰეთთრიქი შეასრულა. 

მანამდე კიდევ ერთი თამაშგარე აწიეს, რონალდინიოს პასის მერე რონალდომ გახსნა ანგარიში, მაგრამ არ ჩათვალეს, არადა, მცველების ხაზზე იყო. 

მოკლედ, რომ არა მსაჯის შეცდომები, წარმოდგენაც არ მინდა ტაბლოზე რა ეწერებოდა. ბოლოს და ბოლოს, გვიყვარს არგენტინაც, მარადონასა და მესის გამო, ამიტომ, ასეთი სისასტიკისთვის არ იყვნენ გასამეტებლები. 

აიალა ამ მატჩამდე კარგ მცველად ითვლებოდა. ერთი გოლიც შეაგდო, მაგრამ რაც ფენომენომ დამართა, ალბათ კარიერის ბოლომდე ემახსოვრება. 

მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატამდე სამი წელი იყო დარჩენილი, მაგრამ უკვე იწერებოდა რომ ეს სამეული მეხუთე ტიტულს მოუტანდა ბრაზილიას. სამი წელი კიდევ დიდი დროა. მით უმეტეს, ფეხბურთისთვის. სამ წელიწადში წარმოუდგენელი ამბები შეიძლება მოხდეს. 

ტრიო დაიშალა 

ბრაზილიამ 99 წლის ოქტომბერში კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ითამაშა ნიდერლანდებთან, ამჯერად ელბერს ანდეს მესამე ოფცია, რონალდინიო ცვლილებაზე გამოვიდა. ძალიან კარგი მატჩი იყო, 2:2 დასრულდა. ამის მერე კი “ფენომენო” გაქრა. როგორც ამბობენ, წლების მერე რონალდო დაბრუნდა, მაგრამ ფენომენი არასდროს აღარ დაბრუნებულა. 

99 წლის ოქტომბრის მერე, პირველი სანაკრებო შეხვედრა 2002 წლის მარტში ჩაატარა. ამ დროის განმავლობაში გამოიარა, მუხლის მყესის, ჯვარედინი იოგებისა და ოთხთავა კუნთის ტრავმები. სულ რაღაც სამ თვეში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, მას კი ფაქტობრივად ფეხბურთი არ უთამაშია.  

მუნდიალამდე ნაკრების ფორმით სამი შეხვედრა ჩაატარა. სერბეთთან 45 წუთი დაუთმეს, პორტუგალიასთანაც მხოლოდ ერთი ტაიმი მისცეს, მალაიზიასთან 60 წუთზე ოდნავ მეტი, გოლიც შეაგდო, მაგრამ მალაიზიასთან გოლის შეგდებით ბევრს ვერავის გააკვირვებ, ხალხს ფენომენი ახსოვდა, რა დროს მალაიზიაა?! 

სკოლარიმ გადაწყვიტა ტრიო გაეცოცხლებინა რის გამოც ცეცხლში გაატარეს. არავის სჯეროდა რომ ეს იმუშავებდა, რადგან თითოეული მათგანი საშინელ ფორმაში იყო. ბრაზილია ძლივს გავიდა მუნდიალზე, ბოლო ტურში რომ არ მოეგოთ პლეიოფში მოუწევდათ თამაში. 

რონალდო უმძიმესი ტრავმებით დაბრუნდა, მუხლი როგორღაც გაამაგრა, მაგრამ კუნთის ტრავმები მიიღო, მხოლოდ სერია ა-ს ბოლო ტურებისთვის დაუბრუნდა მოედანს, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ საუკეთესო ფორმაში იყო. თავად კუპერს აბრალებდა ახალ ტრავმებს, ზედმეტი ვარჯიში ჩემთვის არ შეიძლება, ორგანიზმი ვერ უძლებსო, კუპერს კი ამის მოსმენაც არ უნდოდა, ჰოდა, რაღაც ვერ დალაგდა მათ შორის. 

რონალდინიოს კარიერა არ წარიმართა ისე როგორც ელოდნენ. არგენტინასთან “დაბადების” მერე, ნაკრების მატჩების 80% გამოტოვა, ხან ტრავმების, ხან მოგონილი ტრავმების, ხანაც ცუდი ფორმის გამო. ხან კი სჯიდნენ უდისციპლინობისთვის. პარიზში მხოლოდ მაშინ თამაშობდა მონდომებით თუ ძლიერ მეტოქეს ეთამაშებოდნენ, სხვა შემთხვევაში უბრალოდ დადიოდა და ერთობოდა მოედანზე. ამ დროს უკვე მიაჩნდათ რომ გაფლანგა თავისი ტალანტი, და ისე გაქრებოდა როგორც დენილსონი გაქრა თავის დროზე,

ახლა სასაცილოდ ჟღერს, არა? 

რივალდომ კი ლა ლიგის მიწურულს ასევე კუნთი გაიწყვიტა. “სელტასთან” მატჩი მისთვის ბოლო გამოდგა. დაგვიწერია უკვე ამ შეხვედრაზე, თავი გაწირა ფაქტობრივად, რის გამოც ჩემპიონთა ლიგაზე “მადრიდთან” ნახევარფინალური კლასიკო გამოტოვა, ერთიც და მეორეც. საერთოდ, მოასწრებდა თუ არა გამოჯანმრთელებას ეგეც არ იცოდნენ. სადღაც ერთი თვით ადრე მოედანზე გავიდა, მაგრამ, როგორია? რივალდო ერთი თვით ადრე გამოჯანმრთელდა, რონალდო მთელი სეზონი ახალ ტრავმებს ებრძოდა, რონალდინიოს თავში კი რა ხდებოდა ღმერთმა უწყის. 

მიუხედავად ამ ყველაფრისა, სკოლარიმ ტრიოს აბსოლუტური ნდობა გამოუცხადა. მოაცილა მეორე, მესამე, მეოთხე ოფციის ფორვარდები და მხოლოდ მეხუთე ოფციის ფეხბურთელებით შეავსო დარჩენილი ადგილები – ედილსონი და ლუიზაო. ეს გააკეთა იმიტომ, რომ სამეულს თავი მშვიდად ეგრძნო. ეს ვერ მოხდებოდა ვერც რომარიოს, ვერც ელბერისა და ამოროზოს წაყვანის შემთხვევაში. 

იყო რისკი? რა თქმა უნდა, სკოლარიმ ყველაფრით გარისკა. 

2001/02 წლების სეზონებში, რივალდოს ანგარიშზე 14 გოლი იყო. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა რაც მისი ევროპული კარიერა დაიწყო. 

რონალდინიოს ანგარიშზე 40 შეხვედრაში 13 გოლი იყო. ბევრი არასდროს გაჰქონდა, მაგრამ ლიგა 1-ში და საფრანგეთის თასზე,  მისი რანგის ფეხბურთელისთვის ეს არაფერია. 

 რონალდოს მონაგარი? სულ რაღაც 17 შეხვედრა, სულ რაღაც 8 გოლი. 

აი, ასეთ ფორმაში შეხვდა დიდებული ტრიო მსოფლიო ჩემპიონატს. 

მეხუთე მუნდიალი 

ეს უკვე წმინდა ბრაზილიური ამბავია. ამ ხალხს შეუძლია მთელი წლის მანძილზე არაფერი აკეთოს და მსოფლიო ჩემპიონატზე შეუჩერებლები იქნებიან. დაწვრილებით აღარ მოვყვები, თქვენს უმრავლესობას ყველაფერი ახსოვს, მეორე ნახევარს კი ბევრჯერ ექნება YouTube-ზე ნანახი. ამათი გამჩერებელი არავინ იყო 2002 წელს.

მაშინ ვისურვე უფრო ძლიერი მეტოქეები შეხვედროდნენ, მაგრამ არ მოხდა ეგრე. საერთოდ, უნამუსო მუნდიალი გამოდგა, უნამუსო ქვეყანაში, მაგრამ წამით არ მეპარება ეჭვი რომ ბრაზილიელებს ვერავინ შეაჩერებდა. 

ამ ჩემპიონატზე უკვე სხვა დანიშნულება შეიძინა ყველაფერმა: 

რივალდომ თავისი ბოლო დიდი სანაკრებო ტურნირი იდეალურად დაასრულა და ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სახელი დატოვა. 

რონალდო დაბრუნდა! არა ისეთი როგორიც ტრავმებამდე იყო, მაგრამ დაბრუნდა როგორც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. 

რონალდინიომ კი ყველას აჩვენა რომ უბრალოდ სხვა გარემო სჭირდება, ის დიდი მატჩების ფეხბურთელია და საფრანგეთის ჩემპიონატი მისთვის ძალიან მოსაწყენია. მიეცით დიდი არენა და გაჩვენებთ რა შეუძლია. 

თითქმის სამი წელი არ ჰქონდათ ერთად ნათამაშები და ბრაზილიას მეხუთე ოქრო მოუტანეს. ჯერჯერობით უკანასკნელი. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 03 სექ 2024, 18:36
    #5

    საინტერესოა რომ სწორედ სექტემბრის სანაკრებო პაუზის დროს დაიბადა ეს ტრიო. ვერ ვიტყვით, რომ მესი-სუარესი-ნეიმარზე შთამბეჭდავი იყო, რადგან ყოველ კვირა ვერ ვხედავდით მათ თამაშს, არც ეგეთი შეთამაშებულები ყოფილან.
    ნამდვილად, სად იყო ამდენი ფეხბურთი იმ დროს და თუ იყო ვინ გაყურებინებდა.

  • Messiah
    schedule 02 სექ 2024, 23:44
    #4

    ბოსანოვა ,რიო , ქრისტეს ქანდაკება, იპანემა, კოპა კაბანა , რონალდინიო, რივალდო, რონალდო… რა კარგი იყო ფეხბურთი ადრე. ბავშობაში ბრაზილიის მატჩებს რო ვუყურებდი მეგონა დღესასწაული იყო.

  • Bakero
    schedule 02 სექ 2024, 20:46
    #3

    ნახევარფინალში თურქეთთან მახსოვს (გოლი) რაღაც ზღაპრული შეასრულა ფენომენომ heart_eyes

  • cruyff9
    schedule 02 სექ 2024, 18:24
    #2

    რივალდო ორივეს ჯობდა!!!!

  • Rick Sanchez
    schedule 02 სექ 2024, 17:45
    #1

    ისწავლოს პაპა კარლომ როგორ უნდა ვარსკვლავების ერთმანეთთან შეთამაშება