ესპანეთის რაგბის სამეფო ფედერაციამ (RFER) მიმდინარე თვეში მსოფლიო რაგბის მმართველ ორგანიზაციას (World Rugby) ოფიციალური დეტალური კითხვარი წარუდგინა და პოტენციური არენების სია გაასაჯაროვა. ქვეყნის ისტორიაში რაგბის მსოფლიო თასის პირველად მასპინძლობისთვის ბრძოლაში ესპანელებმა სიაში “ბარსელონას” “სპოტიფაი კამპ ნოუ”, “რეალ მადრიდის” “სანტიაგო ბერნაბეუ” და “ატლეტიკო მადრიდის” “მეტროპოლიტანო” შეიტანეს.
ლა ლიგის მხარდაჭერა და 2030 წლის მუნდიალის ინფრასტრუქტურა
განაცხადი ლა ლიგის სრული მხარდაჭერით სარგებლობს. პროექტის მთავარი სტრატეგია 2030 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის განვითარებული უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურის გამოყენებაა, რომელსაც ესპანეთი პორტუგალიასა და მაროკოსთან ერთად უმასპინძლებს. სწორედ საფეხბურთო მუნდიალისთვის განახლებული და ულტრათანამედროვე სტადიონები უნდა იქცეს ესპანური განაცხადის მთავარ კოზირად.
კონკურენცია და ტურნირის სამომავლო გეოგრაფია
ტურნირის მასპინძლობისთვის ესპანეთს ბრძოლა ისეთ ქვეყნებთან მოუწევს, რომლებსაც რაგბიში გაცილებით დიდი ტრადიცია აქვთ. ტურნირის მიღების ინტერესი უკვე ოფიციალურად დაადასტურა იაპონიამ, ხოლო არგენტინა სამხრეთამერიკულ გაერთიანებულ განაცხადზე მუშაობს, სადაც მეზობელი ქვეყნებიც იქნებიან ჩართულნი.
ცნობისთვის, ესპანეთის რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წელს ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე თამაშის უფლება უკვე მოიპოვა, რაც “ლოს ლეონესისთვის” 1999 წლის შემდეგ პირველი მუნდიალი იქნება. 2031 წლის რაგბის მსოფლიო თასს კი ისტორიაში პირველად ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს.
რაგბის დრო არ არის, სტადიონია ჯერ დასამთავრებელი.