workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ისინი აღარავის ახსოვს: როგორ შეცვალა ბარსელონამ 54 გოლი

ისინი აღარავის ახსოვს: როგორ შეცვალა ბარსელონამ 54 გოლი

გასულ ზაფხულში “ბარსელონაში” სამი თავდამსხმელის ერა ერთდროულად დასრულდა: რობერტ ლევანდოვსკიმ, ფერან ტორესმა და მარკუს რაშფორდმა კატალონიური კლუბი სხვადასხვა მიზეზით დატოვეს:

  • რობერტ ლევანდოვსკი: 38 წლის ასაკში პოლონელმა ევროპული ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა და ძალების მოსასინჯად MLS-ის კლუბ “ჩიკაგო ფაირს” მიაშურა;
  • ფერან ტორესი: ესპანელმა თავად მოითხოვა ტრანსფერი, რათა ლუის ენრიკეს “პარი სენ-ჟერმენში” გადასულიყო, რომელმაც მის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადა;
  • მარკუს რაშფორდი: ინგლისელის შემთხვევაში გადაწყვეტილება კლუბმა მიიღო – “ბარსელონამ” მისი კონტრაქტის 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პუნქტი არ გააქტიურა.

ნებისმიერი გუნდისთვის ურთულესია ერთბაშად იმ სამი მოთამაშის დაკარგვა, რომლებმაც წინა სეზონში ერთად 54 გოლი გაიტანეს. ჰანსი ფლიკმა საჯაროდაც განაცხადა, რომ სურდა ფორვარდი, რომელიც სეზონში მინიმუმ 30 გოლის გარანტიას მისცემდა – ზუსტად იმ ნიშნულს, რასაც ლევანდოვსკი სტაბილურად უზრუნველყოფდა.

ჩაშლილი გეგმები: ხულიან ალვარესი, ლაუტარო მარტინესი და ჰარი კეინი

პოლონელის შემცვლელად მთავარი სამიზნე ხულიან ალვარესი იყო. “ბარსელონა” არგენტინელის დასამატებლად ყველაფერი სცადა, თუმცა “ატლეტიკომ” კატეგორიული უარი განაცხადა – მადრიდელებს ლა ლიგაში პირდაპირი კონკურენტის გაძლიერება არ სურდათ.

ამის შემდეგ სპორტულმა დირექციამ სხვა ვარსკვლავური ალტერნატივები განიხილა, მათ შორის ლაუტარო მარტინესი და ჰარი კეინი, თუმცა უარი აქაც მყისიერი იყო – არც “ინტერს” და არც “ბაიერნს” თავიანთი ლიდერების გაყიდვა არც კი განუხილავთ.

დეკუსა და ფლიკის არჩევანი: ახალი ტრიო

შექმნილ ვითარებაში ჰანსი ფლიკმა და დეკუმ ტრანსფერებზე შეთანხმებას მიაღწიეს:

  1. გუნდს დაემატნენ ენტონი გორდონი და კარიმ ადეიემი – უკიდურესად სწრაფი გარემარბები, თუმცა არა ლევანდოვსკის სტილის კლასიკური საჯარიმოს ფორვარდები;
  2. ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი გაბრიელ ჟეზუსი დაიმატეს – თავდამსხმელი, რომელიც კლუბის ინტერესთა სფეროში წლების წინაც იყო, თუმცა ბოლო დროს საუკეთესო ფორმაში აღარ იმყოფებოდა.

საწყის ეტაპზე რთული წარმოსადგენი ჩანდა, რომ ეს ტრიო წასული შემტევების 54-გოლიან ნიშნულს გაიმეორებდა. თუმცა, სეზონის საწყისი ათი მატჩის შემდეგ, ძველ შემადგენლობასა და ზაფხულის ჩაშლილ სამიზნეებზე საუბარი საერთოდ შეწყდა. დღევანდელი “ბარსელონა” გოლების გამტანი ნამდვილი მონსტრია.

ციფრები და პროექცია: რაფინიასა და ლამინის აფეთქება

ახალწვეულთა ტრიომ – გორდონმა, ადეიემიმ და გაბრიელ ჟეზუსმა – 10 შეხვედრაში უკვე 9 გოლი გაიტანა. თუ ისინი ამ ტემპს სეზონის 60 მატჩში შეინარჩუნებენ, ეს ჯამში ზუსტად იმ 54 გოლს შეადგენს (9 x 6 = 54), რაც ლევანდოვსკიმ, ფერანმა და რეშფორდმა შარშან მთელ სეზონში მიითვალეს.

თუმცა მთავარი სხვაობა და ნახტომი რაფინიასა და ლამინ იამალის ფენომენალურ შედეგიანობაშია:

  • რაფინია: მის ანგარიშზე უკვე 14 გოლია – იმაზე მეტი, ვიდრე წინა სეზონში მის მიერ გატანილი 21 გოლის ორი მესამედი. მიმდინარე ტემპით ბრაზილიელის პროექცია სეზონში 84 გოლს უტოლდება;
  • ლამინ იამალი: 8 გატანილი გოლით ახალგაზრდა ვარსკვლავმა უკვე შეაგდო 2025/26 წლების სეზონის თავისი საერთო მაჩვენებლის მესამედი. მისი საპროგნოზო მაჩვენებელი სეზონში 48 გოლს აღწევს.

საწყისი შიშები და პედრის სიტყვები

“გალათასარაისთან” მატჩის შემდეგ პედრიმაც აღიარა, რომ სეზონის წინ გარკვეული ეჭვები არსებობდა:

“ახლა უზარმაზარი თავდაჯერებულობა გვაქვს. საუბრობდნენ, რომ თითქოს გოლების პრობლემა გვქონდა, მაგრამ ვამტკიცებთ, რომ ამ შემადგენლობას გატანა ნამდვილად შეუძლია. ეს მხოლოდ სეზონის დასაწყისია და ასე უნდა გავაგრძელოთ”.

ათი მატჩის შემდეგ ფაქტი ერთია: არც წასული ლიდერები და არც ჩაშლილი ტრანსფერები “ბარსელონას” გულშემატკივრებს აღარ ახსოვთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი