მივიწყებული ღამე ვიგოში

  • 25-06-2020, 13:38
  • მივიწყებული ღამე ვიგოში

    ბავშვობაში ნანახი და განცდილი, ყოველთვის განსაკუთრებულად გამახსოვრდება, მაგრამ არა სრული სიზუსტით. რაც მეტია ემოცია, მით უფრო მძაფრად ხდება კონკრეტული მოგონების ფორმირება, ამიტომ ყველაფერი გამახსოვრდება ემოციის შესაბამისად, რაც ხშირად, სრულიად აცდენილია რეალობას.

    ყველაფერს ნუ დაუჯერებთ უფროს თაობას, რომელთა მეხსიერების იმედად ვართ დარჩენილი, რადგან მთელი საბჭოთა ჩემპიონატის არქივი, მოსკოვში ინახება, ისინი კი რატომღაც მალავენ, (ისინი ხომ ყველაფერს მალავენ?!) ამიტომ თითზე ჩამოსათვლელი შეხვედრების გარდა, რომელიც ნანახი გვაქვს, მხოლოდ მოყოლილი თამაშები ვიცით.

    ამას კი არ დაეჯერება, იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნე, სადაც დიდი ემოციაა, იქ სიზუსტე ვერ იმარჯვებს.

    ასეთი ლეგენდები იქმნებოდა "ბარსას" ფანებშიც. ყვებოდნენ, როგორ დაარტყა რივალდომ ე.წ. "რაბონა" და მეტოქის კარის ხარიხა მოგლიჯა, თანაც ცენტრიდან! "რაბონა" ცენტრიდან! ჰალკსაც კი არ ეყოფოდა ძალა, რომ ეს გაეკეთებინა.

    რივალდომ ნამდვილად შეუგდო "ატლეტიკოს" თავისი ნახევრიდან და ნამდვილად ხშირად იყენებდა "რაბონას", მაგრამ ეს ამბავი უკვე მეტისმეტი იყო.

    აირ-დაირია ეს მომენტები ბავშვების თავში და ზეპირი გადმოცემით მივიღეთ ინფორმაცია, რომ რივალდომ, ცენტრიდან, "რაბონათი" კარის ხარიხა მოგლიჯა.

    ასეთი ლეგენდებიც დადიოდა..

    მომდევნო ფორმირებას, საფუძველი, "ბერნაბეუზე" დადგმულმა სპექტაკლმა ჩაუყარა.

    ახალი თაობა წამოვიდა, ბავშვები, რომლებსაც ფეხბურთის ყურება რონალდინიომ დააწყებინა, მას აღმერთებდნენ და ეთაყვანებოდნენ, ამიტომ "რეალთან" გატანილ გოლებს ასეთი სიტყვებით იხსენებდნენ - "რონალდინიომ ყველა მოატყუა და ისე გაიტანა" - ასე მარადონას გოლივით ხატავდნენ, არადა ვიცით, რომ პირველი დრიბლინგის დროს რამოსი და ელგერა მოატყუა, მეორე დრიბლინგის დროს კი, მხოლოდ სერხიო რამოსს ჩოუარა ქორივით.

    მაგრამ ემოცია იმდენად დიდი იყო, იმდენად განსაკუთრებულ მოვლენასთან გვქონდა საქმე, რომ ბავშვების გონებაში, სწორედ ამ ფორმით დაიმკვიდრა ადგილი.

    ციფრული მეხსიერების სამყაროში ძველი ლეგენდები იმსხვრევა და არც ახალი ლეგენდები იქმნება, რადგან "იუთუბი", სხვა პლატფორმებთან ერთად, არაფრის დიდებით არ მოგცემს საშუალებას, რომ რაიმე მოვლენა, არასწორად დაიმახსოვრო.

    როგორც მიგელ დე უნამუნომ თქვა - "არასდროს ისურვო წარსულში დაბრუნება, რადგან ის მაინც არ იქნება ისეთი, როგორიც გახსოვს, რომ იყო."

    მე კი მაინც გადავწყვიტე დაბრუნება, რადგან "სელტასთან" თამაში ახლოვდება და ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი "სელტასთან", 2001/02 წლების სეზონში ჩატარდა. "ბარსამ" წააგო, იმ დროს გუნდი ხშირად აგებდა, მაგრამ შეხვედრა სულ სხვა რამის გამო დამამახსოვრდა.

    რივალდო მოედანზე ტრავმირებული გავიდა. როგორ იკადრა ეს სამწვრთნელო და ექიმთა გუნდმა, არ ვიცი, მაგრამ მაშინ როცა, სულ ცოტა დრო იყო "რეალთან" ჩასატარებელი ნახევარფინალის წინ, ჩემპიონთა ლიგაზე, ტრავმირებული რივალდო მოედანზე გაუშვეს, ფეხბურთელი, რომელიც იმ "ბარსას" სული და გული იყო, აი ასე გარისკეს და მთელი თამაში ეტყობოდა ბრაზილიელს, რომ ტრავმით თამაშობდა, მძიმედ გამოიყურებოდა. მთავარი დასამახსოვრებელი მომენტი კი მატჩის მიწურულს მოხდა. რივალდომ სათადარიგოთა სკამზე მიირბინა, ძლივს მიძუნძულდა, როგორც ხშირად ხდებოდა, ტკივილგამაყუჩებლებით თამაშობდა, თითქოს მოედანი უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ფეხი გაუყინეს და უკან დაბრუნდა, ეს კი უკვე სიგიჟე იყო, "ბარსას" ქულები სჭირდებოდა, მაგრამ არა ისე, რომ ასეთ რისკზე წასულიყო.

    ბოლოს მაინც გაიტანა, მეკარეს დაასწრო და თავით შეაგდო, დაშვებისას კი ტრავმა ისე გაირთულა, ფეხს ძლივს ადგამდა, მიუხედავად ამისა, მოედნიდან მაინც არ გასულა, ბოლომდე ჩაამთავრა შეხევდრა და ასე ცალი ფეხით, მაინც ქმნიდა ხიფათს მეტოქის კართან.

    სწორედ ამ მატჩზე ვიფიქრე, რომ ჩემს გონებაში, შეცვლილი სახით დაიდო ბინა, იქნებ ბავშვური წარმოსახვის ბრალი იყო ის, რომ კოჭლი კაცი დარბოდა მოედანზე?! იქნებ მე განვადიდე ასე და მე ვაქციე გლადიატორად, რომელიც მზად არის, "სელტასთან" ისე ითამაშოს, თითქოს კარიერის ბოლო შეხვედრა ყოფილიყოს, მაგრამ არა. დაილოცოს "იუთუბი", წარმოსახვას კი გვიკლავს, მაგრამ სამაგიეროდ, ფაქტებიც მოაქვს, ფაქტი კი ის არის, რომ ფეხბურთელი უმძიმესი ტრავმით, ჰაერში აფრინდა და პრესტიჟის გოლი შეაგდო "სელტასთან", ამ პრესტიჟმა კი ორივე თამაში გამოატოვებინა მადრიდის "რეალთან".

    გმირობას ხანდახან სისულელედ თვლიან და ესეც ის შემთხვევაა, სადაც რთულია განსაზღრა, მისი მოედანზე დარჩენა, ღირსეული ნაბიჯი იყო, თუ სულელური.

    ნუთუ ღირდა ეს გოლი იმად, რომ "რეალთან" ლიგის ნახევარფინალები გამოეტოვებინა?

    რა თქმა უნდა, არ ღირდა, მაგრამ სხვანაერად არ შეეძლო, ეს ხომ რივალდო იყო, ფეხბურთელი, რომელიც "ბარსას" გამო, თავსაც გაწირავდა.

    მას მერე, "სელტასთან" გასვლაზე მოგება, ყოველთვის ისე მიხარია, თითქოს რაიმე ტიტულს ვიგებდეთ.

    27 ივნისს შევხვდებით, ვიგოში.


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: რივალდო
    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    rivaldo80 ფანი [?]

    25 ივნისი 2020 20:16

    მეც მახსოვს და რა სუსტი გუნდი ვიყავით ახლა პატარა თაობას ეს რომ ენახა ალბათ სხვა გუნდის ქომაგები გახდებოდნენ...)))

    2
    გასულია
    Iniesta. And messi წევრი [?]

    25 ივნისი 2020 15:16

    მართლაც ბრაო ძან კარგი სტატია იყო

    2
    გასულია
    MisterD ფანი [?]

    25 ივნისი 2020 14:50

    ბრავო ავტორს ❤️❤️❤️

    3
    --------------------
    მეტი, ვიდრე კლუბი! Visca el Barca
    პარტნიორები
    Flashscore.ge