workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკი ბეტისთან მატჩის წინ

ჰანსი ფლიკი ბეტისთან მატჩის წინ

calendar_month მატჩის დრო: 17 ოქტომბერი, 20:30

შაბათს “ლა კარტუხაზე” გასამართი შეხვედრის წინ, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მედიის კითხვებს უპასუხა და გუნდის წინაშე არსებული გამოწვევები დეტალურად მიმოიხილა.

მჭიდრო კალენდარი: “გამართლებები არ არსებობს”

გერმანელმა დამრიგებელმა ხისტი პოზიცია დააფიქსირა გადატვირთულ განრიგთან დაკავშირებით:

“ამ სიტუაციაში ყოველ სეზონში ვართ. ვიცი, სხვა ქვეყნებში განსხვავებული ვითარებაა, მაგრამ ჩვენთვის რეალობა ესაა. წინა ორ სეზონშიც უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც ვფიქრობდით: ‘ეს რა არის?’. მახსოვს, ვალენსიიდან ავტობუსით დაბრუნება მოგვიხდა რეისის გაუქმების გამო, ორ დღეში კი ისევ თამაში გვქონდა.

გუნდს ყოველთვის ვეუბნები, რომ გამართლებები არ არსებობს. ვითარება ასეთია და ერთადერთი, რაზეც კონცენტრირება შეგვიძლია, ჩვენი თამაშის ხარისხია. ჩემს გუნდში 100%-ით დარწმუნებული ვარ. ხარისხი, რომელსაც ახლა ვაჩვენებთ, დაუჯერებელია – სწორედ ასეთი ფეხბურთის თამაში გვსურს. ჯერ კიდევ გვაქვს რესურსი, რომ 100%-მდე მოვუმატოთ. სიტუაციას ვერ შევცვლით, ის უნდა მივიღოთ”.

ოლმო, ფერმინი და ცრუ ცხრიანის ვარიანტი

ფლიკმა შეტევის ხაზში არსებულ ტაქტიკურ მოქნილობასა და ჯანსაღ კონკურენციაზე ისაუბრა:

“ფერმინს ცხრიანის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, თუმცა ჩვენთვის მთავარია, საიდან შემოდის ის საჯარიმოში. ეს ‘გალათასარაისთან’ მეორე გოლის ეპიზოდშიც ნათლად გამოჩნდა – ეს ჩვენი სტილია, შეტევა საჯარიმოს გარედან. ამ პოზიციაზე ორივე ფეხბურთელი უმაღლეს დონეზეა. დანი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, დაცვაში თამაშის დროსაც სრულად ჩართულია პროცესში, ისევე როგორც ფერმინი, რომელსაც გოლების გატანის დიდი თავდაჯერებულობა აქვს. ასეთი არჩევანის ქონა ფანტასტიკურია.

დანი ოლმო გასაოცარი ფეხბურთელი და პიროვნებაა. ბოლო ექვს თვეში მან ძალიან მოუმატა. ვიცით, რომ ცხრიანზე თამაშიც შეუძლია – ეს მარტივი არაა, თუმცა მან ეს უნარი როგორც ჩვენთან, ისე ნაკრებშიც არაერთხელ დაამტკიცა”.

გავის მუხტი და ბალდეს პროფესიონალიზმი

მწვრთნელმა ყურადღება გაამახვილა იმ ფეხბურთელებზე, რომლებსაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული გამოცდის ჩაბარება უწევთ:

“გავი ნაკრებში არ გამოიძახეს და ამის გამო ცოტა დაღონებული იყო, რაც ამ პაუზის დროს ვარჯიშებზეც შევამჩნიეთ, თუმცა მან საოცრად ივარჯიშა. ის დიდებული პროფესიონალია და ყოველდღე უკეთესი სურს გახდეს. ინტენსივობისა და კონცენტრაციის თვალსაზრისით გავი უმაღლეს დონეზეა. ის გუნდისა და კლუბისთვის ყველაფერს დებს, ჩვენ კი სწორედ ასეთი ხასიათის მოთამაშეები გვჭირდება. ის თავის 100%-თან ძალიან ახლოსაა და ხვალინდელი მატჩისთვისაც შესანიშნავი ვარიანტია.

რაც შეეხება ბალდეს – მისთვის ეს პერიოდი მარტივი არ არის, თუმცა ის შესანიშნავად ვარჯიშობს. ამ პოზიციაზე გვყავს ესპარტი და ჟოაუ, ორი უმაღლესი დონის ფეხბურთელი, რომლებიც შესანიშნავ ფორმაში არიან. ბალდესთვის ეს მდგომარეობა იდეალური არაა, მაგრამ ის საქმეს უდიდესი პროფესიონალიზმით უდგება. ასეთ მომენტში მზადყოფნა უნდა დაამტკიცო და ის ამას აკეთებს”.

დე იონგი და რაფინია: ნაბიჯ-ნაბიჯ დაბრუნება

ტრავმამოშუშებული ლიდერების დაბრუნებაზე ფლიკმა სიფრთხილე გამოიჩინა:

“ყველამ იცის, რომ ფრენკი უმაღლესი კლასის მოთამაშეა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დაბრუნდა და ხელმისაწვდომია – ის ახალ არჩევანს გვაძლევს. ვარჯიშებზე ჩანს, რომ ყველაფერი რიგზეა და ვფიქრობ, ის მზადაა გარკვეული წუთები მიიღოს. ცენტრალურ მცველად მასთან ბევრი არ გვივარჯიშია, მხოლოდ ხუთი ხუთზე თამაშისას იდგა უკან.

რაფინიას თუ ჰკითხავთ, გეტყვით, რომ სათამაშოდ მზადაა, მაგრამ ჩემი მიდგომა ეტაპობრივია. გუშინ გუნდთან ერთად კარგად ივარჯიშა, თუმცა უახლოეს დღეებსა და კვირებში უამრავი მატჩი გველის და ადაპტირება გვმართებს. მთავარია, რომ ისიც და ფრენკიც ჩვენთან არიან”.

ლამინ იამალი და მეტოქე: ბეტისის ძალა და აბდე

დასასრულს, გერმანელმა სპეციალისტმა ლამინ იამალის დატვირთვასა და “რეალ ბეტისის” სიძლიერეს გაუსვა ხაზი:

“ლამინი განსაკუთრებული ფეხბურთელია. ვიცი, რომ მისი წუთების დაბალანსება გვჭირდება, თუმცა მისთვის ყველაზე მთავარი ფეხბურთის თამაშით ტკბობაა. ამ ეტაპზე ეს ასეა და ამ პროცესის შეფერხება არ მსურს.

ხვალ ურთულესი შეხვედრა გველის. ‘რეალ ბეტისს’ დიდი თავდაჯერებულობა აქვს, რადგან საკუთარ მოედანზე ყველა მატჩი მოიგეს და ჩემპიონთა ლიგაზეც შესანიშნავი შედეგები აქვთ. შეტევაში, ერთი ერთზე თამაშისას ისინი ფანტასტიკურები არიან და დაცვაში უნაკლოდ უნდა ვიმოქმედოთ. მანუელ პელეგრინიმ შესანიშნავი სამუშაო გასწია.

ასევე მინდა აღვნიშნო აბდე – ის ფანტასტიკური ფეხბურთელია. მომწონს მისი სტილი, თავდაჯერებულობა დრიბლინგისას. ‘პორტუსთან’ მის მიერ გატანილი გოლი უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. მეტოქის ფეხბურთელებზე საუბარი დიდად არ მიყვარს, თუმცა მისი დონე მართლაც შთამბეჭდავია”.

ფლიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პსჟ-სა და ელ კლასიკოზე ფიქრი ჯერ ნაადრევია და გუნდის მთელი ყურადღება მხოლოდ “ლა კარტუხაზე” გასამართ მატჩზეა მიმართული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

დატოვე კომენტარი

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 17 ოქტ 2026, 04:34
    #4

    მეეჭვება კიდევ 2 გასვლითი მატჩი მოვიგოთ და ზედ რეალი მივძუკნოთ, მაგრამ თუ ეს შეძლო ჰანსიმ იქნება სასწაული და კიდევ უფრო მეტად დავაფასებ, რაც ისედაც არ აკლია ჩემგან.

  • Bakero
    Bakero ლეგენდა
    schedule 17 ოქტ 2026, 02:05
    #3

    ერთი სასწაული კიდევ მოახდინე ჰანსი ბიძია ❤️ ბალდე გააცოცხლე რა ! მაინც ყველაზე სწრაფი მცველი გუნდში ეგ არის

  • Fuhrer
    Fuhrer ახალბედა
    schedule 17 ოქტ 2026, 00:28
    #2

    ვინც ბარსელონას და ოლიმპიაკოსის საკალათბურთო თამაშს არ უყურებთ, არ იცით რამხელა სიამოვნება გამოტოვეთ.

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 16 ოქტ 2026, 23:58
    #1

    მაგათ ლოგაზე მძიმე მატჩი ქონდათ თან ერთი დღით ნაკლები დაისვენეს, ეგებ გამოვიყენოთ ეს სიტუაცია, თუმცა ფლიკს არაფერი ეშლება.