ბებრული კლასიკო და ჩვენი ათიანები

ბებრული კლასიკო და ჩვენი ათიანები

სეზონი არ დაწყებულა და უკვე „კლასიკო“ ვიხილეთ, მერე რა რომ შეჭაღარავებული ხალხი თამაშობდა, ბოლო წლების „კლასიკოს“ არაფრით ჩამოუვარდებოდა, ჯერ მარტო ის რად ღირდა, რომ ორი ათიანი გვყავდა მოედანზე, აი ასე, ვერც ერთ მათგანს ვერ შეჰბედეს სხვა ნომერი, არადა, შეიძლებოდა რივალდოსთვის 11 ნომერი გაებედათ, ამ ნომრითაც ხომ უთამაშია?! თანაც ძალინ მაგრად! რივალდო ათიანია, თავდამსხმელების უკან ითამაშა, მის წინ რონალდინიო და სავიოლა მოქმედებნენ, მშვენიერი ტრიოა, სავიოლა ცოტა ურევს, მაგრამ მაინც.. არაფერი დაეწუნება. ბევრს (მათ შორის მეც) ოცნებად მქონდა ქცეული ეს ორი ბრაზილიელი ერთად მეხილა კლუბში, მაგრამ არ გამოვიდა ეგ საქმე. რომ არა ბედის უკუღმართობა, იქნებ სამი ბრაზილიელიც გვეხილა? რონალდო-რივალდო-რონალდინიო, აი, მერე გენახათ შემტევი სამეულის დომინაცია! RRR – რა ორიგინალურად ჟღერს!

სამეულის არა, მაგრამ ორი ათიანის თავშეყრის შანსი ნამდვილად იყო, მოგეხსენებათ, რომ „ბარსა“ რონალდინიოს ხუთი წელი აკვირდებოდა, (ნეტაი რა იყო ამდენი დასაკვირვებელი) მაშინ ასე ხდებოდა, სანამ ბოლომდე არ დარწმუნდებოდნენ ფეხბურთელს კონტრაქტს არ უფორმებდნენ, მერე გამოჩნდნენ მილიარდერები და შეცვალეს თამაშის წესები, ახლა ყველაფერი დასწრებაზეა, ვის აქვს ამდენი დრო, თუ ვინმე ლამაზ ფინტს გააკეთებს უკვე 50 ლიმონი ღირს.

რონალდინიომ „ბარსას“ და სხვა გრადების ყურადღება არგენტინასთან მატჩის მერე მიიქცია, მანამდე იყო ძალიან მაგარი გოლი კოპა ამერიკაზე და ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებული კონფედერაციის თასი, (ფინალი წააგო) მაგრამ არგენტინასთან მატჩი სულ სხვა დონეა და აქაც რომ დაამხო ყველაფერი ამ 19 წლის ლაწირაკმა, თქვეს, რომ ვიღაც განსაკუთრებულია, თან რონალდოსთან და რივალდოსთან ერთად ისე ითამაშა, თითქოს მთელი ცხოვრება მათ გვერდით იდგა.

იმ მატჩში რივალდომ სამი გაიტანა, კიდევ ორიც გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს, არადა, ჩასათვლელი იყო, ხუთი გოლი არგენტინასთან წარმოუდგენელი ამბავი იქნებოდა. ერთი რონალდომაც გაიტანა, მაგრამ ყველაზე დიდი ოვაციები პატარა რონალდოს, ანუ, რონალდინიოს დაუთმეს. ამაზე რივალდო განაწყენდა კიდეც, მაგრამ ეგ სულ სხვა ამბავია.

„კლასიკოს“ დავუბრუნდეთ, კარგი რამე იყო, ფეხბურთს ისევ ისე თამაშობენ, როგორც წლების წინ, ოღონდ ყველაფერს აკეთებენ ძალიან ნელა, ეგ არის და ეგ, თორემ თავში იგივე აზრები მოსდით და გაკეთებასაც ცდილობენ. ვნახეთ რონალდინიოს დრიბლინგი, რივალდოს რაბონა, ფიგუს ცნობილი ცრუ მოძრაობები, თავდახრილი სავიოლას არაფრისმომცემი გარღვევები, რომელმაც პარადოქსულად პენალტი მოგვიტანა! რონიმ დაარტყა, რივალდოც იქვე იყო, მაგრამ რონიმ შეასრულა, შენ კაპიტნის სამკლავური გერგო, მე კიდე პენალტს დავარტყამო, გააქანა და გაიტანა!

უჩვეულო ამბებიც იყო, მაგალითად რობერტო კარლოსი გამოექანა და ტერფის შიდა ნაწილით დაარტყა ჯარიმა, (ჩვენ რომ „ბაჩოკს“ ვეძახით) ასეთი რამ მანამდე არ მინახავს, გარეთა ნაწილით კი ბატონო! რამდენიც გინდათ, პასებიც, გოლებიც, აუტებიც, ალბათ დაბერდა და დაავიწყდა, რავიცი.. თან მაგრად ჩამრგვალებულა, სიმაღლე და სიგანე ფაქტობრივად ერთი აქვს, მოედანზე რომ დაეცა ვერც კი დავარდა, კაი ხანი დაგორავდა მინდორზე, ადრე ორთავა კუნთის გარშემოწერილობით იწონებდა თავს, ახლა კიდე თავიდან ბოლომდე ბარძაყის კუნთია. 

კარიერული მიღწევები კი საოცარია, მიხვდები, რომ ბრაზილიელები თავს ყველგან გაიტანენ, ფეხბურთშიც და მის მიღმაც, რონალდინიოს პრეზერვატივების ბიზნესი ჩაუვარდა და რაღაც შარების გამო ციხეში ამოყო თავი, იქაც რაღაც ტურნირი ითამაშა და წააგო, მალადეც! სამაგიეროდ რივალდო აჭარაბეთის ამბასადორი გახდა, ქებათა ქება შენა რივალდო! ისე გამხდარია, კარგ ფორმაშია, „მილანში“, რომ ჩაპუტკუნებული იყო ეგრე აღარ არის, თურმე ცოლი ზრუნავს მის ფიზიკურ ფორმაზე, ყოველ დღე ცხენივით არბენინებს.

მეტოქის რიგებში ფიგუსა და კარლოსის გარდა, ვნახეთ ივან კამპო და ფერნანდო სანსი, ბედის ირონიით ივან კამპო სანდრო ცნობილაძეს დამსგავსებია. ცოტა უხერხული ვარცხნილობა აქვს, თორემ ეგ არის! ვარცხნილობით კიდევ ვის დაემსგავსა კაცმა არ იცის, დედა მაგას არ ჰყოლია და მამა. 

შეხვედრას დაესწრო პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, რომელიც მატჩს მანანა გიორგაძესთან ერთად ადევნებდა თვალყურს, კარგი იქნებოდა ქალბატონთან ინტერვიუ, შიდა ამბების უკეთ გასაგებად, მაგრამ არ გამოვიდა, სიჩუმეა, ჩვენ კი არა თურმე არავის აძლევს ინტერვიუს, მაგრამ ეგ არაფერი.

“რეალის” გოლები კი ვერ ვნახე, მეორე ტაიმი უკვე დაწყებული იყო ყურებას რომ დავუბრუნდი, ამიტომ დიდი ბოდიში მომითხოვია, გადამწყვეტ გოლზე კიდე სადღაც გვერდით გავიხედე და ვერც ამას მოვკარი თვალი, სამაგიეროდ, რივალდოს პასი და მეტეუს გოლი იყო მშვენება! 

ასეთი ამბებია, მოგვანატრა ამ ხალხმა თავი, კარგი ბრაზილიელი გვინდა გუნდში სიხარულის დასაბრუნებლად, მაგრამ ამ თაობას მსგავსი არავინ ჰყავს, ორი გამორჩეული ვარსკვლავი ერგოთ და ორივე სანანებელი გაგვიხდა, ერთი გაიქცა და მეორეს წიხლით ვაგდებთ და ვერ გაგვიგდია. 

აკლია ფეხბურთს დიდი ბრაზილიელები, ძალიან აკლია. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • nika 54
    21 ივლ 2021, 16:56

    ციტატა: La Pulga10
    ვინისიუსი გადაარჩენს ბრაზილიას და მსოფლიო ფეხბურთს


    თუ რეალმა არ გაყიდა წელს.

  • Nikabedinadze
    21 ივლ 2021, 11:58

    მანანა გიორგაძე რას წარმაოდგენს ბარსაში?შემახსენეთ

  • ფეოლა
    21 ივლ 2021, 09:18

    me da barca,
    არა ეს ფოტო კამპ ნოუს მატჩიდან არის.

  • El pistolero 9
    21 ივლ 2021, 01:23

    ეეეჰ ბრაზილია. საიდან სად დავიდნენ. პაკეტა კაზემირო ფრედის ტრიოს ვინ ათამაშებდა ერთად ბრაზილიაში?!

  • me da barca
    21 ივლ 2021, 01:12

    ეს სურათი არაა გუშინდელი თამაშიდან. ეს ყატარის ეპოქაა

  • La Pulga10
    20 ივლ 2021, 23:45

    ვინისიუსი გადაარჩენს ბრაზილიას და მსოფლიო ფეხბურთს