მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბოლო ამოსუნთქვა მძიმე კვირის წინ

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბოლო ამოსუნთქვა მძიმე კვირის წინ

გამოტოვებული მატჩიც ჩავატარეთ! სატურნირო ცხრილი მაინც ვერ დაბალანსდა, მადრიდის “ატლეტიკოსა” და “სევილიას” ერთით ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული, ამიტომ, ცხრილი ისევ ვარაუდებით ითვლება.

რომ არა მოულოდნელად დაკარგული ქულები, ცხრილი ბევრად კარგი სანახავი იქნებოდა, განსაკუთრებით იმის გახსენებისას, რომ “ატლეტიკოსთან” “კამპ ნოუზე” გვაქვს სათამაშო, თუმცა, მაინც არ შეიძლება, რომ ამ სეზონში რამეს მოულოდნელი ვუწოდოთ, გუნდი ძალიან არასტაბილურია და როდის რას მოიმოქმედებს, კაცმა არ იცის.

“ელჩესთან” თამაში მარტივად მოვიგეთ, ეს ძალების დაზოგვით იყო გამოწვეული თუ უხასიათობით, რთული სათქმელია. კლემან ლანგლეს ჩაგდებული თამაშის გამო დიდი კრიტიკა ხვდა წილად, ბაზასთან შეკრებილმა ქომაგებმა ერთი-ორი ტკბილი სიტყვაც მიაძახეს და ბუნებრივია, ასეთი რამ მთელ გუნდზე ცუდად იმოქმედებდა.

მატიეს კომენტარიც მოვისმინეთ, ლანგლე სკამზე დასვეს და მესი ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.

დაცვა

სახეცვლილი შემადგენლობა ვიხილეთ. მარჯვენა ფლანგი ისევ მინგესას დაუთმეს, სერჟი რობერტო ჯერ ვერ ახერხებს დაბრუნებას, ხოლო სერჟინიო დესტის ადაპტაცია ყველაზე მეტად გაიწელა, თუ მირალემ პიანიჩს არ ჩავთვლით. დესტის იმედი სამომავლოდ ნამდვილად შეიძლება, რომ გვქონდეს, აი პიანიჩი ბართომეუს მორიგ შედევრად დარჩება ისტორიას.

პედრი ყველაზე მარტივად ადაპტირდა, ხოლო ტრინკაუს დრო დასჭირდა, თუმცა, ვხედავთ, რომ თამაშიდან თამაშამდე უმატებს, უფრო დამაჯერებელია, ბურთს ნაკლებად კარგავს, მომენტებს ქმნის, მაგრამ გატანა უჭირს, ეს გამოსწორებადია.

მინგესას ეტყობა, რომ აკადემიის პროდუქტია, თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში, დესტისგან განსხვავებით არც მორიდებულია და არც შეშინებული, არც არავისთან სჭირდება გაშინაურება.

დაცვის ცენტრში პიკე-უმტიტის დუეტი ვიხილეთ, ერთ სახიფათო მომენტს თუ არ ჩავთვლით, “ელჩეს” ბევრი არაფერი შეუქმნია. “კამპ ნოუზე” ბოლოს როდის გაგვიტანეს, მხოლოდ სტატისტიკოსებს ახსოვდათ, ჰოდა, ჰქონდათ ისტორიული გოლის გატანის შანსი, მაგრამ ქარს გაატანეს.

მცველების შეფასება არ ივარგებს, ასეთ გუნდთან რა უნდა დაგვენახა? უმტიტი კონცონტრირებული იყო პირველი პასის დროს, ეს არის და ეს, ძალიან უცნაურ მომენტში საზარდული დაიზიანა, ვერც გამეორებაზე გამოჩნდა, რა მომენტში რა იტკინა, ხელი გაირტყა ფეხში და ხოხვით გაგორდა მოედნის მიღმა, მერე ისევ შემობაჯბაჯდა. ახლა მცველების ხელიდან გამოცლა არაფრით არ შეიძლება, თუნდაც ცუდ ფორმაში მყოფ უმტიტიზე იყოს საუბარი.

ჟორდი ალბას ჰქონდა ძალიან დიდი თავისუფლება, ხშირ შემთხვევაში ფლანგს მხოლოდ ის აკონტროლებდა, როგორც დანი ალვესს უთმობდნენ თავის დროზე, ამან მეორე ტაიმში შედეგიც გამოიღო, შეტევაში ჩართულმა მშვენიერი კომბინაცია გოლით დაასრულა.

ნახევარდაცვის ტრიო

ამჯერად პიანიჩი ვნახეთ. ვერ დატოვა კარგი შთაბეჭდილება. საერთოდ, მე მგონი, ნანობს კიდეც, რომ “ბარსაში” ამოყო თავი. დრო და დრო წაიწუწუნებს ხოლმე, რომ მეტ სათამაშო დროს იმსახურებს, მაგრამ როცა ათამაშებენ, ჩანს, რომ არ იმსახურებს. მარტო იმიტომ თუ მოხვდება ძირითადში, რომ ბუსკეტსს მუდმივად თამაში არ შეუძლია, თუმცა, აღარც პიანიჩია პატარა ბიჭი.

ასეთი ფეხბურთელის გუნდში დატოვება არ შეიძლება. არც მოტივაცია ეტყობა, არც ენთუზიაზმი, შესაბამისად, ვერც აგრესია შემოაქვს თამაშში და ვერც სისწრაფე. თანაც, არ არის პიანიჩი კლასიკური საყრდენი, ესეც სათქმელია, უფრო რვიანზე თამაშობს, მაგრამ ძალიან იშვიათად თუ ეძლევა ამ პოზიციაზე თამაშის შანსი.

მადლობა მირალემ გაწეული სამუშაოსთვის, სეზონის ბოლოს უნდა დაგვტოვო.

პედრიმ და დე იონგმა კიდევ ერთი მაღალი დონის თამაში ჩაატარეს, თუმცა, იგივე უნდა გავიმეოროთ, რაც მცველებთან მიმართებაში ითქვა – “ელჩესთან” არ ღირს ქება-დიდებად დაღვრა, რაც ვნახეთ კარგი იყო, ლამაზი გამოვიდა, გაგვიხარდა, მაგრამ იგივეს ველით “სევილიასთან”, თანაც ორჯერ, ჯერ ლა ლიგაში, მერე თასზე, ქება-დიდებაც მერე იყოს.

თავდასხმა

მესიმ ძალიან კარგი გოლები შეყარა, პირველ გოლს ეტყობოდა მაინც, რომ ლა ლიგის თამაში იყო, მოქაჩეს და დააგდეს, აი მეორე გოლი, როგორც ვარჯიშზე ისე შეაგდო, დე იონგის კარგი დრიბლინგის და პასის მერე, მიაწვინა მცველებიც და მეკარეც – ვინ იქცევა ასე? ვინ თამაშობს ასე? არავინ, ამიტომაც გაწვა ყველა, მესიმ გააკეთა ის, რასაც არავინ ელოდა, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი რამ ასჯერ მაინც ექნება გაკეთებული, უბრალოდ სათამაშო ლოგიკაში არ ჯდება, რომ დასარტყმელ მომენტში მთელი გუნდი აფორთხიალო და ისე შეაგდო კარში.

ბრეითუეიტი კარგი იყო, ორი საგოლე პასი მიითვალა, ჩვეულად იაქტიურა, ასეთ გუნდებთან მისი დაყენება უფრო ჭრის, რადგან დიდ გუნდებთან კლასი არ ყოფნის, პატარა გუნდებთან კი გრიზმანზე და დემბელზე ბევრად მოტივირებული და მონდომებულია.

თვქენი არ ვიცი, ტრინკაუს თამაში მომეწონა, ის ძალიან კარგი დრიბლინგი, რომელიც პირველ ტაიმში გოლით ვერ დაასრულა, გამოუცდელობის ბრალი იყო, ეგეც დალაგდება, წესით უნდა დალაგდეს.

სხვა მხრივ, წუნი შემცირებული აქვს, უფრო მეტ მომენტს ქმნის და კარგი იქნება თუ კარშიც უფრო ხშირად დაარტყამს, აქვს ამის ნიჭი და გამოსაყენებელია.

დემბელე ისევ მხოლოდ თავისთვის თამაშობდა და გრიზმანმა ისევ გააცუდა ორი კარგი მომენტი.

გამოითქვა მოსაზრება, რომ “ბარსა” ფრანგებისგან უნდა დაიცალოს. ვეთანხმები ამ პოზიციას, ყველაფერთან ერთად, ერთმანეთზეც ცუდ გავლენას ახდენენ. იყო დრო, როცა “ბარსა” გაზულუქებული ჰოლანდიელებისგან დაიცალა და დაიწყო აღმავლობის პერიოდი, ახლაც იგივე ამბავი გვჭირდება.

“სევილია” 

შემდეგი მატჩი “სევილიასთან” გვექნება, ჯერ გასვლაზე ლა ლიგის ეგიდით, შემდეგ სახლში კოპა დელ რეიზე. ეს პირველ რიგში მწვრთნელების დაპირისპირება იქნება, ვინ როგორ შემოინახავს ძალებს, ვინ როგორ შეძლებს სიახლის შემოტანას, მოტივირებას, ყველაფერი ხელის გულზე გამოჩნდება. ორივე თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, ლა ლიგაში “სევილიას” მხოლოდ ორი ქულით ვუსწრებთ და თამაშით მეტი გვაქვს ჩატარებული, კოპა დელ რეიზე კი “ქამბექი” გვჭირდება, რაც ერთადერთი გზაა ტიტულის მოსაგებად.

ასეთი კვირა გველის, დაძაბული და საინტერესო.

ვნახოთ, რას იზამს მისტერ კუმანი.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (13)

  • ფეოლა
    25 თებ 2021, 19:15

    BarcaFan❤💙,
    კარგი ჩემო ძმაო, მიკერძოებუკი ვარ : )
    მესის მივეკერძუკე.

  • nika 54
    25 თებ 2021, 18:06

    "ცხრილი ისევ ვარაუდებით ითვლება"
    სწორეა, არ შეიძლება ამხელა აბდა უბდა იყოს ცხრილში, და მე მგონი არცერთ ჩემპიონატში არ არის ესეთი არეული მდგომარეობა. აი ჩვენ ვარაუდებით ვანგარიშობთ ცხრილის რეალურობას და გუშინ კომენტატორმა(ძალიან ჭკვიანები არიან ნტვ+ ზე, ეს ყოფილი ფეხბურთელები) ხოდა დაუთვლიათ და თურმე ბარსას რო მეორე ტაიმები არ ეთამაშა, უფრო ზუსტად მარტო პირველი ტაიმის რეზულტატები რომ შევაჯამოთ, ბარსა ლიდერი იქნებოდა ჩემპიონატში, გესმით რა დონეზე არასტაბილურები ვართ, რომ მეორე ტაიმებში ვერ ვინარჩუნებთ მოპოვებულ წარმატებებს. გინდაც რეალთან და ატლეტიკოსთან თამაშები აიღეთ. და ასეთი რამდეენია? სადღაც მინიმუმ 13 ქულა გვაქვს განიავებული ხო აზრზე ხართ რა შარში ვართ.

    ციტატა: გოგიბერიძე

    ციტატა: BarcaFan❤💙
    ტრინკაუ როცა გოლით ვერამთავრებს ეგ გამოსწორებადია როცა დემბელე ვერ ამთავრრბს ტვინის ბრალია🙂🙂🙂 მაგარი აზროვნებაა


    განსხვავება იმაშია რომ დემბელეს გარდა გოლით ვერ დამთავრებისა ბევრჯერ აკეთებს ზედმეტ მოძრაობას და "ფინტს". ზოგჯერ ბურთს ტექნიკურად ამუშავებს,ზოგჯერ ვასკესივით. ზოგჯერ კარგ პასს აკეთებს, ზოგჯერ ან საერთოდ არ აკეთებს ან ვერ ხვდება რომელი ფეხით გააკეთოს ეს პასი. ამიტომაც არის რომ ინტელექტუალური მოთამაშე არ არის დემბელე. ტრინკაუს კიდე დარტყმის კომპონენტი აქვს დასამუშავებელი, ჯერჯერობით არ ჩანს რაიმე დიდი პრობლემა.


    შეადარეთ გუშინ ტრინკაუს ვერგატანილი, საჯარიმოში რო მოატყუა სამი კაცი და მერე მეკარეს იქით, უფრო სწორად იქ დაურტყა სადაც იდგა ანუ ცენტრში, მეკარე თითქმის დაწვა და ამან მაინც ხელებში მიაწოდა, ახლა მესი გოლი გაიხსენეთ რა მდგომარეობაში იყო მცველთან ჭიდაობაში მაინც მოახერხა და მეკარეს იქით დაურტყა საითაც არ ელოდა. ასევე მეორე გოლზე. და აქ მინდა ვიკითხო ესენი ერთად არ ვარჯიშობენ? არ აკვირდებიან მაინც ან ეს ან გრიზმანი ან მითუმეტეს დემბელე(ბრეითვეიტზე აღარ ვლაპარაკობ) როგორ ურტყავს ლეო? როდემდე უნდა ცხრილონ ამათ მეკარეები. კარები იმიტომაა შვიდ მეტრზე მეტი, რომ ბურთი შეაგდო და არა იმიტომ რომ მეკარეს გაარტყა. ალბათ ლეომ უნდა აუხსნას რომ არ შეიძლება ერთი ერთზე შესულმა თვალები დახუჭო და ძლიერდ დაარტყა, ცოტა ბურთს მიმართულებაც უნდა შეუცვალო და არც ძლიერად დარტყმა არ დაგჭირდება. მოკლედ ახალგაზრდობას ქვეყანა შეცდომების გამოსწორება ესაჭიროება და რაც შეიძლება დროზე უნდა გააკეთონ ეს.

  • ფეოლა
    25 თებ 2021, 14:28

    BarcaFan❤💙,
    მაგ ორს შორის აზროვნების სხვაობა რომ ვერ დაინახო, დაახლოებით ისეთი ნონსენსია, რომ სისწრაფეში სხვაობა ვერ შენიშნო.

    როგორც დემბელე ჩაგრავს სისწრაფეში, ისე ტრინკაუ აღემატება აზროვნებით.

    გამოდის, რომ საერთოდ ვერ აღიქვამთ საფეხბურთო აზროვნება რას ნიშნავს.

    არ არის პრობლემა, ვერც ყოფილი მმართველები აღიქვამდნენ : )

  • ANSU FATI 10
    25 თებ 2021, 13:57

    ლოპეტეგი ისევ გამოისვამს კუმანს,ინფივიდუალურად უნდა იჩალიჩ ოს მესიმ რამე .ლალიგის მატჩში მაინც რაღაცა პატა ა შანსი გაგვიჩნდა,აი კოპაზე კი მგონია რომ ვერაფერს იზამენ და ისევ ლალიგას მივაწვეთ,ნუ პსჟზე აღარაფერს ვამბობ.

  • Bobi
    25 თებ 2021, 13:53

    ტრინკაუს აშკარად მომატებული აქვს და იგივე კითხვა გამიჩნდა ზუსტად მეც, რითი ჯობია ამ ეტაპზე დემბელე. მხოლოდ იმით რომ მასში ას მილიონზე მეტია გადახდილი და მისი სკამზე დასმა ამიტომაცაა ძნელი

  • გოგიბერიძე
    25 თებ 2021, 13:53

    ციტატა: BarcaFan❤💙
    ტრინკაუ როცა გოლით ვერამთავრებს ეგ გამოსწორებადია როცა დემბელე ვერ ამთავრრბს ტვინის ბრალია🙂🙂🙂 მაგარი აზროვნებაა


    განსხვავება იმაშია რომ დემბელეს გარდა გოლით ვერ დამთავრებისა ბევრჯერ აკეთებს ზედმეტ მოძრაობას და "ფინტს". ზოგჯერ ბურთს ტექნიკურად ამუშავებს,ზოგჯერ ვასკესივით. ზოგჯერ კარგ პასს აკეთებს, ზოგჯერ ან საერთოდ არ აკეთებს ან ვერ ხვდება რომელი ფეხით გააკეთოს ეს პასი. ამიტომაც არის რომ ინტელექტუალური მოთამაშე არ არის დემბელე. ტრინკაუს კიდე დარტყმის კომპონენტი აქვს დასამუშავებელი, ჯერჯერობით არ ჩანს რაიმე დიდი პრობლემა.

  • El pistolero 9
    25 თებ 2021, 13:14

    სევილიასთან ვნახავთ შეუძლია თუ არა კუმანს პრობლემების ანალიზი და აღმოფხვრა.პირველი რაც უნდა ქნას მესი ფლანგზე უნდა დააყენოს!!!ყველა გუნდი მესის გამოთიშვას იმით ცდილობს რო ცენტრს ჩახერგავენ,ფლანგებს მოატიტვლებენ.როგორც ბაიერნმა და პსჟ-მ გვიქნეს ლიგაზე.ამიტომ ჯობია გრიზმანი დადგეს ცრუ ცხრიანზე,დემბელე მარცხნივ და მესი მარჯვნივ.როცა ცენტრში სივრცე გაჩნდება შეიწევს ცენტრისკენაც.გვარდიოლამ რო დააყენა მესი ცენტრში იმას პასებით ხავი და ინიესტა ამარაგებდნენ,ცენტრს ვერავინ გვართმევდა და ლიგაზე ვერატიმ და პარედესმა პედრი და დეიონგი გააქრეს,მესიმდე ბურთი ვერავინ მიიტანა და მეორე ტაიმში სახიფათო მოკენტიც ვერ შევქმენით.

  • Don_Andresito
    25 თებ 2021, 12:59

    კუმანს კიდე 2 ჯერ ატირებს ლაპოტეგი ეგ ფაქტია. მესიმ უნდა მოინდომოს. 2 ჯერ გააჩერა წელს სევილიამ და დროა გაახსენოს ვინაა ისტორიულად ლეოს ბულკი. 10% თუ არი შანსი კოპას მოსაგებად უნდა გამოვიყენოთ. ლა ლიგაზე ჭიდილს აზრი არ აქვს, რეალიც ჯობს ამ ბარსას და ატლეც. რეალს რთული თამაშები თითქმის ყველა მოლეული აქვს ატლეს გარდა. ჩვენ ვალენსია სევილია ვილიარეალი სოსიედასი ყველა გასვლა გვაქ. სახლშიც კიდე აღარ ვართ დაუმარცხებლები.

  • C.PC5
    25 თებ 2021, 12:08

    სევილიასთან ფრე მაინც ითამაშონ არ მაქვს ამათი იმედი.

  • Sergio5
    25 თებ 2021, 12:05

    აი რა ვქნა მუშა საყრდენი საჭიროა გუნდში რაა, აი ნდუდი რო მოგვაყვანინა დაცვას ხო მიეხმარებოდა და საყრდენ ზონასაც რა კარგად მიხედავდა, დე იონგს აღარ დაჭირდებოდა ხან ბუსკეთსის და ხან მცველების დაზღვევაზე ფიქრი და უფრო თავისუფლად ირბენდა წინ

  • me da barca
    25 თებ 2021, 10:21

    რამდენი ხანია ვიძახი, რომ ოთხივე ფრანგი გასაშვებია. სლენგლე-უმტიტის იმედად მტერი იყოს. პირველი არ არის ტრავმისკენ მიდრეკილი, მაგრამ დუნდუკია, ყველა ადვილად ატყუებს და რამდენჯერ პენალტი აგვკიდა, მეორე შუშის გახდა და სანამ ფორმას აკრიფავს, მანამ ისევ ლაზარეთში ამოყოფს თავს. გრიზმანი გზა აბნეული ძაღლივით დარბის, 100% მომენტებს ანიავებს, რაც ეს ნაწნავები მოუშვა მთლად გამოქლიავდა. დემბელე უკომენტაროდ.

  • duggu
    25 თებ 2021, 09:24

    რავიცი რავიცი, ასეთ გუნდთან პირვწლ ტაიმში რო ვერ მოამთავრებ თამაშს რისი იმედი უნდა გქონდეს კაცს. ძალიან დამდგარია გუნდი და აგრესია არ აქვს საერთოდ. ათასში ერთი გამონათებები აქვთ და ისიც სუსტ გუნდებთან. ყველა ძლიერ გუნდთან წავაგეთ ლამის

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    25 თებ 2021, 03:28

    ყველაფერს ვეთანხმები ამ სტატიაში გარდა ერთისა კუმანის შესახებ,ვერაფერსაც ვერ იზამს თუ გააგრძელებს ასეთ "გონივრულ" და "საჭირო" ცვლილებებს.სტატია როგორც ყოველთვის ახლაც ძალიან მომწონს და ასეთი სტატიებისთვის მადლობა.❤️❤️❤️